სკანდალური რუსი მიტროპოლიტი ილარიონი: უპოვეს თუ არა მას ნარკოტიკები?! - "საპირფარეშოში გასვლისას პოლიციელი მაცილებდა და კარის დაკეტვის უფლებას არ მაძლევდა"
უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მიტროპოლიტი ჩეხეთში დააკავეს. როგორც BBC-ს რუსული რედაქცია წერს, მიტროპოლიტი ილარიონი ორადგილიან საკანში მოათავსეს. გათავისუფლების შემდეგ ის დეტალებზე ჟურნალისტს ესაუბრა.
24 მაისს მიტროპოლიტ ილარიონისა და პეტრე-პავლეს ტაძრის მოძღვარი, რომლებიც მანქანით გადააადგილდებოდნენ, ჩეხმა პოლიციელებმა გააჩერეს. პოლიციელებმა ჩხრეკისას მანქანაში “4 საშუალო კონტეინერი თეთრი ნივთიერებით” აღმოაჩინეს - სამართალდამცავთა ვერსიით, ეს იყო ნარკოტიკული საშუალება. მიტროლოპიტის თქმით, პოლიციელები დაუკავშირდნენ მათ ადვოკატს და აღნიშნეს, რომ გამოძახებაზე ანონიმური ზარის შემდეგ გავიდნენ. გამოძახებისას ზუსტად იყო აღნიშნული მანქანის მარშრუტი და კონტეინერების ადგილი.
მიუხედავად იმისა, რომ მიტროპოლიტი უარყოფდა აღმოჩენილ ნივთიერებასთან რაიმე კავშირს, ის მაინც დააკავეს. 2 დღის შემდეგ ჩეხეთის სასამართლომ ის ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლა. მიტროპოლიტმა ჩეხეთი დატოვა.
ბოლო პერიოდში მიტროპოლიტ ილარიონის სახელს სკანდალური საქმეც უკავშირდება. დაკავებამდე ერთი წლით ადრე გეორგი სუზუკიმ, რომელიც ილარიონ ალფეევის დამხმარე გახლდათ, მიტროპოლიტი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა. საპასუხოდ, ილარიონმა სუზუკი ქურდობაში დაადანაშაულა. უნგრეთში, რომლის მოქალაქეც მიტროპოლიტი ილარიონი გახლავთ, ამის გამო სისხლის სამართლის საქმეც აღძრეს. 2024 წლის 27 დეკემბერს სინოდის კრების გადაწყვეტილებით, ილარიონს ეპარქიის ხელმძღვანელობა ჩამოართვეს და კარლოვი-ვარის ერთ-ერთ ტაძარში გაამწესეს.

BBC-მ მიტროპოლიტ ილარიონს რამდენიმე კითხვა დაუსვა ჩეხეთში მომხდარ ფაქტზე, ასევე გეორგი სუზუკისთან და რუსეთის პატრიარქ კირილთან ურთიერთობაზე, მაგრამ ილარიონმა ჟურნალისტს წერილობით პასუხი მხოლოდ ჩეხეთში მომხდარ ამბავზე გასცა.
როგორც მიტროპოლიტი აღნიშნავს, მანქანას ვიდეოოპერატორი მართავდა, მასთან ერთად კიდევ ერთ-ერთი იპოდიაკვანი მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. როგორც თავად აღწერს, მანქანის ჩხრეკისას პოლიციელებმა ის მგზავრებთან ერთად მაღაზიასთან მიიყვანეს, მანქანასთან კი მძღოლი დატოვეს, საბუთებს ფოტოები გადაუღეს. მანქანის დათვალიერებისას კი მიტროპოლიტს დაუძახეს:
„რაღაც მომენტში მიმიყვანეს მანქანასთან. საბარგულის შუაში იდო სამი შეკვრა, დაახლოებით 2/2 სმ და ერთი პატარა ქილა, რომლებშიც თეთრი ნივთიერება იყო. პოლიციელმა მკითხვა - რა არის ეს? -მე ვუთხარი რომ არ ვიცოდი. - ეს ხომ თქვენი მანქანაა? - დიახ - და არ იცით რა არის? - არა პირველად ვხედავ - უპასუხა მიტროპოლიტმა.
ეს იყო ჩემს ცხოვრებაში პირველი შემთხვევა, როცა ნარკოტიკი დავინახე. აქამდე მხოლოდ ფილმებში მენახა.
საპირფარეშოში გასვლისას პოლიციელი მაცილებდა და კარის დაკეტვის უფლებას არ მაძლევდა.
- თქვენ ანონიმური ზარის შემდეგ დაგაკავეს, ხომ არ არის ვინმე თქვენით დაინტერესებული?
- არიან. მაგრამ მათი ვინაობის გაჟღერება არ ღირს. ვფიქრობ, ზარი იმათ განახორციელეს, ვინც მანქანაში ეს „პაკეტები“ ჩადეს. არ ვიცი ვინ არის ჩემით დაინტერესებული, ვინ მითვალთვალებს, თუმცა 2025 წელს ჩეხეთის პრესაში ჩემს წინააღმდეგ აგრესიული კამპანია მიმდინარეობდა.
ორადგილიანი საკანი იყო, ლოგინები, ონკანი, უნიტაზი. საჭმელი მოაქვთ. ამ მდგომარეობაში ყოფნისას, ფიქრობ, როგორ ვერ ვაფასებთ მარტივ ნივთებსაც კი, რომელიც ყოველდღიურად ჩვენს ირგვლივაა, თუნდაც კბილის ჯაგრისის გამოყენებას, ხელის დაბანას თბილი წყლითა და საპნით - აღნიშნავს მიტროპოლიტი ჟურნალისტთან.
როგორც მან აღნიშნა, დაკავებისას რუსულმა მხარემ მაშინვე გამოუცხადა დახმარება და ამისთვის ის მუდამ მადლიერი იქნება.წყარო