კარგია, რომ საპატრიარქო ჩაერთო პროცესში, ეს ხელს შეუწყობს თემის დეპოლიტიზებას - ერთხელ უკვე იყო საკითხი, რაშიც 30 მილიონამდე აქვს სახელმწიფოს დახარჯული, მაგრამ ხელშესახებ შედეგს არ იძლევა“ - რას პასუხობს ირაკლი კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე დასმულ კითხვას
კარგია, რომ საპატრიარქოც ჩაერთო ამ პროცესში, რაც იმედია, ხელს შეუწყობს საკითხის დეპოლიტიზებასაც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სადაც შემოდის ჭარბად პოლიტიკური ელემენტი, რთულდება რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება და სჭარბობს ემოციები.
„ძალიან კარგია, რომ საპატრიარქოც ჩაერთო ამ პროცესში, რაც იმედია ხელს შეუწყობს ამ საკითხის დეპოლიტიზებასაც, იმიტომ, რომ სადაც შემოდის ჭარბად პოლიტიკური ელემენტი, იქ უფრო რთულდება ხოლმე რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება, უფრო სჭარბობს ხოლმე ემოციები. ეს ისეთი საკითხია, სადაც ემოციებისთვის ვერ გაამტყუნებ იმ ადამიანებს, რომლებიც მოთხოვნებს აყენებენ. შეუძლებელია ბავშვის მშობელი გაამტყუნო თუნდაც ჭარბი ემოციებისთვის, როდესაც საუბრობენ ასეთ საკითხებზე. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევძლოთ რაციონალური მსჯელობის გაგრძელება ამ საკითხზე. ყველაფერი არის კომპლექსურად განსახილველი. იყო საკითხი, რომელიც მთავრობამ კონკრეტული ფორმით გადაწყვიტა, მაგრამ მას შემდეგ დაახლოებით 30 მილიონი აქვს სახელმწიფოს დახარჯული ისეთ რამეში, რაც ხელშესახებ შედეგს არ იძლევა. გამომდინარე იქიდან, რომ იოლი გამოსავალი ენახა მთავრობას, არ მიეღო ზედმეტი პიარული ტვირთი საკუთარ თავზე, ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული და ეს გადასახადის გადამხდელს დაუჯდა 30 მილიონი ლარი. ამას რომ ჰქონდეს ხელშესახები შედეგი, რა თქმა უნდა, არათუ 30 მილიონი, შეიძლება 300 მლნ და მეტიც დაეხარჯა სახელმწიფოს. მთავარია, რაციონალური გადაწყვეტილება იქნას ამ ყველაფერთან დაკავშირებით მიღებული.