"მშობლებს ეგონათ, ფრონტის ხაზიდან მოშორებით იყო, სინამდვილეში ცხელ წერტილებში იბრძოდა“
"უკრაინაში დაიბადა და გაიზარდა, მაგრამ სულით ქართველი იყო. ბრძოლაც ქართული იცოდა და მეგობრობაც", - ამბობენ 28 წლის რევაზ გეგეჭკორის თანამებრძოლები. აფხაზეთიდან დევნილი ოჯახის შვილი 25 წლის იყო, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. მაშინ, როცა ბევრი ქვეყნიდან წასვლას ცდილობდა, ის იარაღის რიგში იდგა და ჯარში მოხალისედ ჩაწერას ცდილობდა. გამორჩეული აღნაგობისა და მოტივაციის მქონე ახალგაზრდა ნაციონალურ გვარდიაში მალევე ჩაირიცხა. მშობლებს არწმუნებდა, წინა ხაზზე არა ვარო, თუმცა სინამდვილეში ყველაზე მძიმე ბრძოლებში მონაწილეობდა. უფრო მეტს მისი მამიდაშვილი ირაკლი როსტობაია და და - იულია გეგეჭკორი გვიამბობენ.
"სულ გვქონდა იმედი, რომ ცოცხალი იყო და ერთ დღეს აუცილებლად დაბრუნდებოდა"
იულია გეგეჭკორი: - ჩემი ძმა ძალიან კეთილი და სამართლიანი ადამიანი იყო. უნივერსიტეტი ახალი დასრულებული ჰქონდა, გეგმები ჰქონდა, მომავალზე ფიქრობდა, ოჯახურ ბიზნესშიც იყო ჩართული და ნელ-ნელა საკუთარ საქმესაც აწყობდა. ომი რომ დაიწყო დაუფიქრებლად, თავის საუკეთესო მეგობართან ერთად წავიდა სამხედრო კომისარიატში ჯარში ჩასაწერად. მაშინ სამხედრო კომისარიატები გადატვირთული იყო, თან სამხედრო გამოცდილება არ ჰქონდა და ასაკითაც ახალგაზრდა იყო - მხოლოდ 25 წლის და არ მიიღეს. ამის შემდეგ ბლოკპოსტებზე მორიგეობდა, პატრულირებდა, ქალაქს იცავდა.
- როგორც გავიგე, დევნილებსაც იფარავდა.
- დაახლოებით 35 კაცი შევიფარეთ, ძირითადად, ირპენიდან და ხარკოვიდან. რევაზი მათ საკვებით, თავშესაფრით, ტრანსპორტირებით ეხმარებოდა. როცა სიტუაცია უფრო საშიში გახდა და რუსული ძალები უკვე მათ რეგიონსაც უახლოვდებოდნენ, რევაზი ხალხის ევაკუაციაში ჩაერთო. საკუთარი მანქანით გადაჰყავდა დასავლეთ უკრაინაში, შედარებით უსაფრთხო რეგიონებში. იქ რამდენიმე თვე დარჩა და მოხალისეობრივ საქმიანობას აგრძელებდა.
- შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები?
- მას შემდეგ, რაც უკრაინულმა არმიამ შეტევა ნაწილობრივ მოიგერია და რეგიონში მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა, რევაზი სახლში დაბრუნდა და ისევ ოჯახურ ბიზნესში ჩაერთო, მაგრამ აქტიურად ეხმარებოდა უკრაინის არმიას, აგროვებდა საჭირო ნივთებს, მონაწილეობდა სხვადასხვა მოხალისეობრივ აქტივობაში. ამავე დროს, სამხედრო საქმეს სწავლობდა. ხშირად დადიოდა სასროლეთზე, ვარჯიშობდა, სწავლობდა იარაღის გამოყენებას.
- საბოლოოდ როდის წავიდა?
- ომის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ, როცა 27 წლის გახდა, ოფიციალური გაწვევის უწყება მიიღო. დაუფიქრებლად შეუერთდა უკრაინის ეროვნულ გვარდიას. დაახლოებით ერთი წელი გადიოდა მომზადებას, შემდეგ კი ფრონტზე გაგზავნეს თავისივე ასაკის ბიჭებთან ერთად. ჩემი ძმა არასოდეს ცდილობდა საფრთხისთვის თავის არიდებას. პირიქით, ყოველთვის ამბობდა, რომ საკუთარი ხალხისა და მეგობრების გვერდით უნდა ყოფილიყო. 2025 წლის 21 ივნისს დაიღუპა. ის და მისი თანამებრძოლები ნაღმსატყორცნის ცეცხლში მოყვნენ. ყველაზე მძიმე ის იყო, რომ ეს მხოლოდ 2026 წლის მაისში გავიგეთ. თითქმის ერთი წელი რევაზი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. მაინც გვქონდა იმედი, რომ ცოცხალი იყო და ერთ დღეს აუცილებლად დაბრუნდებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში დავიბადეთ და გავიზარდეთ, მამა ბავშვობიდანვე ქართულ ტრადიციებსა და კულტურას გვაცნობდა. ჩვენ ხშირად ჩამოვდიოდით საქართველოში, დიდ ოჯახთან ახლო ურთიერთობა გვქონდა. განსაკუთრებით რევაზს უყვარდა თბილისში ყოფნა. სხვათა შორის, ერთხელ მეგობართან ერთად თბილისის მარათონში მიიღო მონაწილეობა. რევაზი სპორტული ადამიანი იყო. ჩემი ძმა ყველგან ძალიან უყვარდათ, უკრაინაშიც და საქართველოშიც. ვისაც ერთხელ მაინც ჰქონია მასთან ურთიერთობა, ყველას ნათელ, გულწრფელ და ძლიერ ადამიანად დაამახსოვრდა. მის გვერდით ყოფნისას სიმშვიდეს და სითბოს გრძნობდი. მისი დაღუპვა მთელი ოჯახისთვის უდიდესი ტრაგედიაა
"ომის დასრულების შემდეგ სამხედრო კარიერის გაგრძელებაც უნდოდა"
ირაკლი როსტობაია: - რევაზი ძალიან გულწრფელი და კეთილი ადამიანი იყო. მშობლები გალიდან არიან. 90-იან წლებში, ომის დროს, ბიძაჩემი იძულებული შეიქნა უკრაინაში წასულიყო. თავიდან მოუწია ცხოვრების დაწყებამ - დაქორწინდა, შეეძინა შვილები, რევაზი და იულია. ჟიტომირის ოლქში, სოფელ კრასნობიერკაში დასახლდა. წლების განმავლობაში საკუთარი საქმე ააწყო, ყველის საწარმო ჰქონდათ. ხშირად ჩავდიოდით ერთმანეთთან. ომის დაწყებისთანავე ოჯახისთვის ცხადი შეიქნა, რომ სიტუაცია ძალიან საშიში იყო და გერმანიაში წასვლა გადაწყვიტეს. რევაზი კატეგორიულ უარზე დადგა, რუსებმა ერთხელ უკვე მოშალეს ჩემი წინაპრების კერა, გაქცევას აღარ ვაპირებო და, საცოლესთან ერთად უკრაინაში დარჩა. სამხედრო გამოცდილება არ ჰქონდა, კოლეჯიც და უნივერსიტეტიც ბიზნესის მიმართულებით ჰქონდა დამთავრებული. უახლოეს მიმავალში დაოჯახებას აპირებდა, მაგრამ ომის დაწყების შემდეგ სწრაფად შეისწავლა ყველაფერი, რაც სამხედრო საქმეს უკავშირდებოდა და საბოლოოდ დრონების სპეციალისტი გახდა. მერე უკვე რვაკაციან ჯგუფსაც ხელმძღვანელობდა. მისივე თანამებრძოლებისგან ვიცი, რომ ძალიან მამაცი ბიჭი იყო. რამდენჯერმე ისეთი სიტუაციიდან გამოვიდა, სადაც ბევრს გადარჩენის შანსიც არ ექნებოდა. ბოლოს დონეცკის მიმართულებაზე გადაიყვანეს, ერთ-ერთ ყველაზე რთულ მონაკვეთში. საცოლისათვის მიუწერია, შეიძლება აქედან ვეღარც გამოვიდეო. რუსებმა ზუსტად იცოდნენ, სად იმყოფებოდა მისი ჯგუფი. როგორც მერე გაირკვა, მათ თვეების განმავლობაში ზვერავდნენ. ერთ მომენტში ძალიან ძლიერი შეტევა დაიწყეს, საარტილერიო დაბომბვა უწყვეტად მიმდინარეობდა. ოთხივე ბიჭი, 21, 24 და 27 წლის მებრძოლები, დაიღუპა. ყველაზე უფროსი ჩემი ბიძაშვილი იყო. მე და ჩემი ძმა იმ ადგილის სანახავად წავედით. რაც იქ ვნახეთ, სიტყვებით რთული ასახსნელია, მთლიანად გადამწვარი ტერიტორია იყო, ყველაფერი განადგურებული.
რევაზის მამას ომის ტკივილი ერთხელ ჰქონდა გადატანილი. აფხაზეთში მამა და ძმა საკუთარ სახლში დაუხვრიტეს, სიძე - ანუ მამაჩემი - ტამიშთან ბრძოლაში დაიჭრა და შემდეგ ქუთაისში გარდაიცვალა. ამიტომ ყველაფერს აკეთებდა, რომ რევაზიც ფრონტის ხაზს მოეშორებინა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. სხვათა შორის, რევაზი მისი ძმის სახელი იყო, ისე გამოვიდა, რომ ბიძაჩემს ორივე რევაზი რუსებმა წაართვეს.
- ომის დაწყების შემდეგ რევაზთან სატელეფონო კავშირი ხშირად გქონდათ?
- კი, თითქმის ყოველი საუბრის დროს ერთსა და იმავეს მეუბნებოდა, დედაჩემს და მამაჩემს არ უთხრა, სადაც ვარო. მშობლებს ეგონათ, ფრონტის ხაზიდან მოშორებით იყო, სინამდვილეში ცხელ წერტილებში იბრძოდა. ისეთი მოტივირებული იყო, ომის დასრულების შემდეგ სამხედრო კარიერის გაგრძელებაც უნდოდა.
- ქართული იცოდა?
- ქართულიც იცოდა და საქართველოც ძალიან უყვარდა. ბავშვობიდან ხშირად ჩამოდიოდა. გალში ერთხელ არის ნამყოფი, თბილისში კი ხშირად.
ხათუნა ბახტურიძე