ანტიკორუფციონერი კორუფციონერის ადვოკატად და მიშა მოღალატეების ძიებაში - კვირის პალიტრა

ანტიკორუფციონერი კორუფციონერის ადვოკატად და მიშა მოღალატეების ძიებაში

სანამ მთავარ კვირის პოლიტიკურ მოვლენებზე გადავიდოდეთ, უნდა ვთქვათ, რომ ყოველი წლის მაისის მიწურულს გვესმის ერთი და იმავე შინაარსის ცუდი ამბები - ბოლო ზარი და ავარიები. გამონაკლისი არც წლევანდელი მაისი იყო - რამდენჯერმე სასწაულებრივად გადავრჩით, რომ მსხვერპლი არ იყო. ბავშვებს თავი დავანებოთ, მათ ასაკში რომელს არ გვინდოდა მანქანებით სწრაფად სიარული, მით უმეტეს, სკოლას როდესაც ამთავრებ და ცხოვრების ახალ ეტაპს იწყებ. ფაქტია, ამ პრობლემას ვერ არეგულირებენ ვერც სკოლა და ვერც მშობლები. ალბათ, სწორედ აქ უნდა ჩაერიოს სახელმწიფო და სათანადო რეგულაციები დააწესოს, რათა ტრაგედიები თავიდან ავიცილოთ. სხვათა შორის, საქართველოს ერთ-ერთი რეგიონიდან საინტერესო ვიდეოკადრი იყო - სკოლადამთავრებულების მანქანას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი მიაცილებდა...

ბარემ საქართველოში გახშირებულ (ან როდის იყო იშვიათი?!) ავტოკატასტროფებზეც ვთქვათ. რაღაც მოჯადოებულ წრეზე დავდივართ. მოხდება რაღაც საშინელება (მაგალითად, გარდაბანში მომხდარი შემთხვევის მსგავსი, სადაც სისწრაფემ რვა ახალგაზრდა შეიწირა), ატყდება ჰაი-ჰუი, გამოთქ­ვამენ თავიანთ აზრებს ექსპერტე­ბი და... ვცხოვრობთ შემდეგ საშინელებამდე. არადა, გზებზე ჩვენს თავს ვუწყობთ თვით­გენოციდს, ალბათ, ამ მხრივაც ზომებია მისაღები. მხოლოდ სანქციების გამკაცრება გამოსავალი არ არის, რადგან თუ მძღოლი უცოდინარია და ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს საგზაო მოძრაობის წესებზე, საკუთარ თუ მანქანის შესაძლებლობაზე, მას ვერანაირი ჯარიმა ვერ შეაკავებს. წლების განმავლობაში იძახის მევლუდ მელაძე, რომელსაც ამ სფეროში ჭკუა მოეკითხება, რომ სკოლიდან უნდა დაიწყოს საგზაო მოძრაობაზე საგანმანათლებლო კამპანია, მაგრამ... რაც შეეხება ნასვამ მძღოლებს - ალბათ, მათ მიმართ უნდა იყოს ძალიან მკაცრი სანქციები. ერთია გამოუცდელობა და მეორე, როდესაც შეგნებულად მიდიხარ რისკზე, რომ ვინმე მოკლა ან თავი მოიკლა. მაგალითად, 122-მილიონიანი იაპონია ასეთი სანქციებით უფრთხილდება თავისი მოქალაქეების სიცოცხლეს - იქ მთვრალ მძღოლს ასარჩევად აქვს საქმე: 5 წლით ჩაჯდეს ციხეში თუ 10.000 დოლარამდე გადაიხადოს ჯარიმის სახით (ამომავალი მზის ქვეყანაში უკვე ნასვამი ველოსიპედისტების დაჯარიმებაც დაიწყეს). ალბათ, 4-მილიონიანი საქართველო თავისი მოქალაქეების სიცოცხლეს უფრო მეტად უნდა უფრთხილდებოდეს. არ ვამბობთ, რომ მაინცდამაინც იაპონიის მსგავსი სანქციები უნდა შემოვიღოთ, მაგრამ ფაქტია - გზებზე დაღუპულთა შემზარავი სტატისტიკის შემხედვარე, ალბათ, ნახვერად ზომების დრო აღარ არის.

saakashvili-in-handcuffs-e1640849302694-1779630999.jpg

250.000-იანი ქრთამის ამბავი

გასულ კვირას სუს-მა გრიგოლ ლილუა­შვილის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე დააკავა. "საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის აპრილში, იკავებდა რა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იმჟამინდელი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის მოადგილის თანამდებობას, მისთვის ცნობილი გახდა, რომ კერძო მეწარმეს საქართველო-რუსეთის სახელმ­წიფო საზღვარზე, ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, ჩამოერთვა არადეკლარირებული ფულადი თანხა 40.000.000 რუსული რუბ­ლის (ეროვნული ბანკის კურსით 1.164.000 ლარი) ოდენობით. საქართველოს კანონმდებ­ლობის თანახმად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100.000 ლარზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტრო­ლის გვერდის ავლით, მალულად ან არასწორი დეკლარირებით, ჯარიმდება ნაღდი ფულის ღირებულების 10%-ის ოდენობით ან ექვემდებარება ამ საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევას. ხსენებულმა მეწარმემ კანონით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდისა და კუთვნილი თანხის დაბრუნების მიზნით, სამართლებრივი პროცედურების დაცვით, მიმართა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესაბამის ორგანოებს, თუმცა თანხის დაბრუნებაზე უარი მიიღო. ამის შემდეგ ლევან ახობაძე შუამავალი პირების მეშვეობით დაუკავშირდა მას და ჩამორთმეული თანხის დაბრუნე­ბაში დახმარება აღუთქვა. მოლაპარაკებების შედეგად, კანონით გათვალისწინებული 10%-იანი ჯარიმის გადახდის გზით, მეწარმემ 2024 წლის 30 აპრილს ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე დაიბ­რუნა ჩამორთმეული ფულადი თანხა, რის შემდეგაც ლევან ახობაძე შუამავლების მეშვეობით, კვლავ დაუკავშირდა მას და დახმარების სანაცვ­ლოდ, ქრთამის სახით 500.000 ლარის გადახდა მოსთხოვა, თუმცა როგორც ერთ-ერთი ჩვენებიდან ირკვევა, სუს-ის იმჟამინდელი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ჩარევით, მოთხოვნილი თანხა განახევრდა და ჩამორთმეული თანხის დაბრუნებიდან რამდე­ნიმე დღეში აღნიშნულმა პირმა ლევან ახობაძისთვის გადასაცემად შუამავალს გადასცა 250.000 ლარი. ასევე დადგენილია, რომ ქრთამის სახით გადახდილი თანხა იმავე დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის იმჟამინდელ მოადგილეს მისივე სამუშაო ოთახში გადაეცა", - განაცხადეს სუს-ში გამართულ ბრიფინგზე.

ძალიან ცუდად ყოფილა საქმე სუს-ში, თუ ეს მართალია. თუმცა ანომალიური აი, რა არის - კორუფციაში ბრალდე­ბულ ახობაძეს იცავს ანტკორუფციული სამსახურის ყოფილი უფროსი რაჟდენ კუპრა­შვილი. მართლაც საოცარ პერიოდში ვცხოვრობთ.

მიხეილ სააკაშვილის სკანდალური განცხადება

პრეზიდენტობის დროს მიხეილ სააკაშვილი ყველა ტელევიზიის ეთერში ერთდროულად იყო გადმომდგარი. ვერც პატიმრობამ მაინცდამაინც ვერ შეუზღუდა აქტიურობა - ახერხებს და დღეში რამდენიმე განცხადებას აცხობს სოცქსელების მეშვეობით - ძირითადად, ოპოზიციას არიგებს ჭკუას და მიანიშნებს, რომ მის გარეშე არაფერი გამოვა. თუმცა მისი ერთ-ერთი ბოლო განცხადება მართლაც გასაოცარია: "რუსეთის აგენტურა იყო ჩემს გარემოცვაში, იყო ერთი ადამიანი, რომელიც მუდმივად მეუბნებოდა, რომ ჩამოვსულიყავი, პირველად, 2020 წელს როდესაც მოვდიოდი, ჩემი კოორდინატები გადასცა ივანიშვილის ხელისუფლებას. ასევე, როდესაც დაქირავებული იახტით მოვადე­ქით საქართველოს, ბათუმში განგაში გამოც­ხადდა, წინასწარ ყველაფერი იცოდნენ და უკან გაბრუნებამ მომიწია და ბოლოს, როდესაც ჩამოვედი, აქ უნდა დამხვედროდა და არათუ არ დამხვდა, არამედ 2 საათში ჩემი მონაცემები გადასცა. ღალატი იყო და იქნება, მთავარია, ამას ჩვენ არ შევეგუოთ".

სააკაშვილმა ეს განცხადება გაავრცელა დაკავებიდან 5 წლის შემდეგ. თუ 2020 წელს ვიღაცამ შენი კოორდინატები ხელისუფლებას გადასცა, 2021 წელს რაღას მოდიოდი. კარგი, ვთქვათ, მიშას 5 წელი დასჭირდა იმ მთავარი მოღალატის დასადგენად. მაშინ ვინ არის ის? ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვიცით - თავად სააკაშვილის გარემოცვის წევრები ამბობდნენ მიშას ჩამოსვლამდე, თუ ვინ არწმუნებდა მესამე პრეზიდენტს, რომ არიქა, საქართველოში გამოჩნდებოდა თუ არა, ასი ათასი კაცი ამოეფარებოდა და ხელისუფლება მომენტალურად ჩამოიშლებოდა.

ასეთები ბევრნი იყვნენ - გადახედეთ მაშინდელ ტელეეთერებს. თუმცა თავად "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები პირად საუბრებში აცხადებდნენ, რომ სააკაშვილს განსაკუთრებით იმედს აძლევდნენ ვანო მერაბიშვილი, კობა ნაყოფია, ნიკა გვარამია, გიგი უგულავა და გუბაზ სანიკიძე. ახლა "ნაცმოძრაობის" ლიდერებმა თავად გააანალიზონ, ზემოთ ჩამოთვლილი პერსონებიდან რომელს ენდობოდა სააკაშვილი და ვის ჭკუაზე გაიარა. ასევე, საინტერესოა, მერაბიშ­ვილის ყოფილი მოადგილისა და ამჟამად უკრაინის კონტრდაზვერვის მოქმედი მაღალჩინოსნის გია ლორთქიფანიძის როლი.

სააკაშვილმა თვითონ პირველად ისაუბრა­ ღალატზე, თორემ ეს ვერსია არახალია. ამაზე პირველად უკრაინელმა ჟურნალი­სტმა დმიტრი გორდონმა ილაპარაკა. ორი წლის წინ მიცემულ ინტერვიუში გორდონი ამტკი­ცებდა, რომ სინამდვილეში ეს იყო სააკაშვილის საქართველოში ჩატყუების ოპერაცია, ის ცდილობდა გადაერწმუნებინა მიშა, არ ჩასულიყო საქართველოში, მაგრამ არ დაუჯერა...

ერთი მხრივ, საქართველოში ჩამოსული სააკაშვილი ლამის მართლაც ტრაილერის მძღოლის იმედად იყო. თუმცა, მეორე მხრივ, სააკაშვილს შეეძლო მაშინვე დაესახელებინა "მოღალატე" და 5 წელი არ მოეცადა. არც ის არის გამორიცხული, მიშას სინამდვილეში არც არავინ უნდა დახვედროდა, რადგან ბოლომდე არავის ენდობოდა.

ასევე, ისმის კითხვა - მაშინ (2021 წლის ოქტომბერი) აწყობდა თუ არა საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის ქართულ ციხეში გამოკეტვა? ჯერ კიდევ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამდე არაერთი კომპეტენტური წყარო ადასტურებდა, მიშა "ქართულ ოცნებას" რუსთავის ციხეში არ სჭირდებოდა, რადგან მიიჩნევდნენ, რომ ამას მოჰყვებოდა მღელვარება, სააკაშვილისგან შეიქმნებოდა გმირი და პოლიტი­კური სიტუაცია გართულდებოდა. იმასაც უწევდნენ ანგარიშს, რომ რთული საუბრები მოუწევდათ უცხოელ პარტნიორებთან. ეს ის პერიოდია (რომელიც გრძელდებოდა 2022 წლის თებერვლამდე - რუსეთის უკრაინაზე თავდასხმამდე), როდესაც "ოცნება" დიდ ანგარიშს უწევს დასავლურ სტრუქტურებს.

ვინც რა არ უნდა გითხრას ან გირჩიოს, ყოველთვის უნდა გქონდეს მოვლენების შეფასებისა და ანალიზის უნარი. როდესაც ადამიანი ჯიუტად ცდილობს არ მიიღოს რეალობა, შემდეგ უკვე რასაც წარმოიდგენს ან აიკვიატებს, გულწრფელად სჯერა, რომ სიმართლეა. და ასეთ დროს თუ შენ გვერდით არიან ადამიანები, რომლებიც აქეზებენ ამ აკვიატებებს, აუცილებლად გადადგამ დამაზიანებელ ნაბიჯს. მიხეილ სააკაშვილის ბოლო წლების ფბ-პოსტებს თუ გადახედავთ, დარწმუნდებით, რომ მას რეალობის ადეკვატურად აღქმა ვერ დაუბრუნდა.

თუმცა იქნებ სააკაშვილის ამ სკანდალურ განცხადებას სულ სხვა მიზანი ჰქონდა?! კერძოდ, მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა ზემოხსენებული პოსტი დადო და მისმა თანამოაზრეებმა გადააზიარეს, მიშას მომხრეთა არცთუ მცირე ნაწილმა დაიწყო იმის მტკი­ცება, თითქოს ეს მოღალატე ნიკა მელიაა. შეიძლება ვცდები, მაგრამ ამას გარკვე­ულწილად კამპანიური ხასიათი ჰქონდა.

რელურად, შეუძლებელია მელიას სააკაშვილისთვის ეთქვა, ჩამოდი საქართველოშიო და მიშას მისთვის დაეჯერებინა. "ნაცმოძრაობაში" ყოფნისას მელია ცდილობდა, ტექნიკურად და ლაითად, მაგრამ მაინც სააკაშ­ვილისგან გამიჯვნას. 2020 წელს ერთ-ერთ ტელეეთერში მელია გუბაზ სანიკიძეს დაუპირისპირდა, რადგან სანიკიძე "მოთქვამდა", სანამ სააკაშვილი არ ჩამოვა, არაფერი გვეშველებაო. შესაბამისად, სააკაშვილს არ უყვარდა მელია და მელიას სააკაშვილი. არც დღეს არის დამთბარი სიტუაცია მათ შორის. ვალში არც მიშა რჩებოდა - მისი ჩუმი თანხმობით (თუ დაგეგმვით არა), მელიას მინირევოლუცია მოუწყვეს "ნაცმოძრაობაში" და ლევან ხაბეიშვილით ჩაანაცვლეს. თუმცა... თუ ადამიანის დისკრედიტაციას ცდილობ, შესაძლოა ზემოხსენებულ ფაქტორებს არ მიაქციო ყურადღება.

გიორგი კვიტაშვილი