"მე დღეს დასაკარგი აღარაფერი მაქვს, სხვის შვილებს მინდა ვუშველო“
ამ დღეებში სოცქსელში ყოფილი პოლიტიკოსის, გია ყრუაშვილის სულისშემძვრელ სტატუსს უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა. ბატონი გია ქვეყნის დიდ პრობლემაზე, ნარკომანიაზე ლაპარაკობს. მისი 22 წლის შვილიშვილის, დათო ბლიაძის გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკის ზედოზირება გახდა. მისი თქმით, იმ ღამეს ხუთი ახალგაზრდა გარდაიცვალა ზედოზირებით. ამბობს, რომ შვილიშვილის საფლავთან დადო ფიცი, რომ "მთელ ჩემს ენერგიას, გამოცდილებას, ძალას და სიცოცხლეს გამოვიყენებ იმისთვის, რომ ჩემი დათუჩა იყოს ბოლო მსხვერპლი... ვერაფერი გამაჩერებს, ვერ გამაჩერებენ ვერც ის ადამიანები, ვინც ახალგაზრდების დაღუპვაზე ხუჭავენ თვალს, ვერც ისინი, ვინც ამ უბედურებას ხელს აფარებენ. მე დავიწყებ ბრძოლას იმ სიმართლისთვის, რომელიც წლებია დაფარულია".
"ოთხი ბავშვი თუ კვდება თბილისში მარტო ერთ ღამეში ნარკოტიკით, ვის აკავებენ მაშინ?!"
გია ყრუაშვილი: - ქუჩებში გაკრულია განცხადებები - მაღალანაზღაურებად სამსახურს სთავაზობენ ახალგაზრდებს, ბრიყვდებიან ბავშვები და ერთი ახალგაზრდა კლავს მეორეს. ჭინკებივით დადიან, დებენ ყველგან წამალს და ამაში იღებენ ფულს. ამას გამოძიება არ სჭირდება, ერთი და იმავე სქემით ხდება ყველაფერი და ამდენი ახალგაზრდა გვეხოცება. ერთი შვილი დიუშენის სინდრომიანი მყავს, ეტლში ზის, ჩემი 22 წლის შვილიშვილი კი მიწაში ჩავდე. დედა ემიგრაციაში ჰყავდა, 5 წელი არ უნახავს. დღეს დასაკარგი არაფერი მაქვს, სხვის შვილებს მინდა ვუშველო. ყველაფერი იწყება "გაჩალიჩებით" - ჯერ ეტყვიან, მოდი, ცოტა გასინჯეო, სპეციალურად ხდიან დამოკიდებულს, განსაკუთრებით სუსტი ნებისყოფის ახალგაზრდებს და ემიგრანტების შვილებს, რომ დედებს ფული გამოაგზავნინონ და ასე იღუპებიან ბავშვები. მალავენ მშობლები, რომ ნარკოტიკით დაიღუპა მათი შვილი. მინდა მათ მივმართო, არაფერია სამარცხვინო, განგაშია ასატეხი ყველა მხრიდან. არ დავიზარებ, რომ ჩემი წვლილი შევიტანო ამ უბედურებასთან ბრძოლაში, რომ სხვისი შვილები მაინც გადარჩნენ.
- დიახ, ოჯახები ხშირად მალავენ გარდაცვალების რეალურ მიზეზს. თქვენი ოჯახის ტრაგედიაზე გვიამბეთ, როგორ გახდა წამალდამოკიდებული თქვენი შვილიშვილი?
- მე მესმის იმ მშობლების. ჩემს სახლშიც ანალოგიური სიტუაციაა, მეჩხუბებიან, გაანებე თავი, უკვე დავიღუპეთო. ვერ დავანებებ, თუ ასე გაგრძელდა, დამმარხველი აღარ ეყოლება ქართველ ხალხს. მე რაღა დამრჩა დასაკარგი, ჩემი ლაზარე, ერთი შვილი ეტლში ზის და მისი მოვლა-პატრონობით ვარ დაკავებული, მეორე, ჩემი შვილიშვილი, დათო, რომელიც დედამ დამიტოვა ცოცხალი, საღ-სალამათი, უპატიოსნესი, აღარ მყავს. ჩემი დათო სტუდენტ იყო, უწესიერესი ბიჭი. რომ ნახოთ, როგორ დასტირიან მეგობრები. საუბედუროდ, ვეღარ გავაკონტროლე ჩემი ინვალიდი შვილის გამო, თუმცა, ახალგაზრდები არიან, სახლში ვერ ჩაკეტავ, ქუჩაში გავლენ, კანონმა, ხელისუფლებამ უნდა აკრძალოს ეს უბედურება, უნდა ჩაერთოს საპატრიარქოც. სტატისტიკა მაქვს გამოთხოვილი სამინისტროდან და გავარკვევ, რამდენი ადამიანია დაღუპული ნარკოტიკით.
სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთან რომ ველოდებოდი დათოს გადასვენებას, პოლიციის თანამშრომელმა მითხრა, ყოველღამე ოთხი ახალგაზრდა იღუპება ანალოგიური შემთხვევითო. იმ ღამით ხუთი ახალგაზრდა ესვენა ექსპერტიზაზე. ნარკოტიკი ყველგან ყრია, დღეში 500 ლარსაც სთავაზობენ ახალგაზრდებს, ისინიც მიდიან ამაზე და დებენ წამალს სხვადასხვა ადგილას. ამ განცხადებებს ვერ ხედავს პოლიცია? სოცქსელები გადავსებულია განცხადებებით, სალანძღავი ფეისბუკ-სტატუსების დევნას, ამათ სდიონ. ვუშველოთ ქვეყანას, თუ ახალგაზრდები არ იქნებიან, მაშინ რისთვის უნდათ ეს ქვეყანა?! ახსოვდეთ დღეს ხელისუფლებაში მყოფებსაც, რომ მათ შვილებსაც მიადგებიან ისინი.
უნდა ნახოთ, ღამით მშობლები როგორ ეძებენ ქუჩაში შვილებს. შვილები ნარკოტიკებით ეხოცებათ და რცხვენიათ ამის თქმა. მასმედიას მადლობა, რომ მეხმარება ამ პრობლემის გაშუქებაში. ყველამ უნდა ვიყვიროთ. საპატრიარქოშიც გავგზავნე წერილი და ვითხოვ პატრიარქთან შეხვედრას. როდესაც უმუშევრები არიან ახალგაზრდები, ნახავს ვიღაც სოცქსელში, დღეში 500 ლარს ჰპირდება, რისკავს და მიდის. ვინც ბევრს დადებს, მისთვის უფრო მეტი აქვთ პრემიის სახით დანამატი. წესიერ, უპატრონო, უდედო ბავშვებს ეძებენ, ვისაც მშობლები ჰყავს ემიგრაციაში. ასე იღუპება ერი. ჩემს შვილს ერთადერთი შვილი ჰყავდა. რომ დაიკარგება ხოლმე, შუაღამისას მივდივარ დათუჩას საფლავზე და იქ მხვდება. ამ ბავშვების ცოდვა ჩვენი საზოგადოების კისერზეა, ამიტომ სახელმწიფომ უნდა მიხედოს ამ პრობლემას...
- თქვენ ამბობთ, რომ დათო დასაქმებული იყო, როგორ აღმოჩნდა ამ წრეში?
- 42 წელი რკინიგზაში გავატარე. ადრე რკინიგზელის ოჯახის წევრს ჰქონდა უპირატესობა, იქ დაეწყო მუშაობა. დათო კოლეჯში სწავლობდა, რკინიგზაში რომ შესძლებოდა მუშაობა. არადა, ზეინკლად თუ იშოვი სამსახურს იქ. ვიცი, სუს-იდან წყდებოდა კადრების დანიშვნა. მაშინ ლილუაშვილი იყო მინისტრი. ექვსი თვე ველოდებოდით, დათო რომ დაენიშნათ, მაგრამ უარი უთხრეს, მერე შევედი ხელმძღვანელთან და ვუთხარი, ამ სქემას გავასაჯაროებ-მეთქი და იძულებული შეიქნენ, მიეღოთ. დათომ ორი-სამი წელიწადი იმუშავა, 1.500 ლარი ჰქონდა ხელფასი. ერთ დღეს მითხრა, ახალი სამსახური მინდა დამატებით, პროგრამისტობა უნდა ვისწავლოო. ორ თვეში შევატყვე, რაღაც მიბნედილი თვალები ჰქონდა, მაგრამ ეჭვი არ მიმიტანია ნარკოტიკზე, თუმცა ვუთხარი, მაჩვენე, ვინ გასწავლის პროგრამისტობას, ის ხალხი უნდა ვნახო-მეთქი. გაკონტროლება რომ დავიწყე, დედამისისთვის უთქვამს, ბაბუსთან ვიწროდ ვარო და დეიდასთან გადავიდა, მას კერძო სახლი აქვს. ჩემს შვილს ვუთხარი, მაგას სხვა რამე ხომ არ აწუხებს-მეთქი...
- თქვენს მეორე ქალიშვილს სცოდნია მისი წამალდამოკიდებულება?
- ჩემი შვილი მარიამი და დათო ტოლები იყვნენ, ერთად იზრდებოდნენ. რომ გარდაიცვალა, მერე მომასმენინა ხმოვანი შეტყობინებები, როგორ ეხვეწება დათოს, რომ თავი დაანებოს და ისიც აძლევს პირობას, სთხოვს, არ გაიგოს დედამ და ბაბუამო. ახლა ვიგებთ, რომ 100.000 აქვს გადარიცხული თავისი ანგარიშიდან, მის საძმაკაცოს წამოსცდა. გამოძიებას ვეუბნები, ანგარიშები გადაამოწმონ, სად ირიცხებოდა. ფაქტია, ამხელა თანხა დათოს არ ჰქონდა, მაგრამ, ალბათ, აგროვებდნენ და ამის ანგარიშიდან რიცხავდნენ...
იმ დღეს მიუღია "მეფედრონი" და ცუდად გამხდარა. ვინც მასთან ერთად იყვნენ, უთქვამთ, "სასწრაფოს" დავუძახოთო, დათოს უთქვამს, "სასწრაფოს" რომ დავუძახო, იმას პოლიცია მოჰყვებაო. ალბათ, იფიქრა, წავალ სახლში და ძილში გამოვალო. პირიქით, თურმე არ უნდა დაეძინა.
ახლა მომდის მესიჯები და შვილმკვდარი დედები მწერენ თავიანთ ისტორიებს, მაგრამ ყველა მთხოვს, მათი ვინაობა არ გავახმაურო... კანონია მისაღები, ხელისუფლებამ უნდა მიხედოს პრობლემას. ყველა უნდა იყოს შესაბამისად დასჯილი. ოთხი ბავშვი თუ კვდება თბილისში მარტო ერთ ღამეში ნარკოტიკით, ვის აკავებენ მაშინ? ალბათ, მას, ვინც მათ სქემაში არ ჯდება. მინდა მოვუწოდო ყველა მშობელს, ხმა ავიმაღლოთ, რომ არ დაიხოცონ სხვისი შვილებიც.
"სატელევიზიო სიუჟეტებისთვის მოწყობილი რეიდებით ნარკოპრობლემა ვერ გადაიჭრება"
ზურაბ სიხარულიძე, ნარკოლოგი: - უმძიმესი ვითარებაა. სანამ მოთხოვნა იარსებებს, იარსებებს მიწოდებაც: მიწაში დამარხვა, დრონით, მიმინოებით გადმოტანაც და ბევრი სხვა რამეც...
- თქვენ ხშირად ითხოვთ გარდაცვლილთა სტატისტიკას, ხომ არა გაქვთ რაიმე მონაცემები?
- როგორ შეიძლება არ არსებობდეს ზედოზირებით გარდაცვალების სტატისტიკა, არსებობს, მაგრამ არ ახმაურებენ ზუსტად რეფორმის კრახის შიშით. ვითომ გაამკაცრეს ნარკოპოლიტიკა, მაშინ რატომ მალავენ რეფორმის "წარმატებულ" შედეგებს? მალავენ იმიტომ, რომ ამ საქმეში გადადგმული მათი ყველა ნაბიჯი ხელს უწყობს იმ სასაკლაოს, რომელიც ჩვენ თვალწინ არის გამართული. სატელევიზიო სიუჟეტებისთვის მოწყობილი რეიდებით ნარკოპრობლემა ვერ გადაიჭრება. ამას სჭირდება კომპეტენცია, სისტემური ხედვა და პოლიტიკური ნება, რომ სახელმწიფო ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას ცდილობდეს. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს პრევენციის, რეაბილიტაციის, სამედიცინო ზრუნვის სისტემები, ან ზიანის შემცირების პოლიტიკა, მაგრამ ამას ძირი გამოუთხარეს. დღეს ვერც ერთ აფთიაქში ვერ იყიდით "ნალოქსონს", რომელიც ზედოზირების დროს თავდაცვისთვის ერთ-ერთი მთავარი პრეპარატია. ზიანის შემცირების პროგრამებს ლეგალურ ნარკომანიას ეძახიან. ამდენი ზედიზორების, ნარკოტიკების ამხელა მიმოქცევის პირობებში სახეში გვიყურებენ და გვეუბნებიან, რომ მომხმარებელს განკურნავენ. არც ერთი პროგრამა არ არის, რომლითაც ამ ვითარების სტაბილიზაციას შევძლებთ. ეს დანაშაულია. ზედოზირება არ არის მარტო სიკვდილი, ინტოქსიკაციით რამდენი ხვდება სტაციონარებში, ესეც ძალიან დიდი მაჩვენებელია. რა ნივთიერება აქვს მიღებული პირს ვერც ერთი კლინიკა ვერ ადგენს. როცა ეჭვი არის, რომ ნარკოტიკული კომაა, უნდა გამოავლინონ, რომელი ნარკოტიკის ბრალია. ამაზე იგება ჯანდაცვის პოლიტიკა, რამდენი ადამიანია მომხმარებელი, რამდენი მოხვდა რეანიმაციაში, რამდენი გარდაიცვალა, რამდენი გადაურჩა ინტოქსიკაციას. ასევე საჭიროა შავი ბაზრის კვლევა, უნდა იცოდნენ, რა ნარკოტიკი ტრიალებს. რამდენი ხანია ვითხოვთ, სად არის სტატისტიკა? ან რომ შემოიღეს სავალდებულო მკურნალობა, რა შედეგები აქვთ, ესეც გვითხრან. თვითონ აღიარეს, რაც არ უნდა ვებრძოლოთ, მაინც არის კუსტარული ლაბორატორიებიო. ნეტავ რატომ? იმისთვის, რომ დაამზადო კილოგრამობით რომელიმე სინთეტიკური ნარკოტიკი, ერთი ჭიქა პრეკურსორია საჭირო. შეუძლებელია თვითონ მასალის გამოვლენა, იმიტომ, რომ ის შეიძლება სასუქის ან საკვები დანამატების სახით შემოდის. მერე მზადდდება ნარკოტიკები და იღუპებიან ახალგაზრდები...
ერთი ამიხსენით, რატომ მომრავლდა სუპერმარკეტების წინ ბიტკოინის აპარატები? ვის სჭირდება? იმიტომ ხომ არა, რომ იყიდონ ნარკოტიკი. ამ გზით ყიდულობენ "დარქნეტში" და კრიპტოვალუტით ხდება ანგარიშსწორება. ამ აპარატების დადგმითაც ხელს უწყობენ ნარკოტიკების გავრცელებას.
22 წლის ბიჭის გამწარებულმა ბაბუამ დაასახელა, თუ Uრა თანხა გადაირიცხა მისი შვილიშვილის ანგარიშიდან. წარმოიდგინეთ, რა თანხებზეა ლაპარაკი...
ახალგაზრდებისთვის ეს იოლი შემოსავალია და თან მაღალი. მერე დამდებსაც ითრევენ ამ სქემაში, გათამაშებებია, ბონუსებად ნარკოტიკია და ისინიც ხდებიან მომხმარებლები. როცა 18 და 20 წლის ბიჭს 1000 და 2000 დოლარს შესთავაზებ თვეში, დათანხმდება, იმიტომ, რომ ფული სჭირდება და მივდივართ ამ ტრაგედიებამდე...
- თქვით, რომ ქვეყანაში აღარ არის "ნალოქსონი", რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ზედოზირების დროს, მაგრამ თუნდაც იმ 22 წლის ახალგაზრდის შემთხვევაში, არ გამოიძახეს 112, შეეშინდათ, გაიგებდა პოლიცია. როგორ ვებრძოლოთ ამ პრობლემას?
- არც ერთ ქსელურ აფთიაქში აღარ იყიდება "ნალოქსონი", მხოლოდ "სასწრაფოს" აქვს. სხვათა შორის, 112-ს არა აქვს ვალდებულება, ინფორმაცია ასეთ დროს პოლიციას მიაწოდოს. მოვუწოდებ ყველას, ასეთ დროს აუცილებლად გამოიძახონ "112".
- რაში ხედავთ გამოსავალს?
- ნარკოპოლიტიკა თუ არ შეიცვალა, არაფერი გვეშველება. წარმოუდგენელი ვითარებაა, ამდენი ადამიანი იღუპება. წარმოიდგინეთ ჩ-ჰეპატიტის პროგრამას როგორი შედეგი ჰქონდა, ამდენი ადამიანი განიკურნა და ახლა უკვე გვაქვს ძალიან ბევრი რეინფიცირება, ანუ ნამკურნალევი ადამიანები ისევ დაინფიცრდნენ, რადგან ისევ მოიხმარენ ნარკოტიკს. თითქოს ყოველდღე აკავებენ ამდენ რეალიზატორს, მაგრამ იგივე სიტუაციაა, რატომ? ისინი ისევ გარეთ ხომ არ ხვდებიან? თქვენ გაგიგიათ, რომ ვინმეს ბოლო დროს მიესაჯა უვადო პატიმრობა ნარკორეალიზაციისთვის? ესეც აჩენს კითხვებს. საპროცესო გარიგებას აფორმებენ. დღეს პავლე იქნება, ხვალ პეტრე, იმიტომ, რომ ვიღაცას სჭირდება ნარკოტიკი. დღეს არ იქნება, ხვალ გაჩნდება. ხომ ხედავთ, რამდენი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს, ყველა ხვრელიდან შემოდის ნარკოტიკი.