როგორ უნდა მოიქცეთ თუ ონლაინ შეძენილი ნივთი არ მოგიტანეს...
თქვენს შეკითხვებს უპასუხებს ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მოქმედი წევრი ნუგბარა როსტიაშვილი.
შემთხვევით სხვასთან გადასარიცხი თანხა გადავრიცხე სხვა პირის ანგარიშზე, აღმოჩნდა, რომ მას ანგარიშები ჰქონდა დაყადაღებული. ბანკს დავუკავშირდი და არ მეხმარება, მივმართე აღსრულებას და იქაც უარი მივიღე, მეუბნებიან, რომ სასამართლოში შევიტანო საჩივარი, ამას კი დიდი დრო და ხარჯები სჭირდება. რას მირჩევთ, როგორ მოვიქცე?
- შემთხვევით სხვა პირის საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული ანგარიში დაყადაღებულია, პრაქტიკაში ხშირად ხდება, რომ თანხა ავტომატურად ექცევა სააღსრულებო წარმოების ფარგლებში და ის გამოიყენება მოვალის ვალდებულებების დასაფარად. ასეთ დროს ბანკი, როგორც წესი, მიუთითებს, რომ ის მხოლოდ ტექნიკურად ასრულებს ანგარიშზე არსებული ყადაღის მოთხოვნას და თანხის დაბრუნების საკითხს დამოუკიდებლად ვერ წყვეტს. ანალოგიურად მსჯელობს აღსრულების ეროვნული ბიუროც.
მსგავს ვითარებაში მნიშვნელოვანია, ბანკიდან წერილობითი ინფორმაციის მიღება, რათა დადასტურდეს ტრანზაქციის დეტალები, ყადაღის არსებობის დრო და ის გარემოება, თანხა კვლავ დაბლოკილია თუ უკვე გადარიცხულია კრედიტორის სასარგებლოდ. ამასთანავე, მიზანშეწონილია აღსრულების ბიუროდან სააღსრულებო საქმის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვაც, რადგან მნიშვნელობა აქვს, თანხა უკვე განაწილებულია თუ ჯერ კიდევ შესაძლებელია მისი დაბრუნების საკითხის განხილვა. სამართლებრივად ასეთი შემთხვევა განიხილება როგორც უსაფუძვლო გამდიდრება, რადგან პირს თანხის მიღების სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნდა და ის, ფაქტობრივად, შეცდომით აღმოჩნდა მის ანგარიშზე. შესაბამისად, პირს, რომელმაც თანხა შეცდომით გადარიცხა, უფლება აქვს სასამართლოს მიმართოს თანხის დაბრუნების მოთხოვნით. სანამ სასამართლო დავა დაიწყება, შესაძლებელია კრედიტორთან პირდაპირი კომუნიკაციაც სცადოთ, თუ ცნობილია, ვის სასარგებლოდ ადევს ყადაღა იმ პირს, ვის ანგარიშზეც ჩარიცხეთ თანხა. ზოგიერთ შემთხვევაში, როდესაც აშკარაა, რომ თანხა შეცდომით ჩაირიცხა და მოვალის საკუთრებას არ წარმოადგენდა, კრედიტორი თანხმდება თანხის დაბრუნებას სასამართლოს გარეშე. მნიშვნელოვანია, რომ დაცული იყოს ყველა მტკიცებულება, მათ შორის გადარიცხვის ქვითარი, ბანკსა და აღსრულების ბიუროსთან მიმოწერა, ასევე ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებს, რომ გადარიცხვა ტექნიკური ან მექანიკური შეცდომის შედეგია, ასევე სასამართლოში მიმართვამდე უმჯობესია მიმართოთ ეროვნულ ბანკსაც განცხადებით, იქნებ შესაბამისი რეაგირება მოჰყვეს და დაგიბრუნდეთ თანხა.
სოციალურ ქსელში ძალიან ბევრია განცხადება, რომ ბინის მეპატრონე გადამიფორმებს ქონებას და თვითონ დარჩება ქირით თავის ბინაში, გადაიხდის ყოველთვიურად ქირას და ორი წლის შემდეგ დამიბრუნებს უკან 30.000 დოლარს. გამოდის გირავნობა. ასეთი გარიგების დადება რა რისკს შეიცავს და რა უნდა გავითვალისწინო?
- მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ურთიერთობა რეალურად უფრო სესხსა და გირავნობას ჰგავს, სამართლებრივად ქონება სრულად გადადის ახალი მესაკუთრის საკუთრებაში და ის საჯარო რეესტრში ფიქსირდება როგორც ბინის მესაკუთრე. ამგვარი გარიგება სარისკოა ორივე მხარისთვის. ერთ-ერთი მთავარი საფრთხე ის არის, რომ მომავალში სასამართლომ შესაძლოა ასეთი ხელშეკრულება მიიჩნიოს მოჩვენებით ან თვალთმაქცურ გარიგებად და დაადგინოს, რომ ფორმალურად ნასყიდობა სინამდვილეში სესხის უზრუნველყოფას ემსახურებოდა. ასეთ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას აქცევს იმ გარემოებებს, თუ რატომ დარჩა ყოფილი მესაკუთრე ისევ ბინაში, შეესაბამებოდა თუ არა გადახდილი თანხა ბინის რეალურ ღირებულებას, რეალურად არსებობდა თუ არა ნასყიდობის ნება და ხომ არ წარმოადგენდა ყოველთვიური „ქირა ფაქტობრივად პროცენტს სესხზე. რისკს წარმოადგენს ისიც, რომ მსგავსი გზით ხშირად ფორმდება უკვე პრობლემური ქონება. თუ პირი, რომელიც ბინაში ცხოვრებას აგრძელებს, შეწყვეტს თანხის გადახდას ან უარს იტყვის ბინის დაცლაზე, მესაკუთრეს შესაძლოა მოუხდეს ხანგრძლივი სასამართლო დავა ყოფილი მესაკუთრის გამოსახლების მოთხოვნით. გარიგების დადებამდე აუცილებელია ქონების სამართლებრივი მდგომარეობის სრულად გადამოწმება, მათ შორის საჯარო რეესტრში არსებული შეზღუდვების შემოწმება.
მაქვს სამომხმარებლო სესხი, რომელსაც ვიხდიდი. 2 თვის წინ დამიმთავრდა ხელშეკრულების ვადა და დავრჩი უმუშევარი. ვეძებ ახალ სამსახურს, მაგრამ ჯერ ვერ ვნახე. ვისესხე და ისე დავფარე ორი თვის ბანკის ვალი, მაგრამ ვატყობ მომიწევს დარღვევა. ჩემს სახელზეა ერთადერთი ბინა, ეს ქონება რომ აქედანვე გადავაფორმო ახლობლის სახელზე ყიდვა-გაყიდვით, რომ ვერ შევძლო მერე სესხის გაგრძელება, ხომ არ დამიყადაღებენ ამ ქონებას?
- თუ პირი, რომელსაც აქვს საბანკო ვალდებულება, საკუთარი სახელიდან ბინას სხვა პირის სახელზე გადააფორმებს მხოლოდ იმ მიზნით, რომ მომავალში შესაძლო აღსრულებისა და ყადაღისგან დაიცვას ქონება, ასეთი გარიგება სამართლებრივად სარისკოა. მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება შეიძლება სრულად კანონიერად გაფორმდეს და ქონებაც რეესტრში სხვა პირის საკუთრებად დარეგისტრირდეს, ბანკს, როგორც კრედიტორს, უფლება აქვს სასამართლოს მიმართოს და მოითხოვოს ამ გარიგების ბათილად ცნობა.
ჩემს ყოფილ ქმარს სასამართლომ დააკისრა ბავშვებისთვის ალიმენტის გადახდა. მან სასწრაფო წესით მანამდე გადააფორმა სახლი დედამისის სახელზე და არ იხდის ალიმენტს. ის მუშაობს, მაგრამ ხელფასი არ ერიცხება ბარათზე. აღმასრულებელს რამდენჯერმე მივმართე, რომელიც ახლა მეუბნება, რომ ვეღარ მოახდენს იძულებით აღსრულებას, რადგან სოციალური სამსახურიდან მოვიდა წერილი, რომ ჩემი ყოფილი მეუღლე სოცდაუცველია. როგორ მოვიქცე?
- თუ ყოფილი მეუღლე განზრახ არიდებს თავს მშობლის ვალდებულებების შესრულებას და თქვენ გაქვთ მისი სამუშაო ადგილის შესახებ ინფორმაცია, წერილობით მიმართეთ აღმასრულებელს და მიუთითეთ ფაქტები. აღმასრულებელი ვალდებულია მის დამსაქმებელს გაუგზავნოს შეტყობინება და მოსთხოვოს ინფორმაცია. თუ თქვენი ყოფილი მეუღლე სოციალურად დაუცველია, აღსრულება ვერ მოხდება.
- ონლაინ შევიძინე ნივთი, გადავრიცხე თანხაც, მაგრამ არ მიგზავნის და ახლა აღარც მპასუხობს, დამბლოკა. საუბარია 200 ლარის შენაძენზე. რა შეიძლება გავაკეთო?
- შეგიძლიათ მიმართოთ კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სააგენტოს. მათ აქვთ ცხელი ხაზი და ონლაინპლატფორმა საჩივრებისთვის. შეგიძლიათ მიმართოთ წერილობითაც, განცხადებას დაურთეთ ყველა ის მონაცემი და დოკუმენტი, რაც გაქვთ, სადაც ჩანს შეკვეთის გაფორმება, გადარიცხვის ქვითარი, სადაც მითითებულია მიმღების სახელი, გვარი და პირადი ნომერი (ან ანგარიშის ნომერი). საიტის ან იმ პროფილის ლინკი, საიდანაც ნივთი შეიძინეთ. სააგენტო მოახდენს რეაგირებას თქვენი დარღვეული უფლებების აღსადგენად, რომ ან თანხა დაგიბრუნდეთ, ან მიიღოთ ნივთი.