რა გავლენა აქვს გლობალურ დათბობას საქართველოზე და აიწევს თუ არა ზაფხულში ტემპერატურა 45 გრადუსამდე?! - კვირის პალიტრა

რა გავლენა აქვს გლობალურ დათბობას საქართველოზე და აიწევს თუ არა ზაფხულში ტემპერატურა 45 გრადუსამდე?!

კლიმატის ცვლილება და გლობალური დათბობა დღეს კაცობრიობის ერთ-ერთი აქტუალური თემაა. ეს პროცესი დაახლოებით 1750 წლიდან დაიწყო, მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან კი უფრო გაძლიერდა. კლიმატის ცვლილების მიმართ განსაკუთრებული ყურადღება მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში გაჩნდა, როდესაც დედამიწის საშუალო ტემპერატურის ზრდა დაფიქსირდა, თანაც აღმოჩნდა, რომ ეს მატება ამ პერიოდში უფრო სწრაფია, ვიდრე მანამდე იყო. მეცნიერები არ გამო­რიცხავენ, რომ ტემპერატურის პროგრესულად მატება გაგრძელდეს. ქართველი ექსპერტები ამ ზაფხულს საქართველოში მაღალ ტემპერატურას ვარაუდობენ. გლობალუ­რი ტემპე­რატურა უკვე საშუალოდ 1.5 გრადუსით არის გაზრდილი და საჭიროა პრე­ვენციული ღონისძიებების გატარება, რათა ქვეყანა პროცესებს მზად შეხვდეს. ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე კლიმატის ცვლილების დამოუკიდებელი ექსპერტი მარინა შვანგირაძე გვესაუბრება.

- მეტეოროლოგები ზაფხულში ტემპერატურის 1,5 გრადუსით მომატებას ვარაუდობენ, ზაფხულში, კონკრეტულად თბილისში, მაქსიმალური ტემპერატურა შესაძლოა 45 გრადუსიც იყოს. რა არის ამის მიზეზი?

- ამას პროგნოზები სჭირდება, რასაც გარემოს ეროვნული სააგენტო აკეთებს - მას აქვს თანამედროვე მოდელები, წვდომა საერთაშორისო მოდელებთან და ამის საფუძველზე საკმაოდ სიზუსტით აკეთებენ პროგნოზებს. რა თქმა უნდა, ტემპერატურის მატება გამორიცხული არ არის. გლობა­ლური დათბობა სხვადასხვა ტერიტორიაზე სხვადასხვანაირად აისახება. გლობალური დათბობის ერთ-ერთი დამახასიათებელი ის არის, რომ გაძლიერებულია ისეთი სარისკო მოვლენები, როგორიცაა ხანძრები, წყალდიდობები... ბოლო წლებში ვხედავთ, რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე ზაფხულში მომატებულია თბური ტალღები, ზოგიერთ ტერიტორიაზე უფრო წყალდიდობა მომრავლდა, აშშ-ის ტერიტორიაზე კი უფრო ქარიშხლები, მათ შორის წყლის მოვარდნებით. ასე რომ, პროგნოზირება რთულია, ამიტომ მიდგომა ასეთია: კარგია, რომ ეს ვიცით და ამისთვის უნდა მოვემზადოთ.

- რა პრევენციული ზომების მიღება შეიძლება და რა რისკების წინაშე ვდგავართ გლობალური დათბობის დროს?

- ჩვენთან მომატებულია ტყის ხანძრები და ასეთი ტყეები უნდა აღვჭურვოთ სპეციალური მოწყობილობებით, შეიძლება ეს იყოს თბური დრონები - როცა ხანძარი იწყება, დრონებს თბური ტალღების საშუალებით შეუძლიათ სიგნალის მოწოდება. შეიძლება ხანძარი უმნიშვნელო იყოს, თავისითაც ჩაქრეს, მაგრამ ეს მოწყობილობები საშუალებას გაძლევს მიხვიდე და გადაამოწმო.

ჩვენ საკმაო დახმარებებს ვიღებთ გრანტების სახით და სწორი მართვის შემთხვევაში ამის გაკეთება შესაძლებელია. სატყეო სააგენტოს საპროექტო წინადადება აქვს მომზადებული გერმანიის GIძ-ის დახმარებით, მათ შორის გათვლილია თანხებიც. იმავე პროექტში ლაპარაკია იმ მავნებელ მწერებზეც, რომლებიც ანადგურებენ გარკვეულ ჯიშებს (თურქეთმაც მოგვცა საჭირო დანად­გარები). როცა იცი, რომ არის ისეთი ტემპერატურა, რომლის პირობებში კონკრეტული მწერის სახეობა კომფორტს იგრძნობს და სწრაფად გამრავლდება, შეიძლება გამოყენებულ იქნეს კონსერვაციული მეთოდები. მისი მიზანია სპეციალური წამლებით მკურნალობა და ჯიშების გადარჩენა, ხოლო როცა თბური ტალღა და ზიანი გადაივლის, შემდეგ შეიძლება აღადგინო ნიადაგი და გადანახული ჯიშები ისევ გაამრავლო. ასე კეთდებოდა ბათუმში, დაცულ ტერიტორიებზე - როცა მდინარის კალმახი ქვირითს ყრის, მას გარკვეული ტემპერატუ­რის ცივი წყალი უხდება, დათბობების შედეგად ეს წყალი უფრო თბილი იყო და ქვირითი იღუპებოდა, ამიტომ მოაწყვეს ხელოვნური საშენი, სადაც კალმახი ქვირითს დაყრიდა და როცა ის უკვე თევზი გახდებოდა, მერე უშვებდნენ მდინარეში, რომლის ტემპერატურის მიმართაც მდგრადი იყო.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადრეული შეტყობინების სისტემებს. ჩვენ ბევრი მოწყვლადი ტერიტორია გვაქვს და პირადად ვმუშაობ იმაზე, თუ როგორ შეიძლება წინასწარ ავირიდოთ საფრთხეები თავიდან.

- უფრო შორეული ამინდის პროგნოზის განსაზღვრა თუ არის შესაძლებელი? მაგალითად, 10-15 წელიწადში როგორი კლიმატური სურათი გვექნება და რაზეა ეს დამოკიდებული?

- ეს კეთდება ახლაც. ღონისძიებებს იმის საფუძველზე ვგეგმავთ, რომ ჯერ ვამოწმებთ, საით წავა ტემპერატურა. კლიმატის ცვლილება რომ შევაჩეროთ, მთავარია შევამციროთ ნახშირბადის ადინება ატმოსფეროში, რისთვისაც ცალკე ღონისძიებებია ჩასატარებელი. მარტო ნახშირბადი კი არაა, გარემოში უამრავი გეოგრაფიული, გეოლოგიური, ატმოსფერული და სხვა პროცესები მიმდინარეობს. ნახშირბადი შეიძლება უკან შემობრუნდეს, მაგრამ ამას ხომ არ დაველოდებით? მაქსიმალურად ვატარებთ ჩვენ ღონისძიებებს, რომ ატმოსფეროში ნახშირბადი აღარ გაიზარდოს. თუ გაიზარდა, არავინ იცის, სად მობრუნდება და მობრუნდება თუ არა საერთოდ (ნახშირბადი მუდმივ მიმოქცევაშია ცოცხალ ორგანიზმებსა და ატმოსფეროს შორის. ნახშირბადის გადასვლა ერთი ორგანიზმიდან მეორეში, ან არაცოცხალ სისტემაში ხდება ნახშირბადის ციკლის საშუალებით და გარემოში სხვადასხვა გზით ბრუნდება).

არის ასეთი თეორიაც, რომ გარკვეულ ზღვარს თუ გასცილდა, ის აღარ მობრუნდება. მართალია, წარსულშიც იყო დათბობის პერიოდი და ნახშირბადი უკან ბრუნდებოდა, მაგრამ მაშინ სამყარო არ იყო ასე განვითარებული, არც მოსახლეობა იყო ამდენი. ხალხი ზღვის ნაპირას არ ცხოვრობდა. ახლანდელი ბათუმი და 20 წლის წინანდელი ერთი და იგივეა? ადრე თუ მოშორებით იყო, ახლა კორპუსი ზღვასთან დგას, ტალღები თუ აზვირთდა, ეს ხომ ზარალს გამოიწვევს?! გლობალური დათბობის პროცესში ყველა ჩართულია, არა მხოლოდ მეცნიერები, ბიზნესი და ბევრი საერთაშორისო სტრუქტურა, მათ შორის ისინი, ვინც ომებს აწარმოებენ, რაც ნიშნავს, რომ ამას ისინიც საფრთხედ განიხილავენ.

- ამბობენ, რომ ამინდის ჩვენთვის ნაცნობი კანონზომიერება ირევა და იქ, სადაც ცხელოდა, შეიძლება აცივდეს, ან პირიქით. რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ მომდევნო წლებში და ვდგავართ თუ არა ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე? არსებობს თუ არა საქართველოში რისკი, რომ გარდამავალი სეზონები დაიკარგოს, რისი ნიშნებიც უკვე სახეზეა...

- ვიცით, როგორ შეიცვლება სხვადასხვა ტერიტორიაზე კლიმატი, ჩვენ 2100 წლამდე მომავლის ინფორმაციით ვსარგებ­ლობთ. როდესაც სხვადასხვა ღონისძიებას ვგეგმავთ, ვითვალისწინებთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ერთნაირად არ იცვლება კლიმატი - ზოგან საერთოდ არ იცვლება, ზოგან უკან მიდის პროცესი, ზოგან წინ და ა.შ. ჩვენ ძირითადად ვაკვირდებით იქ, სადაც უკვე ჩანს საფრთხეები.

მაგალითად, სოფლის მეურნეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქარსაფარი, ვიცით, რომელ ტერიტორიებზე შენდება ისინი - შიდა ქართლში, ქვემო ქართლსა და კახეთში; ჯერჯერობით გვაქვს ზრდა, ახლა ამინდის პროგნოზები ძალიან გამოკეთებულია ჩემს ბავშვობასთან შედარებით, როცა წვიმა გამოცხადდებოდა და მზე იყო და პირიქით. ამჟამად ძალიან მაღალი სიზუსტეა, ვინაიდან პროგნოზი სატელიტებით კეთდება, მაგრამ ვინაიდან საადაპტაციო ღონისძიებები ძალიან ძვირი ღირს, ამიტომაა მთელი მსოფლიო ჩართული, ფონდებია გამოყოფილი, სუსტ ქვეყნებს რომ დაეხმარონ. რომც ვიცოდეთ, საფრთხე გველის, თანხების გარეშე ვერ გავუმკლავდებით.

მოსახლეობის მომზადებაც არ არის იაფი. ბევრი სხვადასხვა ღონისძიება ფინანსურად შეფასებულია ასევე დონორების დახმარებით, მაგრამ უმეტესობა ამ ეტაპზე მაინც მხოლოდ შეფასების დონეზეა. სადაც გვაძლევენ ფულს (მაგ. ტყეებისთვის გვაქვს დიდი პროექტი), იქ ბევრი რამ კეთდება, ბევრად გაუმჯობესდა ტყეების მოვლა-დაცვა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. არც ფინანსურად და არც ტექნოლოგიებში არა ვართ ძლიერი ქვეყანა, აქედან გამომდინარე, ჩვენთან რაღაცის გაკეთება ძვირი ღირს, გვეხმარებიან და ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ, ფეხდაფეხ მივყვებით საერთაშორისო პროცესებს, მაგრამ რომ გითხრათ, უმაღლეს დონეზე ვართ აღჭურვილი-მეთქი, ტყუილი იქნება.

- არსებობს სიცხის მართვის გეგმა?

- დიახ, მაგრამ უნდა გაკეთდეს გეგმა რეგიონების მიხედვით. მაგ. ტყეებისთ­ვის იყო GIZ-ის პროექტი, გაკეთდა შეფასება წყალდიდობებისა და ტყის ხანძრებისთვის, მერე ეს შედეგები მაკროეკონომიკურ მოდელში (რომელიც ეკონომიკის სამინისტროს აქვს) შევა და რა გავლენას მოახდენს მთელ ჩვენს ეკონომიკაზე, ამის შეფასებაა საჭირო. ეს ეროვნულ დონეზეც უნდა შეფასდეს, მერე თანხების გამოყოფაზე გადა­წყვეტილება უნდა მიიღოს მთავრობამ და ა.შ.

პროცესები რთულია, ბევრ რამეზე თანხა ხელმისაწვდომია, მაგრამ კადრები არ გვყავს. ენერგოეფექტური შენობები ავიღოთ - ამ შენობების ასაშენებლად ფული უფრო ადრე შემოვიდა, ვიდრე ის ხალხი დავასერტიფიცირეთ, რომელთაც შეუძლიათ ასეთი შენობების აშენება. 1-2 სპეციალისტი მთელ საქართველოს ვერ დაფარავს. ტყის ხანძრები ვახსენე და, ტყე ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიმდიდრეა, ხეტყეში დაგროვილი ნახშირბადი, ფაქტობრივად, ფულია. აქედან გამომდინარე, ტყეების კარგად მოვლაა საჭირო, რათა იყოს მაქსიმალური ნახშირბადი და ის გავყიდოთ კიდეც - ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არის საკითხები, რომლებიც ხელის ერთი მოსმით ვერ გაკეთდება, ამას სჭირდება დრო და ბევრი მუშაობა...