საქართველოს ტორნადო შემოეჩვია?! - "სოფელში ჰყვებოდნენ, იმერეთში ყანაში კაცი გველეშაპის მსგავსმა გრიგალმა აიტაცა და სადღაც გადააგდოო“
ზაფხულის დამდეგს ამინდის პროგნოზი თითქმის ყოველთვის მაღალი ტემპერატურის მაუწყებელია. სავარაუდოდ, წელსაც ძალიან ცხელი ივლის-აგვისტო გველის. იმედია, რეალობა გაცილებით ადვილი გადასატანი იქნება, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო წლებში კლიმატის ცვლილებებთან ერთად ის მოვლენებიც ფიქსირდება, რომლებიც ჩვენში უცხო იყო. მათ შორის არის ტორნადო, რომელთანაც "შეხვედრა", როგორც ჩანს, მომავალშიც არ არის გამორიცხული, რადგან არაერთხელ დაფიქსირდა ზღვაშიც და ხმელეთზეც. ამიტომაც მივმართეთ სასაუბროდ კლიმატოლოგ ლალი ვაწაძეს.
- ტორნადოები ჩვენში არ არის გამორიცხული. აქამდეც არაერთი შემთხვევა გვქონდა და შემთხვევათა რაოდენობაც იზრდება, რადგან კლიმატის ცვლილება აშკარაა. ქართულად ამ მოვლენას ქარბორბალა ჰქვია. ალბათ, ეს სიტყვა არც იარსებებდა, ტორნადოების შემთხვევები ოდესმე რომ არ ყოფილიყო. ყოველ შემთხვევაში, თავადაც მახსოვს ბავშვობაში ჩემი სოფლელების ნაამბობი იმერეთში ყანაში მომუშავე კაცის შესახებ, რომელიც გველეშაპის მსგავსმა გრიგალმა აიტაცა და სადღაც გადააგდო. ზღაპრულ ფერებში შემოსილი ეს გრიგალი, სავარაუდოდ, ტორნადო იყო, თუმცა შემთხვევები ისეთი ხშირი არ ყოფილა, როგორიც ამჟამად გვაქვს. განსაკუთრებით ხშირია ტორნადო ზღვაზე, რაც არაერთხელ დაფიქსირდა წინა წლებში, თუმცა ზღვის ტორნადო ისეთ ზარალას არ იწვევს, როგორც ხმელეთზე. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ აჭარაშო ტორნადო თავს სოფელ გონიოს დაატყდა და ძალიან დააზარალა, სახლებს ახადა სახურავები და ხეები დაგლიჯა. დაახლოებით ორი წლის წინ ძლიერი ტორნადო იყო ახმეტაში, ალავერდში, რომელმაც არა მარტო სახლებს გადახადა სახურავები, გარშემო ყველაფერი წაიღო და ალავერდის ტაძარიც მნიშვნელოვნად დააზიანა. როგორც იქაურები ამბობდნენ, ტორნადო იმდენად შავი იყო, შორიდან ჯერ ხანძარი გვეგონა, მაგრამ რომ მოგვიახლოვდა, ყველაფერი იავარქმნაო. ამის წინ იყო ჯავახეთის ტორნადო, ქარიშხლის ძლიერი მბრუნავი სვეტი, რომელმაც, თუ არ ვცდები, ორი ათეული სახლი დატოვა უსახურავოდ და გარშემო ყველაფერი წაიღო. მასთან ერთად ტორნად მცხეთა-მთიანეთში დაფიქსირდა, ასევე საკმაო ზარალით.
ახლა იმის შესახებ, თუ როგორ ჩნდება ტორნადო უმეტესად ზაფხულსა და სიცხეში. იმიტომ, რომ ის უმეტესად გადახურებულ ჰაერში ჩნდება. ალავერდის ტორნადოს მიზეზი ის იყო, რომ ზაფხულში ზღვიდან წამოსული ნესტიანი ცივი ჰაერის მასები დაეჯახა აღმოსავლეთ საქართველოში დაგროვილ ცხელ ჰაერს, რამაც ძაბრისებრივად მბრუნავი ვერტიკალური და ძლიერი ქარი წარმოქმნა. ტორნადოს ასევე იწვევს ძლიერ ღრუბლიანი დღის ან ჭექა-ქუხილის დროს ქარის მიმართულების მომენტალური ცვლილება, რელიეფი კი ხელს უწყობს შეჯახებული ჰაერის ძაბრისებრ დახვევას და ვერტიკალურად დატრიალებას.
- საინტერესოა, რამდენ ხანს გრძელდება "ჩვენი" ტორნადოები?
- დაახლოებით 10-20 წუთი გრძელდება. ამასთანავე, ის ვერ იქნება ძალიან ძლიერი, ისეთი, როგორიც, მაგალითად, ამერიკაში, როდესაც გზად ყველაფერს ანგრევს. ჩვენს ტორნადოებს ასეთ გაძლიერებაში ხელს უშლის ჩვენი კავკასიონის ქედი, ისევე როგორც ის ხელს უშლის კლიმატური დათბობის კრიტიკულ ზღვარს. თუმცა ტორნადოს ახასიათებს ე.წ. მიმალვა ანუ შესაძლოა ძლიერი წვიმისა და სეტყვის დროს დახვეული ჰაერის ძაბრი ამავე სეტყვაში იმალებოდეს და იქ მოხვედრილ ადამიანს თუ ვერ აიტაცებს, შეიძლება დარტყმებით ძალიან დააშავოს.
ასეთი შტორმი, ადამიანის სიცოცხლის ჩათვლით, გარშემო ყველაფერს აზიანებს, თუმცა ყველაფერი შედარებითია. ამერიკაში, რომელსაც ტორნადო დიდ ზიანს აყენებს, ზარალს უმოკლეს ხანში აღმოფხვრიან ხოლმე, ჩვენთან კი, ჩვენი რესურსებიდან გამომდინარე, ტორნადოს დაზიანებები დიდხანს გრძელდება. შესაბამისად, სახლების ახდილი სახურავები სახიფათოა ნალექების ჩადინებისთვის, რაც ხშირად მთელ სახლს ალპობს. როგორც გითხარით, ჩვენი ტორნადოები არ არის ძლიერი ჩვენი რელიეფის გამო. თუმცა უნდა გითხრათ, რომ არსებობენ ტორნადოები, რომელთა ხანგრძლივობა საათზე მეტხანს გრძელდება, ამასთანავე, 320-480 კმ/სთ სიჩქარით მქროლავი ქარი ახლავს, რაც სახუმარო ნამდვილად არ არის. მსგავსი ტორნადო ძალიან საშიშია, მისი შეჯახებით 1989 წელს ბანგლადეშში 1300 კაცი დაიღუპა.
- ჩვენს სანაპიროსთან ახლოს, შავ ზღვაზე რომ უკვე რამდენიმე ტორნადო იყო, გემებისთვის არ არის საშიში?
- უფრო ნავებისათვის ან კატერებისთვის არის საშიში. თუმცა, საბედნიეროდ, ჩვენთან არ ყოფილა შემთხვევა, რომ ზღვაზე ტორნადო "თავს დასხმოდეს" ნავს და ამოეტრიალებინოს. ძირითადად, ზღვის ტორნადო ზღვის ტალღებზევე მიილევა ხოლმე და ნაპირზე არ გადმოდის, თუმცა, თუ არ ვცდები, 1980 წელს შედარებით შესუსტებული ტორნადო ნაპირზე გადმოვიდა, მაგრამ ხალხი ძალიან შეაშინა.
- როგორც ირკვევა, ტორნადო შესაძლოა ნებისმიერ ადგილას წარმოიქმნას. როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს შეშინებული ადამიანი.
- სასწრაფოდ უნდა მოვეგოთ გონს და იმ რამდენიმე წამში, რაც გვაქვს, თავი შევაფაროთ რაიმე ადგილს, ან მიწაზე დავწვეთ, რადგან ამ დროს ვერტიკალურად, ფეხზე დგომას, ასე სჯობს, სანამ ტორნადო გადაივლის. გარდა ამისა, უნდა ვიცოდეთ, რომ ტორნადო არა რაიმე ზეციური მოვლენა, არამედ ბუნების ნამოქმედარია, რომელიც ჩაივლის. ამის მიუხედავად, გისურვებთ არასოდეს მოხვედრილიყავით ტორნადოებში.