"დამ მითხრა, შენ გარდა იქ მშობიარე არავინ იყო, პალატაში რომ გადმოგიყვანეს, ბავშვების ტირილის ხმა ისმოდა და მიკვირდა, ვისი ბავშვები ტირიანო" - რას ჰყვება ქალი რომელიც ტყუპ ქალ-ვაჟს ეძებს
თეონა გაბადაძე (მუშკუდიანი), რომელიც წლებია ბიოლოგიურ შვილებს ეძებს, ბავშვების აღმზრდელ მშობლებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ აყვანილ შვილებს უთხრან სიმართლე და ასე დუმილით ცხოვრებას ნუ გააგრძელებენ. მიიჩნევს, რომ ყველამ უნდა იცოდეს სიმართლე. თავად თეონა 2022 წლიდან ეძებს საკუთარ ტყუპ ქალ-ვაჟს, რომლებიც 20 წელზე მეტხანს მკვდარი ეგონა, რადგან სამშობიაროში უთხრეს, რომ ახალშობილები გარდაიცვალნენ. წლების შემდეგ მან დაიწყო ძებნა და დღეს მისი მიმართვის საფუძველზე სისხლის სამართლის საქმეც აღძრულია, თვითონაც არ ჩერდება, დამოუკიდებელ გამოძიებას აწარმოებს. იბრძვის იმ იმედით, რომ შვილებს იპოვის. იგი სოციალურ ქსელშიც ძალიან აქტიურია, სამშობიაროში მკვდრადგამოცხადებული ჩვილების დედების ჯგუფის „ ჩვენ გეძებთ” ადმინისტრატორია და თავად შვილების მაძიებელმა დედამ, ახლა საქველმოქმედო ფონდი „ჩვენ გეძებთ" Мы Ищем Вас/ We Are Searching for You“ დააარსა.
თეონა გაბადაძე:
- მინდა თქვენთან საუბარი მიმართვით დავიწყო და მოვუწოდო ყველა აღმზრდელ დედას, სიმართლე უთხრან ბავშვებს, ნუ გაიმეტებენ აღზრდილი შვილის მომავალს უდიდესი ცოდვისთვის, რასაც სისხლის აღრევა ჰქვია. შესაძლოა, თქვენც მოტყუებული ხართ და არ იცით, რომ ბავშვი მოპარულია, სხვა მონაცემები გითხრეს კვალის ასარევად. უთხარით და აუცილებლად დატესტეთ თქვენი შვილი... დღეს, როდესაც ჩემნაირი მოტყუებული დედების ისტორიებმა და ცრემლებმა ცა ახადა დედამიწას, როგორ შეიძლება ვინმემ იცოდეთ სიმართლე, გვიყუროთ შორიდან და იყოთ ჩუმად? უშუალოდ ჩემი შვილების აღმზრდელ დედებსაც მივმართავ, მე ვიქნები თქვენი და თქვენი ოჯახის სიმშვიდის გარანტი, ოღონდაც გამოჩნდით, ჩემამდე მოიყვანეთ ჩემი შვილები და საჯაროდ გპირდებით, რომ შევძლებთ ერთად, ერთ დიდ ოჯახად ვიცხოვროთ.
- თეონა, თქვენ ხართ ადმინისტრატორი ფეისბუქ ჯგუფის ჩვენ გეძებთ, რამდენად აქტიურობენ ადამიანები?
- ეს ჯგუფი დიდი ხანია დაარსებულია, 2019 წლის 9 დეკემბერს ქალბატონ ნანა ინალიშვილმა დააარსა, რომელიც ასევე ეძებს 1978-79 წლებში დაბადებულ დისშვილს. ჯგუფმა იმთავითვე, დაარსებიდან დაიწყო საქველმოქმედო საქმიანობა, მას ჰყავს ძალიან ბევრი დატესტილი მაძიებელი, მაგრამ მომართვიანობის გაზრდიდან გამომდინარე გადაწყდა კანონის ფარგლებში გვემოქმედა და დავრეგისტრირდით ორგანიზაციად - საქველმოქმედო ფონდი „ჩვენ გეძებთ/ Мы Ищем Вас/ We Are Searching for You" ჩვენს რიგებში უმეტესად არიან ის დედები, რომლებსაც სხვადასხვა წელს შვილები მკვდრად გამოუცხადეს. ჩვენს საძიებო გზაზე ვეხმარებით ყველა გაშვილებულ ადამიანს ბიოლოგიური ოჯახების პოვნაში. თან ვიმედოვნებ, რომ მალე ჩემებსაც გადავეყრები ან თუნდაც მათ კვალს. მე თითოეულ მოტყუებულ დედასა და ოჯახის მაძიებელ ადამიანს მხარში ვუდგავარ და ვაკვალიანებ. ვიდრე ჩემს შვილებს არ ვიპოვი, ვიქნები მებრძოლი დედა, რომელიც ყველა საფეხურს და ინსტანციას გაივლის სიმართლის საძებნელად. მყავს ექსპერტების ჯგუფი, რომელიც სრულიად უსასყიდლოდ ეხმარება ადამიანებს ინფორმაციის მოძიებაში; გაჭირვებულებს ვასაჩუქრებთ ტესტებით, ვეხმარებით ბაზებში გადატვირთვაში, ნათესაური კავშირების დადგენაში და რასაც ჰქვია, მივყვებით ბიოლოგიური ოჯახის კარამდე. საზოგადოებამ იცის, რომ 2022 წლიდან ვეძებ საკუთარ ტყუპ ქალ-ვაჟს, რომლებიც მკვდრად გამომიცხადეს 2000 წელს ქუთაისის ძველი მეორე, ახლანდელი ხონელიძის კლინიკაში. აღძრულია ამ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეც და ასევე დამოუკიდებელ გამოძიებასაც ვაწარმოებ. თქვენც ისმენთ ისტორიებს და ხედავთ, რომ ქვეყანაში ძნელად თუ მოიპოვება ოჯახი რომელსაც პირდაპირ ან ირიბად არ შეეხო ეს განსაცდელი, რაც ზრდის ყველაზე დიდი ცოდვის ინცესტის ალბათობას ოჯახებს შორის. ამ საშიშროების არ გაცნობიერებამ და კანონმდებლობაში არ გათვალისწინებამ გამოიწვია ის, რომ მივიღეთ უკვე დადასტურებული სისხლის აღრევის შედეგად შექმნილი ოჯახების პათოლოგიები შვილებში. მიუხედავად მრავალი მიმართვისა და მრავალი შეგონებისა, ერთის მხრივ აღმზრდელი მშობლები, რომლებიც სიმართლეს არ ეუბნებიან აყვანილ შვილებს და განაგრძობენ დუმილს, ხოლო მეორეს მხრივ სახელმწიფოს საგულდაგულოდ შეფუთული და გასაიდუმლოებული შვილად აყვანის კანონი ართულებს ძიების პროცესს და გაშვილებული ადამიანი ვერანაირ სწორ ინფორმაციას ვერ იგებს საკუთარ თავზე, ამ მოცემულობაში ერთადერთი გამოსავალი, ხსნა და გადარჩენა სრულიად საქართველოს მოსახლეობის სისხლისაღრევისგან და განადგურებისგან არის მხოლოდ და მხოლოდ დნმ ტესტირება. ყველა ის ადამიანი, ვინც ითხოვს დახმარებას საკუთარი წარმომავლობის გარკვევის თაობაზე უსასყიდლოდ არიან დაკვალიანებული, დასაჩუქრებული დნმ ტესტებით. ჩემი ცხოვრების კრედო „დატესტე სხვისი შვილი დღეს, ხვალ რომ სხვამ დატესტოს შენი" - ჩაშვებულია მოქმედებაში და არაერთი გაშვილებული ბავშვი არის დაბრუნებული ბიოლოგიურ მშობლებთან. ამ ჯგუფში არის ათასობით მოტყუებული დედა, რომლებიც იბრძვიან, რათა გაარკვიონ მათი შვილების ადგილსამყოფელი, რომლებიც მოტყუებით მოწყვიტეს გულიდან. დედები მანამ იბრძოლებენ, ვიდრე სიმართლე და სინათლე მათ ოჯახებშიც არ დაბრუნდება. ჩვენ ჯგუფში ასევე გაწევრიანებულია ათასობით გაშვილებული ბავშვი, რომლებსაც უკვე ჰყავთ შვილები და შვილიშვილები. თითოეული მათგანი მზადაა მოისმინოს ნებისმიერი თუნდაც უკიდურესად არასასიამოვნო ისტორია, მთავარია საკუთარ შთამომავლობას აარიდოს უდიდესი განსაცდელი და მისი ცხოვრების კითხვის ნიშანი ვინ ვარ მე შეცვალოს წერტილით, ჩემი შვილების უსაფრთხოება დაცულია. ასევე ამ ჯგუფში არიან სამშობიარო წიგნებიდან და იუსტიციიდან გამქრალი მშობიარეები, ვითომ არ გაუჩენია შვილი, ეს კიდევ აძნელებს დოკუმენტურ გამოძიებას. ამ ყველაფრიდან და ათასი სხვა ხელოვნურად შექმნილი ბარიერებიდან გამომდინარე მიმაჩნია, რომ ერთადერთ გამოსავლად და ხსნად რჩება მასობრივი ტესტირება! ამისათვის საჭიროა საზოგადოებაში მუშაობა ამ მიმართულებით ცნობიერების ასამაღლებლად, რომ აღმზრდელმა დედამ გადალახოს იმის შიში, რომ მისი გაზრდილი შვილი მას არ მიატოვებს და აყვანილმა შვილმა, განსაკუთრებით მამაკაცებმა გადალახონ კომპლექსი, ვაიდა ვისი შვილი ვარ"?. ჩვენს ჯგუფს ასევე აქვს ტიკ-ტოკ გვერდი „ჩვენGგეძებთ", სადაც დაიწყება მოსახლეობის გასათვითცნობიერებლად დნმ ტესტების შესახებ ინფორმაციების მიწოდება.
- თეონა, ვიცით, რომ ეძებთ შვილებს, გვიამბეთ თქვენი ამბავი ...
- დიდი ისტორიაა, ამდენი ხანია ვცდილობ კვანძის გახსნას და ჩემი შვილების პოვნას, მაგრამ ჯერჯერობით ხელჩასაჭიდი არაფერი მაქვს. ერთი შვილი მყავდა და მალე დავრჩი ფეხმძიმედ, 2000 წელს ტყუპებზე ვიყავი ორსულად, გინეკოლოგი მეუბნებოდა, რომ მხოლოდ ტონუსი იყო ჩემი პრობლემა, მაგრამ სახლში ყოფნის დროს, 7 თვეზე დამეწყო მშობიარობა. ქუთაისის ყოფილი მეორე, ახლანდელი ხონელიძის კლინიკაში შემიყვანეს საკაცით. სამშობიაროში მისულს გამიკეთეს ნარკოზი და დედას უთხრეს, ახლა მთავარია გოგო გადავარჩინოთ, ამდენ ხანს როგორ არ მოიშხამაო?! მერე ჩემებს გამოუცხადეს, რომ თითქოს ბავშვები გარდაცვლილები დაიბადნენ, რომ ჯერ ერთი ნაყოფი გაფუჭდა მუცლად ყოფნის დროს და იმან გააფუჭა მეორეც. 2000 წლის ივნისში ხდება ეს ამბავი. ნარკოზიდან გამოსვლის დროს გავიგონე, რომ საუბრობდნენ, ორივე მოკვდაო. ჩემი უფროსი შვილი მაშინ 11 თვის იყო, ბუნებრივ კვებაზე მყავდა და ამიტომ, ჩემს დას მისცეს უფლება, ღამით პალატაში დარჩენილიყო და ბავშვისთვის მიეხედა. ჩემმა დამ მითხრა, შენ გარდა იქ მშობიარე არავინ იყო იმ დროს. პალატაში რომ გადმოგიყვანეს, ბავშვების ტირილის ხმა ისმოდა და მიკვირდა, ვისი ბავშვები ტირიანო. მერე მეც გამახსენდა, ნარკოზიდან გამოსულმა ბავშვების ტირილი გავიგონე. ეს ხმა დაღამებამდე არ შემწყდარა, ძალიან მაღიზიანებდა და ღმერთს ვევედრებოდი, ოღონდაც ახლა გადამარჩინე, ნინიკოს რომ მივხედო და შვილებს კიდევ გავაჩენ-მეთქი. ბოლო წლები არაერთი ქალი გავიცანი, რომლებსაც 7 თვეზე დაეწყოთ მშობიარობა, მიადგნენ ხონელიძის კლინიკას და იქ არ მიიღეს, რადგან დღენაკლულებისთვის საჭირო სათანადო აპარატურა არ ჰქონდათ. ესეც მიჩენს კითხვას, თუ ასე იყო, მე რატომ არ გამიშვეს სხვაგან? რა ისტორიებიც ვიცი, იქიდან ვასკვნი, რომ იქ ნადირობა ტყუპზე ხდებოდა. მიმიღეს, რადგან ყველაფერი კარგად ჰქონდათ დაგეგმილი. ახლა, როდესაც სიღრმისეულად ჩავიხედე დეტალებში, ვიცი, რომ თუ ნაყოფი მუცელშივე მოკვდა, მშობიარობა არ იწყება. შესაბამისად, ჩემი ბავშვები იყვნენ სრულიად ჯანმრთელები და ექიმებს ერთადერთი, ჭიპლარების გადაჭრა და ბავშვების მიღება ევალებოდათ.…იმ დროს, ქუთაისის წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში ვსწავლობდი, გამოცდები მქონდა ჩანიშნული და თქვენ წარმოიდგინეთ, ნარკოზი ისეთი დოზით მქონდა გაკეთებული, რომ სამშობიაროდან გამოსულიც ვერ ვაზროვნებდი, ვერ გადავადგილდებოდი, ცუდ მდგომარეობაში ვიყავი. 6 თვე არ მივსულვარ უნივერსიტეტში. ნარკოზიდან თითქოს ბოლომდე ვერ გამოვედი კარგა ხანს: მაწუხებდა თავბრუსხვევა, გულისრევა, თან, უფროსი შვილი, რომელიც ბუნებრივ კვებაზე მყავდა, არ მცილდებოდა...
- როდის გაგიჩნდათ ეჭვი, რომ შესაძლოა თქვენი შვილები ცოცხლები იყვნენ?
- მსგავსი რამ გულშიც არ გამივლია, მიუხედავად იმისა, რომ სამშობიაროში არანაირი საბუთი არ მოუციათ. 2022 წელს დედაჩემს გაუჩნდა ეჭვი და მან გამანდო თავისი ეჭვი. მაშინ მაია ასათიანი თავისი გადაცემებით ძალიან დამაჯერებელ ფაქტებს აშუქებდა, რომ არაკეთილსინდისიერი ადამიანები სხვის შვილებს, ფაქტობრივად, იტაცებდნენ. დედამ დაიჟინა, - გადავამოწმოთ, შვილო, ინფორმაცია. იგივე სიტყვები მესმის სხვის ისტორიებს რომ ვუსმენ, რასაც მაშინ მე მეუბნებოდნენ შენზე და ბავშვებზე, - გილოცავთ, გოგო გადავარჩინეთ... ერთი ნაყოფი გაფუჭდა მუცლად ყოფნის დროს და მეორეც გააფუჭაო. ისიც დასძინეს, - ვერ გაგატანთ გვამებს, რადგან მუცლად მყოფი ბავშვების დანაწევრება მოგვიხდა და აქვე დავასაფლავეთ, სამშობიაროს სასაფლაოზეო. მოკლედ, წავედი იუსტიციის სახლში, დავწერე განცხადება და რომ მგონია გარდაცვლილი ბავშვები მყავს, ჩემს საბუთებში არეულია ყველაფერი. მესამე მშობიარობა მიწერია რიგით მეორედ. უფროსი გოგონა ხომ მყავდა, ტყუპზე რომ ვიმშობიარე და რამდენიმე წლის შემდეგ კიდევ ერთი ქალიშვილი გამიჩნდა, მასზე მშობიარობა მიწერია, როგორც რიგით მეორე, ხოლო ტყუპის ისტორია გამქრალია. მოვითხოვე შვილების დაბადების რიგითობა, რამდენი ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერი ფიქსირდებოდა ჩემზე. პასუხად მივიღე: ციფრით 2 და ფრჩხილებში სიტყვა „ოთხი", თან მიწერენ მხოლოდ ჩემი უფროსი და უმცროსი გოგონების მონაცემებს. ვიკითხე, ეს რას ნიშნავს? თუ 4 მაწერია, სად არის დანარჩენი ორის ისტორია-მეთქი? ნახევარი საათი დამაყოვნეს, ოთხი გადამიკეთეს ორად და ბოდიში მომიხადეს, მექანიკური შეცდომა მოგვივიდაო, რაც აბსურდია.. მოკლედ, დავიწყე გარდაცვლილად გამოცხადებული ბავშვების ისტორიის მოკვლევა ჩემი და ჩემი შვილების მამის გვარით, მაგრამ ვერაფერი ვიპოვე, თითქოს ეს ამბავი არც მომხდარა. იუსტიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მომაწოდა ინფორმაცია, რომ 2000 წელს, დასავლეთში, სულ ფიქსირდება 3 გარდაცვლილი ახალშობილი და სამივეს გვარი ემთხვევა ჩვენსას, მუშკუდიანი-აბაზაძე. 2 გოგონა გატარებული ჰყავთ 26 აპრილს, ბიჭი კი გატარებულია აგვისტოს თვეში და ის არის ჩემი შვილების მამის გვარზე. არც ერთი ბავშვის მშობლის მონაცემები არ იძებნება. წერია, რომ გარდაცვლილ ჩვილებზე განაცხადი გააკეთა ქუთაისის ბავშვთა რეანიმაციულმა განყოფილებამ. მოკლედ, ამ ყველაფრის შემდეგ სამართალდამცველებს მივაკითხე და საქმე აღიძრა. გარდაცვალების სააქტო ჩანაწერებს ხელს ვინც აწერს, არის რეანიმაციული განყოფილების იმდროინდელი თანამშრომელი, რომელსაც დავურეკე და ვკითხე, რა უფლებით დაარეგისტრირე ბავშვების გარდაცვალება მშობლების ნებართვის გარეშე-მეთქი? ქალმა მიპასუხა: რაღაც გეშლებათ, მე სხვა პიროვნება ვარო. თუმცა, როცა პოლიციაში დაიბარეს, დაკითხვის დროს ამტკიცებდა, რომ უფლება ჰქონდა დაერეგისტრირებინა ბავშვების გარდაცვალება. მივყევი ძიებას და გავარკვიე, არც ერთ ბავშვზე არ ფიქსირდება დაბადების აქტი, ანუ ეს ბავშვები არც დაბადებულან, მაგრამ გარდაიცვალნენ. ხომ უცნაურია არარსებული ბავშვების სიკვდილი? ვის არ მივმართე, სამშობიარო სახლიდან 7-8 პასუხი მაქვს მიღებული, სადაც მიმტკიცებენ, რომ ჩანაწერები არ არსებობს, განადგურებულია. მომიწია ხმამაღალმა საუბარმაც. ვითხოვდი არქივებიდან ჩემი ისტორიის ამოღებას, მაგრამ არაფერი გამოვიდა. 3-თვიანი გამოძიება ჩატარდა და დადგინდა, თითქოს 2002 წელს იყო ხანძარი და მშობიარეების ისტორიების ნაწილი განადგურდა. არც ეს დასტურდება, მითხრეს, ისეთი ხანძარი არ იყო, რომ რამე გაენადგურებინა. უბრალოდ, სახურავზე გაჩნდა ცეცხლი და მალევე მოხდა ლიკვიდაციაო. პოლიციას გადავამოწმებინე, გამოძახება თუ იყო იმ კონკრეტულ წელს ამა და ამ კლინიკაში ხანძრის თაობაზე-მეთქი და არანაირი ჩანაწერი არ ფიქსირდება. თავიდანვე მოვითხოვე დასავლეთის პროკურატურაში ჩემი საქმის მსვლელობის დეტალებში ჩახედვა, რის შედეგადაც, 2024 წლის მარტიდან თავად დავდივარ ქუთაისის კრიმინალური პოლიციის მე-5 განყოფილებაში, ვეცნობი, ვუთითებ, ვითხოვ იმ დეტალებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი საქმისთვის. ჩემზე არც სააბორტო ჩანაწერებშია არაფერი, თითქოს ფეხიც არ დამიდგამს ამ კლინიკაში. გამოძიებისას დამიწერეს, თითქოს საკეისრო კვეთაზე მივედი ორსულობის მე-7 თვეზე, ბავშვები გარდაცვლილი დაიბადნენ და ახლა ვადანაშაულებ მედპერსონალს მათ გაყიდვაში. მოვითხოვე ჩაეტარებინათ ექსპერტიზა, რადგან ნაკეისრალი არ ვარ, თან ის მაინც გაიკითხეთ 7 თვეზე ვინ აკეთებს საკეისროს? არაერთხელ მივმართე პროკურატურას და ზემდგომ ინსტანციებს, მაგრამ დაზარალებულად არ მცნობენ. თუმცა, ახლანდელი საგამომძიებლოს უფროსი, სამხარეოს უფროსი და დასავლეთის პროკურორი ჩაერთნენ ერთად ჩემი საქმის სამართლიანობის დადგენაში და დიდი იმედი მაქვს, რომ საბოლოოდ მივაღწევ მიზანს... აქვე ერთ საინტერესო ინფორმაციას მივაწვდი იმ ადამიანებს, ვისაც ჩემნაირი ისტორია აქვთ. ერთი სქემა გავშიფრეთ ბავშვების გაშვილების სქემაში, როგორც ჩანს, ჩემნაირი მშობიარეები, ჯერ კიდევ კონსულტაციის პერიოდიდან იყვნენ დათვალიერებულნი, ამ საქმეში ჩართულს მიეწოდება ინფორმაცია ქალთა კონსულტაციებიდან ამა თუ იმ ქალის ორსულობაზე. შემდეგ როდესაც შედიოდა მშობიარე კლინიკაში, წინასწარ ურეკავდნენ მათ ვისაც ბავშვის ამყვანებს ამზადებდნენ, მათ აწვენდნენ კლინიკაში, თითქოსდა მოსალოდნელი იყო მათი მშობიარობა. ხოლო უკვე ჩვენ, ორსულები, ბიოლოგიური დედები როდესაც შევდიოდით კლინიკაში რა თქმა უნდა მშობიარობის შემდეგ ჩვენი შვილების გაყვანა ხდებოდა ამყვანების პალატაში და ისინი გაფორმებულები იყვნენ როგორც მშობიარეები, საბოლოოდ მათ სახელზე აფორმებდნენ ამ ბავშვებს და გაჰყავდათ მათ. ამიტომ ყველა ამყვან მშობლებს მოვუწოდებ კიდევ ერთხელ, ვისაც ამგვარი მეთოდით გყავთ შვილები აყვანილი, ბავშვები გამოგვიჩინეთ. თქვენი ფეხით მოდით ჩვენამდე, იმიტომ რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, რომელზეც არ დავხუჭავთ თვალებს მოტყუებული დედები, რომლებიც ამდენი ხანია ვიბრძვით და ვცდილობთ ვიპოვოთ ჩვენი შვილები. გამოაჩინეთ ჩვენი შვილები, თორემ როცა ასეთი ამბები გამოაშკარავდება და გაცხადდება, მერე აღარ მოვისმენთ თქვენგან ისეთ ზღაპრებს, რომ თითქოს თქვენ არ იცოდით. ამიტომ მოგიწოდებთ გამოჩნდით, ან ბავშვებს დნმ ის ტექსტი მაინც გაუკეთეთ და დაინახეთ, როგორ ვეძებთ ჩვენ ჩვენს შვილებს, ასე თქვენს გაზრდილ შვილებსაც, მათ თაობასაც ხომ დაიცავთ სისხლის აღრევისგან. ამაზე დაფიქრდით. …
თეა ხურცილავა
(სპეციალურად საიტისთვის)