"ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ომი უკრაინული სცენარით განვითარდება თუ რუსულით...“ - კვირის პალიტრა

"ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ომი უკრაინული სცენარით განვითარდება თუ რუსულით...“

19 მაისს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს მთავრობის სახელით ღია წერილით მიმართა ევროპულ სტრუქტურებს - ევროკომისიას, ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტს, შესაბამისად, წერილის ადრესატები არიან: ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპული კომისიის პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა, ევროსაბჭოს პრეზიდენტი რობერტა მეცოლა, ევროპული პარლამენტის პრეზიდენტი. კობახიძის თქმით, გუნდში კონსულტაციების შედეგად მიიღეს გადაწყვეტილება ამ ფორმით მიმართვის შესახებ, რადგან ბრიუსელს მათთან შეწყვეტილი აქვს პოლიტიკური დიალოგი. მიმართვა იწყება იმის გამეორებით, რომ საქართველო "ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული ქვეყანაა" და "ისტორიულად, კულტურულად და ღირებულებითაც საქართველო ევროპული სივრცის ნაწილია". შემდეგ წერილში დაგმობილია დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში "პოლიციის მიერ დემონსტრანტებზე ძალადობა", ირაკლი კობახიძე ევროპელ ლიდერებს მომხდარის დაგმობისკენ მოუწოდებს, შემდეგ კი ლიდერებს ეკითხება: "როგორ ფიქრობთ, სად მიჰყავს ევროპა იმ პროცესებს, რომლებიც დემოკრატიულ უკუსვლას, ეკონომიკურ სტაგნაციას, მიგრაციულ კრიზისს, ისტორიული მეხსიერების დაკნინებას, ეროვნული და სქესობრივი იდენტობების შესუსტებას და საზოგადოებრივი თვითმყოფადობის რღვევას უკავშირდება?" წერილში ევროსტრუქტურები დადანაშაულებული არიან ორმაგ სტანდარტში და ასევე ნათქვამია, რომ ევროპული ბიუროკრატია დამნაშავეა იმაში, რომ ბრიუსელსა და საქართველოს შორის ურთიერთობა გაუარესებულია. თუმცა, წესით, ყველას კარგად გვახსოვს, 2024 წლის არჩევნების შემდეგ ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ საქართველო 2028 წლამდე აჩერებს ევროკავშირთან გაწევრების შესახებ მოლაპარაკებებს.… შეიძლება ითქვას, ამ წერილის შემდეგ ბოლო ხანს ხელისუფლების თითქოს ოდნავ შერბილებული კონფრონტაციული ტონი ევროკავშირთან, ზოგადად დასავლეთთან, გაორმაგებულად ამუშავდა. სწორედ ამ თემით დავიწყეთ ინტერვიუ პოლიტიკური ინიციატივის "ჯერ საქართველო" დამფუძნებელ ვიქტორ ყიფიანთან:

- კობახიძის წერილი შეიძლება ბევრმა გაიკვირვოს, ვინც ქართულ თემატიკაში არ არის ჩახედული, ვინაიდან წერილობითი ფორმით დიპლომატიის და საერთაშორისო ურთიერთობების წარმოება, რბილად რომ ვთქვათ, მეტად უჩვეულო ფორმაა. თუმცა საქართველოში ბოლო ხანს ეს ფორმა დამკვიდრდა არა მარტო კობახიძის წერილის, არამედ სხვა ღია წერილების მაგალითზეც. მის შინაარსს რაც შეეხება, ის აჩვენებს, რომ ქართული საგარეო პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობები არა მარტო პოლიტიკისგან არის დაცლილი, არამედ პოლიტიკურად კორექტული ლექსიკისგანაც. ჩემი აზრით (და ამით, ალბათ, განსაკუთრებულ აღმოჩენას არ გავაკეთებ, რადგან თხრობის ეს მანერა უკვე არაერთი თვეა, პრაქტიკულად, ყოველდღიურად გვესმის), ხდება საინფორმაციო ფონისა და იდეოლოგიური საფუძვლის მომზადება. ვფიქრობ, ამ ვარაუდში უმცირესობაში არა ვარ: მმართველი პარტია ამზადებს ნიადაგს იმისათვის, რომ გარკვეულ ეტაპზე - ოღონდ ნუ მკითხავთ, ეს ხვალ იქნება, ზეგ თუ მაზეგ - ოფიციალურად გამოაცხადოს ქვეყნის საგარეო კურსიდან გადახვევა.

სწორედ ასე შეგვიძლია ავხსნათ დღეს თითის გაშვერა ევროპისკენ. ბარემ, თქვენი ნებართვით, ბოლო პერიოდის სხვა განცხადებებსაც ვახსენებ, მათ შორის ცნობილი ფილოსოფოსის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისა და ზოგადად, ამ ქვეყნის მიმართ გაჟღერებულ ტონს. ეს ყველაფერი მიქმნის განცდას, რომ დასავლეთთან ურთიერთობების მოგვარების სხვადასხვაგვარი ცდა უშედეგო გამოდგა. ყოველ შემთხვევაში, მსგავსი ღია წერილები შეიძლება მივიჩნიოთ ამის მაჩვენებლად.

საგარეო კურსის ცვლილების ფორმალური დეკლარირება, სამწუხაროდ, სულ უფრო რეალური ხდება, სულ უფრო და უფრო გვიახლოვდება. შესაბამისად, ამის გაფორმებისთვის საჭიროა საზოგადოებრივი განწყობის მომზადება, ეს წერილიც სწორედ ამის ინსტრუმენტად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

- თუ ბოლო წლების მოვლენებს გადავხედავთ, ამისთვის "ქართული ოცნება" საზოგადოებას უკვე კარგა ხანია ამზადებს, რაც განსაკუთრებით გააქტიურდა უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ. როგორ ფიქრობთ, ხელისუფლების ამ ცდამ რამდენად მოახერხა ზეგავლენა საზოგადოებაზე და რამდენად მზად არის დღეს ქართველი საზოგადოება საგარეო კურსის შესაძლო ცვლილების მისაღებად?

- დიახ, ეს კამპანია უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს. ეს შემთხვევითი არ არის, ვინაიდან საკითხი იმდენად მნიშვნელოვანი, მასშტაბური და მაღალი ხარისხის რისკების შემცველია, რომ ბუნებრივია, მსგავსი მიზნისთვის საინფორმაციო ფონის შექმნას დიდი პერიოდი სჭირდება. ნიადაგის შემზადება ეტაპობრივ და თანდათანობით განვითარებას მოითხოვს საინფორმაციო ველის თვალსაზრისით, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს კონსტიტუციაში 78-ე მუხლი, რომელიც დასავლურ ინტეგრაციას შეეხება. ამიტომ ასეთ რადიკალურ სვლას ძალიან მყარი და გაცნობიერებული ნიადაგის მომზადება სჭირდება. ნუ გაგვიკვირდება, რომ ეს კამპანია ასე დიდხანს გრძელდება - საკითხის ხასიათი და შინაარსი განაპირობებს სწორედ ასეთ გრძელვადიან სტრატეგიას.

რაც შეეხება თქვენს კითხვას, ის სწორადაა დასმული, თუმცა ჩემთვის მეტად უსიამოვნო პასუხს განაპირობებს. ეს უსიამოვნო რეალობა ის არის, რომ ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენი მოსახლეობის საგრძნობი ნაწილი (ამ ეტაპზე გამიჭირდება ობიექტურ პროცენტულ მაჩვენებლებზე ლაპარაკი) საკმაოდ მოწყვლადი აღმოჩნდა ასეთი იაფფასიანი პროპაგანდის მიმართ.

ეს, ზოგადად, უკავშირდება პოლიტიკური განათლებისა და სამოქალაქო ცნობიერების დეფიციტს, ასევე კრიტიკული აზროვნების ნაკლებობას. მიზეზი არაერთია და მთლიანობაში, ალბათ, სახელმწიფოებრივი ტრადიციების უქონლობასაც შეიძლება დავუკავშიროთ. თუმცა ფაქტი ჯიუტია - ამას ვხედავთ ქართულ სივრცეში, დაწყებული სოციალური მედიაში, ზოგიერთ მედიასაშუალებასა და ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო ვითარებაში. ჩვენდა სამწუხაროდ, უკვე არსებობს ნოყიერი ნიადაგი, რაც გამოიხატება ჩვენი თანამოქალაქეების მზაობაში, დაექვემდებარონ და ძალიან იოლად გაჰყვნენ ამ იაფფასიან კამპანიასა და პროპაგანდას. ეს საფუძველი რომ არ არსებობდეს, მსგავსი პოლიტიკა უკვე კარგა ხნის წინ დასრულდებოდა კრახით. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ეს გრძელვადიანი კამპანია საზრდოობს და მტკიცდება იმით, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი მას ძალიან მორჩილად და თავდახრილად მიჰყვება. თუ პრობლემაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ითქვას: პრობლემის ერთი ნაწილი ხელისუფლების მხარესაა, მაგრამ მეორე ნაწილი აუცილებლად საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ.

- ბატონო ვიქტორ, თუ დადგება ეს დღე (ღმერთმა ნუ ქნას), როცა ხელისუფლება საგარეო კურსის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილებას ოფიციალურად გამოაცხადებს, საით შეიცვლება ეს კურსი, როგორ ფიქრობთ?

- სწორად აღნიშნეთ - "თუ დადგება". ცხადია, ამ მხრივ საკითხი ჯერ კიდევ არ არის ამოწურული და საბოლოოდ გადაწყვეტილი. იმედია, საქართველო თავიდან აიცილებს ამ ძალიან მძიმე ხვედრს.

რაც შეეხება უშუალოდ ფორმებს, კურსის ცვლილებისთვის სხვადასხვა მეთოდი არსებობს - ეს შეიძლება იყოს თანდათანობითი ნაბიჯები ან ერთბაშად დეკლარირება. ყველაზე კარდინალური და მყისიერი ნაბიჯი იქნებოდა 78-ე მუხლის კონსტიტუციიდან ამოღება. ეს ნაბიჯი ხელის ერთი მოსმით გასცემდა პასუხს კითხვას. თუმცა, თუ კონსტიტუციიდან ამ მუხლის ამოღება და გაუქმება ამ ეტაპზე შეუძლებელია, იმის გამო, რომ არ გააჩნიათ საკონსტიტუციო უმრავლესობა. აქედან გამომდინარე, პროცესი შეიძლება სხვაგვარად გამოიხატოს - მაგალითად, არსებობს საქართველოს საგარეო პოლიტიკის კონცეპტუალური დოკუმენტი, რომელშიც შეიძლება შევიდეს ცვლილებები, რომლებიც ევროპული კურსის ხარისხის დაკნინებას მოემსახურება - ეს ერთი ვარიანტია.

პარალელურად, შესაძლოა გავხდეთ მოწმენი საქართველოს მეტი ინტეგრაციისა ევრაზიულ დოქტრინებში. ამანაც შეიძლება შეასრულოს საპირწონეს ფუნქცია: ფორმალურად გვქონდეს ჩანაწერი 78-ე მუხლის სახით, მაგრამ პრაქტიკაში განვითარდეს ისეთი პროცესები, რომლებიც ამ ჩანაწერს მხოლოდ ფარატინა ქაღალდად აქცევს. არსითა და შინაარსით მისი განეიტრალება მოხდება საქართველოს იმ პოლიტიკურ, გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ პლატფორმებში ინტეგრირებით, სადაც დასავლური ხმა მინიმალურია ან საერთოდ არ არსებობს.

კიდევ ერთი მომენტი, რადგან ფორმებზე ვსაუბრობთ, მათი რიტორიკის ფონზე, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისათვის ყველაზე სასურველი იქნებოდა, თვითონ დასავლეთს ათქმევინონ პირველი უარი საქართველოსთან დაახლოებაზე. დარწმუნებული ვარ, მათთვის ეს ყველაზე იდეალური და მისაღები ფორმაა, საბოლოოდ დასავლეთმა მიიჩნიოს, რომ საქართველოსთან ურთიერთობა უპერსპექტივოა, და რომ არ ღირს პოლიტიკური, ეკონომიკური თუ ნებისმიერი სხვა რესურსის დახარჯვა. ეს იქნებოდა "ქართული ოცნებისთვის" ყველაზე სასურველი ფინიში ამ პროცესში.

- ბოლო ხანს თითქოს ხელისუფლებას მიეცა დიალოგის საშუალება აშშ-თან, ჩამოვიდა რამდენიმე დელეგაცია; კობახიძე მონაწილეობდა სომხეთში ევროკავშირის ეგიდით გამართულ სამიტში; შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის... ექსპერტთა ნაწილი ამბობდა, რომ დასავლეთის მიმართულებით ეს გააქტიურება განპირობებული იყო იმითაც, რომ რუსეთში ამ ეტაპზე გართულებულია შიდა ვითარება. მოგეხსენებათ, ბევრი მოსაზრება გამოითქმის პუტინის ხელისუფლებაში არსებულ პრობლემებზე. მაგალითად, გია ხუხაშვილი ამბობდა, შესაძლოა ივანიშვილი ელოდებოდეს მომენტს, როდესაც პუტინსაც "გადააგდებს". რას ფიქრობთ, რამდენად რეალურია საერთოდ ასეთი დაშვება? და ბარემ აქვე გკითხავთ: რამდენად შეიძლება დასავლეთი შეელიოს საქართველოს, თუ გავითვალისწინებთ სამხრეთ კავკასიის მიმართ მის ინტერესებს?

- შევეცდები თქვენს კომპლექსურ კითხვას რამდენიმე პუნქტად ვუპასუხო.

პირველი: დაშვება იმისა, რომ ხელისუფლება ფანჯარას ტოვებს სავაჭროდ, ლოგიკურია. თუმცა თქვენ ახსენეთ კონტაქტები ამერიკასთან თუ რაღაც ნაბიჯები უკრაინის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ ამგვარი ნაბიჯები არასდროს გამოირჩევა ხანგრძლივობითა და გრძელვადიანობით, ანუ ძალიან მოკლე ხანშივე იდგმება ისეთი ნაბიჯი ან კეთდება ისეთი განცხადება, რომელიც წინა მოცემულობას შლის ხოლმე. თუნდაც უკრაინისკენ გადადგმულ თითქოს პოზიტიურ ნაბიჯს შემდეგ მოჰყვა ანტიუკრაინული განცხადებების მთელი ტალღა. ასე რომ, ეს ტაქტიკური დაშვება ტესტს ვერც ერთ ჯერზე ვერ გადის;

მეორე: ამ ყველაფერთან ერთად არ უნდა გამოგვრჩეს, რომ დასავლური პოლიტიკა ძალიან თავისებური ფენომენია. საქართველოს მოქალაქეებმა არანაირი სიურპრიზი არ უნდა გამორიცხონ "ოცნებასთან" შესაძლო გარიგებების თვალსაზრისით. თუმცა ამ ვითარებაში რამდენად საკმარისი იქნება მმართველი პარტიისთვის მხოლოდ გეოგრაფიის მოშველიება, გეოგრაფიულ ფაქტორზე აქცენტით საკუთარი სარგებლიანობის წარმოჩენა და დასავლეთთან გარკვეული რეალური გარიგებების გაფორმება, ამაში ბოლომდე დარწმუნებული აღარ ვარ. ვშიშობ, დასავლური პოლიტიკური კონიუნქტურა, როგორც ის დღეს ავლენს თავს არა მხოლოდ ქართულ, არამედ სხვა რეგიონულ კონტექსტშიც, გვიტოვებს განცდას, რომ შეიძლება მეტად უცნაურ ვითარებაში აღმოვჩნდეთ.

- გასულ კვირას მთავრობაში სამართალდამცავი ორგანოების კოორდინატორმა, მანამდე კი სუს-ის უფროსმა მამუკა მდინარაძემ გვამცნო, რომ შსს-ში შეიქმნება სამმართველო, რომლის მიზანი იქნება ქვეყანაში სიძულვილის ენის აღმოფხვრა, რაც ხელს შეუწყობს პოლარიზაციის შემცირებას. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება ამით განსხვავებული აზრის უფრო შევიწროებას შეეცდება. როგორ ფიქრობთ საქართველოში საქმე ინტერნეტის კონტროლსა და "თეთრ სიებამდე" ხომ არ მივა, ისევე, როგორც რუსეთში?

- პირველი, რაც მაინტერესებს - პრაქტიკულად როგორი იქნება მისი აღსრულება? ვინაიდან სოციალური მედია და ეს სივრცე ძალიან ჭრელი და შინაარსობრივად ღრმაა, მაინტერესებს, როგორ წარმოუდგენიათ ამის გაკეთება. ასევე მაინტერესებს: როდესაც სიძულვილის ენაზე ლაპარაკობენ, პირობითად რომ ვთქვათ, ორივე მხარე იქნება თანაბრად ამ მექანიზმის სამიზნე? ჩვენ ხომ ვხედავთ, რომ სიძულვილის ენის გამოყენებაში ხელისუფლების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები, რბილად რომ ვთქვათ, არავის ჩამოუვარდებიან. ამიტომ რამდენად მიუკერძოებელი იქნება ეს აპარატი და მექანიზმი ამ ფუნქციის აღსრულებაში? ეს რაც შეეხება ტექნიკურ და პრაქტიკულ მხარეს. არსებით მხარეს რაც შეეხება, აქაც უნდა დავეთანხმო მანამდე არაერთგზის გაკეთებულ შეფასებას: თუ გასული წელი ქვეყანაში მაინც ერთგვარი საყაიმო შედეგით დასრულდა რეპრესიულ და დემოკრატიულ ტენდენციებს შორის, წელს ხელისუფლების რეპრესიული აპარატი მაქსიმალურად ცდილობს საქმე ბოლომდე მიიყვანოს. სურთ მაქსიმალურად შექმნან ისეთი ფონი, რომელიც შემდეგ, თუნდაც საგარეო ასპარეზზე, მათ ვაჭრობის საშუალებას მისცემს.

ეს ვაჭრობა ორგვარი სცენარით შეიძლება განვითარდეს: გააჩნია, პროცესი უკრაინაში უკრაინული სცენარით განვითარდება თუ რუსულით... ამ უკანასკნელის, ანუ ახალი გამყოფი ხაზის, ახალი "რკინის ფარდის" აღმართვის შემთხვევაში ხელისუფლებას სურს აღმოჩნდეს მისთვის და მისი პატრონებისთვის სასურველ მხარეს. როგორც ჩანს, ამ ხელისუფლებას, ყველაფერთან ერთად, გეოპოლიტიკური პატრონებიც ჰყავს. ამდენად, ნებისმიერი სცენარის მიუხედავად, თავისუფალი ადამიანის, როგორც სოციალური ფენომენის, საბოლოო განადგურება და ამოშანთვა, მმართველ ძალას მისცემს მაქსიმალურ რესურსსა და თავისუფლებას, რომ ორივე სცენარში შეინარჩუნოს ბატონობა.

- თავისუფალი ადამიანის ამოშანთვა ახსენეთ და, ჩემი აზრით, თავისუფალი ადამიანის საუკეთესო გამოვლენაა ის, რაც დღეს საქართველოში მიმდინარეობს. ვგულისხმობ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების დასახმარებლად წამოწყებულ ინიციატივას. ახლახან ვნახე ბოლო მონაცემები (ინტერვიუ ჩაწერილია 23 მაისს) და "დაიცავი ილიაუნის" ლაივ-სტრიმის მეშვეობით დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 000 000 ლარი შეგროვდა - ანუ ადამიანებმა თვითორგანიზებით საკუთარ თავზე აიღეს პასუხისმგებლობა, რომ იზრუნონ ამ ბავშვებზე და ხელისუფლებას აჩვენონ, რომ თითოეული ადამიანი, თითოეული ბავშვი მნიშვნელოვანია და ეს არანაირ პრაგმატულ გათვლებს არ ექვემდებარება.

- ამ საკითხის წმინდა სამედიცინო ასპექტში ვერ შევალ, იმიტომ, რომ აზრთა სხვადასხვაობაა, მაგრამ მთავარი, რაც ამ აქციაზე უნდა აღვნიშნოთ, ის არის, რომ ჩვენ არ უნდა ვიყოთ მხოლოდ გარე პარტნიორების ყურების რეჟიმში, არამედ ჩვენი ბედის შემოქმედი და საკუთარი თავის ბატონ-პატრონი თავად უნდა გავხდეთ. ნებისმიერი ასეთი აქცია თუ კამპანია სწორედ იმის დასტურია, რომ ქვეყანაში კიდევ დარჩა სამოქალაქო და საზოგადოებრივი რესურსი, რომელიც პრობლემებს სწორედ ასეთი მაღალი ცნობიერებითა და პასუხისმგებლობით უდგება. ყოველი ასეთი გამოვლინება ადასტურებს, რომ თავისუფალი აზროვნებისა და თავისუფალი ადამიანების თანაცხოვრების კუნძულები ქვეყანაში ჯერ კიდევ შემორჩენილია. ამ კუნძულების შენარჩუნება და შემდეგ მათი ერთ დიდ კონტინენტად გადაქცევა სწორედ ის პროცესია, რომელიც აუცილებელი და გარდაუვალია.

ზედმეტ პათეტიკაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ მე მაინც მინდა დავიჯერო, რომ ჩვენი ქვეყანა თავისუფლების ერთ დიდ კონტინენტად გადაიქცევა. დღეს ეს კუნძულები იმედს მიტოვებს, რომ მიუხედავად განსხვავებული აზრის დევნისა, უცნაური საკანონმდებლო ინიციატივებისა, რეპრესიული კანონმდებლობის თუ ამ ეტაპზე არსებული უცნაური პოლიტიკურ-გეოპოლიტიკური წიაღსვლებისა ქართველი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი აცნობიერებს: საქართველოს ბედი, პირველ რიგში, ქართველების - და არა მხოლოდ ეთნიკურად, არამედ პოლიტიკურად ქართველების ხელშია. ეს აქცია, ვიმეორებ, გარდა სამედიცინო მნიშვნელობისა, თავისთავად ძალიან ღრმა პოლიტიკურ და სოციალურ დატვირთვას ატარებს. ჩვენ ვხედავთ სხვა ტიპის საზოგადოებისა და სხვა ტიპის მოქალაქის ფორმირების პროცესს.