გაცოფებული პუტინის შურისძიება "ორეშნიკით", "ისკანდერით", "კინჟალით", "ცირკონით"...
23-24 მაისის ღამეს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ამ ომში ყველაზე ფართომასშტაბიანი კომბინირებული საჰაერო შეტევა განახორციელა 90 რაკეტითა და 600-მდე დრონით.
მათ შორის იყო ერთი საშუალო სიშორის მოქმედების ბალისტიკური რაკეტა "Орешник"-ი, ორი აერობალისტიკური Х-47М2 "Кинжал", სამი ხომალდსაწინააღმდეგო 3М22 "Циркон", 30 ბალისტიკური Искандер-М/С-400, 54 ერთეული ფრთოსანი რაკეტა Х-101/Искандер-К/Калибр.
უკრაინის საჰაერო თავდაცვამ შესძლო 55 რუსული რაკეტისა და 549 დრონის განეიტრალება, თუმცა 16 რაკეტამ და 52 რუსულმა კამიკაძე-დრონმა 54 ლოკაციაზე მიიტანეს იერიში,ამასთან 23 ლოკაციაზე დაეცა ჩამოგდებული დრონების ფრაგმენტები,ხოლო 19 რუსულმა რუსულმა რაკეტამ, სავარაუდოდ ტექნიკური მიზეზების გამო, ვერ მიაღწია სამიზნემდე.
ყველაზე მასშტაბური კომბინირებული რუსული საჰაერო შეტევის შედეგად მარტო უკრაინის დედაქალაქ კიევში დაშავდა 44 მშვიდობიანი მოქალაქე,ორი დაიღუპა.
ასეთია ყველაზე მასშტაბური რუსული კომბინირებული საჰაერო იერიშის სისხლიანი სტატისტიკა,რომლის უკანაც გაცოფებული პუტინის კონკრეტული ბრძანება იდგა-დაარტყით კიევს ყველა სახეობის რაკეტითა და დრონითო...
მაგრამ ასე რამ გააცოფა რუსეთის პრეზიდენტი?
2026 წლის 22 მაისის ღამეს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა საჰაერო დარტყმა განახორციელეს ოკუპირებული ლუგანსკის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის სტარობილსკის პროფესიული კოლეჯის აკადემიურ შენობასა და საერთო საცხოვრებელზე. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, გამოიყენეს ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი. თავდასხმის დროს შენობაში იმყოფებოდნენ სტუდენტები, მათ შორის არასრულწლოვანები. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, თავდასხმის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა და 42 დაშავდა. უკრაინის გენშტაბი კი აცხადებს,რომ ამ კოლეჯში სინამდვილეში მომზადებას გადიოდნენ რუსული უპილოტო საფრენი აპარატების ოპერატორები, რომლებიც შემდეგ ფრონტის ხაზზე უნდა გაეგზავნათ...ასეა თუ ისე, კრემლმა უკრაინელების ეს შეტევა ტერორისტულ აქტად შეაფასა და დაიმუქრა, რომ შურს იძიებდა, რისი ასრულებაც ოთხი დღის შემდეგ სცადა... საგულისხმოა, რომ 23-24 მაისის ღამეს რუსული ფართომასშტაბიანი კომბინირებულ საჰაერო თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ რუსეთი კიევისა და სხვა უკრაინული ქალაქების სერიოზულ დაბომბვას აპირებდა და სავარაუდოდ გამოიყენებდა საშუალო რადიუსის მოქმედების ბალისტიკურ რაკეტა „ორეშნიკსაც“. ეს პროგნოზი გამართლდა იმიტომაც, რომ უკრაინის ხელისუფლებას ოპერატიული სადაზვერვო ინფორმაცია რუსული დიდი საჰაერო შეტევის მზადების თაობაზე, რომლის დროსაც კაპუსტინ იარის სარაკეტო პოლიგონიდან რუსეთი უკრაინისკენ „ორეშნიკსაც“ გაუშვებდა, ამერიკულმა და ევროპულმა სადაზვერვო სტრუქტურებმა წინასწარ მიაწოდეს. რუსული „ორეშნიკი“ უკრაინის ქალაქ ბელაია ცერკოვთან ჩამოვარდა, გაშვების ადგილიდან 1 152 კმ-ში.„ორეშნიკის“ საბრძოლო ნაწილი ჯერ კიდევ ჰაერში გაიშალა და ექვსი ქობინი გაფანტა, რომლებიც თავის მხრივ კიდევ ექვს ნაწილად დაიყვნენ და თვითმხილველების მიერ გადაღებულ ვიდეოკადრებში დაფიქსირდა რუსული „ორეშნიკის“ 36 ქობინის ერთმანეთის მიყოლებით დაცემა მიწაზე ჰიპერბგერითი სიჩქარით,რასაც აფეთქებები არ მოჰყოლია, რადგან რუსული „ორეშნიკის“ არაბირთვულ საბრძოლო ნაწილში მოთავსებული ეს ქობინები არ შეიცავენ ასაფეთქებელ ნივთიერებებს და გათვლილნი არიან მიწისქვეშა სამიზნეების გასანადგურებლად მხოლოდ ჰიპერბგერითი სიჩქარით დაცემისას წარმოქმნილი დიდი კინეტიკური ენერგიის საშუალებით.
უკრაინის ბელაია ცერკოვში რუსეთის გენშტაბისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სამიზნე შეიძლება ყოფილი საბჭოთა სამხედრო აეროდრომი აღმოჩენილიყო, რომელზეც ჯერ კიდევ აყენია მწყობრიდან გამოსული საფრონტო ბომბდამშენები, მაგრამ მათთვის რამდენიმე ათეულ მილიონიანი „ორეშნიკის“ „გამეტება“ არასერიოზულად მოჩანს... პუტინმა თავისი „ვუნდერვაფე“-„ორეშნიკი“, რომელიც რეალობაში ბრეჟნევისდროინდელი და ჩვენი თანამემამულე კონსტრუქტორის ალექსანდრე ნადირაძის მიერ შექმნილი საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტის „პიონერის“ „შვილიშვილია“, მესამედ გამოაყენებინა უკრაინული ქალაქების წინააღმდეგ, თუმცა ამან ვერაფერი სამხედრო-პოლიტიკური მოგება ვერ მისცა კრემლს...
რუსული „ორეშნიკის“ ქობინების ჰიპერბგერითი სიჩქარით დაცემის მომენტი უკრაინულ ქალაქ ბელაია ცერკოვთან...