"ირაკლი, შენ არ იცი, რა გელის... შენ შეძლებ იმას, რაც არავის გაუკეთებია! - ეს იყო განგება ღვთის
(არქივი)
...შენ შეძლებ იმას, რაც არავის გაუკეთებია!
ჯერ კიდევ მისი სტუდენტობისას ასეთი რამ გადახდა უწმინდესს: საძინებელ ოთახში რამდენიმე სტუდენტი ერთად ცხოვრობდა. ერთ ღამეს, როდესაც ყველას ეძინა, ერთ-ერთ მათგანს ხმა ჩაესმა: - ირაკლი, შენ არ იცი, რა გელის... შენ შეძლებ იმას, რაც არავის გაუკეთებია! - სტუდენტმა თავი წამოსწია, რომ ენახა, ვინ ელაპარაკებოდა. მის გვერდით ყველას ეძინა.
ეს იყო განგება ღვთისა!
"ჩემი აღკვეცის დროს, როცა მონაზვნებმა თავიანთი მანტიები გადამაფარეს, რატომღაც მეგონა, რომ ერეკლეს“ მიწოდებდნენ. ჩვენს ოჯახში კარგად იცნობდნენ მეფე ერეკლეს ცხოვრებას და ჩემს მშობლებს ძალიან უყვარდათ იგი. სწორედ მის პატივსაცემად მიწოდეს ირაკლი. და აი, ველოდებოდი, რა სახელს იტყოდნენ. მეუფე ზინობმა კი უეცრად წარმოთქვა: ილია! ეს მოულოდნელი იყო ჩემთვის და თითქოს შევწუხდი კიდეც ამის გამო. სიტყვას და მით უფრო, სახელს, საოცრად დიდი ძალა აქვს. ერეკლე ნიშნავს ფიზიკურ ძალას,„ილია“ კი - ღვთის ძალას. საოცარი დამთხვევა მოხდა - ფიზიკური ძალა, ღვთის ძალით შეიცვალა. ეს იყო განგება ღვთისა!"
"მან ჩემი პატრიარქობა იწინასწარმეტყველა"
"მინდა გიამბოთ ჩემს მოძღვარზე, მამა შიოზე, რომელმაც ჩემი პატრიარქობა იწინასწარმეტყველა. ამ დიდ ადამიანს ასეთი საოცარი თვისება ჰქონდა, როცა იგი ხედავდა, რომ რომელიმე ცოდვა ძალიან მაწუხებდა, მომეხვეოდა ხოლმე და მეტყოდა: უფალი, ღმერთი მოწყალეა! მეც მქონია ასეთი ცოდვა, ნუ გეშინიაო" - აი, ასე მანუგეშებდა ხოლმე. მახსენდება, როცა იგი მწოლიარე ავადმყოფი იყო (მაშინ ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ვიყავი). იგი ლოგინიდან ადგა, წამოიყოლა ორი ადამიანი და სოხუმში ჩამოვიდა. ძალიან გამიკვირდა, ასეთი მძიმე ავადმყოფი სოხუმში რატომ ჩამოვიდა-მეთქი. აღდგომის წინა ოთხშაბათი იდგა. მამა შიოს ახსოვდა, რომ ამ დღეს მე აუცილებლად ვამბობდი აღსარებას. თავად მოვიდა და მითხრა: "აბა, მეუფეო, მოემზადე აღსარებისთვის". აი, ასეთი დიდი მოძღვარი მყავდა, ასეთი მოწყალე. ამის შემდეგ სულ ერთი კვირა გავიდა და მამაო ლოგინად ჩავარდა. იგი უგონოდ იყო და იძახდა: მეუფეო, მეუფეო! სახელს არ ამბობდა და იფიქრეს, რომ მე მეძახდა. ამიტომ დები შუშანიები სოხუმში ჩამოვიდნენ, მოვიდნენ და მითხრეს: უგონოდაა და შენ გიხმობსო. მე მაშინვე მოვემზადე და მასთან წავედი, თან წავიღე ზიარება. მამა შიოს მოძღვარი იყო მამა კონსტანტინე ქვარაია. რომ მივედი, მამა შიო თითქმის ვერ მცნობდა. მაშინვე მისი მდგომარეობა მამა კონსტანტინეს შევუთვალე, მან არ იცოდა, რომ ასე მძიმედ იყო, და იფიქრა, რომ რამდენიმე დღის შემდეგ აზიარებდა მამაოს. ამიტომ თვითონ შევედი მამა შიოსთან: თუ გინდა, მე თვითონ გაზიარებ-მეთქი, გაუხარდა; მინდა ჩქარა მაზიაროო. აღსარებისას ისეთი წუხილი ჰქონდა, მეგონა, ლოცვების დროს გარდაიცვლებოდა, მაგრამ მადლობა ღმერთს, ყველაფერი აიტანა, ეზიარა და მოხდა სასწაული: ავადმყოფობამ გაუარა და იგი სრულიად დამშვიდდა, თითქოს აღარაფერი სტკიოდა, მე მის გვერდით ჩამოვჯექი სულ მთლად გაოფლილი, რადგან მეშინოდა, რომ არ გარდაცვლილიყო. უეცრად მან ხელი დამადო და მითხრა: პატრიარქო, ჩემო პატრიარქო!“მან ჩემი პატრიარქობა იწინასწარმეტყველა".