ვაზის დამბლა - მეტად საშიში დაავადება - კვირის პალიტრა

ვაზის დამბლა - მეტად საშიში დაავადება

ვაზის ესკა მეტად საშიში სოკოვანი დაავადებაა, რომელსაც საქართველოში "ვაზის დამბლა" უწოდეს. ამ დაავადებას ძველი რომაელები და ბერძნებიც იცნობდნენ, როგორც ვაზის ერთ-ერთ სახიფათო მტერს. ამ დაავადების შესახებ გვიამბობს ჩვენი სტუმარი - სოფლის მეურნეობის დოქტორი, მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის უფროსი ნინო ბოკერია.

ნინო ბოკერია:

- ესკა ერთ-ერთი ყველაზე საშიში დაავადებაა, რომელიც ვენახს ანადგურებს. იგი ძირითადად ხანდაზმული მცენარეების მერქანს აზიანებს, თუმცა ბოლო წლებში ეს დაავადება საკმაოდ "გაახალგაზრდავდა". ესკას იწვევს სხვადასხვა სოკოს ერთობლივი, კომპლექსური მოქმედება და ვითარდება ორი განსხვავებული ფორმით: ნელი ანუ ქრონიკული და მწვავე ფორმებით. ქრონიკულად განვითარება მიმდინარეობს რამდენიმე წლის განმავლობაში და ვლინდება ფოთლების ფერის შეცვლით. დაზიანებული ფოთლები ხმება და დროზე ადრე ცვივა. ქრონიკული ესკას შემთხვევაში, მცენარე მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ ხმება. შეიძლება ვაზს ეს დაავადება დიდხანს ჰქონდეს, მაგრამ ფერმერმა ვერც შენიშნოს, ბოლოს კი ვენახი ერთიანად განადგურდეს.

- ესე იგი, ვაზის დამბლა მისთვის შემთხვევით არ დაურქმევიათ?

- სხვათა შორის, ესკას ამ სახელს მხოლოდ საქართველოში ეძახიან. ის ვაზს იმდენად აზიანებს, რომ "დამბლა" მართლაც შესაფერისი სახელია. ფერმერების უმრავლესობა მას მხოლოდ მაშინ ამჩნევს, როცა ვაზის ფოთლები წითელი ან ყვითელი ლაქებით იფარება, რომლებიც ფოთოლს ზოლებად გასდევს. საინტერესოა, რომ ლაქების ფერი ვაზის ჯიშზეა დამოკიდებული: თეთრი ყურძნის ჯიშებს ყვითელი ლაქები უჩნდება, ხოლო წითელი ყურძნის ჯიშებს - წითელი. ეს ამ დაავადებისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი ნიშანია. ისიც საყურადღებოა, რომ ლაბორატორიული ანალიზის დროს მხოლოდ ფოთლების მიხედვით ამ დაავადების გამომწვევს ვერ პოულობენ, მთლიანი ვაზის მოტანაა საჭირო, რათა ესკას არსებობა დადგინდეს.

bbbb-1780226611.jpg

- რა უწყობს ხელს ესკას გაძლიერებას?

- მთავარი ხელშემწყობი ტენი და მაღალი ტემპერატურაა, მაგრამ გამორიცხული არ არის, დაავადება სარგავი მასალიდანაც გადავიდეს. თუ მევენახე დაავადებულ ნერგებს გააშენებს, ანდა მყნობის დროს დაავადებულ კალამს ან საძირეს გამოიყენებს, ესკა აუცილებლად გაჩნდება. შესაძლებელია ამ პროცესს ხელი მექანიკურმა დაზიანებამაც შეუწყოს. ესკას ქრონიკული ფორმის დროს მერქნის დაშლა რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობს, მაგრამ თუ მშრალი და ცხელი ზაფხული დგას, შესაძლოა ვაზი უეცრად გახმეს. როდესაც ვაზი უკვე დაავადებულია, ფუნგიციდებით მკურნალობაც უშედეგოა, ამიტომ ესკასთან ბრძოლაში პრევენციულ ღონისძიებებს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს.

- რა არის საჭირო ამ დაავადების პრევენციისთვის?

- პირველი და მთავარი პირობაა, რომ სარგავი მასალა, საძირე და სანამყენე ჯანსაღი იყოს. შესაძლებელია ერთგვარი "ქირურგიული ჩარევაც", რაც ვაზის გადაჭრას ნიშნავს: მერქანი დაავადებული ადგილიდან 20-25 სანტიმეტრით ქვემოთ უნდა გადავჭრათ. გადაჭრილი ადგილი აუცილებლად უნდა დაიფაროს ბაღის მალამოთი, რათა ჭრილობას აპკივით გადაეკრას და მერქანში სოკოს სპორები ხელმეორედ აღარ შეიჭრას. რასაკვირველია, შტამბის გადაჭრა მხოლოდ მაშინაა შედეგიანი, როცა ფესვები საღი და დაუზიანებელია. Aამის შემდეგ მცენარე ქიმიური პრეპარატებით უნდა დამუშავდეს. ეს ხელს შეუშლის დაავადების გავრცელებას. ესკა ძალიან სწრაფად ვრცელდება სხვა მცენარეებზეც, მას ქარი ავრცელებს, ამიტომ ის შეიძლება სხვა კულტურებზე გადავიდეს და მაგალითად, ხეხილიც დაასნეულოს. ტოტების ნაწილი შეიძლება საღი იყოს, მაგრამ თუ დროულად არ მივხედავთ, ვაზი მთლიანად გახმება.

მცენარე თუ მთლიანად არის დაზიანებული, უნდა ამოვძირკვოთ და ნაკვეთიდან გავიტანოთ. ვენახში მისი დატოვება არ ღირს და აუცილებლად უნდა განადგურდეს. იმავდროულად, არ უნდა დაგვავიწყდეს სამუშაო იარაღების დეზინფექციაც. კიდევ ერთი რამ არის გასათვალისწინებელი: დაუშვებელია ვაზის წვიმიან ამინდში გასხვლა, რადგან ეს ხელშემწყობი პირობაა სოკოს სპორების განვითარებისთვის. ჯერ უნდა დავიწყოთ ჯანსაღი მცენარეების გასხვლა, ხოლო ის მცენარეები, რომლებსაც ესკას ნიშნებს შევამჩნევთ, აუცილებლად ბოლოს უნდა გავსხლათ. თუ საჭირო გახდება, ზემოთ ნახსენები "ქირურგიული ჩარევაც" არ უნდა დავივიწყოთ. დაავადების საწყის ეტაპზე ვენახს რკინის შემცველი პრეპარატებით შეწამვლაც შველის.

- როგორ მცენარეებს ეტანება ეს დაავადება?

- ძირითადად ხანდაზმულ, ძველ ვენახებს ეტანება, რომელიც დაახლოებით 10-15 წლის წინაა გაშენებული. თუმცა ბოლო წლებში უფრო ახალგაზრდა, 5-7 წლის მცენარეებზეც შეინიშნება. ხშირად ეს დაავადება დაინფიცირებული სარგავი მასალის გამო იწყება, თანდათან ვითარდება და 5-7 წლის შემდეგ უკვე თვალში საცემი ხდება. ხშირ შემთხვევაში მას სხვა დაავადებებიც ემატება, რაც ესკას უფრო აძლიერებს და შედეგი უფრო სავალალოა. მაგალითად, იყო შემთხვევები, როდესაც ვაზს ჭრაქი ჰქონდა. ჭრაქს თავისი სიმპტომები აქვს და ესკას - თავისი. ვაზი ყურადღებით რომ შევისწავლეთ, მერქნის შიგთავსი მთლიანად დაზიანებული და დაშლილი იყო ესკას წყალობით. ვენახის პატრონს ყურადღება რომ არ მიექცია, მხოლოდ ჭრაქზე უმკურნალებდა და მთელ მოსავალს დაკარგავდა, მთავარი დაავადება ესკა იყო და ჭრაქი მის შემდეგ განვითარდა, თანაც ჭრაქის სიმპტომები უფრო თვალსაჩინო გახლდათ.

- როდისაა ესკა ყველაზე სახიფათო?

- ესკა ზაფხულის თვეებში უფრო ძლიერდება, თუმცა დაავადება ყოველთვის შეიძლება განვითარდეს, უბრალოდ, სიმპტომები ზაფხულის ცხელ დღეებში ვლინდება. საწყის ეტაპზე ესკას სიმპტომები მხოლოდ ვაზის გადანაჭერში ჩანს, მაგრამ როცა მცენარეს ფოთლები გაუყვითლდება, ის უკვე დასნეულებულია. უკვე მოძლიერებული ესკას სიმპტომები მკაფიოდ შეინიშნება ნაყოფზეც: ამ დროს მარცვლები ჩამომჭკნარია და იასამნისფერი წერტილები ეტყობა. როგორც კი ამ სიმპტომებს შენიშნავთ, მაშინვე უნდა გამოიყენოთ რკინის შემცველი პრეპარატები და თუ რომელიმე მცენარის ხმობა უკვე დაწყებულია, ის ძირფესვიანად უნდა ამოიძირკვოს და განადგურდეს, რათა სხვა მცენარეებზეც არ გავრცელდეს.

- ქალბატონო ნინო, ესკას ბიოპრეპარატებითაც მკურნალობენ?

- თუ ვაზი უკვე დაავადებულია, ბიოპრეპარატები ვერაფერს უშველის. მათი გამოყენება მხოლოდ პრევენციისთვის შეიძლება. ასეთი პრეპარატები საწყის ეტაპზეც მუშაობს, მაგრამ როცა დაავადება მოძლიერებულია, სამწუხაროდ, ბიოპრეპარატები ვეღარ შველის. გამორიცხულია, ესკა ამ მეთოდით დავამარცხოთ, რადგან ბიოპრეპარატები მერქნის დაავადებებს სათანადოდ ვერ ებრძვის. ესკა უძველესი დაავადებაა, მის წინააღმდეგ ბრძოლა ადრეც რთული იყო და ახლა მით უმეტეს, როცა ტენიანობა და მაღალი ტემპერატურა მისი ხელშემწყობი ფაქტორებია.

- როგორ მცენარეებს ვერ ერევა ვაზის დამბლა?

- თუკი მცენარეს კარგი იმუნიტეტი აქვს, შესაძლოა სოკოს სპორები მის ტოტებზე ან ფოთლებზე მოხვდეს, მაგრამ ვერაფერი დაუშავოს. გარდა ამისა, არსებობს სხვადასხვა დაავადების მიმართ გამძლე ჯიშები, რომლებსაც ესკა ვერ აზიანებს. მიუხედავად ამისა, იქ, სადაც ვაზი ხარობს, ესკა თითქმის ყველგან ჩნდება. ის იმითაც არის საშიში, რომ რამდენიმე სოკო ერთობლივად მოქმედებს, ამიტომაა მისი მკურნალობა განსაკუთრებით რთული. შედარებისთვის, ვაზის ნაცარს ერთი სოკო იწვევს და მისი მკურნალობა ესკასთან შედარებით გაცილებით ადვილია.

- დასავლეთ საქართველოში უფრო ხშირად იჩენს თავს თუ აღმოსავლეთში?

- ვერ ვიტყოდი, რომ ეს დაავადება დასავლეთ საქართველოში უფრო ხშირად გვხვდება, როგორც უკვე ვთქვი, ის ყველგან შეიძლება გაჩნდეს, სადაც ვაზი ხარობს. ამიტომ ის აღმოსავლეთ საქართველოშიც გვხვდება და დასავლეთშიც, უბრალოდ, ესკას გავრცელების სისწრაფე და ხანგრძლივობა ყველა რეგიონში სხვადასხვაა. წლეულს წვიმიანი გაზაფხული გვქონდა, ამიტომ ფერმერებმა თავიანთ ნაკვეთებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ.

ხათუნა ჩიგოგიძე