გაიაფება თუ გაძვირება? - რა პროცესებია მოსალოდნელი საქართველოს ეკონომიკაში უახლოეს პერიოდში - კვირის პალიტრა

გაიაფება თუ გაძვირება? - რა პროცესებია მოსალოდნელი საქართველოს ეკონომიკაში უახლოეს პერიოდში

ფასების ზრდა ქვეყანაში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება, მიუხედავად იმისა, რომ წლის დასაწყისში პრემიერის დაპირებით ეს პრობლემა უკვე მოგვარებული უნდა იყოს. პარალელურად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა, რაც, რეალურად, ფულის გაძვირებასა და შედეგად ეკონომიკური აქტივობის შეზღუდვასა ნიშნავს. რა ეკონომიკური პროცესები გველოდება ამ ვითარებაში და რამდენად ადეკვატურია გადადგმული ნაბიჯები არსებული კრიზისის ფონზე, ამ საკითხებთან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილესა და "ჯეოქეისის" მრჩეველს ნიკოლოზ ალავიძეს ვესაუბრებით.

- მდგომარეობა ნამდვილად არ არის ნორმალური. ერთი მხრივ, ოფიციალური სტატისტიკითა და პროპაგანდით ყველაფერი იდეალურია - გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, იზრდება ექსპორტი და ხელისუფლება ამით თავს იწონებს, მეორე მხრივ კი არსებობს რეალობა, სადაც პროპაგანდა საკუთარ ციფრებშივე ირევა და ამ მონაცემების საკუთარ მომხრეებზე "მიყიდვასაც" ვეღარ ახერხებს.

გაცხადებული დიდი ეკონომიკური ზრდის პარალელურად, იზრდება უმუშევრობისა და ემიგრაციის დონეც, მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკურად თურმე მოსახლეობა 300 000-ით გაიზარდა.

იზრდება ინფლაციაც, რაც ე.წ. იმპორტირებული ინფლაციითა და ირანში მიმდინარე მოვლენების გამო ენერგომატარებლებზე ფასების ზრდით დაჩქარდა. თუმცა, სანამ ჰორმუზის სრუტე "ქართული ოცნების" მმართველობის მშველელად გამოცხადდებოდა, ფასების ზრდის კუთხით არც მანამდე გვქონია კარგი მდგომარეობა. გვახსოვს ვითომ საპარლამენტო კომისიებით დადგმული შოუ, რომელსაც გზაში მიზანი შეეცვალა, ოთხ თვეს რაღაც საკურსო ნაშრომზე იმუშავეს და რეალური შედეგი არ მოუტანია. ამ ფასების ზრდას წინ უძღოდა რიხიანი განცხადებები რეფორმებზე, მაგალითად, ბატონი კობახიძის. ის ამბობდა, რომ ჩაატარეს დიდი რეფორმა, გააუმჯობესეს წინამორბედის ცუდი მმართველობა და ცუდად მართული სახელმწიფო საწარმოებიდან წელიწადში 700 მილიონი ლარი გამოათავისუფლეს. თუმცა ვეღარ ვნახეთ, სად წავიდა და რაში დაიხარჯა დეტალურად ეს 700 მილიონი ლარი. სამაგიეროდ, ვნახეთ, რომ იმ სახელმწიფო საწარმოებიდან, საიდანაც ეს თანხები გამოთავისუფლდა, შვიდი მსხვილი კომპანია ქვეყნის დოვლათს ფლანგავს.

ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი, ენერგეტიკასთან დაკავშირებული "საქართველოს ენერგოსისტემა" და მისნაირი კომპანიები, სემეკ-ის პირით გვეუბნებიან, რომ ტარიფი უნდა გაიზარდოს, მიზეზად კი ასახელებენ სავალდებულო ინვესტიციების აუცილებლობას, რათა გამანაწილებელი ხაზები მოწესრიგდეს და ელექტროენერგია უწყვეტად გვქონდეს.

ელექტროენერგიის ტარიფი საშუალოდ 30-33%-ით გაიზარდა, კორპორაციული მომხმარებლებისთვის კი - 20%-ით. მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილისთვის ტარიფის 5-თეთრიანი მატება რეალურად 33%-იან ზრდას ნიშნავდა. თუმცა სტატისტიკა გვეუბნება, რომ ინფლაციის საერთო წილში ტარიფის ზრდამ მხოლოდ 3-5% შეადგინა - ანუ მანიპულაციებით დაახლოებით ასეთ სურათს ვიღებთ.

რაც დრო გავა, ეს ტვირთი უფრო მეტად დაგვაწვება. პარადოქსია ისიც, რომ ასეთი დიდი ეკონომიკური ზრდის ფონზე არ იზრდება დასაქმებულთა რაოდენობა და მოქალაქეების დოვლათი, პირიქით, მცირდება.

ოფიციალური სტატისტიკით, 2026 წლის პირველივე კვარტალში, წინა პერიოდთან შედარებით, უმუშევრობა 0,5%-ით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნულმა სააგენტომ გვითხრა, რომ მიუხედავად ეკონომიკის თითქმის 9,5-9,7%-იანი მატებისა, უმუშევრობაც პარალელურად გაიზარდა და 13,9% შეადგინა. ჯანსაღი ლოგიკით, ეს მაჩვენებლები ერთმანეთთან არ კორელირებს და, რა თქმა უნდა, არასწორია.

აქედან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ქაღალდზე გამოიყურება ძალიან კარგად, რეალობაში - ძალიან მძიმედ და რაც დრო გავა, სამწუხაროდ, უფრო დამძიმდება.

- ამ დამძიმების მთავარი მიზეზი რა არის? ახსენეთ გლობალური ფაქტორები და ამ ფაქტორებს რა წილი აქვს და რა არის უშუალოდ შიდა მიზეზები?

- გლობალური ეკონომიკა საკმაოდ რთულ ფაზაზე გადადის, რისთვისაც ჩვენ სრულიად მოუმზადებელი ვართ. ამ მოწყვლადობას ემატება ჩვენი შიდაიზოლაციონისტური პოლიტიკა, ადამიანის უფლებების უგულებელყოფა და დემოკრატიული პარტნიორებისგან რადიკალურად დაშორება. არადა, სწორედ მათი დახმარებით ივსებოდა ჩვენი ბიუჯეტი. საუბარი იმაზე, რომ მშპ იზრდება და 107 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ილუზიაა - ეს თანხის მოძრაობაა და არა რეალური დოვლათი.

31-მილიარდიანი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის დასაფარავად ჩვენი 28-მილიარდიანი საგადასახადო შემოსავლები არ გვყოფნის. წლების განმავლობაში ეს 3-4 მილიარდიანი დეფიციტი საერთაშორისო დონორებისგან მიღებული გრანტებითა და იაფი სესხებით ივსებოდა. ახლა ეს შემოსავლები აღარ გვაქვს და შესაბამისად, წნეხი სახელმწიფო ვალზე გაიზრდება, რათა ისევ დაფინანსდეს არასერიოზული პროექტები, გაუგებარი კონცერტები, კორუფციული ტენდერები და აუშენებელი სკოლები.

მმართველ გუნდს მოუწევს მადის დაოკება. თუმცა რეალურად ბიუჯეტი ისევ მოხმარებასა და ბიუროკრატიაზე იხარჯება და არა ინვესტიციებზე. 400 000-ზე მეტი კაცია დასაქმებული ბიუროკრატიაში, რომელიც რეალურ ღირებულებას არ ქმნის. ამას ემატება ბონუსების ახალი კანონები და პოლიტიკური ნიშნით შერჩეული სუბიექტების მავნებლური სუბსიდირება, რაზეც გამომძიებელმა ჟურნალისტებმა უამრავი მტკიცებულება წარმოადგინეს.

ასეთ დამაზიანებელ პოლიტიკასაც აქვს დასასრული. აიზეკ აზიმოვის ცნობილი ფრაზა გავიხსენოთ, "აგრესია არაკომპეტენტურობის უკანასკნელი თავშესაფარია", მმართველი გუნდის არაკომპეტენტურობაც სწორედ ამ აგრესიით იფარება. კანონის ერთი მუხლი შვიდჯერ შეცვალეს, რათა ადამიანები ბორდიურზე დგომისთვის დაეჭირათ. დაფიქრდით, რამხელა სახელმწიფო რესურსი და ინსტიტუტების მობილიზება სჭირდება ამ აბსურდის აღსრულებას. საზოგადოების ნაწილი კი ამ ყველაფერზე თვალს ხუჭავს და იმ ფასების კომისიების შოუთი კმაყოფილდება, რომელიც გვარწმუნებს, თითქოს რამდენიმე მაღაზიაში სპეციალურად დაწესებული ფასდაკლებებით ივერია გაბრწყინდება.

ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ საქმე გვაქვს არა გუნდთან, არამედ ადამიანების კრებულთან, რომლებიც ხან ერთმანეთს იჭერენ, ხან აქებენ და ხან აგინებენ. მათ არანაირი გეგმა არ გააჩნიათ, გარდა ქვეყნის მომავლის ხარჯზე საკუთარი თავის გამდიდრებისა. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას - ისინი არაფერს სთავაზობენ არც ქვეყანას, არც ახალგაზრდებსა და არც პენსიონერებს - არც ღირსეულ არსებობას, არც სამუშაო გარემოს და არც ნორმალურ ინფრასტრუქტურას. გადასახადებს ვიხდით, მაგრამ სახელმწიფო არაფერს აკეთებს. ამის ნათელი მაგალითია ანაკლიის პორტი. მხოლოდ ბოლო დღეების განცხადებაში ოთხი შეცდომა დაუშვეს. თითქოს თვითონვე აცნობიერებენ პროექტის მნიშვნელობას, მაგრამ ორი წელია ვერ ჩამოყალიბებულან, ჰყავთ თუ არა პარტნიორი და საერთოდ არსებობს თუ არა შერჩეული კომპანია. იმაშიც კი ირევიან, რომელ წელს აპირებენ პორტის გახსნას - ხან 2029 წელს ასახელებენ, ხან 2032-ს და ხან 2052-ს. ეს ყველაფერი უმძიმეს არაკომპეტენტურობაზე, მომხვეჭელობასა და პირადი მიზნებისთვის ქვეყნის ინტერესებით ვაჭრობაზე მეტყველებს. მოკლედ, ჩვენი ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაშია. საქსტატისა და ეროვნული ბანკის მიერ ფაბრიცირებული და შელამაზებული ციფრები მხოლოდ მოკლევადიან ეფექტს იძლევა, რადგან ტყუილს მოკლე ფეხები აქვს. რეალურად კი, მათი გადაწყვეტილებები ნეგატიურად აისახება მოქალაქეთა აბსოლუტურ უმრავლესობაზე, ვისთვისაც ფასების ზრდა არ ჩერდება.

- კონკრეტულ პროდუქტებზე ფასდაკლების კამპანიას შედეგი არ ექნება? საერთოდ ფასების თვალსაზრისით რას უნდა ველოდოთ?

- სინამდვილეში, ფასების შემცირება ილუზიაა - კაცობრიობის ისტორიაში ფასები მუდმივად იზრდება. ამის საპირწონედ, გონიერი ხელისუფლება უნდა ცდილობდეს კონკურენტუნარიანობის ზრდასა და კერძო სექტორის ჯანსაღ განვითარებას, რათა ადამიანებს პროდუქტიული დასაქმებისა და მეტი შემოსავლის გენერირების საშუალება მიეცეთ. ფასების ბუნებრივი მატება ტვირთად აღარ იქცევა მხოლოდ მაშინ, როცა მოსახლეობისა და მათი ოჯახების შემოსავლებიც შესაბამისად იზრდება.

- უახლოეს მომავალში რა პერსპექტივა გველოდება? მით უმეტეს, ეროვნულმა ბანკმა უკვე დაიწყო რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა, რაც რეალურად ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვას ნიშნავს, რათა ინფლაცია გააჩეროს და ეს დამატებით რა გავლენას მოახდენს ეკონომიკურ პროცესებზე?

- ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის 0,25%-ით გაზრდა თითქოს უმნიშვნელოა, მაგრამ მთავარი პრობლემა ბანკის არაკომპეტენტური მმართველობაა. გაცილებით დამაზიანებელია უცხოურ ვალუტაში მილიონ ლარამდე სესხების გაცემის შეზღუდვა. მიუხედავად იმისა, რომ რეფინანსირების განაკვეთი 8-8,25%-ია, ბიზნესის, იპოთეკური თუ სამომხმარებლო მიზნებისთვის სესხის აღება რეალურად 16-17% ჯდება. ასეთი ძვირი ფულით ბიზნესის კეთება წარმოუდგენელია, რაც მცირე და საშუალო ბიზნესს მძიმე მდგომარეობაში აგდებს, ანელებს ან საერთოდ ხურავს.

ეს მიდგომა მხოლოდ მმართველ რგოლთან დაკავშირებულ მცირე, პრივილეგირებულ კორპორაციულ ელიტას აძლევს ხელს.

ამასთან, ეროვნული ბანკი უპასუხისმგებლოდ ზრდის ფულის მასას, რაც ბევრად უსწრებს ეკონომიკური ზრდის ჯანსაღ ტემპს. საფინანსო სექტორი ამ ფულს იღებს და შემდეგ ისევ სახელმწიფოს უბრუნებს სესხად უფრო მომგებიან პროცენტში. ამით

ქვეყნის ეკონომიკა საკუთარ თავს ჭამს - ვიწრო ელიტა მდიდრდება, ქვეყანა კი "ბანანის რესპუბლიკას" ემსგავსება. ნათელი მაგალითია ვენესუელა, სადაც ექსტრაქციული ეკონომიკისა და ნავთობის უზარმაზარი მარაგების მიუხედავად, მოსახლეობის უმრავლესობა სიღატაკეში ცხოვრობს.

ბუნებრივად მცირდება ტურიზმიც. ეს გამოწვეულია როგორც შიდა პრობლემებით, როგორიცაა ინფრასტრუქტურისა და კონკურენტული უპირატესობის არარსებობა, ისე საგარეო პოლიტიკით. დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობის გაფუჭების გამო დავკარგეთ ჩვენთვის საინტერესო ბაზრები, ხოლო სპარსეთის ყურის ქვეყნებზე გაკეთებულმა სტრატეგიულმა გათვლამ ვერ იმუშავა. დარგის სპეციალისტებს პოზიტიური მოლოდინები არა აქვთ. ეს ყველაფერი ცუდი მართვისა და სახელმწიფო რესურსების არასწორი ხარჯვის გეგმაზომიერი შედეგია. როგორც ცნობილი ქართული ანდაზა ამბობს, "რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო". საზოგადოების დიდმა ნაწილმა ჩათვალა, რომ ქუჩის პროტესტი და დარბევები მას არ ეხებოდა. თვალს ხუჭავდნენ დადასტურებულ კორუფციასა და ასობით ადამიანის პირდაპირ ეთერში ბრუტალურად ცემაზე. ხალხი ვერ აცნობიერებს, რომ დღევანდელი ეკონომიკური პრობლემები და ქვეყნის იზოლაცია სწორედ არაკომპეტენტურობისა და მის გადასაფარავად გამოყენებული აგრესიის შედეგია. ეს აგრესია ვლინდება ყველგან: საკუთარ მოქალაქეებზე ფიზიკურ ანგარიშსწორებაში, ეროვნული ბანკისა თუ სამინისტროების მავნებლურ გადაწყვეტილებებში, კორუფციულ სუბსიდიებსა თუ იმ უშველებელ ჯარიმებში, რომლებითაც ახლა ბიუჯეტს ავსებენ. ამიტომაც, სანამ საზოგადოება არ გაიღვიძებს, პასუხისმგებლობას არ მოითხოვს და კითხვებს არ დასვამს იმ აბსურდზე, რაც მის გარშემო ხდება, მდგომარეობა არ გამოსწორდება.

- გამოსავალი რაშია, რა უნდა გაკეთდეს?

- ამ მდგომარეობაში, თუ საზოგადოების დიდი ნაწილი არ გაიღვიძებს და უბრალოდ არ დასვამს კითხვებს, რა თქმა უნდა, არაფერი გვეშველება. უფრო მეტი ადამიანი წავა ამ ქვეყნიდან, უფრო დაცოტავდება "მისათვისებელი" ბიუჯეტი თუ თანხა და უფრო ცოტა ადამიანი დარჩება, ვინც ამ ბიუჯეტს ქმნის. საბოლოო ჯამში კი, საკუთარი სხეულის ჭამის პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდება და გაძლიერდება.

რუსა მაჩაიძე