"ძალიან მძიმე დღე გაგვითენდა! დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ ავტომობილმა რამდენიმე მეტრის მანძილზე მოისროლა" - იტალიაში ქართველი ემიგრანტი ქალი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

"ძალიან მძიმე დღე გაგვითენდა! დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ ავტომობილმა რამდენიმე მეტრის მანძილზე მოისროლა" - იტალიაში ქართველი ემიგრანტი ქალი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა

იტალიაში, ქართველი ემიგრანტი ქალი 32 წლის ეკა ჯაჯვანი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ემიგრანტების ჯგუფში ვრცელდება.

"ძალიან მძიმე დღე გაგვითენდა!!! ტრაგიკულად გარდაიცვალა ქართველი ემიგრანტი 32 წლის ეკა ჯაჯვანი,უდინეს პროვინციაში მანქანამ გაიტანა. ძალიან მიმძიმს პოსტის წერა. ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, უდინეს ემიგრანტებს და სრულიად საემიგრაციოს. ... ძალიან გთხოვთ ილოცეთ მისი სულის სიმშვიდისთვის" - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იტალიაში ქართული დიასპორული მედიის Apriori TV-ის ჟურნალისტი ხათუნა შარაძე იტალიურ მედიზე დაყრდნობით წერს, რომ შემთხვევა უდინეს პროვინციაში, ქალაქ ტრიჩეზიმოში მოხდა.

"ის ქალაქ რეანა დელ როიალეში ცხოვრობდა და მცირეწლოვანი შვილის დედა იყო. გზას კვეთდა ბიძაშვილთან ერთად, როდესაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. არსებული ცნობებით, ქალი ქვეითთა გადასასვლელზე არ იმყოფებოდა.

დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ ავტომობილმა რამდენიმე მეტრის მანძილზე მოისროლა.

საჭეს 26 წლის ადგილობრივი ახალგაზრდა მართავდა, რომელიც შემთხვევის შემდეგ ადგილზე გაჩერდა.

ეკატერინესთან მყოფი ბიძაშვილი ფიზიკურად არ დაშავებულა, თუმცა მძიმე ფსიქოლოგიურ შოკში იმყოფება.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი, თუმცა ექიმებმა ქალის გადარჩენა ვერ შეძლეს" - წერს ხათუნა შარაძე.