"როდესაც მეორე შვილზე მშობიარობდა, იმ დღეს მის პირველ შვილს ქიმიას უკეთებდნენ" - სიცოცხლის გადასარჩენად
იზა შუბითიძე სოფელ ბაისუბნის სკოლის ქართული ენის მასწავლებელია, ძალიან ყოჩაღი და ღონიერი სოფლის, რომელიც სულ რამდენიმე ხნის წინ დიდმა განსაცდელმა შეძრა - სოფლის ყველაზე ლამაზი გოგონა, 17 წლის ანი მუმლაძე, უმძიმესი ფორმის ხორხის კიბოთი დაავადდა. ასეთ დროს მხოლოდ ორი გზა ჩანს: ან თავგანწირული ბრძოლა სიცოცხლის გადარჩენისთვის, ან უმწეობით გამოწვეული ტანჯვა, რომ უსახსრობის გამო არაფერი შეგიძლია. ამ შემთხვევაშიც ასე იყო. თუმცა იყო ერთი ადამიანი, კერძოდ, ანის მასწავლებელი, რომელმაც თქვა, ჩვენ არ დავნებდებითო! მან ჯერ ანის კლასელებთან მოილაპარაკა, მერე ანის სახელობის ფონდიც შექმნა და სიკეთის სასწაულიც ასე დაიწყო - ქართველი და აზერბაიჯანელი ბავშვებით, რომლებმაც სოფლები კარდაკარ შემოიარეს მეგობრის დასახმარებლად. მკურნალობისთვის საჭირო სრული თანხა, 35.000 დოლარი, ფონდმა შეაგროვა, რისიც, კაცმა რომ თქვას, ბევრს არც სჯეროდა. თუმცა იმედი დაბრუნდა და გოგონა სამკურნალოდ უცხოეთში წავიდა, ფინალი კი, საუბედუროდ, მაინც საბედისწერო იყო - გოგონა ვერ გადაარჩინეს, უკვე ძალიან გვიანი იყო. თუმცა დარჩა რიგითი მასწავლებლის ფონდი და შემდგომში გადარჩენილი ბავშვები, მათთან ერთად კი სიკეთე.

- უკარგესი მოსწავლეები მყავს, იმდენად ახლოს ვართ, რომ თავიანთ საიდუმლოებსაც მანდობენ, როგორც ყველაზე სანდოსა და ახლობელს. ეს არის ჩემი ბედნიერებაც და პასუხისმგებლობის ტვირთიც - როდესაც ბავშვის საიდუმლო იცი, შენ უნდა იკისრო ამ ტვირთის მისი მხრებიდან ჩამოღება და ზოგჯერ ძალიან სახიფათო ხიდზე გადაყვანაც. განსაკუთრებით სადამრიგებლო კლასში; მათ შორის ანის კლასიც ჩემი სადამრიგებლო იყო. თანაკლასელებთან ერთად ჩემი ხუჭუჭა, მერცხლისთვალება ანი ბავშვობიდან გავზარდე და მისი კლასის მესაიდუმლეც ვიყავი. ამ კლასში სულ 18-ნი მყავდნენ და თვრამეტივეს ამბავი ვიცოდი, მათ შორის ანისაც - მისი სიყვარულის ამბავიც კი. შეყვარებული ჰყავდა, ძალიან კარგი ბიჭი, რომელიც ბოლო ამოსუნთქვამდე მის გვერდით იყო. უბედნიერესი ვიყავი, როდესაც მისი მკურნალობისთვის 35.000 დოლარი შეგროვდა და სამკურნალოდ გავუშვით. ამას წინ საოცრებები უძღოდა: მის გადასარჩენად ქართველმა და აზერბაიჯანელმა ბავშვებმა იმდენი იარეს კარიდან კარზე თავიანთ სოფლებში, რომ ხელი ყველამ გამოუწოდა.

- ანუ აზერბაიჯანელი ბავშვებიც სწავლობენ თქვენს სკოლაში?
- ჩვენს სოფელს დიდი აზერბაიჯანულენოვანი სოფელი კაბალი ესაზღვრება და ხელი ამ სოფელმაც გამოუწოდა ჩემს მერცხლისთვალება გოგოს. ალბათ, ამ იმედმაც ისე მოაკეთა, რომ ჩვენ გამოჯანმრთელების გზაზე გვეგონა, მაგრამ, საუბედუროდ, ასე არ აღმოჩნდა. თურქეთიდან ხშირად მწერდა, მასწ., ბოლო ზარი როდის გვექნება, რომ ჩამოგისწროთო. მერე ამ ბოლო ზარზეც იმღერა და იცეკვა... თუმცა ამით დამთავრდა, ბოლო ზარიდან ერთ თვეში გაფრინდა ჩვენი გოგო და ჩვენი გულის და სულის ნაწილიც წაიღო. მისი თანაკლასელებიც ამ ერთ თვეში აქცია ვარამგამოვლილ დიდ ადამიანებად, მე კიM მშობლებთან ერთად თითქოს ცა ჩამომენგრა. მისი გარდაცვალების შემდეგ, მივხვდი, რომ ეს ტკივილი გულში არ უნდა ჩამეკლა და ანისთვის დაწყებული საქმე, რომელმაც მას ვერ უშველა, ახლა სხვისთვის გამეგრძელებინა. ამიტომ არ გავაუქმე ანის ფონდი. ამაში ანის დედასაც ვთხოვე დახმარება. მას ეს შვილის გამო ჩემზე მეტადაც სჭირდებოდა. ჰოდა, ახლა უკვე მე და ანის დედა ვშრომობთ სხვა ბავშვებისთვის. ჩვენი სოფელი ბაისუბანია, თუკი ღმერთმა არ ქნას და, ვინმეს გაუჭირდა, ენერგიას ვიკრებთ მისთვის სამკურნალო თანხების მოსაძიებლად.
- ეს ადვილი არ არის. არაერთი ბავშვი ავადდება მძიმე დაავადებით. მათ უმეტესად უცხოეთში მკურნალობა და ძალიან დიდი სახსრები სჭირდება, რასაც, სამწუხაროდ, სახელმწიფო ვერ აძლევს.
- სამწუხაროდ ასეა. ბავშვის ტკივილი განსაკუთრებული სასჯელია. ანი რომ გარდაიცვალა, თითქმის მაშინვე ასევე ყოფილი მოსწავლის ძალიან მძიმე განსაცდელზე გავიგე. მითხრეს, ცოტა ხანში მეორე ბავშვზე უნდა იმშობიაროს და ამ დროს ავად უფროსი შვილი, 3 წლის ელენე გაუხდა ლეიკემიითო. 3 წლის ბავშვს, ანგელოზს ამხელა ტკივილი რატომ უნდა ეხებოდეს?! როდესაც მეორე შვილზე მშობიარობდა, იმ დღეს მის პირველ შვილს ქიმიას უკეთებდნენ. ამიტომ ბავშვის გადასარჩენად ისევ დავიწყე სახსრების მოგროვება. მას შემდეგ 6 წელიწადი გადის და ელენიკო კარგად გვყავს, თუმცა დახმარება კიდევ დიდხანს დასჭირდება, რადგან ორჯერ დამარცხებულმა ლეიკემიამ გოგონას ჯანმრთელობაზე ძალიან მძიმე კვალი დატოვა. ბავშვი ამ დღეებშიც გადაიყვანა დედამ თურქეთში სამკურნალოდ პროცედურისთვის, რომელიც საქართველოში ვერ კეთდება.

- ჩვილი გაბრიელ ჩადუნელის მამამაც მიამბო თქვენზე. მისთვისაც შეგიგროვებიათ ფული. გაბრიელის მამაც თქვენი მოსწავლე იყო?
- ჩემი მოსწავლე იყო. გაბი თანდაყოლილი წვრილი ნაწლავის სინდრომით დაიბადა, ეს ნიშნავს, რომ ბავშვი ვერ ჭამდა და ვერც იზრდებოდა. 4 თვისა მხოლოდ 6 კილოგრამი იყო. ამიტომ მშობლებმა სამკურნალოდ თურქეთში წაიყვანეს. დასაწყისში შედეგი იქაც არ იყო, - არასწორ ადგილას მოხვდნენ და ბავშვს არაფერი ეშველა, რის გამოც სასოწარკვეთილებმა განწირული ბავშვით უკან დაბრუნება გადაწყვიტეს. ამან ისე შემძრა, რომ თავად შევეცადე ბავშვის დაავადების განსაკურნებლად ზუსტი პროფილის კლინიკის მოძიებას თურქეთში. საქმეში მეგობარი მომეშველა და ისეთი კლინიკა მოძებნა, რომელსაც ბავშვი გამოჯანმრთელების გზაზე უნდა დაეყენებინა. მშობლები იმდენად სასოწარკვეთილი იყვნენ, შვილის გამოჯანმრთელების აღარ სჯეროდათ. ახლა რა ხდება? ამ პატარა ბარტყმა, ჩვენმა გაბრიელმა, რომელიც გრამსაც ვერ იმატებდა, ჭამა დაიწყო და მოიმატა კიდეც. ეს მხოლოდ მისი დედ-მამისთვის კი არა, პირადად ჩემთვისაც იმხელა სიხარულია, რომ სულ მისი სახე მიდგას წინ: ძალიან, ძალიან გამხდარი პატარა არსება, რომელიც სიცოცხლისკენ შემობრუნდა და ჩვენკენ მოდის, მოდის ცხოვრებისაკენ.
- სკოლაზეც მიამბეთ, თქვენს მასწავლებლობასა და ბავშვებზე.
- დიდი სოფელი ვართ და ჩვენს სკოლაში ყოველთვის ბევრი ბავშვი სწავლობდა. ახლა კი ერთ წელიწადს ისეც მოხდა, რომ პირველ კლასში მოსწავლე აღარ გვყავდა. ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა. ამიტომაც დაბრუნდნენ ჩემი შვილები სოფელში. ამჟამად სკოლა მეზობელი აზერბაიჯანული სკოლის ბავშვებით ივსება და ეს კარგია. მართალია, ამ ბავშვების მშობლებმა ქართული ენა არ იციან, ამიტომ ბავშვებიც წვალობენ და ჩვენც, მაგრამ ეს გაივლის.
- ძალიანაც კარგი, წარმატებას გისურვებთ, მათ შორის ქველმოქმედებაში.
- მადლობა. ეს ჩვენს ხალხსაც უნდა ვუსურვოთ, რადგან გასაჭირის მიუხედავად, უდიდესი სათნოება და სიკეთის გაცემის უნარი აქვს. იცით, რას მეუბნება ბევრი, განსაკუთრებით უფროსი თაობა: თუკი ბავშვებისთვის თანხა დაგჭირდებათ, ჩვენ ინტერნეტის მოხმარება არ ვიცით, ამიტომ სახლში მოდით და გაგატანთო. ამას რომ ადამიანი გეტყვის, როგორღა უნდა გეშინოდეს, რომ განსაცდელში გვერდით არავინ დაგიდგება.