"ირიბი იძულება": რა მეთოდი გამოიყენა ირანმა, რომ აშშ-ისრაელის შეტევებისთვის გაეძლო?! - The New York Times
„ირანის წინააღმდეგ ომის დაწყებიდან სამი თვის შემდეგ ამერიკელებმა, როგორც იქნა, გააცნობიერეს - ომში ისინი ვერ გაიმარჯვებენ. თეთრი სახლი რომ ომის უპერსპექტივობაში დაერწმუნებინა, ირანს მოუწია ვაშინგტონისათვის თავისი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი კოზირი ეჩვენებინა“, - ნათქვამია აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით - „როგორ მოიპოვა ირანმა უპირატესობა აშშ-ისრაელთან ომში?“ (ავტორი - ამანდა ტაუბი). „ისლამურმა რეჟიმმა ისარგებლა „მესამე მხარის“ - მეზობლების იძულებით: დაარტყა სპარსეთის ყურის ქვეყნებს და, პარალელურად, ჩაკეტა ჰორმუზის სრუტე“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
ომის დასაწყისში ირანის რეჟიმმა „წერტილოვანი ლიკვიდაციის“ რამდენიმე ტალღა გადაიტანა. შემდეგ ხელისუფლებამ შეძლო თავისზე ბევრად ძლიერ მოწინააღმდეგეებთან ბრძოლაში გარდატეხის შეტანა და ერთგვარი პატური სიტუაცია შექმნა.
ირანი მარტის შუა რიცხვებიდან ჰორმუზის სრუტეზე კონტროლს ინარჩუნებს - საერთაშორისო საზღვაო დერეფანზე, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მსოფლიოს ნავთობ-გაზით ვაჭრობაში. გარდა ამისა, ირანმა შეძლო აშშ-ისრაელის საჰაერო დარტყმების შეზღუდვა საკუთარ ენერგოობიექტებზე და უფრო მეტიც - თეირანმა აიძულა დონალდ ტრამპი, რომ მას ისრაელზე ზეწოლა მოეხდინა და თავისი მოკავშირის - „ჰეზბოლას“ (პროირანული გასამხედროებული დაჯგუფების) წინააღმდეგ ომი შეეჩერებინა.
„ირანს აშკარა უპირატესობა აქვს რიგ საკითხებში“, - ამბობს ნიკოლ გრაევსკი, პარიზის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის მეცნიერი-თანამშრომელი და ირანის საგარეო პოლიტიკის სპეციალისტი, - „ამჟამად ამერიკის შეერთებული შტატები „ბუქსაობს“.
ერთი შეხედვით, ეს გასაკვირიც არის: ყველასათვის ცნობილია, რომ აშშ მსოფლიოს უძლიერეს სახელმწიფოს წარმოადგენს, ირანს კი - რეგიონულ ქვეყანას - მასთან შეჯიბრის შესაძლებლობა არ აქვს. მაგრამ ომის დროს თეორია და პრაქტიკა ხშირად ერთმანეთისგან განხვავდება: ირანს რომ უპირატესობა მოეპოვებინა მასზე ბევრად ძლიერ სახელმწიფოზე, თეირანმა ისარგებლა მეთოდით, რომელსაც სპეციალისტები „ირიბ იძულებას“ ანუ „იძულებას მესამე მხარის მეშვეობით“ უწოდებენ“, - განმარტავს პროფესორი დენიელ სობელმანი, იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის ირანოლოგი.
სტრატეგია გამოიხატება მესამე, ბევრად უფრო მოწყვლადი მხარის წინააღმდეგ შეტევაში, რათა ბერკეტს დაეუფლო, სიტუაციის გასაკონტროლებლად. ეს ნიშნავს უპირატესობის მოპოვებას ისეთ მოწინააღმდეგეზე, რომელსაც პირდაპირი ბრძოლით ვერ დაამარცხებ.
ამჟამინდელ სიტუაციაში მესამე ქვეყნების როლში უპირველესად სპარსეთის ყურის ქვეყნები გამოდიან, რომლებიც მოწყვლადები არიან სამხედრო თვალსაზრისით, მაგრამ აშშ-ისათვის მნიშვნელოვან ეკონომიკურ პარტნიორებს (აშშ-ის მოკავშირეებს) წარმოადგენენ. ირანის მხრიდან განხორციელებულმა დარტყმებმა მეზობლებზე და ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვამ ხელი შეუშალა აშშ-ისა და ისრაელის მიერ ისლამურ რეჟიმზე გადამწყვეტი გამარჯვების მოპოვებას. ასეთ სტრატეგიას შეუძლია არა მხოლოდ განსაზღვროს მიმდინარე კონფლიქტის შედეგი და ირანის როლი ახლო აღმოსავლეთში, არამედ გარკვეულ ჩარჩოში მოაქციოს აშშ-ის ძლიერებაც, საზღვარგარეთ.
„ირიბი იძულება“
ირანმა სპარსეთის ყურის ქვეყნებზე ზეწოლის განხორციელება თითქმის ომის დაწყებისთანავე დაიწყო. თებერვლის ბოლოდან თეირანმა ჯერ ყურეში მცურავ გემებს აუტეხა სროლა, შემდეგ კი მსოფლიო მნიშვნელობის არტერია გადაკეტა - ჰორმუზის სრუტე, რომლის მეშვეობით მსოფლიოს ქვეყნებს რეგიონიდან ნავთობისა და გაზის 20% მიეწოდება. მაგრამ გადამწყვეტი მომენტი მაშინ დადგა, როცა ირანის სტრატეგია - „იძულება მესამე მხარის მეშვეობით“ სრული სახით ამოქმედდა ანუ ომის დაწყებიდან ორ-ნახევარი კვირის შემდეგ.
18 მარტს ისრაელმა ირანის „სამხრეთ ფარსის“ გაზის საბადოს დაარტყა, სამაგიეროდ, ირანმა ჯერ კატარის თხევადი გაზის მსხვილი ქარხანა „რას-ლაფანი“ დაბომბა, შემდეგ კი დრონებით საუდის არაბეთისა და ქუვეითის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები ააფეთქა. დენიელ სობელმანის თქმით, თეირანმა შური იძია და ამით „სიტუაცია გაათანასწორა“. „თუ ირანი ან ისრაელი ირანის ენერგეტიკულ ობიექტებს კიდევ დაარტყამს, მაშინ ირანი იმავეს განახორციელებს სპარსეთის ყურის ქვეყნების მიმართ, რომლებიც აშშ-ის ახლო მოკავშირეები არიან“, - განმარტავს ექსპერტი.
დაბომბვებიდან რამდენიმე საათის შემდეგ დონალდ ტრამპმა თავის სოცქსელში დაწერა, რომ ავიაშეტევა ირანის კუთვნილ „სამხრეთ ფარსზე“ ბენიამინ ნეთანიაჰუსგან მასთან არ იყო შეთანხმებული და რომ ამიერიდან ისრაელი მეტად აღარ დაბომბავს „სამხრეთ ფარსს“, თუ ირანი თავს შეიკავებს კატარის დარტყმებისგანო. როგორია?! აი, ეს მომენტი ომში გარდამტეხი აღმოჩნდა. მართალია, მხარეები ისევ განაგრძობენ სროლებს და დარტყმებს, მაგრამ „დადგინდა“ ესკალაციის ზღვარი.
„ისრაელი და განსაკუთრებით - აშშ დაცულნი არიან ირანის პირდაპირი დარტყმებისაგან, მაგრამ სპარსეთის ყურის სახელმწიფოები, უპირატესად კი კატარი და არაბთა გაერთიანებული საამიროები - საკმაოდ მოწყვლადები არიან“, - მსჯელობს დენიელ სობელმანი, - „ირანმა კუთხეში მიიმწყვდია მოწყვლადი მეზობლები და ურტყამს, რომ ოკეანის იქით მდებარე მათ მფარველს მიანიშნოს...“.
ომმა ენერგოშემცველებზე ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია. ნათელი გახდა, რომ თუ ომი გაგრძელდებოდა, ეკონომიკური ზარალის საფრთხე ამერიკასაც დაემუქრებოდა (ბენზინის ფასმა უკვე იქაც მოიმატა). ნიკოლ გრაევსკის თქმით, ნავთობზე ფასების მომატება არასაკმარისი აღმოჩნდა ომის შესაწყვეტად, მაგრამ უზრუნველჰყო ომის ინტენსივობის გარკვეული შესუსტება, ანუ ირანს ხელში მაინც მნიშვნელოვანი ბერკეტი აქვს აშშ-ზე ზემოქმედებისათვის.
მართლაცდა, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ მხარეები „მოლაპარაკებას ვიწყებთო“. 8 აპრილს ინტენსიური ცეცხლის შეწყვეტის დროებით რეჟიმზე შეთანხმდნენ, რომელიც საწყისი ვადის გასვლის შემდეგ ისევ გაგრძელდა და, ფაქტობრივად დღემდე მოქმედებს.
ასევე დაგაინტერესებთ: პუტინის დასასრულის დასაწყისი?! - რა ხდება სინამდვილეში რუსეთში და დგას თუ არა ამ ქვეყნის ეკონომიკა კატასტროფის პირას?
სკანდალური სტატია: "ემუქრება თუ არა ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას გადაშენებით?" - Le Figaro
რატომ სჯერა ფანატიკურად პუტინს, რომ უკრაინის თავდაცვა მალე გაირღვევა და რას გეგმავს ზელენსკი?!
გრძელვადიანი შედეგები
ირანის სტრატეგიამ ომში აქცენტები გადაადგილა: წინა პლანზე წამოიწია საკითხმა, თუ როგორ უნდა მოხდეს სრუტის განბლოკვა და როგორ შეიძლება ირანის შეზღუდვა სამომავლოდ. ჯერჯერობით თეირანზე ზეწოლამ, რომ მან ისევ გახსნას ჰორმუზის სრუტე, არ გაამართლა.
აპრილის მეორე ნახევარში აშშ-მა სრუტის კონტრბლოკადა დაიწყო (ანუ თვითონაც ჩაკეტა სრუტე და ნავთობით დატვირთულ ირანულ ტანკერებს ცურვა აუკრძალა). თეთრი სახლის ამ გადაწყვეტილებამ ირანს სიტუაცია დაუმძიმა, რადგან მას ნავთობის გაყიდვით შემოსავლები სჭირდება, მაგრამ თეირანმა სრუტე მაინც არ გახსნა.
მაისის დასაწყისში აშშ-მა გამოაცხადა ოპერაცია „თავისუფლების“ დაწყება, რომელიც სპარსეთის ყურის აკვატორიაში მოგროვილი ტანკერების ჰორმუზის სრუტეში გაყვანას გულისხმობდა (სამხედრო გემების თანხლებით), მაგრამ შემდეგ უკან დაიხია და ყურეში მომწყვდეული ათასობით გემი იმავე მდგომარეობაში დარჩა. „ვვარაუდობ, რომ ეს არის ყველაზე მკაფიო დადასტურება იმისა, რომ თეირანმა აშშ-ის შეკავება მოახერხა“, - ხაზს უსვამს დენიელ სობელმანი. ექსპერტების აზრით, რამდენადაც კონფლიქტის დასრულება აშშ-ის მხრიდან ჭიანურდება, სულ უფრო აშკარა ხდება, რომ ირანი შეეცდება, სრუტეზე კონტროლი შეინარჩუნოს - მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც, რათა ამერიკაც უფრო მეტად დაზარალდეს. ალბათ, დადგება მომენტი, როცა სპარსეთის ყურის ნავთობისა და გაზის იმპორტიორი ქვეყნები აშშ-ზე ზეწოლას მოახდენენ, ომის დასამთავრებლად.
„რაც უფრო დიდხანს შეძლებს ირანი ჰორმუზის სრუტის მძევლად აყვანას, სულ უფრო მეტად ნათელი გახდება, რომ აშშ-მა რაღაც ისეთი უნდა დათმოს, რომ ირანი სრუტის გახსნით დაინტერესდეს ანუ მისთვის მოგებიანი გახდეს აშშ-ის კომპრომისი“, - ამბობს ნიტია ლაბჰი, ლონდონის საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის სამეფო ინსტიტუტის („ჩეთემ-ჰაუსის) მეცნიერი-თანამშრომელი. შესაბამისად, ირანი, რომელიც ძალიან დაზარალდა ომით, საომარი სიტუაციიდან ფასიანი შენაძენით გამოვა. სრუტის ნაწილობრივი კონტროლიც კი მისთვის არა მარტო შემოსავლების წყარო გახდება (ვთქვათ, გემებისაგან და კომპანიებისაგან ბაჟის გადახდის სახით), არამედ - გეოპოლიტიკური კოზირიც.
ნიკოლ გრაევსკის თქმით, ის, რომ ირანს შესაძლებლობა ექნება, სრუტე ხელახლა ჩაკეტოს, ნებისმიერ მომენტში, მისთვის ერთგვარი „სადაზღვევო პოლისი“ იქნება აშშ-ის მხრიდან სამომავლო სავარაუდო თავდასხმის თავიდან ასაცილებლად. ეს სცენარი მოწმობს დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკის მთავარ სისუსტეს: აშშ, მთელი თავისი სამხედრო-ეკონომიკური ძლიერების მიუხედავად, შეიძლება მოწყვლადი იყოს და საპასუხო ზომების მიღება გაუჭირდეს. არადა, ომის დაწყების წინ დონალდ ტრამპის გუნდი აშშ-ის წარმატებაში დარწმუნებული იყო.
მოკლედ, ბევრი ქვეყანა ვერ გაბედავს ისეთი „ირიბი იძულება“ განახორციელოს ზეძლიერი სახელმწიფოს მიმართ, როგორსაც ირანის ისლამური რეჟიმი აკეთებს. მაგრამ თეირანის შემხედვარე, სამომავლოდ, ალბათ, ზოგიერთები ამას აუცილებლად შეეცდებიან, თავიანთი რეგიონული პირობების გათვალისწინებით.
მოამზადა სიმონ კილაძემ