პუტინის „ბირთვული შანტაჟი“ – უკრაინასთან „გაჭედილი“ ომის არწაგების ბოლო შანსი?
იწყება 2026 წლის ზაფხული, რუსეთ-უკრაინის ომის მეხუთე ზაფხული, და რუსეთის საოკუპაციო ძალებმა აქამდე ვერ შეძლეს ისეთი საგაზაფხულო შეტევების ორგანიზება, რომლებსაც 2024 და 2025 წლების გაზაფხულზე ახერხებდნენ და უკრაინის ახალ-ახალ მიწებს იპყრობდნენ. პირიქით, ამ წლის თებერვლიდან სწორედ უკრაინის არმიამ შეძლო 600 კვკმ-მდე ფართობის მშობლიური მიწის გათავისუფლება რუსი დამპყრობლებისგან.
არის თუ არა ეს გარდატეხა რუსეთ-უკრაინის მეხუთე წელზე გაჭიმულ ომში და გადადის თუ არა საბრძოლო ინიციატივა (რომელსაც ბოლო 2,5 წელი რუსეთის საოკუპაციო ძალები ფლობდნენ თითქმის მთელი ფრონტის გასწვრივ) უკრაინის დამცველების მხარეს?
სამწუხაროდ, ჯერ არა, მიუხედავად იმისა, რომ ფრონტზე უკრაინის გენშტაბს აქვს გარკვეული საბრძოლო წარმატება, რასაც ემატება უკრაინული კამიკაძე-დრონების 1 500-1 800 კმ-იანი სიღრმული საჰაერო რეიდები რუსეთის ტერიტორიაზე (რითიც უკრაინა პუტინის წამოწყებულ ომს რუსეთშივე აბრუნებს და უფრო და უფრო მეტი რუსული ქალაქია უკრაინული დრონების გადაფრენის თვითმხილველი) და ერთმანეთის მიყოლებით აგიზგიზებული რუსული ნავთობგადამმუშავებელი ქარხნები და ნავთობტერმინალები, ჯერ ომის "გარდატეხაზე" ლაპარაკი ნაადრევია, თუმცა...
თუმცა ამ ომის წამომწყები რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ისევ "ბირთვული" ენით დაიწყო ლაპარაკი ანუ ისევ ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებით აშინებს უკრაინასა და თვით ევროპასაც, რაც ერთხელ უკვე იყო 2022 წლის შემოდგომაზე.
მაშინ უკრაინელების წარმატებული კონტრშეტევების შედეგად რუსეთის საოკუპაციო ძალები იძულებული გახდნენ ჩრდილოეთ ფრონტიდან კუდამოძუებული გაქცეულიყვნენ ხარკოვის მისადგომებიდან მანამდე ოკუპირებულ ლუგანსკამდე, ხოლო სამხრეთ ფრონტზე კი ხერსონიდან და ახალი კახოვკიდან გამოქცევის შემდეგ დაკარგეს მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე მანამდე დაპყრობილი სტრატეგიული მნიშვნელობის რაიონი. სტრატეგიული იმიტომ, რომ ამ პლაცდარმის გაძლიერებისა და შემდგომი შეტევების შედეგად პერსპექტივაში შეეძლოთ უკრაინული ნიკოლაევისა და ოდესის ალყაში აღება სახმელეთო მიმართულებებიდან და საერთო ჯამში უკრაინისთვის შავი ზღვის სანაპიროზე გასასვლელის ჩაკეტვა, როგორც ეს მანამდე აზოვის ზღვაზე მოხდა.
თუკი პარალელს გავავლებთ, გამოდის, კრემლში "იყნოსეს" ფრონტზე რუსეთის საოკუპაციო ძალების საბრძოლო ინიციატივის დაკარგვისა და უკრაინული კონტრშეტევების გაძლიერების საფრთხე და ისევე როგორც 2022 წლის შემოდგომაზე პუტინმა "ბირთვული შანტაჟის" ამოქმედებით დაიწყო უკრაინელებისა და მათი მხარდამჭერი ევროპის დაშინება? 2022 წლის შემოდგომაზე პუტინს "ბირთვული შანტაჟი" კარგად გამოუვიდა, რადგან პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ კულუარულად სთხოვა თუ მოსთხოვა კიევს, რომ შეეჩერებინა კონტრშეტევები, რათა უკან გაქცეულ და დემორალიზებულ პუტინის არმიას ძალიან დიდი მსხვერპლი არ ჰქონოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, პუტინი ტაქტიკური დანიშნულების ბირთვული იარაღით დაბომბავს უკრაინის ქალაქებს და თვით დედაქალაქ კიევსაცო - ასეთი გახლდათ მაშინდელი საიდუმლო გზავნილები ვაშინგტონიდან კიევში. გარდა ამისა, აშშ-ის ხელისუფლებამ მაშინ დროებით სპეციალურად შეუჩერა სამხედრო დახმარება უკრაინის არმიას და 155 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვებისა და "ჰაიმარსების" მართვადი რაკეტების მარაგის გარეშე დარჩენილ უკრაინელ სამხედროებს ისედაც აღარ შეეძლოთ წარმატებული კონტრშეტევების გაგრძელება.
ასე დაიკარგა კარგი შანსი, რომ 2022 წლის შემოდგომა-ზამთრის პერიოდშივე, სანამ გაქცეული პუტინის საოკუპაციო არმია თავის გენშტაბიანად ჯერ კიდევ დემორალიზებული იყო და გონს ვერ მოდიოდა, უკრაინელებს უფრო მეტი ტერიტორია გაეთავისუფლებინათ რუსი დამპყრობლებისგან, მაგრამ პუტინის "ბირთვულმა შანტაჟმა" იმუშავა.
ვერავინ იტყვის დაბეჯითებით, იყო თუ არა ან ახლა არის კი მზად პუტინი მართლაც გამოიყენოს ბირთვული იარაღი უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დროს - სამხედრო თვალსაზრისით, ტექნიკურად, ამის გაკეთება პრობლემა არ არის, მაგრამ მთავარია კრემლის პოლიტიკური ნება.
მანამდე კი პუტინის "ბირთვული შანტაჟი" მაინც მუშაობს და ამჯერად დაშინების სამიზნე ნატოს წევრი ევროპული ქვეყნებიც არიან. ნატოს წევრი ქვეყნების მთელი სადაზვერვო პოტენციალი, დაწყებული აგენტებითა და დამთავრებული საჰაერო და კოსმოსური დაზვერვით, გასულ კვირას მიმართული იყო ბელარუსისა და რუსეთის ტერიტორიებზე მიმდინარე ერთობლივი ბირთვული სწავლების დეტალების დაფიქსირებისა და გაანალიზებისკენ. პუტინს სწორედ მხოლოდ ბირთვული იარაღიღა დარჩა, რომლითაც შეუძლია დიდი საფრთხე შეუქმნას ევროპას, რადგან უკრაინასთან მეხუთე წელში გადასულმა ფართომასშტაბიანმა ომმა მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ მხოლოდ ჩვეულებრივი შეიარაღების გამოყენებისა და პირად შემადგენლობაში უდიდესი საბრძოლო დანაკარგების მიუხედავად, აგრესორმა რუსეთმა ამ ომის 1 552 დღე-ღამის განმავლობაში არათუ მთელი უკრაინის დაპყრობა ვერ მოახერხა, არამედ უკრაინის დონეცკის ოლქის ბოლომდე ოკუპაციაც კი ვერ შეძლო მაშინ, როდესაც სტალინმა (რომელთანაც თანასწორობა ასე სურს პუტინს) ჰიტლერის გერმანიის უძლიერესი არმია 1 418 დღე-ღამეში დაამარცხა.
კრემლის ცნობით, რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტებმა ვლადიმირ პუტინმა და ალექსანდრ ლუკაშენკომ ბელარუსში მიმდინარე ბირთვულ წვრთნებს თვალი დისტანციურად მიადევნეს. "რუსეთისა და ბელარუსის შეიარაღებული ძალების პირველ ერთობლივ სწავლებას ვატარებთ სტრატეგიული და ტაქტიკური ბირთვული ძალების მართვის საკითხში. როგორც უკვე აღვნიშნე და კვლავ გავიმეორებ, რომ მსგავსი იარაღის, ბირთვული იარაღის გამოყენება, ჩვენი სახელმწიფოების ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის უკიდურესი და განსაკუთრებული ზომაა", - განაცხადა პუტინმა.
ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, რუსეთი და ბელარუსი საფრთხეს არავისთვის არ წარმოადგენენ. "ჩვენ ბრძოლას არავისთან არ ვაპირებთ, თუ არავინ შეგვეხება. ჩვენ არავის ვემუქრებით", - აღნიშნა ლუკაშენკომ.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტები "იფიცებიან", რომ ბირთვული იარაღით არავის დაშინებას არ აპირებენ, ყველაფერი პირიქითაა, რადგან მათი ყოველწლიური "ბირთვული შანტაჟი" სწორედ ამას ემსახურება.
2023 წლიდან პუტინმა ამ "ბირთვულ შანტაჟში" ლუკაშენკოც ჩართო, როდესაც განაცხადა, რომ რუსული ბირთვული იარაღი შეიტანა ბელარუსის ტერიტორიაზეც.
მანამდე ბირთვულქობინიანი "ისკანდერები", გაშვებული რუსეთის ტერიტორიის ყველაზე დასავლეთ წერტილიდან, პოლონეთამდე თუ მიაღწევდნენ (თუ არ ჩავთვლით რუსულ ანკლავს - კალინინგრადის ოლქს), ხოლო "ისკანდერების" ბელარუსში განთავსების შემდეგ რუსეთის გენშტაბმა კიდევ 500-ოდე კმ "მოიგო" და ბელარუსის უკიდურესი დასავლეთ წერტილიდან გაშვებული "ისკანდერის" ბირთვულმა ქობინებმა ამჟამად შეიძლება აღმოსავლეთ ევროპის ნატოს წევრი ოთხი ქვეყნის სტრატეგიულ ობიექტებამდეც მიაღწიონ.
უკრაინაზე უკვე აღარ არის საუბარი, რადგან თუკი ჩვეულებრივი ქობინებით აღჭურვილი რუსული "ისკანდერები" აქამდე უკრაინის ყველაზე დასავლეთ ნაწილამდე ვერ სწვდებოდნენ, ბელარუსის სამხრეთიდან მათი სტარტის შემთხვევაში ეს თავისუფლად იქნება შესაძლებელი.
ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტეს, რომელიც პრეზიდენტ ტრამპისგან განსხვავებით დიდი თავშეკავებულობით გამოირჩევა, ამჯერად ნერვებმა ცოტა "უმტყუნა" და მკაცრი განცხადება გააკეთა - თუკი რუსეთი და ბელარუსი რაიმეს გაბედავენ ევროპის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენებით, ისინი განადგურებულები იქნებიანო.
მაგრამ ნატოს წევრი ევროპული ქვეყნებიდან ბირთვული შეიარაღება მხოლოდ დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს აქვთ, თანაც ბრიტანელებს მხოლოდ ატომური წყალქვეშა ნავების ბალისტიკურ რაკეტებზე. სამაგიეროდ, საფრანგეთის პრეზიდენტი გამოვიდა ინიციატივით, რომ ბირთვულქობინიანი ტაქტიკური დანიშნულების საავიაციო რაკეტებით აღჭურვილი ფრანგული "რაფალები" პოლონეთის სამხედრო აეროდრომებზე განათავსოს - ანუ რაც შეიძლება ახლოს ბელარუსისა და რუსეთის საზღვრებთან.
ტაქტიკური დანიშნულების ბირთვული შეიარაღების რაოდენობით რუსეთი, რა თქმა უნდა, ბევრად აღემატება დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს და თვით აშშ-საც კი ერთად აღებულს, რაც პუტინს საშუალებას აძლევს გააძლიეროს "ბირთვული შანტაჟის" პოლიტიკა ნატოს წევრი ევროპული ქვეყნების მიმართ.
ჩვენი დოსიე:
გარდა იმისა, რომ მოკავშირე ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთმა განათავსა ბირთვული ქობინების 500 კმ-მდე სიშორეზე გადატანის უნარის მქონე Искандер-М ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების მობილური სარაკეტო დანადგარები, ბელარუსშიც ჩაიტანა ტაქტიკური დანიშნულების ბირთვული საავიაციო ბომბები, თითოეული 30 კილოტონამდე სიმძლავრის ანუ ორი "ჰიროსიმის" ეკვივალენტი. ამ ბირთვული საავიაციო ბომბების პოტენციურ წამღებად კი გამოცხადდა ბელარუსის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი Су-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები, რაც დიდ გაოცებას იწვევს.
თავის დროზე თბილისის საავიაციო ქარხანაში აწყობილი Су-25 ტიპის მოიერიშეები ყველაზე ნაკლებად არიან შესაფერისი ტაქტიკური ბირთვული საავიაციო ბომბების გამოსაყენებლად და საბჭოთა პერიოდში ამ საბრძოლო თვითმფრინავებით შეიარაღებულ საავიაციო პოლკებს მთავარ საბრძოლო ამოცანად არ ჰქონიათ ბირთვული იარაღის გამოყენება. მართალია, ტექნიკურად შესაძლებელია Су-25-ის მფრინავის კაბინაში სპეციალური აპარატურის დამონტაჟება, რათა პილოტმა შეძლოს თვითმფრინავის პილონზე ჩამოკიდებული ბირთვული საავიაციო ბომბის ელექტრონული დაცვის განბლოკვა სპეციალური შიფრის გამოყენებით და მისი ჩამოგდება, მაგრამ ეს მფრინავი გახდება... "ბირთვული კამიკაძე"...
ბირთვული საავიაციო ბომბები აღჭურვილია პარაშუტით, რადგან მისი ჩამოგდების შემდეგ მფრინავმა მოასწროს თვითმფრინავის რაც შეიძლება შორს განრიდება ბირთვული აფეთქების ეპიცენტრისგან, რის გამოც ტაქტიკური ბირთვული საავიაციო ბომბების საბრძოლო გამოყენებისთვის მხოლოდ ზებგერითი სიჩქარის განვითარების საშუალების მქონე გამანადგურებელ-ბომბდამშენები და საფრონტო ბომბდამშენები იყვნენ განკუთვნილი, რომლებსაც 1 400-1900 კმ/სთ-ის "აკრეფა" შეეძლოთ იმ რამდენიმე ათეულ წამში, სანამ ბირთვული ბომბი პარაშუტით ეშვებოდა და ინიცირდებოდა საჰაერო ან სახმელეთო აფეთქებისთვის. "ჩვენებური" Су-25-ის მაქსიმალური სიჩქარე კი 900 კმ/სთ-ით თუ არის განსაზღვრული, რასაც ის ვერც ავითარებს პილონებზე ჩამოკიდებული დამატებითი საავიაციო ავზების გამო (თუმცა მათი ავარიული ჩამოყრაც შეიძლება). შესაბამისად, Су-25-ის მფრინავს კაბრირების მანევრის შესრულებისას და ბირთვული ბომბის ჩამოგდების შემდეგ ძალიან მცირე დრო რჩება იმისთვის, რომ უსაფრთხო მანძილზე გასცდეს ბირთვული აფეთქების ეპიცენტრს და არ გახდეს "ბირთვული კამიკაძე".
შედარებით დაბალსიჩქარიანი მოიერიშე Су-25-ის შერჩევა "ლუკაშენკოს ბირთვული ბომბის" წასაღებად, მით უმეტეს, გასაოცარია, როდესაც ბელარუსის სამხედრო-საჰაერო ძალების შეიარაღებაშია მოდერნიზებული გამანადგურებლები МиГ-29 БМ-ები და თვით Су-30СМ2-ებიც, რომელთა თავდაპირველი მოდიფიკაციები ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში იყო გამზადებული ტაქტიკური დანიშნულების ბირთვული საავიაციო ბომბების საბრძოლო გამოყენებისთვის.