„ყველა ხმაში დაფარული ინფორმაცია დევს...“ - მუსიკა, თეატრი, კინო და ინსტალაცია - გიორგი ხოსიტაშვილის მუდმივი გარდასახვა - კვირის პალიტრა

„ყველა ხმაში დაფარული ინფორმაცია დევს...“ - მუსიკა, თეატრი, კინო და ინსტალაცია - გიორგი ხოსიტაშვილის მუდმივი გარდასახვა

მულტიფუნქციური ხელოვანია - ქმნის ინსტრუმენტულ და კამერულ ნაწარმოებებს, წერს მუსიკას სპექტაკლებისთვის, აკეთებს ვიდეოგრაფიკას და ვიდეოინსტალაციებს, დაწერა ოპერა, იმუშავა ანიმაციაში ... გიორგი ხოსიტაშვილი მრავალმხრივი შემოქმედია და მუდმივად სიახლეებს ეძებს. როგორც მუსიკოსის, პირველივე ნამუშევარი თეატრში წარმატებული აღმოჩნდა. ეს იყო მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლი „კრეპის უკანასკნელი ფირი“. როცა დავურეკე ინტერვიუზე შესათანხმებლად - გაუკვირდა... შეხვედრა შედგა და მაშინ მითხრა, რომ პოპულარობაზე არასოდეს უფიქრია. ის არის ადამიანი, რომელსაც შინაგანი მუსიკა არასდროს ტოვებს და ჩვენი საუბარიც ამ თემით დაიწყო.

xositashvili-giorgi-1779260178.jpg

ფოტო: გიორგი ხოსიტაშვილი

გიორგი ხოსიტაშვილი:

- მუსიკა ჩემშია, აი, ახლაც, ამ წუთშიც. ჰარმონია და მელოდია თუ არ არის, რიტმი მაინც ყოველთვის მაქვს. უცნაურად გეჩვენებათ? ბავშვობაში მშობლები შეშინებულიც მყავდა, ისე ვსუნთქავდი, რომ გარკვეულ რიტმს მივყვებოდი და ვერ ვიძინებდი. ეს თავისთავად, ჩემდაუნებურად ხდებოდა. ექიმთან წამიყვანეს და აღმოჩნდა, რომ არც ასთმა მაქვს და არც სხვა რამე დაავადება. ვიძინებდი მაშინ, როცა ჩემი მუსიკალური რიტმი, სუნთქვის ბუნებრივ რიტმს ემთხვეოდა. მოგვიანებით, ერთი პროფესიონალი იოგი გავიცანი, რომელმაც ამიხსნა, რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, მე მქონდა სიმშვიდის და მედიტაციური მდგომარება, ჰარმონიაში ვიყავი საკუთარ თავთან.

ბავშვობიდან ვუკრავ, მაგრამ მუსიკალური განათლება არ მიმიღია. ჩემი ძიებები და დაკვირვებები მქონდა. მერე გადავწყვიტე პოლიფონია კარგად შემესწავლა და მივედი პატრიარქის მიერ ახლადშექმნილ სამების საკათედრო ტაძრის გუნდში, სადაც სამი წელი ვგალობდი. გალობის გარდა, იქ ბევრი რამ ვისწავლე, რამაც მომცა შესაძლებლობა, რომ ერთ მუსიკალურ ჩარჩოში არ მოვქცეულიყავი და მეძებნა ის მრავალფეროვნება, რასაც გამოვიყენებდი ჩემს ნაწარმოებებში. ბავშვობიდან მომყვება ის თვისება, რომ ერთ კონკრეტულ ჩარჩოში ყოფნას გავურბივარ. კომფორტულად მაშინ ვგრძნობ თავს, როცა დარწმუნებული ვარ იმაში, რომ თვითმყოფადობიდან გამოდის ის, რასაც ვაკეთებ.

- თქვენი ვიდეორგოლებიდან ერთი - „კომპოტი წინა ცხოვრებიდან“ განსაკუთრებით მომწონს, იქ გიტარაზე ხემით და კიდევ, მინის ქილაზე უკრავთ. ექსპერიმენტები გიყვართ?

- ეს პანდემიის კვალია, ფსიქოლოგიურად ცოტა გამიჭირდა და დავიწყე ფიქრი იმაზე, რომ ცხოვრების რაღაც ეტაპი დასრულდა და ახალი იწყებოდა. ქილაში კომპოტი ესხა და კომპოტი-კომპოზიციაც ასე შეიქმნა. საერთოდ, ერთ სფეროში დიდხანს ვერ ვჩერდები, მბეზრდება. ეს, შეიძლება ჩემი სისუსტეა. მე არ ვამბობ, რომ გარკვეულ სფეროში ყველაფერი ამოვწურე და მაგიტომ წავედი სხვაგან, უბრალოდ ყოველთვის მინდოდა დაკვირვება ჩამეტარებინა სხვადასხვა სფეროზე.

giorgi-xositashvili-1779260288.jpg

- სკოლა დაამთავრეთ და სად ჩააბარეთ?

- ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდროსაინჟინრო ფაკულტეტზე, სპეციალობა - საზღვაო ნაგებობები. მაგრამ დიპლომი არ ამიღია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ 2 წლის შემდეგ ამიერკავკასიაში ერთადერთი ჰიდროსაინჟინრო ფაკულტეტი გააუქმეს... ეს იყო 2003 წელი. გვთავაზობდნენ ჩვეულებრივი მშენებელ-ინჟინრის დიპლომს, რაც აბსოლუტურად სხვა სპეციფიკაა. საშინელი პროტესტის გრძნობა გამიჩნდა და წამოვედი... თეატრალურში. იქ რა მინდოდა, ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ვფიქრობდი, რომ იქნებოდა ის სივრცე, სადაც სამართლიანობაზე ვისაუბრებდი. მოლოდინმა არ გაამართლა. დრამის რეჟისურა დავამთავრე, ჯერ გია კიტია და მერე გოგი მარგველაშვილი მასწავლიდნენ. ძალიან კარგი თეორიული, საბაზისო განათლება მივიღე. მაგისტრატურაშიც გავაგრძელე სწავლა, თუმცა ერთი წლის მერე გამოვედი, განვითარება ვერ ვნახე. მივხვდი, რომ იგივე წრეზე წავედი. იმ პერიოდში გოგი მარგველაშვილმა მირჩია, კონსერვატორიაში - რეზო კიკნაძესთან მივსულიყავი. ბატონი რეზო რექტორი იყო. მან მოისმინა ჩემი მუსიკა, მონახაზები - მოეწონა და მითხრა, რომ ელექტროაკუსტიკური კურსის ჩამოყალიბებას აპირებდა და საბუთები მიმეტანა. რაღაც ბიუროკრატიული ამბების გამო, კონსერვატორიაში სწავლა ვერ გავაგრძელე.

- სადიპლომო სპექტაკლზე მიამბეთ და თეატრალური უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, რომელ თეატრში დაიწყეთ მუშაობა?

- ვერ დავსაქმდი თეატრში... ჩემ დადგმებს საინტერესოდ მიიჩნევდნენ, როგორც ფორმის, ასევე შინაარსის განსხვავებული ვერსიის გამო. ვთვლიდი, რომ ნებისმიერი პიესის ახლებური წაკითხვა შეიძლება და მინდოდა მისთვის სხვა სიცოცხლე შთამებერა. ამაზე მქონდა ხოლმე პოლემიკა. ასე გავაკეთე ჩემი სადიპლომო სპექტაკლიც, სადაც ორი პიესა გავაერთიანე - ბრეხტის „შიში“ და რავენჰილის „სიმხდალე“. 7-7 სურათი ორ სცენაზე თამაშდებოდა რიგრიგობით, ტრავმატოლოგიურ კლინიკაში მიდიოდა მოქმედება და მაყურებელი იჯდა თითქოს, ე.წ. მოსაცდელ დარბაზში. დადგმაში იუმორისტული სცენებიც მქონდა და ზოგადად, ბევრი აქტუალური თემა იყო წამოწეული. წარსულში მოქმედება ხდებოდა ბრეხტთან და მომავალი იყო - რავენჰილი. სპექტაკლი მოეწონა ბატონ თემურ ჩხეიძეს. მალე მან გახსნა თავისი სახელოსნო და აქ ხდება საინტერესო ფაქტი. ჩვენ ვისაუბრეთ და მას პირობა წავუყენე: ბატონო თემურ, თქვენ თუ არ ამიყვანთ სახელოსნოში, ჩემთვის იმის ნიშანი იქნება, რომ სპექტაკლი აღარ დავდგა და გადავიხრები, ვთქვათ, მუსიკისკენ-მეთქი. ალბათ, თავხედობაა, არა? მის სახელოსნოში ვერ მოვხვდი და სიტყვა შევასრულე. მერე კი ვინანე, მაგრამ... პირდაპირი ვარ, რასაც ვფიქრობ, იმას ვამბობ.

babluantan-pilmze-mushaobisas-1779258844.jpg

ფოტო: გელა ბაბლუანთან ფილმზე მუშაობისას

- ეტყობა, არცთუ მარტივი ხასიათი გაქვთ...

- რეჟისორი ანდრე ჟოლდაკი მთელ ევროპაში ცნობილია თავისი უხეშობით, ჩხუბით, აგრესიულობით და ა.შ. გავიცანი თუმანიშვილის თეატრში, სადაც ჟოლდაკის რეპეტიციების ჩანაწერებს ვაკეთებდი. გრიბოედოვის თეატრში „მეფე ლირს“ როცა დგამდა, მის გვერდით ვიმუშავე ასისტენტად საკმაოდ დიდხანს. ჟოლდაკი ყოველთვის ამბობდა - კოსმოსში ანტენები მაქვსო და მართლაც შეეძლო სხვისი აზრების კითხვა. მასთან რაღაც უხილავი კავშირი მქონდა, საერთო ტალღებს ვგრძნობდი, როცა შემომხედავდა. ყველა სცენას ყოველთვის იმპროვიზაციით აკეთებდა და ერთ დღეს მითხრა: გიორგი, მუშაობის დროს ვერ გავჩერდები, ძალიან სწრაფი ვარ და შენ უნდა გამაჩერო მაშინვე, რაწამსაც მიხვდები, რომ ის სცენა შედგა. ასე მენდო და ამით ვამაყობ კიდეც. იმის შეგრძნება, რომ შენი ესმით, ჩემთვის უკვე ძალიან დიდი ბედნიერება იყო.

arabuli-seriali-mkeravi-kururie-1779258741.png

ფოტო: არაბული სერიალი - მკერავი კუტურიე

- სხვა რეჟისორებთან მუშაობის ეპიზოდებიც გაიხსენეთ.

- რუსთაველის თეატრში „პინოქიოს“ დადგმა ახალგაზრდა რეჟისორს ანდეს, მაგრამ მერე რობერტ სტურუამ გადაიბარა. სპექტაკლის მხატვარმა შოთიკო გლურჯიძემ მიმიყვანა ბატონ რობერტთან. მე და შოთიკო დავმეგობრდით და შეხმატკბილებულად ვიმუშავეთ. მუსიკალური მასალა უკვე მზად მქონდა, როცა ოთხ სარეპეტიციო დღეს დავესწარი და ვინანე, რომ იქამდე რეპეტიციაზე არ ვიყავი ნამყოფი, აბსოლუტურად სხვა მუსიკას დავწერდი. რობიკომ მითხრა: რა არის ეს? კომპოზიტორები გრაფომანები ხართ, სულ წერთ და წერთ, ამდენი მუსიკა არ მინდაო. რაც დავწერე, იმის 30% შევიდა სპექტაკლში, რაღაცების გადაკეთება მომიწია.

გერმანიაში მცხოვრებ ნინო ხარატიშვილთან დისტანციურად ვიმუშავე, პიესა „რადიო უნივერსი“ აგვისტოს ომს ეხება. ის არის პიესის ავტორი და რეჟისორი. სპექტაკლი თუმანიშვილის თეატრისა და მარბურგის თეატრის კო-პროდუქცია იყო. ნინო ფანტასტიკური მწერალი და ადამიანია, მასთან მუშაობა დიდი სიამოვნებაა. გერმანიაში პრემიერას დავესწარი და იქაურ ხმის რეჟისორს გაუკვირდა: ასე როგორ ააწყეთ სპექტაკლი? არ მეგონა, თქვენთან ამდენი კომპიუტერული პროგრამა ვინმემ თუ იცოდაო. მე ყოველთვის ვცდილობდი, რომ ტექნოლოგიურ სიახლეებს არ ჩამოვრჩენოდი. მეორე პროექტი სამწუხაროდ არ გამოვიდა, ნინო ხარატიშვილის პიესაში „კოლონიზაცია“, მოქმედება მარსზე ხდება. ვფიქრობ, რომ საინტერესო დეკორაცია გავაკეთე - ლაბირინთის მოძრავი კედლები გადაადგილებისას განსხვავებულ ხმას გამოსცემენ. პანდემიამ შეგვიშალა ხელი.

udabnos-meomari-sparsi-didebuli-1779258688.jpg

ფოტო: “უდაბნოს მეომარი“ - სპარსი დიდებული

- როგორია თქვენი შინაგანი მელოდია, როცა კარგ ხასიათზე ხართ?

- მელოდია არ არის ... რაღაც სინთეზური ხმაა, შეუძლებელია ამის გადმოცემა. მესტიაში ვაკეთებდით სპექტაკლს „უშბა და თეთნულდი“ (პრიზი აიღო სიღნაღის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე). პერსონაჟები - ჯიხვები, ხარი და ადამიანები თოჯინები იყვნენ. რეჟისორი და თოჯინების ავტორი ბახვა წერედიანი იყო, რომელიც სამწუხაროდ გარდაიცვალა. უნდა გადამეწყვიტა როგორი მუსიკალური ფორმა მომეძებნა. სვანური პოლიფონია მექნება, მაგრამ რიტმ-სექციაში არ მინდა დოლის შეტანა და რაღაც იმპულსით მივხვდი, რომ ჟღერადობა ძვლებიდან მოდის - ჩლიქი, რქა და ა.შ. ამაზე საუბარი მორიდებით დავიწყე, გიჟი არავის ვეგონო-მეთქი. ჩემი ძალიან კარგი მეგობარია გია ფილფანი, რომელიც შესანიშნავი ოსტატია (ხეზე, ძვალზე მუშაობს) და ეს გაიგო თუ არა, მეორე დღესვე მოვიდა დიდი ტყავის პორტფელით, სადაც ჩალაგებული იყო დიდი რქა, პატარა რქა... ის ზუსტად მიხვდა, რა მინდოდა. ეს არის მაგალითი იმისა, რომ ყოველთვის არის დაფარული ინფორმაცია ყველა ხმაში, ბგერაში, ჟღერადობაში. როგორც ფაზლის თითოეული ნაწილი არაფერს გეუბნება, მაგრამ რაღაც ნიშანი დევს მასში, ასევეა ნებისმიერი ჟღერადი ბგერა.

- ახლა, რაზე მუშაობთ?

- კარგახანია არაფერი გამიკეთებია, თუმცა სიახლე მაქვს. აპრილის ბოლოს გამოვიდა ბრიტანელი რეჟისორის რუპერტ ვაიატის ფილმი „უდაბნოს მეომარი“, სადაც გადამიღეს კასკადიორებთან ერთად, როგორც მეომარი და გარკვეულ ეპიზოდებში ვარ - სპარსი დიდებული. ორი თვე უდაბნოში ვცხოვრობდით. ხელშეკრულებას ხელი მოვაწერეთ იმ ერთადერთი პირობით, რომ უდაბნოში უნდა გაგვეძლო. გამიხარდა, როცა მომივიდა შემოთავაზება. ფილმს საუდის არაბეთში იღებდნენ. მონაწილეობენ ცნობილი მსახიობები ენტონი მაკი, ბენკ კინგსლი, ჯეიმი ფოქსი... საბრძოლო სცენებს დგამდა ფილ ნილსონი, რომელიც მუშაობდა ფილმებზე „გლადიატორი“ და „300 სპარტელი“. იქ მუშაობისას დიდი გამოცდილება მივიღე და მივხვდი, რომ მიყვარს კამერა და მისი ენერგია, კამერასაც ვუყვარვარ.

ახლახანს კიდევ ერთი - ქურდის როლი შევასრულე. გელა ბაბლუანი იღებს ფილმს „ახალგაზრდა სტალინი“, გადაღებები ჯერ არ დასრულებულა. ზოგჯერ რეკლამებში მიღებენ, ამბობენ, რომ ფოტოგენური ვარ. ჩემს თავს მსახიობად არ ვთვლი და არც მინდა, მაგრამ კამერასთან მუშაობა სიამოვნებას მანიჭებს.

ნანული ზოტიკიშვილი

(სპეციალურად საიტისთვის)