"ბოიკოტმა ძალიან მძიმე ნაყოფი გამოიღო“
"ოპოზიციურ პარტიებს შორის დაპირისპირება წარმოუდგენელი შეცდომაა და პირდაპირ წყალს ასხამს "ქართული ოცნების" წისქვილზე", - ამბობს პარტია "ლელოს" ლიდერი ირაკლი კუპრაძე. მისი თქმით, დღეს ოპოზიციურ ველზე მთავარი ბრძოლა აღარ მიმდინარეობს ხელისუფლების წინააღმდეგ და შიდა კონფლიქტი ასუსტებს იმ პოლიტიკურ სივრცეს, სადაც ცვლილება უნდა ხდებოდეს. რატომ და როგორ გადაიქცა ოპოზიციური ველი შიდა დაპირისპირების მთავარ არენად, რა შედეგი მოიტანა ბოიკოტის პოლიტიკამ და არსებობს თუ არა დღეს რეალური შესაძლებლობა ერთიანი პოლიტიკური სტრატეგიის ჩამოყალიბებისთვის, ამ საკითხებზე ირაკლი კუპრაძე გვესაუბრა.
- არჩევნების რწმენის დაკარგვა და ნიჰილიზმი მხოლოდ ხელისუფლებას აძლევს ხელს. ფრაზა "არაფერი გამოვა" სწორედ მათი პოლიტიკური სტრატეგიის ნაწილია.
ჩვენ გულწრფელად გვჯერა, რომ არჩევნებს აზრი აქვს. ამის საუკეთესო მაგალითი უნგრეთია. ორბანი ოლიგარქიც იყო და ავტორიტარიც, მაგრამ ოპოზიციამ ერთიანი სტრატეგიით შეძლო ბრძოლა ავტორიტარული სისტემის წინააღმდეგ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიცია ერთმანეთთან დაპირისპირებული არ იყოს და საერთო მიზანსა და სტრატეგიაზე შეთანხმდეს.
- თუმცა ოპოზიციაში დღეს სწორედ საერთო სტრატეგიის დეფიციტია. რამდენად სერიოზული პრობლემაა ეს დაპირისპირება?
- დაპირისპირება წარმოუდგენელი შეცდომაა. ეს პირდაპირ წყალს ასხამს "ქართული ოცნების" წისქვილზე. ამ მხრივ, ვფიქრობ, საყვედური "ლელოს" ნამდვილად არ ეთქმის, რადგან ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მიუხედავად თავდასხმებისა, ჩვენი პოზიცია უცვლელია - ოპოზიციის ოპოზიცია არ გავხდებით. ჩვენ არ ვპასუხობთ არც ბრალდებებს და არც შემოტევებს, რადგან მთავარი სამიზნიდან ყურადღების გადატანა არ გვინდა, მთავარი სამიზნე კი "ქართული ოცნება" და ივანიშვილის რეჟიმია. სამწუხაროა, როდესაც ზოგიერთი ოპოზიციური ძალისთვის მთავარი მოწინააღმდეგე არა ხელისუფლება, არამედ სხვა ოპოზიციური პარტიაა. ეს პოლიტიკურ უმწიფრობაზე მიუთითებს. რაც შეეხება ბოიკოტს, ამან ძალიან მძიმე ნაყოფი გამოიღო.
ზოგიერთი ლიდერი პოლიტიკოსი ახლა ამბობს, რომ "ქართულ ოცნებასა" და კახა კალაძეს თბილისში მხოლოდ 19%-იანი მხარდაჭერა ჰქონდა. ეს თავის დროზე უნდა გაეაზრებინათ. იმედია, ახლა შევთანხმდებით სწორ სტრატეგიასა და მომავალ არჩევნებზე - იქნება ეს ვადამდელი თუ მორიგი, ყველა პროდასავლური აქტორი მიიღებს მონაწილეობას.
ასევე უნდა ითქვას, რომ მისასალმებელია სალომე ზურაბიშვილი შეცვლილი პოზიცია, რომელიც ამჯერად ამბობს, რომ ბოიკოტი არ არის გამოსავალი. ყველაზე მძიმე შედეგი რეგიონებში მივიღეთ. ოპოზიციურ პარტიებს წლების განმავლობაში ჰქონდათ შექმნილი სტრუქტურები, წარმომადგენლობა საკრებულოებში, იყვნენ ადგილობრივი ლიდერები, ბოიკოტის შემდეგ კი ეს ყველაფერი მოიშალა. საკუთარ აქტივს ფაქტობრივად უთხრეს, გაერიდეთ ბრძოლასო. ივანიშვილს სწორედ ეს აწყობს - ოპოზიციის თვითიზოლაცია და პოლიტიკური ველის დაცარიელება. ამის შედეგია, რომ დღეს ოპოზიცია არ არის წარმოდგენილი თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში. განსაკუთრებით მძიმე მაგალითია წალენჯიხა, ეს მუნიციპალიტეტი, ოპოზიციამ, ფაქტობრივად, დათმო. მე არა მგონია, წალენჯიხის აწ უკვე გარდაცვლილი მერის გია ხარჩილავას ხსოვნასთან პირნათელი იყვნენ მისივე გუნდის წევრები.
- როგორც ვიცი, ამჟამად სწორედ რეგიონებში ხვდებით მოსახლეობას...
- ამჯერად პარტიულ აქტივთან კი არა, რიგით მოქალაქეებთან მაქვს კონტაქტი. მივდივარ კონკრეტულ სოფელში, უბანში, სადაც ადამიანები კონკრეტულ პრობლემებზე საუბრობენ და სწორედ ამაზე ვმსჯელობთ. მკაფიოდ ჩანს, რომ დედაქალაქის მსგავსად რეგიონებშიც ძალიან გაბრაზებული არიან "ქართულ ოცნებაზე" და მე ხალხს ვეუბნები, რომ ეს ბრაზი იმედგაცრუებაში კი არ უნდა გადაიზარდოს, არამედ წინააღმდეგობაში, პროპაგანდასთან ბრძოლაში, მეზობლისა და ახლობლის დარწმუნებაში, რომ ხელისუფლების შეცვლა აუცილებელია. ამ ტურის დროს ვიყავი ანაკლიაშიც და იქ გზა და რკინიგზაც კი არ არის მიყვანილი. ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ პროექტს მიზანმიმართულად აჭიანურებენ.
- რის საფუძველზე ფიქრობთ, რომ ხელისუფლებას პროექტის დასრულება არ სურს?
- ამის საფუძველს ფაქტები მაძლევს. მაგალითად, ივანიშვილის ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა თქვა, რომ ანაკლიის პორტი პირველ გემს 2032 წელს მიიღებს, მაშინ როცა აქამდე 2029 წელზე საუბრობდნენ. შემდეგ შუაღამისას, 0:55 წუთზე, გადაცემა "ბი-ემ-ჯის" დაუკავშირდნენ ეკონომიკის სამინისტროდან და განაცხადეს, რომ მინისტრს შეეშალა. მექანიკური შეცდომა ყველას მოსდის, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე არ მჯერა, რომ ქვრივიშვილს რაიმე შეეშალა, მან სიმართლე თქვა, მაგრამ ისეთი კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა, გათენებას არ დაელოდა, შუაღამესვე გადაწყვიტა სიმართლის მექანიკურ შეცდომად გაყიდვა. სამი წლით გადავადება, ჩემი შეფასებით, ნიშნავს, რომ პროექტის განხორციელება არ იგეგმება. ანაკლიის პროექტი 2016 წელს დაიწყო და უკვე ათი წელი გავიდა. რეალური სამუშაოები 2019 წლამდე მიმდინარეობდა, ჩაიდო დაახლოებით 80 მილიონი დოლარის ინვესტიცია, მაგრამ შემდეგ პროექტი, ფაქტობრივად, გაჩერებულია. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ანაკლია მხოლოდ ეკონომიკური პროექტი არ არის - ეს გეოპოლიტიკური საკითხია. სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის შემდეგ რეგიონში ახალი სატრანზიტო გზები იხსნება და საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ თავისი როლი არ დაკარგოს. თუ ანაკლიის პროექტი განხორციელდება, საქართველო გახდება მნიშვნელოვანი სატრანზიტო ჰაბი, რაც დასავლეთისთვისაც უსაფრთხოების საკითხია. ანაკლია ნიშნავს ათიათასობით სამუშაო ადგილს, სამეგრელოს ეკონომიკურ გაძლიერებას და აფხაზეთისთვისაც განვითარების პერსპექტივის ჩვენებას, როგორი შეიძლება იყოს საერთო მომავალი.
- და ბოლოს, 26 მაისსაც შევეხოთ. თქვენ საუბრობთ საერთო სტრატეგიის აუცილებლობაზე, თუმცა არ აპირებთ "ოპოზიციური ალიანსის" დაანონსებულ აქციაში მონაწილეობას.
- 26 მაისის აქცია კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის დაანონსებულია და მას თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს, მათ შორის, მსჯელობა ბოიკოტსა და არჩევნებზე. შესაბამისად, ეს სხვა პოლიტიკური ფორმატის აქციაა. შესაბამისად, ამ აქციაზე ჩვენ წარმოდგენილი არ ვიქნებით, თუმცა მთლიანობაში მთავარი მაინც შეთანხმებაა საერთო სტრატეგიაზე, საერთო მიზანსა და იმაზე, რომ ხელისუფლების შეცვლა მხოლოდ ერთიანობით არის შესაძლებელი.
ხათუნა ბახტურიძე