ოსი მარიონეტების პარანოია: "არიქა, პრეზიდენტად ქართველს დაგვინიშნავენ" - პუტინმა თბილისს ცხინვალში უპასუხა?!
რუსეთმა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან ახალ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომელიც "ორ ქვეყანას შორის მოკავშირეობრივი თანამშრომლობის გაღრმავებას" ისახავს მიზნად. დოკუმენტი ჯერ რუსეთის დუმამ, შემდეგ კი ცხინვალის ე.წ. პარლამენტმა დაამტკიცა. ოს პოლიტიკოსებს არ განუმარტავთ, კონკრეტულად რა სარგებელს მიიღებს მოსახლეობა - მხოლოდ საზეიმო განცხადებები გაკეთდა "რუსეთთან კიდევ ერთ დაახლოებაზე".
ოსების დიდი ნაწილი შეთანხმებას მიესალმა, თუმცა ოპოზიციურ ტელეგრამარხებზე მწვავე კრიტიკაც გაჩნდა. ყველაზე დიდი განხილვა ტელეგრამარხ "ბორნვარნონზე" გაიმართა, ამ ხელშეკრულების წინააღმდეგია მხოლოდ ის, ვისაც საქართველოსთან გაერთიანება სურსო... დაიწერა, რომ "საინტერესოა მათი რეაქცია, ვინც ბუტბუტებს: რუსეთი მალე დაუბრუნებს საქართველოს აფხაზეთსა და ოსეთს". თუმცა ასევე უხვადაა უკმაყოფილო გამოხმაურებებიც, რომ დოკუმენტი კაბალურია, ადგილობრივ მოსახლეობას არანაირი პრეფერენციები არ ექნება. პროტესტი გამოიწვია იმანაც, რომ "ოსურ კონსტიტუციაში" ცვლილებები ერთ სხდომაზე მიიღეს, მოსახლეობასთან განხილვისა და რეფერენდუმის გარეშე. ნაწილი იმითაცაა უკმაყოფილო, რომ დოკუმენტი მხოლოდ რუსულ ენაზეა შედგენილი. ყველაზე მწვავე რეაქცია დოკუმენტის მე-2 მუხლს მოჰყვა, რომელსაც კომენტარებში "კუბოზე ბოლო ლურსმანი" და ცალმხრივი დათმობა უწოდეს. შეთანხმების მეორე მუხლის მიხედვით, "სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის" ან "მთავრობის წევრის" პოსტი შესაძლოა რუსეთის მოქალაქემაც დაიკავოს ისე, რომ "სამხრეთ ოსეთის" მოქალაქე არც იყოს, და პირიქით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ან მთავრობის წევრის თანამდებობა თეორიულად შეიძლება დაიკავოს "სამხრეთ ოსეთის" მოქალაქემ, რომელიც არ არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე. ამ მუხლის ასამოქმედებლად დასჭირდათ ოსებს "კონსტიტუციასა" და სხვა "კანონებში" ცვლილებების შეტანა.
"რა მოხდება, თუ ხვალ სამხრეთ ოსეთში პრეზიდენტად ან პრემიერ-მინისტრად რუსული პასპორტის მქონე, მაგრამ ოსეთის მოქალაქეობის არმქონე პირი იქნება წარდგენილი? - წერს "ბორნვარნონი", - რა მოხდება, თუ ეს ადამიანი ეთნიკური ქართველია, რომელსაც მოსკოვში ქართული ლობი ჰყავს? თეორიულად ეს შესაძლებელია. როგორც ჩანს, გაგლოევს არც ესმოდა, რას მოაწერა ხელი. ახლა კი გვაქვს საშიში და იურიდიულად ბუნდოვანი დოკუმენტი... რაც შეეხება არგუმენტს, რომ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეს, შეუძლია რუსეთის მთავრობაში თანამდებობის დაკავება, ჩვენ დავწერეთ: რუსეთში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს არ შეუძლიათ სამთავრობო თანამდებობების დაკავება. ეს ლამაზი ილუზიაა, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ შეთანხმებას "თანაბარი პარტნიორობის" სახე მიეცეს. სინამდვილეში ეს ცალმხრივი დათმობაა?"
ამ პოსტს მოჰყვა ვრცელი განხილვა: "რუსეთის საჯარო უწყებებში არათუ თანამდებობაზე, არამედ რიგით თანამშრომლად ვერ იმუშავებ, თუკი სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობას არ გააუქმებ"... "ჩვენ გვინდა რუსეთთან შეერთება, მაგრამ ამაზე არც ერთი სიტყვა არ თქმულა. ახლა არაფერს ვუერთდებით, უბრალოდ, უნდათ ბატონები დაგვინიშნონ"...
განხილვა გამოიწვია შეთანხმების სხვა პუნქტებმაც. "დოკუმენტში წერია, რომ სასაზღვრო კონტროლი გაუმჯობესდება და შეიძლება ეს კონტროლის კიდევ უფრო გამკაცრებას გულისხმობდეს იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი სტატუს-კვო ძალიან მოგვაგონებს გეტოს?!" - დაწერა მომხმარებელმა.
ხელშეკრულებას თბილისშიც გამოეხმაურნენ. საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ რუსეთი "აგრძელებს საერთაშორისო ვალდებულებების უგულებელყოფას და დგამს ნაბიჯებს საქართველოს რეგიონების ანექსიისკენ", პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის თქმით კი, "წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მოშლის პირობებში" საქართველოს შესაძლებლობები შეზღუდულია.
"ეს სუფთა ვაჭრობის თემაა და არა ცხინვალთან რაიმე სერიოზული ხელშეკრულების გაფორმება"
ზურაბ ბენდიანიშვილი, კოალიცია "დევნილთა უფლებების" თავმჯდომარე: - საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლები იყვნენ ერევანში, ზელენსკისთან შედგა ხანმოკლე საუბარი, შემდეგ კი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრსაც შეხვდნენ. რუსეთს ეს უყურადღებოდ არ დარჩენია და, ჩემი აზრით, ცხინვალის რეგიონთან გაფორმებული ეს ხელშეკრულება საპასუხო მანევრი იყო. იმ დროს, როდესაც რუსეთი კავკასიაში სომხეთს კარგავს, აზერბაიჯანის თემა ისედაც ზედაპირზეა, ის ცდილობს საქართველოზე ზეწოლას. ეს არის გზავნილი საქართველოსთვის - თუ ისევ ევროპის კურსით წახვალთ, ჩვენ იძულებული ვიქნებით ჩამოგაჭრათ ტერიტორიები, როგორც ეს ყირიმის შემთხვევაში გავაკეთეთ. ეს სუფთა ვაჭრობის თემაა და არა ცხინვალთან რაიმე სერიოზული ხელშეკრულების გაფორმება. თუმცა ეს ვაჭრობა არ ნიშნავს, რომ რუსეთი ტერიტორიებს "დააბრუნებს". მოსკოვმა რამდენჯერ გაგვიმეორა, რომ "აღიარებული" ტერიტორიების დაბრუნება არ მოხდება და ამ რეალობას უნდა შევეგუოთ, მაგრამ ამავე დროს ამბობს, რომ მზად არიან საქართველოსთან უფრო გააღრმაონ თანამშრომლობა და დიპლომატიური ურთიერთობა აღადგინონ. დღეს, როდესაც მოსკოვშიც აღარ სხედან მშვიდად, ვფიქრობ, კრემლი ეძებს შექმნას წარმატების ან პოზიტიური მოქმედებების საინფორმაციო მიზეზები, რომ რაღაც ისეთი თქვას, მათ შორის ის, აი, კავკასიაში ჩვენ გავლენებს ვინარჩუნებთო.
- რა დივიდენდებს მიიღებენ ოსები ამ ხელშეკრულებით?
- ოსებს მოთხოვნა აქვთ, რომ რუსეთმა მიიერთოს. მათთვის მთავარია, გარანტირებულად ჰქონდეთ ის შემოსავალი, რომელიც დღეს სუბსიდიების სახით არის, ჰქონდეთ ის ხელფასები და პენსიები, რაც რუსეთშია, და უზრუნველყოფილი იყოს მათი ცხოვრება, ასევე ჩრდილოეთ ოსეთთან ერთად იყვნენ, ამიტომ რაღაც მეტი ინტეგრაციის ხელშეკრულება სასაცილოა. ამ ხელშეკრულებით ცხინვალში არაფერი იცვლება. იგივე პრობლემები დარჩება ზარამაგის საზღვარზეც, როდესაც ცხინვალიდან ჩრდილოეთ ოსეთში მიმავალ ოსებს უზარმაზარი რიგებისა და საბაჟო პროცედურების გავლა უწევთ. ეკონომიკური ინტეგრაცია ისედაც აქვთ - დენი, გაზი, ყველა ენერგორესურსი ისედაც რუსეთიდან არის, რაც ცხინვალში კეთდება - გზები, ინფრასტრუქტურა, ყველაფერი რუსეთიდან სუბსიდირდება და ახალი რა უნდა იყოს?! მეტი ფინანსური ინტერვენცია მოსალოდნელი არ არის, რადგან ეკონომიკურად თავად რუსეთს უჭირს. რუსებს უყვართ ასეთი პომპეზური ქაღალდების გაფორმება, მაგრამ ეს უფრო საქართველოსთვის გზავნილია, ვიდრე ის, რომ პუტინი რაღაც დოკუმენტებით ერთობა. ოსები კი იზეიმებენ - აი, კიდევ ერთხელ დავუახლოვდით რუსეთსო.
"ცხინვალი მზად არის ჩაჰბარდეს რუსეთს, მაგრამ რუსეთს დღეს ეს არ სჭირდება"
პაატა ზაქარეშვილი, რეინტეგრაციის საკითხების ყოფილი სახელმწიფო მინისტრი: - რუსეთს შეუძლია პირდაპირ მოახდინოს ანექსია, ამაში ვერავინ შეუშლის ხელს - ოსი საზოგადოების უმრავლესობა რუსეთთან მიერთებაზე თანახმაა. ჩვენდა საუბედუროდ, ამას წინააღმდეგობას ვერც ქართული მხარე გაუწევს და ეს სამარცხვინო იქნება. თუმცა რუსეთი ფორმალურად პირდაპირ მიერთებას არ აკეთებს, იმიტომ, რომ ეს საქართველოში მღელვარებას გამოიწვევს. "ქართულმა ოცნებამ" შეიძლება მოინდომოს სიტუაციის მიჩქმალვა, მაგრამ ქართველი საზოგადოებისთვის ეს მიუღებელი იქნება. გაიხსენეთ, ივანიშვილი როგორ ცდილობდა ბოდიში მოეხადა და როგორ უცებ ჩაიფარცხა, იმიტომ, რომ აშკარად არაპოპულარული იყო. ეს ახსოვს რუსეთსაც და, შესაბამისად, ცდილობს არ გადადგას უტიფარი და საჯარო ნაბიჯები. ცხინვალი მზად არის ჩაჰბარდეს რუსეთს, მაგრამ რუსეთს დღეს ეს არ სჭირდება. ამიტომ ცხინვალის რეგიონის ათვისებას შემოვლითი გზით, ნაბიჯ-ნაბიჯ შეეცდება. ცხინვალში არიან ადამიანები, ექსპერტები, ასევე ყოფილი პოლიტიკოსები, რომლებიც ხელშეკრულებას აკრიტიკებენ, თუმცა ისინი უმცირესობაში არიან. მთავარი განხილვის თემაა ის, რომ ამ შეთანხმების მიხედვით, რუსეთის ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დაიკავოს მაღალი თანამდებობა ცხინვალში ისე, რომ არ დასჭირდება ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა. რადგან ეს ხელშეკრულება ორმხრივია, წესით, იგივე პრინციპი უნდა ამოქმედდეს რუსეთშიც, მაგრამ რუსეთის კანონმდებლობა კრძალავს რუსეთში მაღალი თანამდებობა დაიკავოს პირმა, ვისაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობაც აქვს. ამდენად, აქ უკვე აშკარად ირღვევა პარიტეტი და ნათლად ჩანს, რომ რუსეთს სულ არ ადარდებს სამართლიანობა და ლეგიტიმაცია. ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური აქტი, რომელიც მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე არსებული პრობლემების მთლიანად ანექსიისკენ.