"ირანელები ქართულ ბაზარს მოაწყდნენ..." - რას ამბობენ ავტოდილერები
„ირანში ავტომობილების რეექსპორტი კიდევ საგრძნობლად გაიზრდება“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ კომპანია „ქარ მარკის“ დამფუძნებელმა ირაკლი კუხიანიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ქართულ საავტომობილო ბაზარზე ირანელი მყიდველის გააქტიურება, ბოლო ერთი თვეა შეიმჩნევა.
შეგახსენებთ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან ირანში ექსპორტი 92.5%-ით გაიზარდა, რაც სწორედ მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის ხარჯზე მოხდა. კერძოდ, თუ გასულ წლის მოცემულ საანგარიშო პერიოდში ირანში სულ რაღაც ერთი ავტომობილი გავიდა, მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში ეს მაჩვენებელი 825-მდე გაიზარდა.
ირაკლი კუხიანიძის შეფასებით, გაყიდვების საერთო კლების ფონზე, მაშინ, როცა სხვა მიმართულებები გაჩერებულია, ირანის ბაზრის გამოჩენა ქართული ავტობიზნესისთვის შესაძლოა, ახალი შანსი გახდეს.
„პროცენტულად 93%-იანი ზრდა მაღალ მაჩვენებლად ჟღერს, თუმცა ეს რეალურად იმითაა განპირობებული, რომ წინა პერიოდში აქტივობა საერთოდ არ ფიქსირდებოდა. სტატისტიკის მიხედვით, ირანში მანამდე სულ ერთი ან ორი მანქანა იყო გასული. თუმცა, ფაქტია ისიც, რომ მოთხოვნა აშკარად წამოვიდა.
ჩემი ინფორმაციით, ირანში ახალი რეგულაცია ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც, ავტომობილები 7 წლით გათავისუფლდა განბაჟებისგან. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში შესვლიდან 7 წლის განმავლობაში, მანქანა ექსპლუატაციაში ისე იქნება, მფლობელს არ დაეკისრება ვალდებულება, გადაიხადოს განბაჟების გადასახადი.
თუმცა, გარკვეული შეზღუდვები აქვთ დაწესებული. როგორც ვიცი, ავტომობილი არ უნდა იყოს ამერიკული წარმოების, ასევე მკაცრი მოთხოვნებია VIN კოდთან დაკავშირებით და ყველა მათგანი ვერ შედის ქვეყანაში. შესაბამისად, ირანელები ქართულ ბაზარს მოაწყდნენ და აქედან გაჰყავთ მანქანები.
საქართველო დღემდე ავტოჰაბად იყო ჩამოყალიბებული. რეგიონის ქვეყნებიდან ყველა ცდილობდა ავტომობილების აქ შეძენას, რადგან იციან, ჩვენთან გამარტივებული პირობები იყო შექმნილი. მარტივი რეექსპორტი, განუბაჟებელი მანქანების დიდი არჩევანი და შესაბამისად, მათთვის საქართველოდან მანქანის წაყვანა ყველაზე ხელსაყრელია.
ეს ბაზარი ირანისთვის აქამდეც საინტერესო იქნებოდა, თუმცა მაღალი განბაჟების გამო, ვერ შეჰყავდათ ავტომობილები. განბაჟება 100%-ს შეადგენდა, რითაც ქვეყანა საკუთარ შიდა წარმოებას იცავდა და გამომდინარე აქედან, არ უღირდათ ასე წაყვანილი ავტომობილი.
ეს ტენდენცია სულ ახალია, დაახლოებით, ერთი თვის. ვფიქრობ, ახლა კიდევ უფრო მეტად გააქტიურდებიან. პირადად მე, ჯერ კიდევ მოკვლევის პროცესში ვარ, რათა დეტალურად გავარკვიო, რა რეგულაციები აამოქმედეს და ამასთანავე, რამდენად კანონიერი იქნება ჩვენი მხრიდან, რომ ეს ავტომობილები ირანში გავუშვათ.
გვინდა, ყველაფერი გადავამოწმოთ, რომ რაიმე დარღვევას არ გადავაწყდეთ. ჯერჯერობით, არც ჩემს კომპანიას და არც ჩემს დილერებს, ირანში მანქანა არ გაუყიდიათ.
ზოგადად, თუ საქართველოს სტატისტიკას შევხედავთ, ეს დიდი რიცხვები ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვებს არ ასახავს. ძირითადი ბრუნვა მეზობელ ქვეყნებში რეექსპორტირებულ ავტომობილებზე მოდის. აქამდე თუ ხან ყაზახეთი აქტიურობდა, ხან სომხეთი და ხან ყირგიზეთი, დღეს, სხვა მიმართულებები პრაქტიკულად, გაჩერებულია და გააქტიურდა ირანი.