„ვინ თქვა, რომ ბოიკოტმა შედეგი ვერ მოიტანა?!“ - კვირის პალიტრა

„ვინ თქვა, რომ ბოიკოტმა შედეგი ვერ მოიტანა?!“

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გზავნილი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ საქართველო ბრიუსელის დღის წესრიგში ცენტრალურ საკითხად რჩება. წერილში პირდაპირ არის დაფიქსირებული შეფასება, რომ საქართველოში ვითარება უარესდება, საუბარია დემოკრატიული უკუსვლის ტენდენციაზე... პარალელურად, წერილი ტოვებს პოლიტიკურ გზავნილსაც, რომ ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღია რჩება, თუმცა ეს დამოკიდებულია ხელისუფლების ქცევის ცვლილებაზე. ოპოზიციური ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე გვესაუბრება იმის შესახებ, თუ როგორი აღიქვამს ოპოზიცია ამ შეფასებებს, რას ნიშნავს ასეთი მკაფიო ფორმულირებები ქვეყნის შიდაპოლიტიკური პროცესებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა ევროკავშირი ერთდროულად საუბრობს მხარდაჭერასა და კრიტიკულ შეფასებებზე.

- წერილის მთავარი აზრია, რომ ევრო­კავშირთან გაუარესებული ურთიერთობის მიუხედავად ბრიუსელთან კომუნიკაცია უნდა შენარჩუნდეს, რათა ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში ქვეყანამ სწრაფად შეძლოს ევროინტეგრაციის პროცესში დაბრუნება. ასეთ მოცემულობაში აუცილებელია ევროკავშირის მკაფიო პოზიცია, რომ დემოკრატიული გზისკენ დაბრუნების შემთხვევაში ურთიერთობები აღდგება და ევროინტეგრაციის პროცესი გაგრძელდება. საბოლოო მიზანი უცვლელია და ეს არის საქართველოს ევროკავშირში გაწევრება. ხშირად ისმის კითხვა, რას გააკეთებს ბრიუსელი ან ვაშინგტონი? მთავარი პასუხისმგებლობა ჩვენ, ქართველ ხალხს გვეკისრება. ქვეყნის მომავალი დამოკიდებულია იმაზე, დაბრუნდება თუ არა ქვეყანა დემოკრატიულ გზაზე, შეიცვლება თუ არა ხელისუფლება...

- როგორ ხედავთ ხელისუფლების შეცვლის გზას მაშინ, როდესაც ბოიკოტმა შედეგი ვერ მოიტანა?

- ვინ თქვა, რომ ბოიკოტმა შედეგი ვერ მოიტანა?! სწორედ ბოიკოტმა ჩამოხადა ფარდა "ქართულ ოცნებას" და სწორედ ჩვენი ბრძოლის შედეგია, რომ ივანიშვილის ხელისუფლებას ლეგიტიმაცია არა აქვს.

პაპუაშვილი და მდინარაძე გარე ძალების ჩარევაზე საუბრობენ და თავად დარბიან ვაშინგტონში მხარდა­ჭერის მოსაპოვებლად. მივმართავ მათ, ტყუილად დარბიხართ, მე ვიცი რამდენ ფულს ხარჯავთ ამაში და ისიც ვიცი, რომ ამაოა თქვენი გარჯა, ვერაფერს მიაღწევთ!

"ქართული ოცნების" ყველა მხარდამჭერს მივმართავ - თქვენ მოგწონთ ის სიძულვილი, რასაც ხელისუფლება თესავს ჩვენ შორის?! ქართველ ხალხს აქვს სხვა პოტენციალი, სხვა ნიჭისა და სხვა გაქანების ერი ვართ და არა მეორეხარისხოვანი ხალხი. "მეორეხარისხოვანი ერი" - ეს ჩემი ტერმინი არ არის, ხალხს აქვს განცდა, რომ მეორეხარიხსოვან ერად გვაქციეს.

ნახეთ ახლა რა მოიგონეს - მდინარაძე ქმნის სპეციალურ სამმართველოს, რომელიც ადამიანებს ფეისბუკზე გამოქვეყნებული კრიტიკული პოსტების გამო დაიჭერს. იცით სინამდვილეში რისთვის სჭირდებათ ეს დეპარტამენტი?! იმისთვის, რომ საკუთარი ტროლ-ბოტები ბიუჯეტის ხარჯზე დაასაქმონ. საკმარისია სოციალურ ქსელებში შეხვიდეთ და ნახავთ, ვინ იგინება, ვინ ავრცელებს სიძულვილს და ვინ არის მუდმივად ჩართული შეურაცხმყოფელ კამპანიებში.

ჩემს ანგარიშზეც რომ შეხვიდეთ, ნახავთ, ასეულობით ათასი მსგავსი ექაუნთი მყავს დაბლოკილი და ჩანს, ვინ დგას ამის უკან.

როცა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის თანხას ითხოვენ, პასუხობენ, ბიუჯეტში ფული არ არისო, მაგრამ დეპარტამენტის შექმნისთვის, სადაც საკუთარ ტროლებს დაასაქმებენ და თან საზოგადოებაზე კონტროლის მექანიზმებს შექმნიან, მილიონები უპრობლემოდ მოიძებნება. ამას დაემატება მანქანები, მძღოლები, ხელფასები, პრემიები და ა.შ.

- ამ ყველაფრის წინააღმდეგ ბრძოლას ისევ ბოიკოტის რეჟიმში აპირებთ თუ ამჯერად არჩევნებში მონაწილეობისთვის მოემზადებით?

- ჩვენ ვითხოვთ არჩევნებს. დავდეთ მინიმალისტური დოკუმენტი, სადაც მხოლოდ მინიმალური პირობებია ჩამოყალიბებული, რომ არჩევნები რაღაცას დაემსგავსოს. მხოლოდ ერთ მუშტად შეკრულ, გაერთიანებულ საზოგადოებას შეუძლია დასახული ამოცანის მიღწევა. ველოდები, რომ ქართველი ერი ერთ მთლიან ძალად ჩამოყალიბდეს და ვფიქრობ, 26 მაისის აქციაც ამ პროცესის ნაწილი იქნება.

- "ლელო" და გახარიას პარტია არ აპირებენ მონაწილეობას და მიიჩნევენ, რომ 26 მაისის აქციას თქვენი პარტიული დღის წესრიგი აქვს...

- რატომ არის 26 მაისი ჩვენი პარტიული დღის წესრიგი? ქვეყანაში ბევრი უსამართლობაა და ამას ვაპროტესტებთ. გავიგე მათი პოზიცია და ეს ძალიან სამწუხაროა.

- ყველაფრის მიუხედავად, ისინი მაინც საუბრობენ ერთიანი სტრატეგიის შემუშავებაზე. თქვენ ხედავთ ამის შესაძლებლობას?

- ოპოზიციის დიდი ნაწილი უკვე გაერთიანებულია ალიანსში და ჩვენ ერთმანეთთან პრობლემა არა გვაქვს. ისინი თუ რამეს დააინიცირებენ, არ შევეცდებით გავემიჯნოთ. დილიდან საღამომდე ქალაქში ვართ, ხალხს ვესაუბრებით, ვისმენთ მათ პრობლემებს. მუდმივად იმაზე საუბარი, ვინ რა უნდა გააკეთოს, მოსაბეზრებელია. აღარ არის ერთმანეთის ჭკუის დარიგების დრო. ვინც კარგს გააკეთებს, ყველას გვერდში დავუდგები. დღეს "ოცნება" იმით სარგებლობს, რომ ძალაუფლება მიტაცებული აქვს, ხოლო ის უმრავლესობა, რომელიც მას არ ეთანხმება, დაქსაქსულია. დღეს გვაქვს გაფანტული უმრავლესობა ორგანიზებული უმცირესობის წინააღმდეგ. როგორც კი გაფანტული უმრავლესობა ერთ მუშტად შეიკვრება, მეორე მხარის დამარცხება უკვე დროის საკითხი იქნება. ამას, რა თქმა უნდა, დრო სჭირდება. 26 მაისი ჩემთვის ამ გზის პირველი ნაბიჯია, განახლებული ბრძოლის დასაწყისი. 26 მაისს არავის ვპირდებით, რომ ხელისუფლება იმავე დღეს შეიცვლება. ეს იქნება ძალიან სწორი პროცესის სტარტი.

- გაქვთ მოლოდინი, რომ 26 მაისსაც ისეთივე გაუთვალისწინებელი პროცესი განვითარდეს, როგორიც, მაგალითად, 4 ოქტომბერს?

- გამორიცხული არ არის, რომ ხელისუფლებამ მორიგი ხაფანგის დაგება სცადოს. ჩვენ უკვე გვაქვს გამოცდილება და პროვოკაციებს არ ავყვებით. პირადად მე ყველაფერს გავაკეთებ პრევენციისთვის, რათა არ გვქონდეს მათთან პირდაპირი შეხება. ჩვენი ამოცანა მხოლოდ საზოგადოების ერთსულოვნების დაფიქსირებაა.

ხათუნა ბახტურიძე