პოლარიზაციის დილემა - ანუ ჩანს თუ არა, ბოლოს და ბოლოს, გვირაბის ბოლოს სინათლე - კვირის პალიტრა

პოლარიზაციის დილემა - ანუ ჩანს თუ არა, ბოლოს და ბოლოს, გვირაბის ბოლოს სინათლე

საქართველოს ახალი პატრიარქის შიო მესამის ინტრონიზაციის შემდეგ ჟურნალისტები სასულიერო პირებს უსვამდნენ შეკითხვებს, გასწევს თუ არა ეკლესია შუამავლობას, რომ აქციებისას დაკავებული მოქალაქეები გათავისუფლდნენ. პასუხი იყო - დიახ, ეკლესია სვამდა ამ საკითხს და მომავალშიც დასვამს. ასევე, სასულიერო პირები, პოლიტიკოსები თუ საზოგადოების წარმომადგენლები საუბრობდნენ დიდი შერიგების აუცილებლობაზე.

პირველ რიგში, ალბათ, უნდა ვთქვათ, თუ რას ნიშნავს "დიდი შერიგება". მოდი, ჯერ ის ვნახოთ, თუ ვინ ვის უპირისპირდება. "ქართული ოცნება" - ოპოზიციას, "ოცნების" აქტიური მომხრეები - ოპოზიციური პარტიების აქტიურ მომხრეებს. ასევე, არის საზოგადოების ნაწილი, რომელსაც არ მოსწონს არც ერთი პარტია, მაგრამ 2024 წლის ნოემბრიდან (პრემიერის ცნობილი განცხადების შემდეგ), უპირისპირდება მმართველ გუნდს. ეს კატეგორია აქციებზე ნაკლებად დადის, თუმცა უკმაყოფილება არ გამქრალა. არის კიდევ ერთი, საზოგადოების დიდი კატეგორია, რომელიც არც არავის უპირისპირდება და არც არავის ემხრობა, მაგრამ ძალიან დაიღალა ამ ხან ცხელი და ხან ჩუმი დაძაბულობით. ჩართავს ერთ არხს და ესმის "პრორუსები", "მოღალატეები", "პუტინის მონები"... ჩართავს მეორე არხს და - "აკაცუკები", "უსამშობლოები", "უცხოეთის აგენტები"...

მოკლედ, საზოგადოების დიდ ნაწილს აქვს განცდა, რომ ქვეყანა ამოვარდნილია ცხოვრების ჩვეულებრივი რეჟიმიდან და წინ არის გაურკვეველი მომავალი. როდესაც ეს განცდა აღმოიფხვრება, როდესაც აღარ იქნება შიში, რომ ხვალ-ზეგ რაღაც ისეთი გამოხტება, რომელიც ახალ შფოთს გამოიწვევს, სწორედ ეს იქნება ჩუმი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა - გინდათ "დიდი შერიგება" დაარქვით და გინდათ დეპოლარიზაცია. აბა, ახლა, თუ ვინმეს წარმოუდგენია, რომ პოზიცია-ოპოზიცია ერთ მოედანზე შეიკრიბებიან, ხელიხელს გადახვევენ და გაუდგებიან გზას, რბილად რომ ვთქვათ, გულუბრყვილობაა...

კარგი სიგნალი იყო, როდესაც პროკურატურამ 2024 წლის აქციებისას ძალადობაში ბრალდებული სპეცრაზმელები დააკავა (მნიშვნელობა არა აქვს, რა ფარული პოლიტიკური მოტივი იდგა ამის უკან). ასევე, კიდევ ერთი კარგი სიგნალი იქნება აქციებისას დაკავებულთა გათავისუფლება. აქვს ამის ბერკეტები ხელისუფლებას - პრეზიდენტის შეწყალების მექანიზმით დაწყებული თუ ამნისტიით დამთავრებული.

მმართველი გუნდის წარმომადგენლებს აქვთ შემდეგი პოზიცია - ჯერ მოინანიონ დანაშაული და ჩვენც შემდეგ შესაბამისი რეაგირება გვექნებაო. ეს ალბათ, უკვე ჩიხია. კერძოდ, სწორედ იმის გამო, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები მონანიებასა და დანაშაულის აღიარებას ითხოვენ, დაკავებულთა დიდი ნაწილი, სავარაუდოდ, ამას არ დათანხმდება.

კეთილი ნების გამოჩენა უფრო ძლიერს ეგების. კერძოდ, კარგი იქნება, თუ დაკავებუ­ლები ყოველგვარი "ულტიმატუმების" გარეშე გათავისუფლდებიან - მმართველი გუნდის წევრებს, რა თქმა უნდა, შეუძლიათ თქვან, რომ ამნისტირებულებსა თუ შეწყალებულებს დამნაშავეებად თვლიან, მაგრამ ამ ნაბიჯზე მიდიან ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით. დარწმუნებული იყავით - უფრო მეტ პოლიტიკურ ქულას დაიწერს მმართველი პარტია და ეს იქნება ქვეყნის დამშვიდებისკენ გადადგმული ძალიან დიდი ნაბიჯი.

თუ ზემოხსენებული ნაბიჯი გადაიდგა, "შერიგება-დეპოლარიზაციის" პროცესის წინ წასაწევად, თქვენი მონა-მორჩილის სუბიექტური აზრით, აუცილებელია, რამდენიმე კანონის გაუქმება, მაგალითად, ტროტუარზე დგომასა და პატიმრობას რომ ეხება. რომელი პოლიტიკური ძალის მომხრეც არ უნდა იყო, ძალიან ძნელი სანახავია, პოლიცია სტუდენტებს რომ აკითხავს უნივერსიტეტებში და ბორკილებს ადებს (კანონს რომ თავი დავანებოთ, გაუგებარია, რატომ აირჩია დაკავების ასეთი ფორმა შსს-მ).

ზოგადად კი, სრული დეპოლარიზაციისთვის, თქვენი მონა-მორჩილის, ასევე სუბიექტური აზრით, კარგი იქნებოდა 2025 წელს ერთმანეთის მიყოლებით მიღებული უცნაური კანონების გაუქმება. ასევე, ბრიუსელთან ურთიერთობის 2022 წლამდე ნიშნულამდე აღდგენა თუ არა, ყოველ შემთხვევაში, ნორმალიზება მაინც, რათა ჩვენი მოქალაქეების თავზე დამოკლეს მახვილივით არ იყოს დაკიდებული ევროპასთან უვიზო მიმოსვლის შეწყვეტის საფრთხე.

რეალისტები უნდა ვიყოთ - ნაკლებად მოსალოდნელია, რომ "ოცნებამ" კანონები უკან წაიღოს. რაც შეეხება ევროკავშირის სტრუქტურებთან ურთიერთობის ნორმალიზებას, ერთი მხრივ, ამის არანაირი წინა პირობა არ ჩანს. თუმცა, მეორე მხრივ, თბილისისა და ვაშინგტონის კონტაქტები ნელ-ნელა ინტენსიური ხდება და სავარაუდოდ, ურთიერთობა სრულმასშტაბიანად აღდგება.­ აი, ამერიკელებს კი შეუძლიათ ძალიან კარგი შუამავლობის გაწევა თბილისსა და ბრიუსელს შორის. ეს ერთხელ უკვე მოხდა 2023 წელს და ჩვენს ამერიკელ მეგობრებს მცირე წვლილი არ მიუძღვით იმაში, რომ სამი წლის წინ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.

დიდი პოლიტიკური შიდა გადატვირთ­ვისთვის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება იქნებოდა დიდი და საბო­ლოო წერტილი. "ოცნებამ" დეპოლარიზაციისთვის ზემოთ ჩამოთვლილი ნაბიჯების ნაწილიც რომ გადადგას, მთავარი გამარჯვების კანდიდატი ისევ ეს პარტია იქნება. არსებული ინფორმაციით, 2025 წლის განმავლობაში გადაწყვეტილების მთავარი მიმღებები რამდენჯერმე დაფიქრდნენ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე, თუმცა გადაიფიქრეს. ამ შემთხვევაშიც რეალისტები უნდა ვიყოთ - დღეს მმართველ პარტიას საშინაო თუ საგარეო სიტუაციიდან გამომდინარე, აღარ აქვს საფუძველი, რომ ამ არჩევნებზე იფიქროს. ასე რომ, დიდი ალბათობით, შემდეგი საპარლამენტო არჩევნები 2028 წლის ოქტომბერში ჩატარდება.

თუმცა დაკავებულების გამოშვება და ზოგიერთი "მგუდავი" კანონის გაუქმება ამ ჩუმ დაძაბულობას ჩააცხრობს, პოლიტიკური ძალები კი კონცენტრირდებიან არა გაურკვე­ველ გეგმებზე, რომლის გადამკიდე ჩიხში შეჰყავთ საკუთარი თავიც და მომხრეებიც, არამედ მომდევნო არჩევნებზე. სინამდვილეში, დიდი დრო აღარ არის დარჩენილი. უკვე 2026 წლის მაისია.

რა ხდება ოპოზიციაში?!

მიხეილ სააკაშვილი "ოპოზიციურ ალი­ანსს" არ ეშვება. აცხობს სტატუსს სტატუსზე - გამბედაობასაც უწუნებს, სტრატეგიასაც და ტაქტიკასაც. მუდმივად პარალელებს ავლებს 2003 წლის "ვარდების რევოლუციასთან", თუმცა ავიწყდება, რომ მას შემდეგ 23 წელი გავიდა და დღეს სხვანაირი რეალობაა. "ოპოზიციური ალიანსი" კი დაადგა სააკაშვილის იგნორირების პოლიტიკას და ხანდახან "ლაითად" გამოეხმაურება ხოლმე ყოფილი პრეზიდენტის ტირადებს.

რა უნდა სააკაშვილს?! მას სურს (ყოველ შემთხვევაში, მისი სტატუსებიდან გამომდინარე), ოპოზიციონერები ბარიკადებზე გავიდნენ, რევოლუცია მოახდინონ და... რა თქმა უნდა, იგულისხმება: ამას უნდა მოჰ­ყვეს სააკაშვილის ტრიუმფით დაბრუნება ხელისუფლებაში. ჩვენ არ ვიცით, ვისთან აქვს კონტაქტი ყოფილ პრეზიდენტს და ვინ აწვდის ინფორმაციას, თითქოს დღეს რომელიმე ოპოზიციურ პარტიას ან პარტიათა გაერთიანებას აქვს იმის რესურსი, რომ რევოლუცია მოახდინოს. თუ ვინმე აწვდის მსგავს რჩევებს, იმის "მეგობარია", ვინც 2021 წელს უკრაინაში მყოფ სააკაშვილს უმტკიცებდა, საქართველოში რომ ჩამოხვალ, ხალხი იხუვლებს და მთავრობას დაამხობსო. აი, ასეთი "მეგობრების" დამსახურებაა, რომ უკვე მეხუთე წელია, სააკაშვილი ციხეშია.

თავად "ოპოზიციური ალიანსი" კი 26 მაისს დაანონსებული აქციისთვის ემზადება. თუმცა თავისი მომხრეებისთვის კვლავ არა აქვს პასუხი კითხვაზე - კარგი, ბევრი ადამიანი შევიკრიბეთ 26 მაისს რუსთაველზე, მოგვმართეს ლიდერებმა სცენიდან მგზნებარე სიტყვებით და... რა იქნება მერე? პასუხის მსგავსი ასეთია - ეს არის გრძელვადიანი ბრძოლაო, თუმცა ეს "გრძელი ვადა" როდის სრულდება, 2027 წელს, 2028 წელს თუ 2035 წელს, არავინ იცის.

თქვენი მონა-მორჩილის სუბიექტური აზრით, პოლიტიკაში წარმატების მისაღწევად შენს ამომრჩეველთან უნდა იყო გულწრფელი და მას დაუსახო კონკრეტული მიზანი. მაგალითად, გაურკვეველი "გრძელვადიანი ბრძოლის" ნაცვლად, უნდა თქვა, ქუჩაში ბრძოლის ეტაპი დასრულდა და უნდა ვაღიაროთ, რომ მთავარ მიზანს, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს ვერ მივაღწიეთ. ამიტომ გამოვიტანოთ შესაბამისი დასკვნები 2024 წლის არჩევნებიდან და დღესვე დავიწყოთ მზადება 2028 წლის არჩევნებისთვისო.

სხვათა შორის, "ოპოზიციურმა ალიანსმა" განაცხადა, თუ რა 6 ძირითადი პრინცი­პი უნდა დაკმაყოფილდეს სამართლიანი არჩევ­ნების ჩასატარებლად:

"პირველი - საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს, უნდა გახდეს სრულად პარიტეტულ პრინციპზე დაფუძნებული. 2020-2024 წლის არჩევნების შედეგად ბარიერგადალახული პარტიების საფუძველზე უნდა დაკომპლექტდეს თითო წარმომადგენლით, ყველა შემდეგი კომისია უნდა დააკომპლექტოს ახალმა კომისიამ ამ პრინციპით. 2024 წლის არჩევნებს არ მიიჩნევენ ლეგიტიმურად, თუმცა, ბარიერგადალახულის პრინციპიდან გამომდინარე, იღებენ ამ მაჩვენებელს; მეორე - ემიგრანტებს უნდა დაუბრუნდეთ ხმის მიცემის შესაძლებლობა. უბნები გაიხსნას ქვეყნის გარეთ, სადაც იქნება ემიგრანტების ის რაოდენობა, რაც დოკუმენტში არის ასახული; მესამე - გამკაცრდეს ამომრჩევლის ვერიფიკაციის პროცესი, დაემატოს სახის ამომცნობი აპარატები; მეოთხე - აუდიტის, შესწავლა-შემოწმების ნაწილში მოწვეულ იქნეს სანდო საერთაშორისო კომპანია, რომელიც აუდიტირებას გაუწევს საარჩევნო პროცესს; მეხუთე - გაიხსნას სიები, შესაძლებელი გახდეს ამომრჩეველთა მონაწილეობის გასაჯაროება; მეექვსე - საარჩევნო დავები განიხილონ სპეციალურად შექმნილმა სასამართლო კოლეგიებმა, რომლებიც საერთო შეთანხმების საფუძველზე იქნება შედგენილი".

ისევ ჩნდება დილემა - რა გვინდა და რა რეალობაა. ეს მოთხოვნები რომ არ შესრულდეს, პარტიები არც ერთ არჩევნებში არ მიიღებენ მონაწილეობას? მუდმივად ბოიკოტში იქნებიან? 2028 წლის შემდეგაც? ხომ არ არის ეს საკუთარი თავის ჩიხში შეყვანა?

"ოპოზიციური ალიანსის" მომხრეები­ იმსახურებენ, რომ ამ კითხვებზე პასუხი მიიღონ.

გიორგი კვიტაშვილი