გოლგოთად ქცეული ჭუბერის გზა - კვირის პალიტრა

გოლგოთად ქცეული ჭუბერის გზა

1993 წლის ზაფხულში აფხაზეთში იმედი ჰქონდათ, რომ უმძიმესი დღეები უკან დარჩა - ივლისში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაფორმდა. რუსეთის გარანტიების საფუძველზე ქართულმა მხარემ აფხაზეთიდან მძიმე სამხედრო ტექნიკა გაიყვანა, ადგილობრივი ბატალიონები კი განიარაღდა. ომს გარიდებული ქალები, ბავშვები და მოხუცები სახლებში დაბრუნდნენ, დაკეტილი ბინები ისევ გაიღო და თურმე სწორედ იმ დღეებში მზადდებოდა საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე დიდი დანაშაულის გეგმა ქართველი ერის წინააღმდეგ - რუსეთის მხარდაჭერილმა სამხედრო ძალებმა მშვიდობიანი მოსახლეობით სავსე ქალაქზე მიიტანეს იერიში. დაიწყო სოხუმის მასობრივი დაბომბვა. ადამიანები ღამეებს სარდაფებში ატარებდნენ. 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა! დაიწყო მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობები. 120 000-მდე კაცი იძულებული გახდა ჭუბერის უღელტეხილით გაქცეულიყო - გზით, რომელიც გადარჩენის ერთადერთ შესაძლებლობად იქცა. ხალხი ცდილობდა თან გაეყოლებინათ მათთვის ყველაზე ძვირფასი ნივთები, თუმცა უკან რჩებოდა ბავშვობა, მოგონებები და სახლ-კარი, რომლის დაბრუნების იმედსაც დევნილები არ კარგავდნენ. გოლგოთის გზა 14 დღე გაგრძელდა. დევნილებს მთაში თოვლმა და ყინვამ მოუსწრო. დედები მშიერ ბავშვებს ბოლო ლუკმას უთმობდნენ და ღამით საკუთარი სხეულით ეფარებოდნენ, რომ სიცივეში არ გაყინულიყვნენ. გადარჩენილებს დღემდე ახსოვთ გზაზე დარჩენილი პატარა კუბოები - ტანსაცმლის ნაჭრებისა და ხის ტოტებისაგან აჩქარებით გაკეთებული სამარხები ბავშვებისათვის, რომლებმაც ჭუბერის გზა ვერ გადაიტანეს. ზოგი ყინვამ იმსხვერპლა, ზოგიც შიმშილმა, ავადმყოფობამ და გამოფიტვამ. თითქმის 500 კაცისათვის ჭუბერის გზა უკანასკნელი აღმოჩნდა.

02ad7fc1-22b3-4dc2-8d42-f089d196febd-1779633833.jpg

აფხაზეთის ომის დროს განსაკუთრებული ვიდეოკადრები და ფოტოები გადაიღო ბრიტანელმა ჟურნალისტმა მაიკლ გოლდოუთერმა, რომელთან ინტერვიუს ექსკლუზიურად გთავაზობთ:

- როდესაც 1993 წლის სექტემბერში რუსეთის მხარდაჭერილმა აფხაზმა სეპარატისტებმა სოხუმზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყეს, მივხვდი, რომ მიმდინარე მოვლენები უნდა გამეშუქებინა. ლონდონში, Indepent magazine-ს რედაქტორ კოლინ ჯეიკობსონს დავუკავშირდი და მან დამავალა ამ თემაზე მუშაობა. რამდენიმე კონტაქტი ტელეფონით მოვიძიე და რაც შეიძლება სწრაფად თბილისში ჩავედი. დედაქალაქში ყოფნის პირველივე დღეს პოლონელ ფოტოგრაფს, კშიშტოფ მილერს შევხვდი, რომელიც პოლონური გაზეთ Gazeta Wyborcza-სთვის მუშაობდა. ორივეს გვსურდა რაც შეიძლება მალე ჩავსულიყავით სოხუმში. მე საგარეო საქმეთა სამინისტროში ნაცნობი მყავდა, მას კი - საქართველოს ტელევიზიაში. მეორე დღისათვის ერთი ოპერატორისგან შემდგარ სატელევიზიო ჯგუფთან ერთად გამგზავრებაც მოვახერხეთ.

მეორე დილით გავედით გზაზე. მანქანის უკანა სავარძელზე ვიჯექი და მოკლეტალღოვან რადიოზე BBC World Servise-ს ვუსმენდი, რათა მიმდინარე მოვლენებისათვის­ თვალი მედევნებინა. შუადღისათვის ცნობილი შეიქნა, რომ სოხუმი დაეცა. ოჩამჩირისაკენ გავემართეთ, რომელიც ახალ ფრონტის ხაზად იქცა. ყველა ჩემს ფოტოს თავისი ამბავი აქვს. მახსოვს, ოჩამჩირის რკინიგზის სადგურზე ქალი შვილს როგორი ემოციებით ხვდებოდა, რომელიც ეგონა, სოხუმის ბრძოლაში დაიღუპა. როცა ვიღებდი, ცრემლები თავისით მომდიოდა. საშინელი სანახავი იყო, როცა აფხაზურმა ძალებმა ქალაქი რაკეტებით დაბომბეს. კაცი ცეცხლის ჩაქრობას მას შემდეგ ცდილობდა, რაც ჭურვი მის სახლს მოხვდა. იყო ისეთი კადრიც, როდესაც მოხუცი ქალი ზუგდიდის ხიდზე გადადიოდა, რათა ნათესავების ბედი გაეგო, მაგრამ აფხაზებმა მოაბრუნეს. მე და კშიშტოფი თეთრი დროშებით გადავედით ხიდზე, მაგრამ უკან დაგვაბრუნეს. რამდენიმე დღის შემდეგ თბილისში ყოფნისას შევარდნაძის პრესმდივანმა დამირეკა. თურმე იმავე საღამოს თვითმფრინავი მიფრინავდა გენწვიშში, სადაც წინ წაწეული აფხაზური ძალების გამო ხალხი იყო ჩარჩენილი. მე, კშიშტოფი, შევარდნაძის პრესმდივანი და ერთი ფრანგი ფოტოგრაფი, პატარა "ტუპოლევის" თვითმფრინავში ავედით და გენწვიშის ასაფრენ ბილიკზე დავეშვით. ზოგი ვერტმფრენს ელოდა, რომელიც უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანდა. თუმცა სოხუმიდან და ახლომდებარე სოფლებიდან გამოქცეული ათასობით ქართველისათვის ერთადერთი გზა იმ მომენტში ჭუბერის უღელტეხილზე გადიოდა. ადამიანები, მიტოვებულ მანქანებში ან ნებისმიერ ადგილას იძინებდნენ. ადრეულმა ზამთარმა და თოვლმა, უღელტეხილზე მდგომარეობა უკიდურესად გაართულა. დამდნარმა თოვლმა გზები ტალახის უზარმაზარ სივრცედ აქცია, ექვსბორბლიანი რუსული სატვირთო მანქანებიც კი იჭედებოდა. ბევრი დევნილი გზაშივე დაიღუპა. მათი ნაწილი რამდენიმე დღით ადრე ქარბუქში მოყვა, ნაწილი კი გამოფიტვამ იმსხვერპლა. ცხედრები მხოლოდ საბნებით იყო დაფარული. განსაკუთრებით მძიმე სანახავი იყო მიტოვებული საოჯახო ალბომები და მათთვის ყველაზე ძვირფასი ნივთები. უღელტეხილის მწვერვალზე უსაფრთხო ადგილამდე მიღწევა ადამიანებისთვის უდიდესი შვება იყო, თუმცა საფრთხე კვლავ არსებობდა. ადგილობრივი ბანდების წევრებმა სამთავრობო ჯარისკაცი დაჭრეს, რადგან მან იარაღის ჩაბარებაზე უარი თქვა. იმ ღამით ჩვენ, ისევე როგორც უამრავი გამოფიტული ადამიანი, ჭუბერის ტყეში დავბანაკდით, ხოლო მეორე დღეს ჭუბერში ჩავედით. შემდეგ ნაგავსაყრელი სატვირთო მანქანის უკანა ნაწილში ავედით და სხვებთან ერთად თბილისში დავბრუნდით.

3ef6945b-6874-4ce5-affb-b64b6b3b573a-1779633833.jpg

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი შევარდნაძე ამ ომზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებდა, ვითარებამ აიძულა მოსკოვიდან ჩამოსულ რუსულ დელეგაციას პრეზიდენტის სასახლეში შეხვედროდა. ცოტა ხანში შევარდნაძე მოსკოვში გაემგზავრა, რათა ელცინთან სამშვიდობო შეთანხმებაზე ემუშავა. ჩვენც მასთან ერთად გავფრინდით. მოსკოვში ჩასვლის შემდეგ პირდაპირ საქართველოს საელჩოში წავედით, სადაც შევარდნაძე ელცინთან შეხვედრამდე ფრანგული ტელევიზიისათვის ინტერვიუსათვის ემზადებოდა. ჩემი ფოტოები გამოქვეყნდა INDEPENDET MAGAZINE-სა და ესპანურ ჟურნალ BLANC@NEGR0-ში. ამ ომის გაშუქებამ ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა. მიხარია, რომ მსოფლიოს ვაჩვენე ის, რასაც იმ დღეებში შევესწარი.

695fdc8f-aa0c-4225-84c1-e8e82cef1c73-1779633833.jpg

"მამამ სოხუმი არ დატოვა და მოკლეს"

მიხეილ ბაღათური: - სოხუმის დატოვებამ რომ მოგვიწია, მამაჩემი არ გამომყვა და ის მესამე დღეს მოკლეს... ჩვენ 14 დღე ფეხით მოვდიოდით, გზაზე ხალხი შიმშილისაგან იხოცებოდა, ზოგი იყინებოდა... ძირითადად, წყალი და თაფლი ჰქონდათ. უმრავლესობა, ვინც ჩემთან ერთად მოდიოდა, აღარაა ცოცხალი.

"იქ ისეთები ვნახე, ვერ მოვყვები..."

fe8abeff-9e95-4f3b-af47-734d8cf602c7-1779633834.jpg

ზურაბ ჯურხაძე: - ექიმი-ფთიზიატრი: - სოხუმიდან მთელი ომის განმავლობაში არ გამოვსულვარ, უამრავი დაჭრილი მოჰყავდათ. იმ ღამეს, როცა სოხუმის დატოვება მოგვიხდა, მთელი ჩემი ოჯახით გამოვიქეცით. მშობლები ვერ წამოვიყვანე, რადგან ტყვედ აიყვანეს აფხაზებმა. ორი თვე ასე გავიდა. ბიძაჩემს რუსეთში პატივს სცემდნენ და იმან გამოაყვანინა თავის მეგობრებს ჩემი მშობლები, მაგრამ ისეთი დაუძლურებულები, რომ ორი თვე საავადმყოფოში იწვნენ. მე და ჩემს ოჯახს გაგვიმართლა, ვერტმფრენით გამოვედით სამშვიდობოს. მე ერთი თვე და 6 დღე საკენში ვიყავი, რადგან სვანებმა არ გამომიშვეს, ექიმი არ ჰყავდათ. იქ ისეთები ვნახე, ვერ მოვყვები... ერთხელ შუა მინდორში მომიყვანეს ბიჭი, რომელიც ორი სატვირთო მანქანის შუა გაიჭეჭყა, მენჯის ძვლები სულ დამტვრეული ჰქონდა. სამი დღე საშარდე ბუშტი ჰქონდა გადაკეტილი. კათეტერი არ მქონდა და ამიტომ 20-გრამიანი შპრიცი პირდაპირ საშარდე ბუშტში ჩავარჭვე და ასე ვუშველე. ამაოდ ვითხოვდი ვერტმფრენით მის გადაყვანას. მერე ისევ ჩემი პაციენტი დამეხმარა ბიჭი ვერტმფრენში ავიყვანეთ. საკენში 30 სექტემბერს ჩასული, 6 ნოემბერს წამოვედი. ქუთაისში, ბიძაშვილთან რომ მივედი, დღე-ღამე მეძინა გადაბმულად.

"დღესაც არ ვიცი, დედა სად არის დასაფლავებული"

ლევან ორმოცაძე: - რუსებს სოხუმის ირგვლივ სიმაღლეები ჰქონდათ დაკავებული და იქიდან სნაიპერები ისროდნენ. მთავარი ქუჩები აღებული ჰქონდათ. მანქანით დიდი სიჩქარით უნდა გაგევლო, რომ სნაიპერს არ მოეკალი. საუბედუროდ, იმ დღეს მოვიდა ცნობა, ჯარი ტოვებს სოხუმსო. მე დედა ლოგინად მყავდა ჩავარდნილი, იძულებული ვიყავი დედა მოხუცი დეიდას და დეიდაშვილებისთვის დამეტოვებინა. როცა დედა გარდაიცვალა, "გრადის- კუბოში ჩაასვენეს და თამბაქოს საშრობებში დაკრძალეს. დღესაც არ ვიცი, სად არის დასაფლავებული.

ჭუბერის გზაზე ჯოჯოხეთი გავიარეთ. უწყვეტი ჯაჭვი საცალფეხო ბილიკით მიდიოდა. თუ გაჩერდებოდი, ყველას შეაფერხებდი. ჩემ წინ ბიჭს დედა მიჰყავდა. ქალს აღარ შეეძლო სიარული და ჩაჯდა. ჩვენც გავჩერდით. შვილი დედას ეხვეწებოდა, ადექი, დე, გზა გავაგრძელოთო. დედამ სთხოვა, დამტოვეო. საბოლოოდ იძულებული გავხდით, დაგვეტოვებინა...

ბიძაჩემი, რომელიც სოხუმში დარჩა, საკუთარი სახლის წინ გამოიყვანეს და კარზევე მიახვრიტეს. დღეს ჩემს სახლში აფხაზები ცხოვრობენ. მოგვიანებით კი ასეთი ამბავი გავიგე: თურმე ყოველღამ სახლის კარზე, ხანაც ფანჯარაზე, ვიღაცა აბრახუნებდა. სახლში მყოფები შიშით გარეთ გამოცვივდებოდნენ და ავტომატებს ისროდნენო. ბოლოს თურმე ვეღარ გაუძლეს ამ ტანჯვას და იძულებულები გახდნენ დაეტოვებინათ ჩვენი სახლი. ასეა, დედას სულმა არ მოასვენა ისინი, არ გააჩერა იქ.

f0cd4da1-cd53-455b-82c1-ffee4150bee4-1779633833.jpg

"იმაზე საშინელი რა უნდა იყოს, დახმარება რომ არ შემეძლო, ადამიანებს გზაზე ვტოვებდი"

აკაკი ჩარგეიშვილი: - სოხუმელი ვარ. მეორე საარმიო კორპუსში, საიდუმლო სამსახურში ვმსახურობდი. კავშირგაბმულობა აღარ იყო და გენერლებთან ერთად სოხუმის შემოგარენში საცეცხლე წერტილების მოსანიშნად დავდიოდით. მადლობა უფალს, ჩემებმა გაასწრეს, თან ჩემს ძმას კონტუზია ჰქონდა და სასწრაფოდ დატოვეს სოხუმი. დავრჩი მარტო 19 წლის ბიჭი. როგორც იქნა, სახლამდე მივაღწიე. ავიღე საბუთები და იმ დროს ისევ დაგვარტყეს. საშიშროებამ რომ გადაიარა, სახლი და გარჟი საგულდაგულოდ ჩავკეტე და შტაბში დავბრუნდი. გულრიფშის დაბლა, ზღვისპირას გამოსულებს ედუარდ შევარდნაძე და გია ყარყარაშვილი შეგვხვდა.

მერე დაღლილს ჩამეძინა. დილით თვალი რომ გავახილე, კაციშვილი აღარ იყო. ჩავისვი რამდენიმე ადამიანი და უღელტეხილისკენ გავემართე. მეორე გვირაბს რომ გამოვცდით, საიდუმლო მასალების ნაწილი დავწვით, ნაწილი კი დავმარხეთ. სანამ შეგვეძლო მანქანით მივდიოდით, მერე გზა ფეხით გავაგრძელეთ. ჭუბერში ჯოჯოხეთი დაიწყო. იმაზე საშინელი რა უნდა იყოს, დახმარება რომ არ შემეძლო, ადამიანებს გზაზე ვტოვებდი. უშბიდან ფეხით გადმოვედი გადმოსული ქუთაისისკენ დავიძარი, იქიდან კი, კავშირგაბმულობის მანქანას თბილისამდე გამოვყევი. სახლში, ცოცხალი რომ დამინახეს, არ სჯეროდათ, თურმე ყველას უკვე გამოტირებული ვყავდი.

ad668ef6-a1c7-45a7-81f3-729bf2e39865-1779633833.jpg

"წარსულის გააზრება არ არის მხოლოდ ისტორიული ვალდებულება"

ლუკა ღურწკაია: 27 წლის ვარ. სოხუმელი. ლონდონში ვცხოვრობ. 2019 წელს დევნილთა საერთაშორისო ასოციაცია "გზა, შინისაკენ-“დავაარსე. მინდოდა ჩვენი ორგანიზაციის სახელით მასალები გამომეფინა. ლონდონში პერიოდულად ტარდება ქართული კულტურის დღეები და მრავალი სხვა ღონისძიება, სადაც სულ ვსაუბრობ ოკუპაციაზე, რუსეთის გაჩაღებულ ვითომ ეთნიკურ კონფლიქტზე. სინამდვილეში ეს იყო რუსეთ-საქართველოს ომი აფხაზეთში. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ მაიკლს, რომ უფლება მოგვცა გამოგვეყენებინა მისი ფოტოები საქართველოში გამოსაფენად. აფხაზეთში ქართველებზე მასობრივი ძალადობა განსაკუთრებული სისასტიკით მიმდინარეობდა. ადამიანები სახლებიდან გამოჰყავდათ, ქუჩებში ხვრეტდნენ, აწამებდნენ, ცოცხლად წვავდნენ, აჭრიდნენ კიდურებს, სთხრიდნენ თვალებს და აუპატიურებდნენ. ოჯახის წევრებს ერთმანეთის თვალწინ ხოცავდნენ. ტყვედ აყვანილი ქალები იხსენებდნენ, როგორ ცდილობდნენ დედები შვილების გადარჩენას ნებისმიერ ფასად. ბევრს სჯეროდა, რომ თუ წინააღმდეგობას არ გაუწევდნენ, ბავშვებს მაინც დაინდობდნენ. ერთ სარდაფში ქალი დახვრიტეს მას შემდეგ, რაც 9 წლის შვილის წაყვანის უფლება არ მისცა.

რომელი ერთი ჩამოვთვალო: 22 წლის ავთანდილ თორია 1993 წლის თებერვალში სასტიკი წამებით მოკლეს, რუხაია-შმულოვიჩის ოჯახთან ერთად; 12 წლის მარიამ ჩოფლიანი 1992 წლის 23 ოქტომბერს ჯგუფური გაუპატიურების შემდეგ დახვრიტეს; 1993 წლის 22 სექტემბერს თვითმფრინავს, რომელიც თბილისიდან სოხუმში მიფრინავდა, რუსული სამხედრო ხომალდებიდან ცეცხლი გაუხსნეს. მფრინავმა შეძლო ცეცხლში გახვეული თვითმფრინავი სოხუმის (ბაბუშერის) აეროპორტში დაესვა, მაგრამ 108 მგზავრი ცოცხლად დაიწვა; 70 წლის ევგენია ჯონუა 1993 წლის 30 სექტემბერს საკუთარ სახლთან ნათესავებთან ერთად წამებით მოკლეს, ტანკით გასრისეს; 19 წლის ანა მარიამიძე 1992 წლის 12 ოქტომბერს ქალაქ გაგრაში მამის თვალწინ 13-მა მებრძოლმა გააუპატიურა, შემდეგ ორივე ხეზე მიაბეს და დაწვეს; 67 წლის ნიკოლოზ კვაბზირიძე ტრაქტორს მიაბეს და მანამ ათრიეს, სანამ არ მოკვდა; 85 წლის პარმენ მოგელაძე 1992 წლის ოქტომბრის დასაწყისში მოაჭრეს თავი და საკუთარ სახლში დაწვეს; 30 წლის ცისია ბარამია 1992 წლის 2 ოქტომბერს მშობლების თვალწინ გაუპატიურების შემდეგ დახვრიტეს მშობლებსა და სამ სტუმართან ერთად.

e25faf4d-0f82-4a37-9b87-e8a50bce993a-1779633833.jpg

აფხაზეთის ომს დაახლოებით ათასობით კაცი შეეწირა. ის, რაც აფხაზეთში მოხდა, ბევრმა მხოლოდ პატარა ქვეყნის პირად ტრაგედიად აღიქვა და არა იმ საფრთხის პირველ ნიშნად, რომელიც მოგვიანებით ევროპის უსაფრთხოების მთლიან წესრიგს დაარტყამდა. უკრაინაში დაწყებული ომი ბევრისათვის მოულოდნელი იყო, მაგრამ საქართველოსათვის ეს უკვე ნაცნობი ტრაგიკული ისტორიის გაგრძელებაა. დენაციფიკაციის ნარატივი, უკრაინაში ისევე გამოიყენება, როგორც 1990-იან წლებში აფხაზეთში. "ქართულ ფაშიზმთან" ბრძოლა“ იყო არგუმენტი, რომლითაც რუსეთი სამხედრო აგრესიას ამართლებდა. რუსი სამხედრო მეთაურები აფხაზეთში მიმდინარე ომს "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას-“უწოდებდნენ - ტერმინს, რომელიც ათწლეულების შემდეგ მსოფლიომ უკრაინაში მოისმინა. რუსულ საინფორმაციო სივრცეში მაშინაც ვრცელდებოდა ცნობები, თითქოს ქართული მხარე თავად ბომბავდა სოხუმს - დეზინფორმაციის იგივე მოდელი დღესაც მეორდება უკრაინის ომის კონტექსტში. სწორედ ამიტომ წარსულის გააზრება არ არის მხოლოდ ისტორიული ვალდებულება. ეს არის საფრთხის ამოცნობა. აფხაზეთისა და უკრაინის ტრაგედიას შორის 33-წლიანი სხვაობის მიუხედავად, პარალელები აჩვენებს არა შემთხვევითობას, არამედ სწორედ რუსების იმპერიალისტურ მოდელს, რომელიც სხვადასხვა დროსა და გეოგრაფიულ არეალში ერთი და იმავე პროპაგანდისტული მექანიზმებით წარმოშობს ერთსა და იმავე პოლიტიკურ შედეგს - ოკუპაციას!

რუსუდან შაიშმელაშვილი