ახალი ფრონტი მილანში: საქართველო ჯერ კიდევ ლიდერად სახელდება, მაგრამ სიფხიზლისკენ მოუწოდებენ - კვირის პალიტრა

ახალი ფრონტი მილანში: საქართველო ჯერ კიდევ ლიდერად სახელდება, მაგრამ სიფხიზლისკენ მოუწოდებენ

მილანმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში ევროპის ყველაზე გავლენიან პლატფორმას „თამბაქო თუ ჯანმრთელობა“ საიუბილეო, მეათე ევროპულ კონფერენციას (ECToH) უმასპინძლა. ათწლეულების განმავლობაში ამ ფორუმმა მილიონობით სიცოცხლის გადარჩენა და კვამლისგან თავისუფალი საჯარო სივრცეების შექმნა უზრუნველყო. წელს მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები და პოლიტიკოსები მილანში ერთი მთავარი მისიით შეიკრიბნენ: დაუპირისპირდნენ თამბაქოს ინდუსტრიის ახალ, აგრესიულ ტაქტიკას, რომელიც ტრადიციული თამბაქოდან მოზარდებისთვის მიმზიდველ, არომატიზებულ ნიკოტინის პროდუქტებზე გადავიდა.

საერთაშორისო ტრიბუნიდან წელსაც ხმამაღლა გახმოვანდა საქართველოს სახელი. ქვეყანა, რომელმაც წლების წინ რევოლუციური საკანონმდებლო ჩარჩო მიიღო, რეგიონში სამაგალითო ლიდერად დასახელდა. თუმცა, აღიარებასთან ერთად, მილანიდან თბილისისკენ მკაფიო გაფრთხილებაც წამოვიდა: საქართველოს არ აქვს გაჩერების უფლება, რადგან ახალი გამოწვევების წინაშე დგას, განსაკუთრებით ახალი პროდუქტების ახალგაზრდებში მაღალი გავრცელების და თამბქოს ინდუსტრიის მთავრობაზე გავლენის მაღალი ინდექსის გამო (სამწუხაროდ, მეორე ადგილზეა ევროპაში).

კონფერენციის მუშაობაში აქტიურად მონაწილეობდა გაზეთი „კვირის პალიტრა“. გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუებს გლობალური ჯანმრთელობისა და თამბაქოს დასრულების კამპანიების მთავარ სტრატეგებთან.

v-r9ii9-1779551326.jpg

სმიტა ბარუა - ორგანიზაციის „კამპანია თამბაქოსგან თავისუფალი ბავშვებისთვის“ ვიცე-პრეზიდენტი გლობალური თამბაქოს კონტროლის პროგრამების მიმართულებით.

- ქალბატონო სმიტა რა გზავნილს მიაწვდენდით საქართველოში თამბაქოსა და ნიკოტინის კონტროლის კუთხით გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს?

- არ უღალატონ ათი წლის წინ არჩეულ კურსს. არ შეასუსტონ პოზიცია თამბაქოს კონტროლის პოლიტიკის მიმართ. ინდუსტრიასთან არანაირ კომპრომისზე არ წავიდნენ. ამ ძლიერი კანონის გამო საქართველო რეგიონში სამაგალითოა თამბაქოს კონტროლის პოლიტიკის კუთხით. ამიტომაც უნდა გააგრძელონ ბრძოლა მის დასაცავად. აუცილებელია თამბაქოსა და ნიკოტინის ნაწარმზე გადასახადების შემდგომი გაზრდა, რათა ეს პროდუქტები კიდევ უფრო ნაკლებად ხელმისაწვდომი გახდეს მოსახლეობისთვის და შესაძლებელი იყოს ევროკავშირის სტანდარტებთან მაქსიმალური მიახლოება.

- რა პასუხისმგებლობა აკისრიათ პოლიტიკის განმსაზღვრელებს, როდესაც თამბაქოს ინდუსტრია გამუდმებით ცდილობს გავლენა მოახდინოს საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე მოქმედ გადაწყვეტილებებზე?

- საქართველოს ხელისუფლებას ვეტყოდი - არ მოუსმინოთ თამბაქოს ინდუსტრიას. ისინი აუცილებლად ეცდებიან პოლიტიკოსების დარწმუნებას, თითქოს თამბაქოს და ნიკოტინის ახალი პროდუქტები ინოვაციური, სასარგებლო ან მწეველებისთვის დამხმარე საშუალებაა. ცხადია, ეს ასე არ არის. არ დასხდეთ მათთან მოლაპარაკების მაგიდასთან. ყოველთვის დაეყრდენით სამოქალაქო საზოგადოების ექსპერტებს, რომლებიც დაგეხმარებიან ინდუსტრიისგან მიღებული ფარული გზავნილების სწორად გაგებაში, რადგან თქვენი რეპუტაცია შეიძლება სასწორზე დადგეს. სამოქალაქო საზოგადოება გაკვირდებათ, ზოგადად, მსოფლიო გაკვირდებათ. თუ თქვენ ხვდებით ინდუსტრიის წარმომადგენლებს, ან მეტიც - უმეგობრდებით მათ, პირდაპირ და მძიმედ აისახება საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე. თუ პოლიტიკოსები ინდუსტრიასთან გარიგებაზე წავლენ, რეპუტაცია მყისიერად გაქრება.

ul4jy2vw-1779551326.jpg

კრისტინა მაუერ-სტენდერი - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და თამბაქოს კონტროლის საერთაშორისო ექსპერტი.

- ათი წლის წინ საქართველო თამბაქოს კონტროლის თვალსაზრისით პროგრესული, ლიდერი ქვეყანა იყო. ჩვენ ერთად, საქართველომ და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, განვახორციელეთ უამრავი დადებითი ცვლილება, რომელსაც საზოგადოებამ, მათ შორის თავად მწეველებმაც კი, სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს. საზოგადოებრივი ადგილების თამბაქოს კვამლისგან გათავისუფლება იყო ერთ-ერთი უდიდესი გლობალური მიღწევა. შედეგად, თამბაქოს მოხმარების გავრცელება ქვეყანაში სულ უფრო კლებულობს და მცირდება. ეს კარგი სიახლეა, თუმცა როგორც ადამიანმა, სახელმწიფომაც არ უნდა შეწყვიტოს კარგის კეთება. თუ გაჩერდები და კმაყოფილი იქნები მიღწეულით, თამბაქოს ინდუსტრია ძალისხმევას გააორმაგებს და დავინახავთ, რომ მოხმარების მაჩვენებელი კვლავ გაიზრდება. ასე რომ, მძიმე მუშაობა უნდა გაგრძელდეს.

- შეიძლება მომავალი განვსაზღვროთ?

- მიმდინარე პროცესების მიხედვით, შეიძლება ვთქვათ რა იქნება 5 წლის შემდეგ? ნიკოტინისა და თამბაქოს ახალი პროდუქტებით იქნება „ახალი ფრონტი.“ ამ პროდუქტებით პირდაპირ მიზანში იღებენ ახალგაზრდებს. ისინი არ არის გათვლილი ზრდასრულებზე ან მათზე, ვინც უკვე ეწევა. ამ პროდუქტებით ინდუსტრია ნიკოტინის მომხმარებელთა ახალ თაობას ქმნის ხელოვნურად, რათა უზრუნველყოს თამბაქოს ინდუსტრიის შემოსავლების უწყვეტობა. ეს ჩვეულებრივი ბიზნეს-ქეისია და ძალიან ჭკვიანურად აკეთებენ.

- როგორ ვუპირისპირდებით ამას?

- ჩვენი მიზანი უნდა იყოს ისეთი ჯანდაცვის პოლიტიკის გატარება, რომელიც ეკონომიკურადაც სიცოცხლისუნარიანი იქნება და, ამავდროულად, გრძელვადიან პერსპექტივაში ათასობით სიცოცხლესაც გადაარჩენს. ეს გულისხმობს ზუსტი ბალანსის პოვნას და იმის აღიარებას, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვა არ არის მეორეხარისხოვანი სექტორი, რომელიც მხოლოდ რესურსებს შთანთქავს და ბიუჯეტის მუდმივ ზრდას მოითხოვს. საზოგადოებრივი ჯანდაცვა არის ფუნდამენტური საყრდენი, რომელიც პირდაპირ განსაზღვრავს ქვეყნის ეკონომიკურ მდგრადობას (ან განვითარებას), სოციალურ პროგრესს და, საბოლოო ჯამში, მის მომავალს - სად ხედავს სახელმწიფო საკუთარ ადგილს სამყაროში. თუ საზოგადოება არაჯანსაღია, ქრონიკული დაავადებებისა და ნაადრევი სიკვდილიანობის მკვეთრად მზარდი მაჩვენებლები გარდაუვლად შეუქმნის საფრთხეს ნებისმიერი ერის დემოგრაფიულ და ეკონომიკურ მომავალს.

- როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური ციკლები იცვლება, მოდიან ახალი მინისტრები თუ საკანონმდებლო ორგანოს ჯანდაცვის კომიტეტის ახალი წევრები, რის გამოც პრიორიტეტები ხშირად არამყარი ხდება, როგორ უნდა შენარჩუნდეს თამბაქოს კონტროლის თანმიმდევრული ხაზი?

- პოლიტიკური ცვლილებები და არჩევნების შემდგომი გადაადგილებები ბუნებრივი, გარდაუვალი პროცესია. თუმცა, იმ პერიოდებში, როდესაც სამთავრობო დონეზე თამბაქოს კონტროლის მიმართ ძლიერი პოლიტიკური ნება დროებით სუსტდება, წინა პლანზე სამოქალაქო სექტორის, სამედიცინო სფეროს პროფესიონალებისა და, განსაკუთრებით, მედიის როლი გამოდის. სწორედ დამოუკიდებელმა მედიამ და ექსპერტებმა უნდა შეინარჩუნონ ეს თემა საზოგადოებრივი დისკუსიის დღის წესრიგში, მუდმივად მიაწოდონ ინფორმაცია გადაწყვეტილების მიმღებ პირებს და აიძულონ ისინი, პასუხისმგებლობით იმოქმედონ.

- რა კონკრეტული სტრატეგიული ნაბიჯები უნდა გადაიდგას თამბაქოსა და ნიკოტინის ახალ პროდუქტებთან - ელექტრონულ სიგარეტებთან ე.წ. „ვეიპებთან“ მიმართებაში, რომელთა მოხმარებაც საქართველოში, წინასწარი მონაცემებით, ახალგაზრდების საგანგაშო 20%-ს აღწევს?

- თუ ახალგაზრდებში ამ პროდუქტების გავრცელება უკვე 20%-იან ნიშნულს მიუახლოვდა, ეს მიუთითებს, რომ პროცესი სწრაფი, გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. ეს არის სერიოზული საზოგადოებრივი ჯანდაცვის კრიზისი, ნამდვილი ევროპული ეპიდემია, რომელსაც დროული და მკაცრი რეაგირება სჭირდება.

ghybeuw6-1779551326.jpg

ჯანდაცვის საერთაშორისო საზოგადოების პოზიცია ერთმნიშვნელოვანია - იდეალურ შემთხვევაში, ეს პროდუქტები სრულად უნდა აიკრძალოს.

სახელმწიფომ მიზნად უნდა დაისახოს მაქსიმალურად მკაცრი საკანონმდებლო რეგულირება ვიდრე სრულად მოხდება ელ. სიგარეტის აკრძალვა, რაც სამ ძირითად, გადამწყვეტ მიმართულებას მოიცავს:

1. ნიკოტინური დამოკიდებულების სიძლიერის კონტროლი: ქიმიური შემადგენლობის შეზღუდვა.

ვინაიდან ნიკოტინი ხასიათდება უაღრესად მაღალი ადიქტურობით (დამოკიდებულების გამომწვევი ძალით), სახელმწიფო დონეზე მკაცრად უნდა დარეგულირდეს და შეიზღუდოს ელექტრონულ მოწყობილობებში ნიკოტინის დაშვებული კონცენტრაცია და მისი ქიმიური შემადგენლობა.

2. პროდუქტის მარკეტინგული მიმზიდველობის გაუქმება: არომატიზატორებისა და დიზაინის აკრძალვა.

სასწრაფოდ უნდა აიკრძალოს ყველა სახის ხილისა და ტკბილი არომატიზატორი (მარწყვი, ვანილი და ა.შ.) და დანამატი, რაც ამ პროდუქტებს მოზარდებისთვის მიმზიდველს ხდის. გარდა ამისა, უნდა შეიზღუდოს მათი მრავალფეროვანი, მოდური დიზაინი, რომელიც ახალგაზრდებში ცნობისმოყვარეობას აღძრავს და მათ ცხოვრების სტილის თუ იდენტობის ნაწილად აქცევს. ამ პროდუქტებზე უნდა გავრცელდეს ტრადიციული სიგარეტის მსგავსი მკაცრი სტანდარტი: დიდი ზომის სამედიცინო გაფრთხილებები და სადა, ერთფეროვანი, ბრენდინგის გარეშე შეფუთვა. ვიზუალური მიმზიდველობის გარეშე მოზარდების ინტერესი მკვეთრად იკლებს.

3. ფინანსური ხელმისაწვდომობის მკვეთრი შეზღუდვა: საგადასახადო და ფისკალური პოლიტიკა. ახალგაზრდა მომხმარებლებს, როგორც წესი, შეზღუდული მსყიდველობითი უნარი აქვთ. თამბაქოსა და ნიკოტინის ახალ პროდუქტებზე აქციზისა და გადასახადების მნიშვნელოვანი გაზრდით, მათი საბაზრო ფასი მკვეთრად მოიმატებს. მას შემდეგ, რაც პროდუქტი აღარ იქნება იაფი და ფინანსურად ხელმისაწვდომი, მოზარდების უმრავლესობა იძულებული გახდება ან თავად აირჩევს, რომ შეწყვიტოს მისი შეძენა.

ეს არის საერთაშორისო პრაქტიკაში ნაცადი, ეფექტური ფორმულა. საქართველოს ხელისუფლებამ დრო არ უნდა დაკარგოს და სასწრაფოდ უნდა აამოქმედოს ეს მექანიზმები, რათა მტკიცედ დახვდეს თამბაქოს ინდუსტრიის აგრესიულ ექსპანსიას და დაიცვას ქვეყნის მომავალი თაობა.

ეკა ლომიძე (სპეციალურად მილანიდან)