ანექსირებული ყირიმისკენ მიმავალი სახმელეთო დერეფანიც პარალიზირებულია უკრაინული კამიკაძე-დრონების შეტევების შედეგად... - კვირის პალიტრა

ანექსირებული ყირიმისკენ მიმავალი სახმელეთო დერეფანიც პარალიზირებულია უკრაინული კამიკაძე-დრონების შეტევების შედეგად...

უკრაინა, რომ ყოველდღიურად აძლიერებს საჰაერო დარტყმებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებსა და თავად აგრესორი რუსეთის სიღრმეში,უკვე უცილობელი ფაქტია...

დღეს გამთენიისას უკრაინულმა დრონებმა საჰაერო შეტევების შედეგად მერამდენედ ააგიზგიზეს რუსეთის ნოვოროსიისკის პორტის ნავთობტერმინალები, თუმცა ამასაც არ „დასჯერდნენ“ და უკრაინიდან თითქმის 1 700 კმ-ის სიშორეზე რუსეთის ურალის ქედთან,პერმის ოლქში ქიმიური ქარხანასაც „ესტუმრნენ“,რომელიც ასაფეთქებელ ნივთიერებებს აწარმობს...

მაგრამ,მთავარი მოვლენა მაინც რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ხერსონში მოხდა-რუსული საოკუპაციო ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელმა გამოსცა ბრძანება,რომლის თანახმადაც იკრძალება სამოქალაქო ტრაილერებისა და ბენზინმზიდებისმოძრაობა იქ გამავალ საავტომობილო გზაზე...

1-trasa-1779544128.png
რუკაზე მოცემულია საავტომობილო ტრასა Р-280"Новороссия"-ს ის ადგილები, სადაც უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმა უკვე ააფეთქეს რუსი ოკუპანტების ტრაილერები და ბენზიმზიდები, რომელთა დამწვარი ნარჩენებიც ფოტოებზეა ასახული...

ერთი შეხედვით, თითქოს ეს დიდ რამეს არ უნდა ნიშნავდეს,თუმცა საქმე ბევრად უფრო სერიოზულადაა-სწორედ ხერსონის ამ ოკუპირებულ ნაწილზე გადის რუსეთის დონის როსტოვიდან ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის ჯანკოიმდე მიმავალი საავტომობილო გზა და ზემოთხსენებული აკრძალვა მის გამოყენებას ფაქტობრივად უკრძალავს ათასობით ავტომობილის მძღოლს, განსაკუთრებით საზაფხულო სეზონის დაწყების წინ, როდესაც მთელი რუსეთიდან ანექსირებული ყირიმის პლაჟებისკენ რამდენიმე მილიონი რუსეთის ის მოქალქე დაიძვრება საკუთარი ავტომობილებით, რომლებისთვისაც დრონების შეტევებისა და ბომბების აფეთქებების ქვეშაც პლაჟზე გარუჯვა მისაღებია.მათ კი ყირიმში აღარც საკმარისი საკვები და აღარც ბენზინი ექნებათ,რადგან რუსეთიდან მომარაგებას დიდი პრობლემები ექმნება...

ეს ყველაფერი კი იმიტომ ხდება, რომ უკრაინული კამიკაძე-დრონების ოპერატორებმა ბოლო ორი კვირის განმავლობაში მშვენივრად „აითვისეს“ ეს საავტომობილო გზა და დღეში რამდენიმე სამხედრო მანქანასა და ტრაილერს აეთქებენ,რომელთა დამწვარი „ჩონჩხები“ გზის პირასაა ჩამწკრივებული...

ანექსირებულ ყირიმში მოხვედრა რუსეთიდან ჩვეულებრივი მოქალაქისთვის მეხუთე წელია შეუძლებელია სამგზავრო თვითმფრინავით, ხოლო ყირიმის ხიდის გავლა კი ყოველთვის ლატარეას ჰგავს,მისი სამჯერ აფეთქების შემდეგ...

2-trasa-1779544129.jpg
რუსეთის დონის როსტოვიდან ოკუპირებულ მარიუპოლსადა მელიტოპოლზე გამავალი და ანექსირებული ყირიმის სიმფეროპოლისკენ მიმავალი საავტომობილო გზა, რომლის ბლოკირებასაც უკრაინული კამიკაძე-დრონების ოპერატორები ცდილობენ...

უკრაინის მარიუპოლისა და მელიტოპოლის ოკუპაციის შემდეგ რუსეთმა გახსნა საავტომობილო ტრასა Р-280 "Новороссия", დონის როსტოვიდან ამ ოკუპირებული უკრაინული ქალაქების გავლით ანექსირებული ყირიმის სიმფეროპოლამდე, რაც წარმოადგენს ალტერნატიურ სახმელეთო დერეფანს იმ ყირიმის ხიდისას, რომელიც ხშირად იკეტება, ხან უკრაინული დივერსიების შიშით,ხანაც უკრაინული საჰაერო,წყალზედა თუ წყალქვეშა კამიკაძე-დრონების „დაუპატიჟებლად სტუმრობის“ მოლოდინში...

თუკი უკრაინული კამიკაძე-დრონების ოპერატორები მოახერხებენ და სისტემატურს გახდიან ფრონტის ხაზიდან 90-120 კმ-ით დაშორებულ ამ ტრასაზე რუსი ოკუპანტების სამხედრო კოლონებსა და ტრაილერებზე საჰაერო იერიშებს,მაშინ რუსეთის საოკუპაციო ძალების მომარაგება ანექსირებულ ყირიმში კიდევ უფრო გაურთულდება რუსეთის გენშტაბს,მითუმეტეს,თუკი პარალელურ რეჟიმში მოხერხდა ყირიმის ხიდის შედარებით დიდი ხნით მწყობრიდან გამოყვანაც...