"შესასწავლია რამდენად კანონიერად დაედო გრიფი "საიდუმლო" უშიშროების ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს" - კვირის პალიტრა

"შესასწავლია რამდენად კანონიერად დაედო გრიფი "საიდუმლო" უშიშროების ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს"

როგორც ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, უშიშროების საბჭოს ბიუჯეტიდან საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე 16 მილიონი ლარია დახარჯული, თუმცა მისივე თქმით, ამ ხარჯებს გრიფი "საიდუმლო" ადევს, ამიტომ მისი გამოქვეყნება ვერ ხერხდება. შეგახსენებთ, რომ უშიშროების საბჭოს 2012 წლის ბიუჯეტი 24 მილიონს შეადგენდა, როგორც ფინანსთა მინისტრი აცხადებს, 2013 წელს ეს თანხა მილიონ რვაასი ათას ლარამდე შემცირდება. ხადურის განცხადებას მოჰყვა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის კომენტარი. მან გამოთქვა ეჭვი, რომ ეს 16 მილიონი ლარი გიგა ბოკერიას უწყებამ უცხოურ პრესაში "გამოქვეყნებულ პასკვილებზე" დახარჯა.

"სააკაშვილი ცდილობს, არასწორი ინფორმაცია გაიტანოს საზღვარგარეთ. გიგა ბოკერიას სამსახურს ბიუჯეტიდან 16 000 000 ლარი აქვს დახარჯული, თუმცა ამ ინფორმაციის "გახსნა" ვერ მოვახერხეთ, მას გრიფი "საიდუმლო" ადევს. ინფორმაცია გამოითხოვა ფინანსთა მინისტრმა, თუმცა მასაც არ აძლევენ. ვფიქრობ, რომ უახლოეს დღეებში შევძლებთ სიმართლის დადგენას, თუმცა დიდი ეჭვი გვაქვს, რომ ბიუჯეტიდან ამ თანხებით ფინანსდებოდა პასკვილები, რაც უცხოურ პრესაში იბეჭდებოდა", - განუცხადა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს "ვაშინგტონ პოსტში" გამოქვეყნებული სტატიის, სახელწოდებით - "საქართველოს მთავრობა არასწორ გზას დაადგა", კომენტირებისას. მოგეხსენებათ, ბოლო ხანს დასავლური პრესა საქართველოს ახალ ხელისუფლებას არ წყალობს და მას განსაკუთრებით ბოლო ხანს გახშირებული დაპატიმრებების გამო აკრიტიკებს. დასავლურ პრესში ამას ძველი ხელისუფლების წარმომადგენელთა პოლიტიკურ დევნად აფასებენ. ამის თაობაზე ბიძინა ივანიშვილმა განცხადა: "ჩვენ ვიწყებთ სამართლიანობის აღდგენას. დაკავებების პროცესი მალე ჩამთავრდება და ჩვენ მოვახერხებთ, საერთაშორისო მედიასაც გავაცნოთ მათი რეალური სახე. არ ვიმოქმედებთ იმის მიხედვით, თუ რა იწერება საზღვარგარეთ. ჩვენ ვართ საქართველოს მთავრობა და ძალიან კარგად ვფლობთ სიტუაციას. ვიცით, რაც ხდება ქვეყანაში".

ცნობილი, რომ ბოლო წლების განმავლობაში ბიუჯეტის მნიშვნელოვანი თანხები იხარჯებოდა იმ საკონსულტაციო ჯგუფებსა და ლობისტურ კომპანიებზე, რომლებიც, სააკაშვილის ხელისუფლების განმარტებით, ქვეყნის იმიჯზე მუშაობდნენ, თუმცა არსებობდა ეჭვი, რომ ეს დაქირავებული ჯგუფები ძირითადად "ნაციონალური მოძარობის" პიარით იყვნენ დაკავებული. ასევე მუდმივად უცნობი რჩებოდა ის წყაროები, თუ რა გზით ხდებოდა ამგვარ მომსახურებაში ანგარიშსწორება. ჩვენ ვცადეთ კომენტარი მოგვეპოვებინა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებისგან, თუმცა მათ ნაწილს ან გათიშული ჰქონდა ტელეფონი, ან არ პასუხობდა ჩვენს ზარს. მხოლოდ პავლე კუბლაშვილმა და პეტრე ცისკარიშვილმა გვიპასუხეს, თუმცა ორივემ უარი თქვა ამ საკითხის კომენტირებაზე. პავლე კუბლაშვილმა გვირჩია, ვინმე სხვა გვენახა ამ საკითხზე სასაუბროდ, ხოლო პეტრე ცისკარიშვილმა ჯერ გვითხრა, რომ არ აპირებდა ზღაპრების კომენტირებას, მერე კი გვირჩია, დავლოდებოდით "ნაციონალური მოძრაობის" ოფიციალურ განცხადებას.

რამდენად გამართლებულია, უშიშროების საბჭოს ბიუჯეტიდან ფინანსდებოდეს საკონსულტაციო მომსახურების თანხები, გვესაუბრება ექსპერტი კახა კახიშვილი:

- უპირველესად შესასწავლია, რამდენად კანონიერად დაედო გრიფი "საიდუმლო" უშიშროების ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს. ამგვარი გრიფის დადება არ არის კონკრეტულად ვინმეს სურვილზე დამოკიდებული. ამას არეგულირებს საქართველოს კანონმდებლობა, არსებობს სპეციალური კანონი, რომელიც არეგულირებს როგორც გრიფების კლასიფიკაციას, ისე დადების პირობებს. ამიტომ ესეც არის შესასწავლი. თუ გაირკვევა, რომ არასწორად არის გრიფი გამოყენებული, აუცილებლად უნდა დადგეს იმ ხალხის პასუხიმგებლობა, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო. მეორე საკითხია უშიშროების საბჭოს ბიუჯეტის ხარჯვა, ესეც შესასწავლია თანამდებობრვი უფლებამოსილების გადამეტების გათვალისწინებით და აქაც თუ აღმოჩნდა დარღვევა, მაშინ უკვე სისხლის სამართლის დანაშაულთან გვექნება საქმე. რაც შეეხება საკონსულტაციო მომსახურებას და ლობისტურ კომპანიებთან დადებულ ხელშეკრულებებს, სააკაშვილის ხელისფულების პირობებში ეს ძირითადად გასაიდუმლოებული იყო. არადა, ცივილიზებულ მსოფლიოში ყველა კარგა ხანია მიხვდა, რომ ლობიზმსა და კორუფციას შორის ძალიან ვიწრო ზღვარია, ამიტომაც, მაგალითად, ამერიკის შერთებულ შტატებში უკიდურესად გამკაცრდა ლობისტური საქმიანობის თაობაზე კანონმდებლობა. იქ ყველა კომპანია, ვინც ამგვარ საქმიანობას ეწევა, ვალდებულია, გამჭვირვალედ აწარმოოს ეს საქმე. ყველა ხელშეკრულება საჯაროა. გარდა ამისა, დამკვეთსა და შემსრულებელს შორის საქმიანი საუბრებიც კი აღნუსხული და გაგზავნილი უნდა იყოს შესაბამის სამსახურში. ეს ჩვენთან ხდება, რომ ლობისტური საქმიანობის მუხლები საერთოდ დაფარული იყო. საზოგადოებამ არ იცის, რაში იხარჯება მის მიერ ბიუჯეტში შეტანილი ფული. ერთი მხრივ, თითქოს ეს ლობისტური მომსახურება ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე უნდა ხორციელდებოდეს, მაგრამ არსებობდა სერიოზული ეჭვი, რომ იგი ერთი პოლიტიკური სუბიექტის ინტერესს ემსახურებოდა. ეს არის ძალიან მრავალმხრივი პრობლემა, რომელიც სამართალდამცავთა მხრიდან სერიოზულ შესწავლას საჭიროებს.

ნათია დოლიძე (სპეციალურად საიტისთვის)