30 ქვეყანა უდაბნოს ჯირითში და გამარჯვებული ქართველი გოგონა - ვინ ააფრიალა საქართველოს დროშა მაროკოში?
"როდესაც გავიგე, რომ 5000-ზე მეტ მონაწილეს შორის ერთ-ერთი გამარჯვებული ვიყავი, თავიდან ეს ყველაფერი ვერც კი გავიაზრე. გულის სიღრმეში ყოველთვის მჯეროდა, რომ ამირჩევდნენ, თუმცა, ამის ხმამაღლა თქმა მეშინოდა" - ამბობს თათული ვაჩაძე, რომელმაც მაროკოში გამართულ ჯირითში გაიმარჯვა და იქ ჩვენი ქვეყნის დროშა აწია. თავის შთამბეჭდავ გამარჯვებაზე და საინტერესო ცხოვრებაზე თათული თავად გვიამბობს...
- თათული, სად დაიბადეთ და აღიზარდეთ, ოჯახი, გარემო, მიზნები, მისწრაფებები...
- დავიბადე და გავიზარდე თბილისში, თუმცა ჩემი ფესვები, ულამაზეს რაჭას უკავშირდება, ეს გახლავთ ამბროლაურის რაიონი, სოფელი ქედისუბანი. რაჭველობა, ყოველთვის იყო ჩემი იდენტობის განსაკუთრებული ნაწილი, ხოლო - ქედისუბანი, ჩემი უსაყვარლესი ადგილი მთელს საქართველოში. ბავშვობიდან ვიზრდებოდი ქართული ტრადიციებით, თბილ ოჯახურ გარემოში, ბუნების სიყვარულით და ოჯახური ისტორიებით. რაჭას ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავა ჩემს გულში. მისმა ბუნებამ, უბრალოებამ, სულმა და ადამიანებმა ჩემი პიროვნების დიდი ნაწილი ჩამოაყალიბა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე მრავალი წელია საზღვარგარეთ ვცხოვრობ, საქართველო ყოველთვის ჩემშია და ყველგან თან დამაქვს. ჩემი ბავშვობის მოგონებები, ფესვები და ის ღირებულებები, რითაც გავიზარდე, დღემდე მაძლიერებს ცხოვრების ყველა ეტაპზე.

- სკოლის პერიოდი როგორ გახსენდებათ, რა ასაკში დაიწყეთ ჯირითობა?
- დავამთავრე თბილისის მე-6 გიმნაზია, პეტრიაშვილის ქუჩაზე, სადაც ჩემი ცხოვრების საოცარი 11 წელი გავატარე. აქ შევიძინე ერთგული მეგობრები, რომლებიც დღესაც ჩემ გვერდით არიან და ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ... საინტერესო ის არის, რომ ჩემი ცხენოსნობის ისტორია ბავშვობიდან არ იწყება. ცხენები ჩემს ცხოვრებაში ბევრად მოგვიანებით გამოჩნდნენ, მაგრამ ეს კავშირი მაშინვე ისეთი ბუნებრივი და ნაცნობი აღმოჩნდა, თითქოს ეს სიყვარული მთელი ცხოვრება სადღაც ჩემში მელოდებოდა და ასეც იყო. მიუხედავად იმისა, რომ ცხენოსნობა მხოლოდ წლინახევრის წინ დავიწყე, ჩემთვის ეს კავშირი თითქოს ყოველთვის არსებობდა. მამა ახალგაზრდობაში ჯირითობდა და სულ მეუბნებოდა: “ერთხელ რომ დაჯდები ცხენზე, მოიწამლები მათი სიყვარულით და ვეღარასოდეს მოეშვებიო” - ასეც აღმოჩნდა. სამწუხაროდ, მხოლოდ 35 წლის ასაკში მოვახერხე ამეხდინა ეს ოცნება, რადგან, ბევრი წელი დავუთმე სწავლას საზღვარგარეთ.