სომხეთ-რუსეთის დაპირისპირებაში საქართველოც მოჰყვება?! - "ეს სიგნალი უნდა იყოს ჩვენთვის" - კვირის პალიტრა

სომხეთ-რუსეთის დაპირისპირებაში საქართველოც მოჰყვება?! - "ეს სიგნალი უნდა იყოს ჩვენთვის"

ეს უნდა იყოს სიგნალი საქართველოსთვის“, - ასე აფასებს „ბიზნესპრესნიუსთან“ ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ინიციატივა „ჯერ საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ნიკოლოზ ალავიძე რუსეთის მიერ სომხეთიდან გარკვეული პროდუქციის იმპორტის აკრძალვას.

შეგახსენებთ, რუსეთ-სომხეთის სავაჭრო ომი გრძელდება, მოსკოვი ერევანს ემუქრება, რომ ცალმხრივად შეაჩერებს ან შეწყვეტს ბუნებრივი აირის, ნავთობპროდუქტებისა და დაუმუშავებელი ბრილიანტების მიწოდებასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებს, თუ სომხეთი ევროკავშირთან დაახლოებას გააგრძელებს.

ენერგეტიკული მუქარის პარალელურად, მოსკოვმა მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა, („როსპოტრებნადზორის“) 23 მაისს, სამი სომხური მწარმოებლის, VEDI-ALCO-ს, “აბოვიანის კონიაკის ქარხნისა” და “შაჰნაზარიანის” ალკოჰოლური სასმელების გაყიდვა შეაჩერა, ხოლო ერთი დღით ადრე, რუსეთში სომხური მინერალური წყლის, “ჯერმუკის” იმპორტი და გაყიდვა აიკრძალა.

ასევე, მანამდე “როსსელხოზნადზორმა” დარღვევები სომხური ხილბოსტნეულის იმპორტშიც აღმოაჩინა. „როსსელხოზნადზორი“ აცხადებს, რომ მთლიანობაში სომხურ ხილბოსტნეულში საშიში მწერებითა და ბაქტერიებით დაბინძურების 146 შემთხვევა აქვს გამოვლენილი და, თითქოს, სომხეთიდან რუსეთში ფალსიფიცირებული კალმახი შედის, რაც, „სავარაუდოდ, ევროპული წარმომავლობისაა.“ რუსეთი, ასევე, სომხურ ყველსა და კარაქზე გამოთქვამს პრეტენზიას. სულ პირველად კი, საიმპორტო აკრძალვა სომხურ ყვავილებს შეეხო, რაც ძალაში 22 მაისიდან შევიდა.

რუსეთის ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებს გამოეხმაურა სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი. როგორც მან აღნიშნა, „ჩვენ აღარ ვართ კონფლიქტის ჩიხი; ჩვენ მსოფლიოს გზაჯვარედინი ვართ“. მეტიც, მან რესპუბლიკაში სატრანზიტო გაზსადენის მშენებლობა დააანონსა და პირობა დადო, რომ ევროპული სტანდარტების მისაღწევად რეფორმებს გააგრძელებს.

როგორც ნიკოლოზ ალავიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, რუსეთის მიერ ეკონომიკური ბერკეტების იარაღად გამოყენება ძველი, გაცვეთილი სცენარია, თუმცა სომხეთი ამ გამოწვევას მომზადებული ხვდება.

ალავიძის განმარტებით, ეს უფრო საშიში სიგნალი შეიძლება საქართველოსთვის იყოს, რადგან ერევანი აქტიურად ახდენს პარტნიორებთან თანამშრომლობას და ხსნის ახალ საზღვრებს თურქეთსა და აზერბაიჯანთან, მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ქვეყანას რუსულ ბაზარს აბამს და დასავლურ სამყაროსთან სრულ იზოლაციაში აქცევს.

„პირველ რიგში, ეს, ბრჭყალებში და ირონიით რომ ვთქვათ, არის ერთი და იგივე გაცვეთილი სიმღერა, რომელსაც რუსეთის იმპერია უკვე დიდი ხანია, თავის ერთ-ერთ იარაღად იყენებს.

კარგად გვახსოვს საქართველოსთან მიმართებით ანალოგიური თემები. როდესაც ამ იმპერიის ეკონომიკაზე დიდად ხარ დამოკიდებული, მისთვის ეს ყველაზე სწრაფი გამოყენების იარაღია. ჩვენ გვახსოვს, ჩვენი ღვინისა და ქართული პროდუქციის ექსპორტთან დაკავშირებით როგორ განვითარდა მოვლენები და რა ზომები მიიღო რუსეთმა.

სომხეთის ეკონომიკა, სამწუხაროდ, კიდევ უფრო ძლიერად იყო მიჯაჭვული რუსეთის ეკონომიკაზე. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი ჩვენზე ბევრად უფრო პროდუქტიულია, იქნება ეს სოფლის მეურნეობის წარმოება თუ გადამამუშავებელი, საკვები პროდუქტების ინდუსტრია. ამ ყველაფრის მიუხედავად, ეს, რა თქმა უნდა, სომხეთისთვის მნიშვნელოვანი დანაკარგია.

თუმცა, ამას სომხეთი მოუმზადებელი ნამდვილად არ ხვდება. ეს არ არის რუსეთის მხრიდან ე.წ. ბერკეტის გამოყენების პირველი მცდელობა, გამომდინარე აქედან, სომხეთისთვის მოულოდნელობა არ იქნება.

დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამისი კომპეტენტური სახელმწიფო ინსტიტუტები და კერძო სექტორი ამისთვის დიდი ხანია ემზადებოდნენ და გამოწვევას ძალიან მაღალი კომპეტენციით შეხვდებიან“, - აცხადებს „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ნიკოლოზ ალავიძე.

„სიგნალი უნდა იყოს ჩვენთვის - რუსეთის ნაბიჯებმა შესაძლოა, სომხეთზე მეტად საქართველო დააზიანოს“

რაც შეეხება საქართველოზე გავლენას, ალავიძის თქმით, ეს გარკვეულ გავლენას იქონიებს:

„რა თქმა უნდა, გადაზიდვების და ჩვენი სატრანზიტო კომუნიკაციის გამოყენების ნაწილში, მცირედი შემოსავლის დაკლება გვექნება. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული პროდუქციის დიდი ნაწილი საქართველოს გავლით ხვდებოდა რუსულ ბაზარზე და ამას მცირე, თუმცა სტაბილური შემოსავალი მოჰქონდა ჩვენი ქვეყნისთვის.

სატრანზიტო მოსაკრებლის თუ, მაგალითად, იმ ქართული კომპანიების ჩართულობის სახით, რომლებიც ექსპედიტორების ნაწილში მომსახურებას უწევდნენ სომხურ კომპანიებს.

თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს მცირე ნაწილი იქნება, მაგრამ თვითონ ის, რაც ხდება, საყურადღებოა. ჩვენთვის სხვა რამ უნდა იყოს გასაგები. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი ეკონომიკა, სამწუხაროდ, შეგნებულად ისევ მიება რუსულ ბაზარს, რაც მაინცდამაინც კარგი ამბავი არ არის. ეს სიგნალი უნდა იყოს საქართველოსთვის.

განაგრძე კითხვა