"გული დამეწვა, როდესაც მითხრეს, დიდი ხანია საინგილოში ქორწილი აღარ ყოფილაო“ - კვირის პალიტრა

"გული დამეწვა, როდესაც მითხრეს, დიდი ხანია საინგილოში ქორწილი აღარ ყოფილაო“

"30 წელია აღარ ვყოფილვარ, აი, რაც გონში ჩავვარდი, იმ ასაკიდან, თორემ მანამდე ბავშვობა ლამის სულ ზაქათალაში გამატარებინეს. პაპაჩემი მიშა კობაიძე არხილოსკალოს კოლმეურნეობის თავმჯდომარე იყო. ბევრი ყონაღი (სტუმრობით დამეგობრებული პირი) ჰყავდა, მაგალითად, ალია პაპა ალიაბათში. საინგილოში ჩასვლა სასწაულად ემოციური გამოდგა. ბავშვობა ხომ გამახსენდა, მერე პაპა და გასაოცარი ქართველები. როგორ ინარჩუნებენ და რა ტკბილად ლაპარაკობენ ინგილოურ კილოზე, როგორ შრომობენ და ისინიც როგორ განიცდიან მიგრაციას, ახალგაზრდობა აღარ ბრუნდება თბილისიდან აქეთო. ვნახე მამა პეტრეც, დედოფლისწყაროელი მოძღვარი, რომელიც ჰერეთში დაფუძნდა და უკვე აღადგინა მსახურება სამ ტაძარში. ქართულად წირავს და ცდილობს იქაურებს რწმენა გაუძლიეროს", - წერს ბექა გონაშვილი. თავისი წარუშლელი შთაბეჭდილებები ჩვენც გაგვიზიარა.

- დედოფლისწყაროს სოფელ არბოშიკიდან ვარ, მაგრამ მამაჩემი სამთაწყაროში მუშაობდა. სოფელი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, უკიდურეს აღმოსავლეთშია. ამ სოფელს ჰერეთისგან ალაზანი ყოფს, ადრე პატარა ხიდიც იყო... დედაჩემი სოფელ არხილოსკალოდან არის, რომელიც შირაქის ველზე, ქარაფზეა და სამთაწყაროს, ჰერეთს, მათ შორის, ზაქათალას, კახს, ნუხს, ბელაქანს გადმოჰყურებს. 7 წლამდე არხილოსკალოში ვიზრდებოდი. პაპაჩემი მიშა კობაიძე კოლმეურნეობის თავმჯდომარე იყო და აზერბაიჯანის მხარეს ბევრი მეგობარი და კოლეგა ჰყავდა. მახსოვს, საყიდლებზე ყველანი ზაქათალაში რომ დადიოდნენ, რადგან იქ უფრო ბევრი რამ იშოვებოდა, ვიდრე დედოფლისწყაროში. აი, იმ პატარა ხიდით გადადიოდნენ და გადმოდიოდნენ. პატარა ვიყავი, მაგრამ კარგად მახსოვს, რომ აქედანაც დაბარგებულები მივდიოდით. პაპაჩემს ყონაღებთან მიჰქონდა ჩვენი მხრის სხვადასხვა პროდუქტი, რა თქმა უნდა, ღვინო. ალიაბათში ძმაკაცი ჰყავდა, ალია პაპა, ხშირად ის ეხმარებოდა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით, პაპაც გზავნიდა ტექნიკას აქედან. ასე ჰქონდა მიმოსვლა მამაჩემსაც, ბიძაც ბოლო წლებამდე ხშირად გადადიოდა იქით, ჩვენებურად "გაღმა".

- ახლახან თქვენ გადახვედით „გაღმა“?

- ბაქოში გამოფენაზე წავედი, მინდოდა უკანა გზაზე მანქანით კახის გავლით გამომევლო. გული ძალიან მიძგერდა, ალბათ, იგრძნო იქაურმა მეგობარმა, გიორგი ბაჯანაშვილმა და მომწერა, ღამის რეისზე არის ბილეთი, ჩამოვალ და ერთად წავიდეთ ჩემთან სახლშიო. დაუვიწყარი გზა იყო. გიორგისთან დილით შევაბიჯეთ მის კარ-მიდამოში, დედამისი რომ გამოგვეგება ქართულ, მაგრამ "სხვანაირ" ენაზე და გიორგიმაც უპასუხა, სულ სხვა სამყაროში აღმოვჩნდი.

წლებია ინტერნეტის დახმარებით ძალიან ბევრი ქართველი გავიცანი - ფერეიდნელები, ლაზები, მაჭახელელები, ინეგოლელები, მაგრამ ინგილოური კილოს გაგება, რომელიც ჩემი ქიზიყიდან სულ რამდენიმე კილომეტრის გადაღმაა, განსაკუთრებული იყო. გიორგის მამას გამოვეცნაურე, ბავშვობაში ხშირად გადმოვდიოდით-მეთქი. ახლა კი, ამდენი ხნის შემდეგ, პირველად ვარ აქ-მეთქი. პაპაჩემი მიშა კობაიძე რომ ვახსენე, რას ამბობ, ამ სახლშიც კი არის ნამყოფიო. მერე მომიყვა, ერთხანს შირაქში გვალვა დაიჭირა და პაპაშენი გადმოვიდა, საკლავი გადმოიყვანა, ქურმუხზე დავკალითო. ნახევარ საათში თურმე რაციით დაურეკეს, ძლიერი წვიმა მოვიდაო. იმის მერე რამდენი გვალვას დაიჭერდა, იმდენი გადმოვიდოდა ქურმუხზე, საკლავი უნდა დავკლაო. ამაღელვებელი იყო იმის გააზრება, რამდენად ცოტაა საჭირო, რომ ისევ ერთად ვიყოთ.

ძალიან ემოციური იყო ქურმუხის ეკლესიის ხილვა და იქიდან გადმოხედვა, გზაზე რომ მოვდიოდით, თითქმის ყველა გორაზე ეკლესია დგას.

ხუმრობა არ გეგონოთ და ანდერძს ვტოვებ - არ დამმარხონ მარმარილოებში, არც შემოღობვა მინდა, მკვდარი სად გავიქცევი, კაცო, თუ მეზობლის ბოსტანს გადავთელავ?! უბრალოდ, ქვა დამადეთ, ისე, რომ წლების და საუკუნეების მერე, ახლა იქ სხვა დაიკარძალოს-მეთქი... აი, ეგ ვნახე კახის ქართველთა სასაფლაოზე. ვიღაც იტყვის, ეს გიჟიაო, მაგრამ იქ ნამდვილად დავინახე ყველაზე უბრალო ქართველები, რომლებიც საუკუნის შემდეგ "გავიცანი". თავიანთ გადარცვალების ამბავსაც კი გიყვებიან და შენდობით მოხსენიებას გთხოვენ.

ყველაზე რთული იყო იმის მოსმენა, ადრე საინგილოში 14 ათასი ქართველი იყო და ახლა 2 ათასი თუ დავრჩითო. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ახალგაზრდები სწავლის შემდეგ უკან არ ბრუნდებიან. ყველაზე მეტად მომხვდა გულზე, როცა მითხრეს, ძალიან დიდი ხანია ჩვენთან ქორწილი აღარ ყოფილაო.