„რომ არა ჟურნალისტების გადაღებული ვიდეოფირი, შეიძლებოდა მსხვერპლი აღმოჩენილიყო საბრალდებო სკამზე“
28 მაისს გორში, კომბინატის დასახლებაში, სამართალდამცავები ორ პირს - პაპუნა ლოცულაშვილსა და მის მეგობარს სასტიკად გაუსწორდნენ. ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილი 27 მაისს კლინიკა "ვივამედში" იმყოფებოდა, მან სამედიცინო დაწესებულება რამდენიმე საათში დატოვა, თუმცა მოგვიანებით ცუდად გახდა. მისი ადვოკატის, ლაშა ტყეშელაძის თქმით, პაპუნამ სახლში ორჯერ დაკარგა გონება, ორივე შემთხვევაში მიზეზი გაუსაძლისი ტკივილი იყო. ამის შემდეგ ოჯახმა სასწრაფო დახმარება გამოიძახა და ლოცულაშვილი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. პაპუნა ლოცულაშვილს აქვს ნეკნი გატეხილი, ტვინის შერყევა და სხეულზე სისხლჩაქცევები.
სამართალდამცავებმა 6 პოლიციელი დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, ჩადენილს ძალადობით, რაც სასჯელის ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყების ოფიციალური ინფორმაციით, ბრალდებულმა პოლიციელებმა დაზარალებული გადამოწმების მიზნით შეაჩერეს, ამას მოჰყვა მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა განიხილა პროკურატურის შუამდგომლობა და ბრალდებულ ექვსივე პოლიციელს: ვლადიმერ გოდერძიშვილს, ივანე მისირელს, გიორგი წკრიალაშვილს, ალექსი ბადალოვს, ბესიკ მალაციძესა და საბა წაველიძეს პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო პროცესზე დაკავებული პოლიციელები არ გამოცხადდნენ. როგორც პროკურორმა აღნიშნა, ბრალდებულების მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები არსებობს. მისი თქმით, დაკავებულები არათუ არ თანამშრომლობდნენ გამოძიებასთან, პირიქით, ხელს უშლიდნენ გამოძიებას.
"ეს ჩვეულებრივი საქმე არაა, ბრალდებულები პოლიციის თანამშრომლები არიან. გარდა დაკავებულებისა, იქ სხვა პირებიც ფიგურირებენ, ყველა ერთმანეთს იცნობს, კოლეგები არიან... მიმდინარეობს მათი დადგენის ღონისძიებები. დაკავებულებს რომ ეთანამშრომლათ, სხვა პირებიც გამოკვეთილი იქნებოდნენ. მათ გამოძიება შეცდომაში შეიყვანეს",–- თქვა პროცესზე საქმის პროკურორმა. მისი თქმით, ერთადერთი ვიდეომტკიცებულება, რომელიც საქმეში დევს, ქართლი.გე-ს გადაღებული ვიდეოკადრებია. პოლიციელების სამხრე კამერების ჩანაწერები საქმეში არ დევს, რადგან მათ მოწყობილობა ჩართული არ ჰქონდათ. როგორც პროკურორმა მიშა ბერიაშვილმა აღნიშნა, საქმეზე არაერთი პირდაპირი მტკიცებულებაა მოპოვებული, მათ შორის, ვიდეომასალა, სადაც შავით თეთრზე ჩანს, რომ პოლიციელები დაზარალებულებზე ძალადობდნენ.

ბრალდებული პოლიციელების ადვოკატები პროცესზე ითხოვდნენ დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას. ვლადიმერ გოდერძიშვილისა და ივანე მისერელის ადვოკატის ივანე სამხარაძის თქმით, მისი დაცვის პირები ბრალს აღიარებენ. გოდერძიშვილი კლინიკაში მკურნალობს. ადვოკატის თქმით, საქმის მასალებით დადგინდა, რომ პოლიციელი პაპუნა ლოცულაშვილმა დააშავა... ადვოკატ სამხარაძის განმარტებით, გოდერძიშვილი დანაშაულს აღიარებს, მისირელიც ითხოვს პატიებას და ბრალს აღიარებს. მათი გათავისუფლების სანაცვლოდ ადვოკატმა თითოეულისთვის 5.000-ლარიანი გირაოს გადახდა მოითხოვა. პოლიციელ ბესო მალაციძის ადვოკატიც ითხოვდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი არ დაეპატიმრებინათ და გირაოს გადახდა შეეფარდებინათ. ალექსი ბადალოვის ადვოკატ ცინცაძის თქმით, მის დაცვის პირზე პროკურატურამ ვერც ერთი მტკიცებულება ვერ მოიპოვა.
ბადალოვის ამოცნობა კადრებში ადვილია, რადგან ერთადერთი პოლიციელია, რომელსაც პატრულის წარწერიანი სპეცსამოსი აცვია. ადვოკატ ცინცაძის განმარტებით, ბადალოვი შემთხვევის ადგილზე კონფლიქტის შემდეგ, კრიმინალური პოლიციის შეტყობინების მერე მივიდა. ადვოკატი დაკავებულის 5.000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა, ხოლო გიორგი წკრიალაშვილის ადვოკატის ზაზა მინდიაშვილის განცხადებით, მისი დაცვის პირი დანაშაულს აღიარებს და პირველივე დღიდან თანამშრომლობს გამოძიებასთან, შესაბამისად, მისი მიმალვის საფრთხე არ არსებობს, ამიტომაც ადვოკატმა წკრიალაშვილის 5.000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება ითხოვა. პოლიციელ საბა წაველიძის ადვოკატი ზურა კაპანაძე მისი დაცვის პირის გათავისუფლებას მისი ასაკიდან გამომდინარე ითხოვდა - დაკავებული წაველიძე 19 წლისაა. ადვოკატის თქმით, ის გამოძიებასთან თანამშრომლობს, რომ მისი ასაკი მხოლოდ ბიოლოგიური გარემოება არ არის და 19 წლის პირი რეაბილიტაციის შესაძლებლობის მქონე პირს წარმოადგენს, ასეთ ასაკში კი პატიმრობის გამოყენება მიზანშეწონილი არ არის. ბრალდებულს კრიმინალური წარსული არა აქვს და წარსულში ძალადობრივი ქმედება არ ჩაუდენია.
"ექვსივე ბრალდებულის მიმართ მხოლოდ პატიმრობაა მიზანშეწონილი"
მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა პოლიციელებისთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება ასე ახსნა:
"ექვსმა პოლიციელმა ფიზიკურად იძალადა ორ მოქალაქეზე, ერთზე განსაკუთრებით, ერთ-ერთმა ფეხით გამოათრია დაზარალებული…და ათრია გრუნტოვან მიწაზე... ბრალდება ვარაუდობს, რომ ჩვენებების შეთანხმების რისკიცაა. რომელი საფრთხე არ არსებობს მათი ქმედებიდან, დანაშაულის ფაბულიდან, კლასიფიკაციიდან გამომდინარე? 19 წლისააო, მაგრამ ის პოლიციელია, მათ ევალებოდათ ადამიანი არ ეცემათ. პროკურატურის შუამდგომლობა უდავოდ დასაბუთებულია. ექვსივე ბრალდებულის მიმართ იმპერატიული მოთხოვნიდან გამომდინარე მხოლოდ პატიმრობაა მიზანშეწონილი", - განაცხადა მოსამართლე დადეშქელიანმა.
"პაპუნას ყველა სცემდა, არადა, თვითონაც არ იცოდნენ მიზეზი, რატომ სცემდნენ"
როგორც პაპუნას მეგობარი ლაშა აბისონაშვილი ამბობს, ის კონფლიქტში არ მონაწილეობდა და ადგილზე მას შემდეგ მივიდა, რაც დაინახა, რომ მეგობარს პოლიცია უსწორდებოდა. "პაპუნას სცემდნენ და მე ვაშველებდი. არანაირი დანა არ გვქონია. პოლიციელს ჰკითხა, რატომ მომიშვი მანქანაო, მხოლოდ ეს იყო. მე ყვირილზე გამოვედი და მეც მცემეს. პაპუნას ყველა სცემდა, არადა, თვითონაც არ იცოდნენ მიზეზი, რატომ სცემდნენ. როცა უთხრა, "საქართველოს ბანკში" ვმუშაობ, ადვოკატს დავურეკავო, უფრო აგრესიულები გახდნენ, ძირს ეგდო და მაინც სცემდნენ. მეც მაქვს დაზიანება... ჩხუბის მერე გამიშვეს. მე რა მიქნეს და, წარმომიდგენია, ჩემი ძმაკაცი როგორ იქნება", - ამბობს ლაშა აბისონაშვილი.

„ეს არ არის ერთეული ფაქტი, როცა პოლიციელები მოქალაქეებზე ძალადობენ“
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის ჯუბა ქათამაძის თქმით, პოლიციელების მხრიდან მსგავს ქმედებას უკვე სისტემური ხასიათი აქვს და საქმეს კვალიფიკაცია უნდა შეეცვალოს, პოლიციელებს უნდა დაუმძიმდეთ ბრალი ადამიანის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მუხლით.
- ჩვენ მოვისმინეთ მინისტრის მოადგილის დარახველიძის განცხადება, რომ ლოცულაშვილმა პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწია, რომ ქვა ესროლა პოლიციას, თუმცა დაზარალეული ამას კატეგორიულად უარყოფს. როგორ ფიქრობთ, საქმის ასე შეფუთვით ხომ არ აფარებენ ხელს პოლიციელებს?
- რაც ვიხილეთ, შეიძლება ნამდვილად გაუთანაბრდეს როგორც არაადამიანური მოპყრობის, ისევე წამების კვალიფიკაციებს. ვიდეომასალაში არ ჩანს ძალადობა პოლიციელებზე, არც წინააღმდეგობა. რა თქმა უნდა, ეს პოლიციელებზე ხელის დაფარებაა. მერწმუნეთ, ეს არ არის ერთეული ფაქტი, როცა პოლიციელები მოქალაქეებზე ძალადობენ, თუმცა იმის გამო, რომ არ არის ვიდეომტკიცებულება, ისინი დაუსჯელები რჩებიან. მზია ამაღლობელიც, რომლის უფლებებს მე ვიცავ, პოლიციელების არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია და პირიქით, მას წაუყენეს ბრალდება. აქციებში უამრავ მონაწილეზეც იძალადეს. არის ამის ვიდეომტკიცებულებები, მათ შორის ისეთიც კი, სადაც მოძალადე პოლიციელებს სახეები უჩანთ, თუმცა სამართალდამცავები არ რეაგირებენ. შემიძლია გავიხსენო ალიბეგაშვილის საქმეც. მას მიანიჭეს დაზარალებულის სტატუსი, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ჩანაწერში ჩანს არაერთი პოლიციელის სახე, პროკურატურა არ ახდენს რეაგირებას, არ სჯის პოლიციელებს, რაც წახალისებაა მათთვის, რომ მაინც არ დაისჯებიან. პირიქით, ჩვენ ვნახეთ შემთხვევები, როცა მოძალადეები დაჯილდოვდნენ. რომ არა ჟურნალისტების გადაღებული ვიდეოფირი, შეიძლებოდა მსხვერპლი აღმოჩენილიყო საბრალდებო სკამზე. ამ ადამიანზე დღესაც ზეწოლაა, თითქოს პირიქით, მას წაუყენებენ ბრალს და არა იმ პირებს, რომლებმაც მასზე იძალადეს. ლოცულაშვილის ცემის ამსახველი ვიდეო კი ვირუსულად გავრცელდა და საზოგადოების სამართლიანი მწვავე რეაქცია მოჰყვა და ამიტომაც იძულებული გახდნენ რეაგირება მოეხდინათ.