დაჯგუფება "იარაღით ძმები" ანუ ვინ მართავს სინამდვილეში დღეს ირანს?!
„ვინ მართავს ირანს დღეს? ვინ და „გუშაგთა კორპუსის“ სამხედრო მაღალჩინოსანთა ჯგუფი, სახელწოდებით, „იარაღით ძმები“, რომელიც მკაცრ პოლიტიკას ატარებს“ - ასეთი სათაური აქვს აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმსის“ (The New York Times) 22 მაისის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორი, პოლიტიკური მიმომხილველი ნილ მაკფარქუარი აანალიზებს ირანის მმართველი რეჟიმის სტრუქტურას და ასახელებს იმ მთავარ მოქმედ პირებს, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ. ვინ არიან „იარაღით ძმების“ წევრები?
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
როცა აიათოლა ალი ხამენეი - ირანის უზენაესი ლიდერი, 37 წლის განმავლობაში - ისრაელის ავიადარტყმის შედეგად დაიღუპა, ქვეყნის მმართველის პოლიტიკური მემკვიდრეობა მის შვილზე - მოჯთაბაზე გადავიდა, მაგრამ 86 წლის აიათოლა ალი ხამენეის ისეთი გავლენა ჰქონდა, რომ მას ვერავინ შეცვლიდა, საკუთარი შვილიც კი.
ირანელი მაღალი თანამდებობის მქონე ჩინოვნიკების მტკიცებით, ქვეყნის ყველა საკვანძო საკითხის მოგვარებას 56 წლის მემკვიდრე ხელმძღვანელობს. თუმცა, ექსპერტების თქმით, გადაწყვეტილების მიღება ერთი ადამიანის უფლებამოსილების ჩარჩოებს სცილდება და საბოლოოდ მცირე ელიტური ჯგუფის მიერ ხორციელდება, რომლის წევრებს „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ამჟამინდელი და ძველი მეთაურები - უფროსი ოფიცრები წარმოადგენენ. როგორც ექსპერტები ამბობენ, კონტროლი ხდება არა გვარდიის (ანუ „გუშაგთა კორპუსის“), როგორც მთლიანი ორგანიზაციის მიერ, არამედ - მრავალწლიანი საომარი გამოცდილებით გამოწრთობილი ჯგუფის - „იარაღით ძმების“ მეშვეობით, რომლის წევრები ერთად იბრძოდნენ 1980 წელს დაწყებულ ირან-ერაყის რვაწლიან ომში.
ისინი შვა ირანის გვარდიამ - „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“, რომელიც 1979 წელს შეიქმნა, რევოლუციის მონაპოვრებისა და ქვეყნის ახალი ლიდერის - აიათოლა რუჰოლა ხომეინის დასაცავად. კორპუსმა გამოზარდა თავისი მეთაურები, რომლებიც მცირე ხნის განმავლობაში გენერლები გახდნენ, 25-30 წლის ასაკში. ომის დროს ერაყისადმი დასავლეთის მხარდაჭერამ ისინი დაარწმუნა, რომ ირანი, რადაც უნდა დაუჯდეს, თავისი გზით უნდა წავიდეს. ომის შემდეგ ოფიცრები სათავეში ჩაუდგნენ სპეცსამსახურებს - დაზვერვისა და უსაფრთხოების სტრუქტურებს. როგორც ითვლება, „იარაღით ძმების“ ჯგუფის წევრებიდან ბევრს გარკვეული პირადი კავშირები ჰქონდა მოჯთაბა ხამენეისთან, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მამამისის - აიათოლა ალი ხამენეის პირად კანცელარიას ხელმძღვანელობდა.
ჯგუფის წევრები ირანში ყველაზე შეურიგებელ ფიგურებად - მებრძოლებად ითვლებიან, არა მარტო ისლამური რევოლუციის იდეების ერთგულების მიხედვით, არამედ საქმიანობაში გამოვლენილი სიმკაცრითაც: სპეციალური სამსახურები, რომლებსაც „იარაღიანი ძმები“ ხელმძღვანელობენ, ცნობილნი არიან, როგორც სამთავრობო რეპრესიული ორგანოები.
ექსპერტთა აზრით, ჯგუფის წევრების ცხოვრების გზა, კარიერა და იდეოლოგიური შეხედულებები ერთმანეთის მსგავსია. სწორედ ამიტომ აშშ-ის მიერ დაწყებულმა ომმა ირანის მთავრობა ვერ დაამხო და ვერც მისი პარალიზება მოახდინა, 50-მდე მაღალი თანამდებობის მქონე პირის - პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელების დაღუპვის მიუხედავად.
როგორი დავა-კამათიც უნდა მოხდეს „იარაღით ძმების“ გუნდის წევრებს შორის, ომის შეწყვეტის ამა თუ იმ ფორმატის მიმართ, ყველაფერი გაუმჭვირვალედ და საიდუმლოდ ხდება. ჯგუფის ზოგიერთი წევრი საზოგადოების წინაშე ომამდეც კი არ ჩანდა, ახლა კი, მით უმეტეს - იმალებიან, რომ ისრაელის ან აშშ-ის რაკეტებისა და დრონების სამიზნედ არ იქცნენ.
აი, „იარაღით ძმების“ ჯგუფის რამდენიმე წევრი და, შესაბამისად, ირანის ყველაზე გავლენიანი ფიგურები:
64 წლის მოჰამად-ბაგერ ღალიბაფი
ირანის პარლამენტის სპიკერი 2020 წლიდან, მანამდე კი იგი „გუშაგთა კორპუსის“ სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალი და ეროვნული პოლიციის უფროსი იყო, მუშაობდა თეირანის მერის თანამდებობაზეც.
მოჰამად-ბაგერ ღალიბაფის სახელის ირგვლივ ბევრი ამბავია გავრცელებული. ამბობენ, ერთხელ მას უთქვამს, რომ როცა იგი ირანის ეროვნულ პოლიციას ხელმძღვანელობდა, 1999 წლის ანტისამთავრობო გამოსვლების დროს, ჩვეულებრივი პოლიციელივით მოტოციკლზე დამჯდარა და მომიტინგეებს ჯოხით სცემდა.
2004 წელს მოჰამად-ბაგერ ღალიბაფი პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭს იყრიდა და თავისი იმიჯის შეცვლას ცდილობდა. „არჩევნების დღეს იგი ამერიკული სერიალის - „მაიამის პოლიციის“ მთავარი გმირის - დონ ჯონსონის სახით გამოჩნდა - უნიფორმის ნაცვლად თეთრი შარვალ-პიჯაკი ეცვა და მზისგან დამცავი სათვალეები ეკეთა“, - ამბობს აფშონ ოსტოვარი, წიგნ „იმამის ავანგარდის“ ავტორი, რომელიც ირანის წესრიგის დამცველთა ისტორიის მკვლევარია. რასაკვირველია, ეს იყო მისი წარუმატებელი მცდელობა, ამომრჩეველთა მიმხრობის მიზნით, ზოგიერთმა კონსერვატორმა კი მოჰამედ-ბაგერი ამბიციურ პიროვნებად ჩათვალა.
მოჰამად-ბაგერ ღალიბაფი ამჟამად პოლიტიკურ და სამხედრო ელიტებს შორის ერთგვარ დამაკავშირებელ რგოლს წარმოადგენს. იგი პრაგმატულ მოღვაწედ ითვლება, მან გასულ თვეში პაკისტანში აშშ-ის დელეგაციასთან პირდაპირი მოლაპარაკება გამართა. პარლამენტის სპიკერის ზოგიერთი არაკეთილმსურველი ეჭვობს, რომ იგი სამშვიდობო შეთანხმების დადებას ესწრაფვის, ცდილობს მთავარი როლის შესრულებას, რაც ომის დასრულების შემდეგ კიდევ უფრო მეტ კარიერულ წინსვლაში დაეხმარება.
67 წლის აჰმად ვაჰიდი
იგი დაზვერვის ოფიცერია, რომელიც ამ სტრუქტურას სათავეში ჩაუდგა თავისი წინამორბედის დაღუპვის შემდეგ, ისრაელის დაბომბვით - ვეტერანია და საბრძოლო სულისკვეთების მქონე გენერალი. ადრე იგი თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრების პოსტებზეც მუშაობდა.
აჰმად ვაჰიდი ცნობილი გახდა 1988 წლიდან, როგორც „კუდსის“ პირველი სარდალი - „გუშაგთა კორპუსის“ სპეცქვედანაყოფის მეთაური, რომელიც სპეციალურ ოპერაციებს (ანუ ტერორისტულ აქტებს) ქვეყნის გარეთ ასრულებს. მისი ჩადენილია ებრაელთა საზოგადოების შენობის აფეთქება ბუენოს-აირესში (არგენტინაში), 1994 წელს (დაიღუპა 85 ადამიანი), ასევე - დარჰანში (საუდის არაბეთში) მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზაში ბომბებით სავსე ავტომანქანის აფეთქება 1996 წელს (დაიღუპა 19 ამერიკელი ჯარისკაცი). ირანი უარყოფს თავის მონაწილეობას აღნიშნულ ტერაქტებში.
69 წლის ღოლამ-ჰოსეინ მოჰსენ-ეჯეი
მოჰსენ-ეჯეი ირანის სასამართლო სისტემას 2021 წლიდან ხელმძღვანელობს, აქვს ისეთი მოსამართლის რეპუტაცია, რომელიც დიდი ხანია, კანონმდებლობას სხვაგვარად აზროვნების ჩასახშობად იყენებს, ამასწინანდელი, 2026 წლის იანვარ-თებერვლის ანტისამთავრობო მიტინგების მონაწილეთა დასჯის ჩათვლით.
2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ღოლამ-ჰოსეინი დაზვერვისა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი იყო და, შესაბამისად, როცა არჩევნების გაყალბების გამო საპროტესტო აქციები დაიწყო, მისი ძალისხმევით, მომიტინგეებს იჭერდნენ, საპყრობილეებში ათავსებდნენ და აწამებდნენ. მას სანქციები გამოუცხადეს როგორც შეერთებულმა შტატებმა, ასევე - ევროკავშირმაც.
63 წლის ჰოსეინ ტაები
იგი ისლამური სამღვდელოების შიიტი წარმომადგენელია, რომელიც უმკაცრესი მეთოდებით განთქმულ „ბასიჯს“ ხელმძღვანელობდა – „რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მოხალისე მოლაშქრეების ქვედანაყოფს, შემდეგ კი - ერთ-ერთ სამთავრობო სადაზვერვო სტრუქტურას. მოგვიანებით ისევ „გუშაგთა კორპუსის“ შემადგენლობაში დაბრუნდა. ჰოსეინ ტაები უფრო მეტად ცნობილია ხელკეტის ეფექტიანი სარგებლობით, ვიდრე - ჭკუა-გონებით.
მიუხედავად იმისა, რომ ჰოსეინ ტაებს რეპუტაცია შეერყა ისრაელ-აშშ-ის დაბომბვების შედეგად ბირთვული ობიექტების განადგურებით, ის ამჟამადაც ერთ-ერთ ცენტრალურ ფიგურას წარმოადგენს ირანში. ითვლება, რომ იგი ახლოს დგას მოჯთაბა ხამენეისთან, რადგან ორივე ერთად იბრძოდა ბატალიონ „ჰაბიბის“ შემადგენლობაში, ირან-ერაყის ომის დროს.
68 წლის მოჰამად- ალი ჯაფარი
გენერალი მოჰამად-ალი ყოფილი უზენაესი ლიდერის სამხედრო მრჩეველი იყო, ხელმძღვანელობდა ალი ხამენეის პირად დაცვასაც, 2007 წლიდან 2019 წლამდე - ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში. ღრმა კონსერვატორი, იგი 1999 წელს პრეზიდენტ მოჰამედ ჰათამისაც ემუქრებოდა და მოითხოვდა სტუდენტთა საპროტესტო აქციების უმკაცრეს ჩახშობას.
ამავე დროს გენერალი ბრწყინვალე ტაქტიკოსიც არის, მას ეკუთვნის თეორია სამხედრო სარდლობის დეცენტრალიზების თაობაზე. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ირანის ძალოვანი სტრუქტურები დღეს პროვინციებში ავტონომიურად და საკმაოდ წარმატებით მოქმედებენ.
მოჰამად-ალი ჯაფარის ხელშეწყობით შეიქმნა რეგიონული მარიონეტული ძალები ისრაელის წინააღმდეგ. ცნობილია მისი გამონათქვამი ისრაელის მიმართ: „რევოლუციის გუშაგები მუდმივად იბრძოლებენ სიონიზმის აღსაგველად პირისაგან მიწისა... ჩვენ არ დავმშვიდდებით, სანამ ისრაელი რეგიონის გეოპოლიტიკური სივრციდან არ გაქრება“.
72 წლის მოჰამად ბაგერ-ზოლგადრი
ბაგერ-ზოლგადრი მაგალითია ისეთი პიროვნებისა, რომელსაც ანალიტიკოსები სამხედროებისა და პოლიტიკოსების შერწყმის პროდუქტად თვლიან. იგი ჯერ „გუშაგთა კორპუსის“ სარდლის მოადგილე იყო, შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრისა, რომელიც მკაცრი პოლიტიკოსის რეპუტაციით არის ცნობილი.
მარტში მოჰამად ბაგერ-ზოლგადრი დაინიშნა ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივნად, ალი ლარიჯანის დაღუპვის შემდეგ. საბჭო, რომელიც აერთიანებს მაღალჩინოსან სამხედროებსა და სამოქალაქო ჩინოვნიკებს, ამუშავებს უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის საკითხებს. მოჰამად ბაგერ-ზოლგადრის დანიშვნით ივარაუდება, რომ ქვეყნის პოლიტიკური, სამხედრო და უსაფრთხოების ძალები, ასევე, სასამართლო სისტემა ტანდემში იმუშავებენ.
„ირანის საძმო“
„40 წლის განმავლობაში ჯგუფ „იარაღით ძმების“ წევრები ჯერ „გუშაგთა კორპუსში“ დომინირებდნენ, ახლა კი გადაიქცა „საძმოდ, რომელიც ქვეყანას მართავს“, - ამბობს საიდ ჰოლკარი, „გუშაგთა კორპუსის“ საქმიანობის შემსწავლელი მკვლევარი, რომელიც ტენესის (აშშ) უნივერსიტეტის პროფესორია.
„მათ ჰქონდათ და აქვთ ინფორმაცია აბსოლუტურად ყველაფერზე - როგორ მუშაობს ქვეყანა, რას აკეთებენ სამთავრობო სტრუქტურები, რეფორმისტები... მათ, რომლებიც „რკინის პოლიტიკის“ გატარების მომხრენი არიან, ერთმანეთის შესახებაც აქვთ ინფორმაცია სხვადასხვა წყაროებიდან... „საძმოს“ წევრები პრაქტიკულად დომინირებენ ირანის პოლიტიკის ყველა ასპექტში“, - ასეთია პროფესორ საიდ ჰოლკარის დასკვნა.
მოამზადა სიმონ კილაძემ