პაპუნა ლოცულაშვილი, რომელზეც პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო კლინიკაში გადაიყვანეს - რას აცხადებს ადვოკატი - კვირის პალიტრა

პაპუნა ლოცულაშვილი, რომელზეც პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო კლინიკაში გადაიყვანეს - რას აცხადებს ადვოკატი

პაპუნა ლოცულაშვილი, რომელზეც გორში პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო, კლინიკაში გადაჰყავთ.

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მისმა ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ განუცხადა.

მანამდე, ადვოკატმა გაავრცელა სოციალურ ქსელში ვიდეო, სადაც ჩანს სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელშიც საკაცეზე მოთავსებულია პაპუნა ლოცულაშვილი.

ადვოკატის ინფორმაციით, რამდენადაც მისთვის ცნობილია, ლოცულაშვილი გადაყავთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (თსსუ) პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში.

"ჰქონდა თავის ტკივილი, გულის რევის შეგრძება, აღებინა, არის ძალიან სუსტად, აქვს ტკივილები და როდესაც ოჯახმა გამოიძახა სასწრაფო, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ჩათვალა საჭიროდ, გადაიყვანოს კლინიკაში, უნდა ჩაუტარდეს დამატებით კვლევები", - დასძინა ადვოკატმა.

ამასთან, ადვოკატი საუბრობს ფსიქოლოგიურ სტრესზე, რომელიც მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა მიიღო.

"ვიცით, რომ მას აქვს ფსიქოლოგიური სტრესი წამების მსხვერპლია. ეს უნდა შეფასდეს ერთობლიობაში, რომელსაც იმედი მაქვს, კლინიკა შეაფასებს", - აღნიშნავს ადვოკატი.

განაგრძეთ კითხვა