"შეიძლება არ ჩანს... ეს მხოლოდ ძალიან ახლობელმა ადამიანებმა იციან“
"თბილისში ჩამოსვლისთანავე თავი მტკივდება და ერთი სული მაქვს, ჩემს სოფელში როდის წამოვალ, აქ ცხოვრება რელაქსაციაა. ყოველი დილის გათენება და ეზოში გასვლა ბავშვივით მიხარია. სიმწვანე, სუფთა ჰაერი, სიმშვიდე, ჩიტების ჭიკჭიკი, სადღაც ქათამი კაკანებს, ძაღლი ყეფეს, სხვა სამყაროა..." - ამბობს მსახიობი მაკა ძაგანია. რა არის მისი ყველაზე დიდი სისუსტე, რის პატიება უჭირს და როგორ იქცევა, როცა ხვდება, რომ ატყუებენ? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.
- ბავშვობაში მსურდა...
- ...ბალერინა გამოვსულიყავი. ეს სურვილი იმდენად მცირე ასაკიდან მქონდა, არც კი მახსოვს, ინტერესი როგორ გამიჩნდა. ბალერინაზე ლამაზი ჩემთვის არაფერი იყო, ყველას და ყველაფერს მერჩივნა, მაგრამ 16 წლის რომ გავხდი, რაღაცები შეიცვალა. რთული პერიოდიც დაემთხვა, გათბობა არ იყო და რეპეტიციებზე შარფით და ხელთათმანებით ვცეკვავდით. ეს ყველაფერი უდიდეს თავგანწირვას მოითხოვდა. სცენასთან, სპექტაკლთან, მაყურებელთან ახლოს ყოფნა მინდოდა და საბოლოოდ თეატრალურში გადავინაცვლე. ამ არჩევანის გამო, სინანული არასდროს მქონია.
- ჩემზე ამბობენ...
- ...ჯიუტიაო.
- მართლა ასეა?
- ჩემი ზოდიაქოს ნიშანი კუროა და აბა რა იქნება? სიჯიუტე სულაც არ მაწუხებს, მაგრამ ზოგჯერ სხვებისთვის არის მომაბეზრებელი. მე რომ ვიტყვი, ის ისეა და სხვა ვარიანტი არ განიხილება. სანამ ვიტყვი, მანამდე ძალიან ბევრს ვფიქრობ, ჩემი გადმოსახედიდან თეთრზე შავს არასდროს ვამბობ.

- პოპულარობა არის...
- ...ადამიანების უზომო სიყვარული, რომელსაც ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობ და უზომოდ მაბედნიერებს.
- ჩემი პირველი წარმატება...
- ...ბავშვობიდან მოყოლებული პატარა წარმატებები სულ მქონდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაზე დიდი წარმატება იყო, როდესაც სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" გადამიღეს და წლების განმავლობაში, ძალიან დიდი რეიტინგი გვქონდა. ინტერესი ამ სერიალის მიმართ დღესაც არ ნელდება.
- ბედნიერი ვარ...
- ...იმით, რაც მაქვს, რაც მაბადია და ყოველი დღის გათენებისას და დაღამებისას, უფალს მადლობას ვუხდი.

- ჩემი სავიზიტო ბარათია...
- ...არ ვიცი, არც არასდროს მიფიქრია.
- ყოველთვის მაქვს სურვილი...
- ...განვითარების და წინსვლის. რასაც ვაკეთებ, მინდა იმაზე მეტი გავაკეთო, უკეთესი შედეგი დავდო, ეს მხოლოდ პროფესიას არ ეხება.
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- ...ერთგულება. თუ მიყვარხარ და შენგანაც ვიგრძნობ, რომ შენიანად მიგულებ, სიცოცხლის ბოლომდე ასე დავრჩები.
- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...
- ...ზოგჯერ ცოტათი ზარმაცი ვარ, რაღაცების გადადება მიყვარს, ეს ცუდი თვისებაა. დღეს, ამ წუთს, ამ წამს რის გაკეთებაცაა შესაძლებელი, ის შემდეგისთვის არ უნდა გადადო. მე კი ბევრი ფიქრი მიყვარს და იმ იმედით ვდებ, იქნებ ხვალ უფრო კარგად მქონდეს მოფიქრებული ის, რის გაკეთებასაც ვაპირებ.
- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...
- ...ყველაფერი, ცხოვრება ვისწავლე. სხვის შეცდომეზე სწავლა რთულია, შეიძლება მარტივად გაიმეორო და როგორც გამოცდილება სულაც არ გაიზიარო. სანამ საკუთარ თავზე არ გამოცდი, სხვის ომში შეიძლება ბრძენი იყო.
- პატიება შემიძლია თუ...
- ...ღალატს არა აქვს ადგილი. ადამიანი როცა მიყვარს, სხვა ბევრი რამის პატიება შემიძლია, წვრილმანებზე ლაპარაკი ზედმეტია.
- ვნანობ...
- ...არ ვნანობ ჩემი ცხოვრების არც ერთ ნაბიჯს, არც ერთ წუთს, რომელიც გამოვიარე თავისი ცუდით თუ კარგით. დღეს მე რომ მე ვყოფილიყავი, ეს გზა უნდა გამევლო. სულ ვცდილობ, ისეთი რამ არასდროს ჩავიდინო, უკან რომ გამოვიხედავ, თვალი დასახუჭი მქონდეს. იმედი მაქვს, დარჩენილ ცხოვრებასაც ისე გავატარებ, გამოუსწორებელ შეცდომას არ დავუშვებ, არავის ვავნებ.
- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...
- ...სახლში, ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად, იმ კომფორტულ ურთიერთობებში, რომელშიც ვარ.
- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...
- ...ეს რთული საქმეა, მხოლოდ ჩემს შვილებს შეუძლიათ. მათთან წონასწორობა დამიკარგავს, დანარჩენი ყველაგან ვინარჩუნებ, სხვაგვარი მიდგომა მაქვს, ძალიან ნაწყენზეც კი მირჩევნია, იმ წუთში არაფერი ვთქვა, წავიდე, დავფიქრდე და სწორი გზა ვიპოვო.
- სიყვარული ეს...
- ...ადამიანების, სამყაროს მამოძრავებელი ძალაა. ვერც წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, სიყვარულის გარეშე ადამიანმა იცოცხლოს? იცხოვროს კი არა, იცოცხლოს.
- პირველად რომ შემიყვარდა...
- ...რაღა მახსოვს, ბავშვობაში იყო, ეიფორია ახლდა, ექსცენტრიული ვიყავი, მაგრამ წლები რომ გადის, მერე ხვდები, ის განცდა სიყვარული სულაც არ ყოფილა.
- მაკვირვებენ...
- ...ადამიანები თავიანთი დამოკიდებულებებით. მე სხვაგვარად ვცხოვრობ, ყველა და ყველაფერი მიყვარს, ჩემთვის აბსოლიტურად მიუღებელია ის რეალობა, რომელშიც სამყაროს დიდი ნაწილი ცხოვრობს. მაკვირვებენ ადამიანები, რომელიც დაუნდობლები არიან ერთმანეთის მიმართ, ეს როგორ შეუძლიათ? როგორ სტკენენ ერთმანეთს გულს, ასე როგორ იმეტებენ?
- მაკა, ცნობილია, რომ თბილისიდან საცხოვრებლად სოფელში გადახვედი. ეს გადაწყვეტილება რატომ მიიღე?
- ეს გაქცევაა თბილისური ყოვედღიური ქაოსიდან, იმ ნერვული დაძაბულობებისგან, რომელიც ამ ქალაქშია, რომ ჩამოვდივარ, ვითრგუნები. ხალხი ძალიან გაღიზიანებულია. ყველა ფეხის ნაბიჯზე აგრესიაა, ეკოლოგიაზე და გამონაბოლქვზე აღარ ვლაპარაკობ. თბილისში ჩამოსვლისთანავე თავი მტკივდება და ერთი სული მაქვს, ჩემს სოფელში როდის წამოვალ, აქ ცხოვრება რელაქსაციაა. ყოველი დილის გათენება და ეზოში გასვლა ბავშვივით მიხარია. სიმწვანე, სუფთა ჰაერი, სიმშვიდე, ჩიტების ჭიკჭიკი, სადღაც ქათამი კაკანებს, ძაღლი ყეფეს, სხვა სამყაროა... ხეებთან, ყვავილებთან, ნარგავებთან ურთიერთობა სხვაგვარ ძალას მაძლევს. ვაზი საოცრებაა, ამ სამყაროს სრულად გწყვეტს, შენ მიმართ თავისებური დამოკიდებულებაც აქვს, რაღაც მომენტში ვაზებს შორის რომ დგახარ და საქმიანობ, ერთი ტოტი თმაზე გამოგედება, მეორე - მხარზე, რაღაცნაირად გამოიქნევს, შეიძლება "სილაც გაგაწნას", ველაპარაკები, ახლა რატომ გამიბრაზდი, რა გინდა-მეთქი? რაღაცის გამო გაღიზიანებული თუ ვარ და ვაზის მოსავლელად შევალ, 10 წუთში იწმინდება ჩემი გონება, წყანარდება, სიმშვიდე მეულფება.
- მსახიობი მეგობრები ხშირად გსტუმრობენ?
- ძალიან ხშირად ვერ ვახერხებთ, თუმცა მაინც გვაქვს ხოლმე პატარა დღესასწაულები, ბედნიერი საღამოები.
- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...
- ...შიშებია. მაგალითად, ვნერვიულობ ბავშვს ტემპერატურა ოდნავ მაინც თუ აუწევს. ზედემტად ემოციური ვარ, შეიძლება არ ჩანს, მაგრამ რაღაც ეტაპზე, ჩემს ემოციებს შიგნით ვკლავ, ეს მხოლოდ ძალიან ახლობელმა ადამიანებმა იციან.
- დღემდე ვერაფრით გავბედე...
- ...ასეთი არაფერი მახსენდება. რის გაკეთებაც მინდოდა, ყველაფერი გავბედე.
- ვიტყუები...
- ...ვერ ვიტყუები, არ შემიძლია.
- როცა სხვები გატყუებენ?
- ეს ჩემთვის კატასტროფაა, თუ მივხვდი, შეიძლება იმ ადამიანთან ურთიერთობა იქვე დავასრულო.
- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...
- ...აუცილებლად ქველმოქმედებაში დავხარჯავდი. გარშემო დახმარება უამრავ ადამიანს სჭირდება. ჩემთვის რას გავაკეთებდი? ასეთი "ფულით ასახდენი" სურვილები არ მაქვს, ცხოვრებას საჭიროებების მიხედვით მივყვები. რესურსსაც საჭიროების მიხედვით ვანაწილებ. ბევრი რამ მჭირდება, კარადა, სამზარეულოს ტექნიკა და საწოლიც კი, მაგრამ ამაზე არ ვფიქრობ. ამ ეტაპზე მე და ჩემმა მეუღლემ მთელი ჩვენი რესურსი ვაზში ჩავდეთ, სეტყვისგან დასაცავი ბადე გადავაფარეთ, რაც ძვირი სიამოვნებაა.
- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...
- ...ამ დროს პატარა ბავშვივით მინდა საყვარელი ადამიანების გვერდით ყოფნა, მათთან ჩახუტება, მოფერება... სიყვარული საუკეთესოა "წამალია".
- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...
- ...19 წლის ვიყავი, პირველ ბავშვზე ორსულმა, ერთი ქალბატონისგან ასეთი ფრაზა რომ მოვისმინე: "ცხოვრება ისეთი რთული რამეა"... ეს სიტყვები ისე დამამხსოვრდა და ჩამეჭედა გონებაში, მას შემდეგ ბევრი წელი კი გავიდა, მაგრამ სულ მახსოვს. ცხოვრება მართალია ძალიან კარგია და ძალიან რთულია.
- დაბოლოს გეტყვით...
- ...ერთმაენთი გვიყვარდეს!
თამუნა კვინიკაძე