სკანდალური დოკუმენტი ანუ რას უპირებს პუტინი სომხეთს?! - კვირის პალიტრა

სკანდალური დოკუმენტი ანუ რას უპირებს პუტინი სომხეთს?!

მოსკოვი ერევანს ემუქრება, რომ ცალმხრივად შეაჩერებს ან შეწყვეტს ბუნებრივი აირის, ნავთობპროდუქტებისა და დაუმუშავებელი ბრილიანტების მიწოდებასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებს, თუ სომხეთი ევროკავშირთან დაახლოებას გააგრძელებს. ამის შესახებ რუსეთის ენერგეტიკის მინისტრ სერგეი ცივილევის წერილში წერია, რომელიც მან სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაუგზავნა. ასლი რუსულმა “კომერსანტმა” მოიპოვა.

„ევროკავშირთან ურთიერთქმედების გაღრმავებისკენ მიმდინარე პრაქტიკული ნაბიჯები და ევროკავშირში სომხეთის გაწევრიანების დეკლარირებული მისწრაფება საფრთხეს უქმნის რუსეთ-სომხეთის მაღალი დონის თანამშრომლობის შენარჩუნებასა და განვითარებას, რომლის ერთ-ერთი საფუძველი ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებია,“ - წერია წერილში.

ცივილევი ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ერევნის მცდელობები “ათწლეულების განმავლობაში აშენებული პარტნიორობის ბუნებას არ შეესაბამება.“

2013 წლის შეთანხმებით, რუსეთმა სომხეთში ნავთობპროდუქტებზე, გაზსა და ბრილიანტებზე საექსპორტო გადასახადები უვადოდ გააუქმა. დოკუმენტი იყო ნაბიჯი ქვეყნის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებისკენ და ამჟამად სომხეთი რუსულ გაზზე, თითქმის, მთლიანად არის დამოკიდებული. კერძოდ, „კომერსანტის“ მონაცემებით, 2025 წელს „გაზპრომმა“ ქვეყანას, დაახლოებით, 2.7 მლრდ კუბური მეტრი გაზი მიაწოდა. თავად პუტინიც ამბობს, რომ ერევნისთვის ამჟამინდელი შეღავათიანი ფასი ათას კუბურ მეტრზე 177 დოლარს შეადგენს, ხოლო 25 მაისს მისმა პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ერევანი გააფრთხილა, რომ თუ სომხეთი ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან გავა, გაზის ფასი საბაზრო გახდება.

ასევე, სომხეთი უბაჟოდ რუსეთიდან ყოველწლიურად, დაახლოებით, 0.9-1 მლნ ტონა ნავთობპროდუქტების იმპორტს ეწევა. თუმცა ბოლო წლებში რესპუბლიკა მიწოდების დივერსიფიკაციას ახდენს, კერძოდ, AI-95-ის ბენზინს რუმინეთიდან, ეგვიპტიდან და ბულგარეთიდან, ხოლო 2025 წლის დეკემბრიდან აზერბაიჯანიდან ყიდულობს. მშვიდობის დამყარების შემდეგ ბაქომ ერევნისთვის სატრანზიტო შეზღუდვები მოხსნა და როგორც პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ამბობს, მიწოდების მოცულობამ უკვე 12 000 ტონას მიაღწია. რაც შეეხება ბრილიანტს, რუსეთი კვლავ უმსხვილესი მიმწოდებელია, რომლის წილიც იმპორტში, თითქმის, 50%-ს შეადგენს, თუმცა სომხეთი დაწახნაგების შემდეგ, ძირითადად, მათ რეექსპორტს ეწევა.

ენერგეტიკული მუქარის პარალელურად მოსკოვმა მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის, ანუ „როსპოტრებნადზორის“ მეშვეობით სომხეთზე ზეწოლა გაზარდა. კერძოდ, 23 მაისს უწყებამ სამი სომხური მწარმოებლის, VEDI-ALCO-ს, “აბოვიანის კონიაკის ქარხნისა” და “შაჰნაზარიანის” ალკოჰოლური სასმელების გაყიდვა შეაჩერა, ხოლო ერთი დღით ადრე რუსეთში სომხური მინერალური წყლის, “ჯერმუკის” იმპორტი და გაყიდვა აიკრძალა.

ასევე, მანამდე ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა (“როსსელხოზნადზორმა”) დარღვევები სომხური ხილბოსტნეულის იმპორტშიც აღმოაჩინა. „როსსელხოზნადზორი“ აცხადებს, რომ მთლიანობაში სომხურ ხილბოსტნეულში საშიში მწერებითა და ბაქტერიებით დაბინძურების 146 შემთხვევა აქვს გამოვლენილი და, თითქოს, სომხეთიდან რუსეთში ფალსიფიცირებული კალმახი შედის, რაც, „სავარაუდოდ, ევროპული წარმომავლობისაა.“ რუსეთი, ასევე, სომხურ ყველსა და კარაქზე გამოთქვამს პრეტენზიას.

სულ პირველად საიმპორტო აკრძალვა სომხურ ყვავილებს შეეხო, რაც 22 მაისიდან ძალაში შევიდა. კერძოდ, „როსსელხოზნადზორი“ ამ გადაწყვეტილებას „რუსეთის ფიტოსანიტარიული უსაფრთხოებისა და ექსპორტის პოტენციალის დაცვით“ ხსნის. უწყების ცნობით, ამ საქონელში „საკარანტინო ობიექტები“ ისევ ვლინდება. კერძოდ, სპეციალისტებმა 96.2 მლნ იმპორტირებულ ყვავილს შორის დაბინძურების 135 შემთხვევა გამოავლინეს. მთელი 2025 წლის განმავლობაში ასეთი 176 შემთხვევა დაფიქსირდა. მარეგულირებლის ადრინდელი ანგარიშის თანახმად, ეს ყვავილის კალიფორნიული ტრიპსია.

The Moscow Times-ის შეფასებით, მოსკოვის შეზღუდვები დაემთხვა სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაციებას მას შემდეგ, რაც ერევანი ევროკავშირთან დაახლოების გზას დაადგა: 2025 წლის მარტში ქვეყნის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს იწყებს, თავად პრემიერი კი ევროკავშირს სომხეთის „მთავარ პარტნიორს“ უწოდებს. სომხეთმა, ასევე, მიიღო კანონი, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას აღიარებს, ამ სასამართლოს კი პუტინის დაპატიმრების ორდერი აქვს გაცემული. ამასთან, ერევანმა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტზე მიიწვია.

განაგრძე კითხვა