საქართველოს ძალიან ცხელი ზაფხული ელოდება?! - ექსპერტის პროგნოზი:"დღესვე უნდა დავიწყოთ მზადება, სიცხეების მართვის გეგმა უნდა შევიმუშავოთ"
„მაღალი ტემპერატურები წინაა, სიცხეების მართვის გეგმა უნდა მოვამზადოთ. ასეთი ინსტრუმენტი ჯერ არ დაგვინერგავს“, - ამის შესახებ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ გარემოს დაცვის შეფასების ექსპერტმა, მამუკა გვილავამ განაცხადა.
მისი თქმით, გლობალური ტემპერატურა საშუალოდ უკვე 1.5 გრადუსით არის გაზრდილი. ამ ფონზე მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურები, რის გამოც საჭიროა პრევენციული ღონისძიებების გატარება, რათა ქვეყანა პროცესებს მზად შეხვდეს.
„მაღალი ტემპერატურები წინაა, სიცხეების მართვის გეგმა უნდა მოვამზადოთ. ასეთი ინსტრუმენტი ჯერ არ დაგვინერგავს. აუცილებელია სასმელი წყლის შადრევნების მოწყობა. კერძო სექტორი ამით არ უნდა აკეთებდეს ფულს, იმით უნდა აკეთებდეს ფულს, რაც ჩვენთვის სასარგებლო იქნება. თუნდაც ეს ღონისძიება ძალიან ბევრ ადამიანს გაუმარტივებდა ზაფხულის სიცხეების გადატანას.
ამინდის პროგნოზირება მაქსიმუმ 2 კვირით არის შესაძლებელი, ხოლო კლიმატის პროგნოზირება ათწლეულობით არის შესაძლებელი. მე შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ საშუალო გლობალურმა ტემპერატურამ უკვე მიაღწია 1.5 გრადუსს. თბილისისთვის მაქსიმალური ტემპერატურა ზაფხულის პერიოდში 40 გრადუსი იყო. 45 გრადუსიც შესაძლოა, იყოს სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოში.
საკმაოდ მაღალი ტემპერატურები არის მოსალოდნელია, მზადყოფნა უნდა დავიწყოთ დღესვე. თუ სიცხეებისა და ჯანმრთელობის მართვის გეგმა არ აქვს თბილისს, დავიგეგმოთ მაინც, რომ ასეთი რამ გვჭირდება და უნდა გაკეთდეს".