““ოცნება“ აბანოთუბანს უყურებს როგორც საკადასტრო ერთეულებად დაყოფილ ტერიტორიას და აპირებს, ადგილობრივ მცხოვრებლებს სახლები იძულებით დაატოვებინოს“ - რას აცხადებს ნიკა ჩერქეზიშვილი
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება აბანოთუბანს უყურებს, როგორც საკადასტრო ერთეულებად დაყოფილ ტერიტორიას და აპირებს ეს ეზო, ეს სახლები ადგილობრივ მცხოვრებლებს დაატოვებინოს იძულებით - სწორედ ამ ტერიტორიაზე აპირებენ გახსნან აზერბაიჯანის ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურული ცენტრი, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ნიკა ჩერქეზიშვილმა ბრიფინგზე აღნიშნა.
მისივე თქმით, „ვერცერთი პარტნიორობა გადაწონის იმას, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჩამოართვან კერძო საკუთრება“.
„ჩვენ ახლა ვართ აბანოთუბანში, ქვედა ხარფუხის ისტორიულ არეალში. ეს არის უმნიშვნელოვანესი ადგილი, თბილისის გული, ჩვენი ეროვნული იდენტობისა და მეხსიერების მატარებელი ადგილი, თბილისის კულტურული სივრცე, მაგრამ „ქართული ოცნების" ხელისუფლება ამ ადგილს უყურებს, როგორც საკადასტრო ერთეულებად დაყოფილ ტერიტორიას და აპირებს ეს ეზო, ეს სახლები ადგილობრივ მცხოვრებლებს დაატოვებინოს იძულებით, მათი ნების საწინააღმდეგოდ. „ქართული ოცნება" გეგმავს ე.წ ექსპროპრიაციის წესით, სახელმწიფოს იძულებით, ადამიანები გამოიყვანონ კერძო საკუთრებიდან.
ეს არის ადგილი, სადაც გაიმართა კრწანისის ომი, სადაც არ არის დარჩენილი არცერთი მტკაველი მიწა, რომელიც ქართული სისხლით არ არის გაჟღენთილი და სწორედ ამ ადგილას, სადაც არის ასევე როსტომ მეფის აბანოები, 300 არაგველის ძეგლი და საქართველოს უამრავი ღირსშესანიშნავი ადგილი, სწორედ ამ ტერიტორიაზე აპირებენ გახსნან აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურული ცენტრი. ბუნებრივია, ყველა აფასებს საქართველოსა და აზერბაიჯანის პარტნიორულ ურთიერთობებს, მეზობლობას, მეგობრობას, მაგრამ ვერცერთი მეგობრობა, ვერცერთი პარტნიორობა გადაწონის იმას, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჩამოართვან კერძო საკუთრება.