რუსეთის ენერგომუქარა და დასავლეთის პოლიტიკური მხარდაჭერა – როგორ ჩატარდება სომხეთში არჩევნები?
7 ივნისს სომხეთში პარლამენტის არჩევნები უნდა გაიმართოს. დასავლეთის პოლიტიკური მხარდაჭერის ფონზე, რუსეთიდან ეკონომიკური მუქარა ისმის, მაგრამ, როგორც ჩანს, მხოლოდ ამ მუქარით არ შემოიფარგლება - დასავლური დაზვერვის მონაცემებით, მოსკოვმა სომხეთის პოლიტიკურ პროცესში ფარული ჩარევის კამპანია გააძლიერა. რა მოლოდინებია ამ არჩევნების წინ და რა ვითარებაში უწევს ფაშინიანს ბრძოლა, პოლიტიკის ანალიტიკოს პაატა ზაქარეიშვილს ვესაუბრეთ.
- შეიძლება ითქვას, სომხეთში ვითარება, საქართველოსგან განსხვავებით, სარკისებურად ამოყირავებულია - მმართველი ძალა პროევროპულია, ოპოზიცია - პრორუსული, რეგიონები უფრო ფაშინიანს უჭერენ მხარს, ქალაქები კი ოპოზიციას და შესაბამისად, პრორუსულია.
რაც შეეხება ფაშინიანს, ის ანგრევს სომხურ მითებს: "დიადი სომხეთი", "ისტორიული სომხეთი", "არარატი ჩვენია", "ყარაბაღი ჩვენია". მას ეს აღარ აინტერესებს. მისი პრიორიტეტია გზები, გზაჯვარედინები, ინფრასტრუქტურა და გახსნილობა. ის ეჭვქვეშ აყენებს ისტორიულ ღირებულებებზე ჩაბღაუჭების აუცილებლობას, სვამს კითხვას გენოციდზე მუდმივი აპელირების მიზანშეწონილობაზე და თურქეთთან თუ აზერბაიჯანთან, ანუ ისტორიულად მტრულ სახელმწიფოებთან, ურთიერთობების დალაგებაზე საუბრობს... ის ქმნის რევოლუციურ ცვლილებებს და სომხებს ეუბნება, რომ მტრულ გარემოცვაში არა მხოლოდ გადარჩენის, განვითარების შანსიც აქვთ. მთავარია, რეალობას თვალი გავუსწოროთო.
ფაშინიანი უპირისპირდება დიდ მითს, თითქოს რუსეთი სომხეთის გადამრჩენელია. მისი პოზიციით, რუსეთს სომხების მონობა სურს, მაგრამ მონობაშიც შეიძლება გადარჩენა... რუსეთი სთავაზობს სომხეთს იაფ კეთილდღეობას მორჩილების სანაცვლოდ, ფაშინიანი კი ამბობს: ურჩევნიათ ჰქონდეთ პრობლემები, მაგრამ იყვნენ დამოუკიდებელი. დღეს სომხეთის არჩევნები სწორედ ამ მენტალურ და ცივილიზაციურ დონეზე გადის. ევროპა ამას ხედავს და უპრეცედენტო მხარდაჭერას უცხადებს. ერევანში ჩავიდნენ ევროკავშირის, ნატოს, ეუთოსა და ევროსაბჭოს პირველი პირები. ამას მოჰყვა ზელენსკის ჩასვლაც, რაც ომში მყოფი ქვეყნის ლიდერისგან უნიკალური სოლიდარობის ჟესტია. ამ ყველაფერმა რუსეთი გააღიზიანა და სომხეთის დაშანტაჟება დაიწყო...
მიუხედავად ამისა, ეჭვი არავის ეპარება, რომ ფაშინიანის პარტია არჩევნებში პირველ ადგილზე გავა, მაგრამ მთავარი ინტრიგაა, რამდენ პროცენტს აიღებს. თუ ფაშინიანმა აიღო 40-45%, ხოლო დანარჩენმა პრორუსულმა პარტიებმა მაღალი შედეგები აჩვენეს, მათ შეიძლება კოალიცია შექმნან, არ აირჩიონ ფაშინიანი პრემიერად და პოლიტიკური კრიზისი დაიწყოს, რამაც შეიძლება ხელახალ არჩევნებამდე მიგვიყვანოს.
ფაშინიანს მთავრობის შესაქმნელად კვალიფიციური უმრავლესობა სჭირდება, თუმცა მისი რეალური მიზანი საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაა. ეს აუცილებელია კონსტიტუციის შესაცვლელად, რის გარეშეც აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებას ვერ გააფორმებს. ამას ელოდება თურქეთიც. თუ ფაშინიანი კონსტიტუციის შეცვლას და აზერბაიჯანთან ხელშეკრულების გაფორმებას შეძლებს, რუსული შანტაჟი გაზისა და ნავთობის ფასებზე ძალას დაკარგავს, რადგან ამ პროცესში ნატო და აზერბაიჯანი ჩაერთვებიან... უნდა გავითვალისწინოთ, რომ სომხეთი უფროა მიბმული რუსეთზე, ვიდრე საქართველო. ინსტიტუციურად ჩვენ რუსეთთან არანაირი ბმა არა გვაქვს - არც დიპლომატიური ურთიერთობა გვაქვს და არც დსთ-ს, ოდკბ-ს ან ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (ეაეს) წევრები ვართ. ჩვენს კონსტიტუციაში ევროკავშირი და ნატო გვიწერია. ამის საპირისპიროდ სომხეთი რუსეთზე მიბმულია როგორც პოლიტიკური და სამხედრო ალიანსებით, ისე ეკონომიკით. სტრატეგიული ობიექტები და რკინიგზა რუსეთის ხელშია, გაზის მიმწოდებელიც რუსული კომპანიაა. ჩვენ სომხეთთან შედარებით მილიონჯერ თავისუფლები ვართ. მიუხედავად ამხელა დამოკიდებულებისა რუსეთთან, სომხეთი არ შეუშინდა რისკებს... თუ სომხეთი ამ გზას წარმატებით გაივლის და ევროპისკენ ნაბიჯებს გადადგამს, ეს ჩვენთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ევროპა კავკასიაში დარჩენით უფრო დაინტერესდება.
- ოპოზიცია რომ იქ პრორუსულია, გასაგებია, მაგრამ მათ შორის არის ვინმე, ვინც შეიძლება ფაშინიანს დაუჭიროს მხარი?
- 2020 წლამდე, ყარაბაღის ომამდე, იქ რუსეთის მიუღებლობა არ არსებობდა. სწორედ ამ ომის შემდეგ გაჩნდა საზოგადოებაში ანტირუსული განწყობები. ყარაბაღის ომი რომ არ მომხდარიყო, ფაშინიანი დღეს ვერ გაიმარჯვებდა. მან ძალაუფლება ომამდე მოიპოვა და მაშინ მისი მთავარი საყრდენი საზოგადოების ანტიკორუფციული ტალღა იყო. დღეს სომხეთში არსებული ოპოზიცია ხალხისთვის მიუღებელია არა იმდენად პრორუსულობის, არამედ კორუმპირებული წარსულის გამო. ეს ოპოზიცია ძველი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან შედგება - ეს არის პოლიტიკოსების მთელი პლეადა, რომლებიც პირდაპირ არიან მხილებული კორუფციაში. თავის დროზე ფაშინიანმა სწორედ მათი დამარცხებით გაიმარჯვა და დღეს საზოგადოებას მათი მობრუნება კატეგორიულად არ სურს. ეს ძალიან ჰგავს ქართულ რეალობას, სადაც ხალხის ნაწილს "ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნება არ უნდა... შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, სომხეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი, მიუხედავად იმისა, რომ ფაშინიანი არ მოსწონს, ხმას მაინც მას აძლევს. პირადად ვიცნობ ბევრ ადამიანს, ვინც ფაშინიანს ვერ იტანს, მაგრამ არჩევნებზე მხარს მას დაუჭერს. ამას არც მალავენ, რადგან სხვა გზა არა აქვთ - ძველი ხელისუფლება მათთვის გაცილებით უარესი ალტერნატივაა.
- ფაშინიანი დაუპირისპირდა ეკლესიასაც და ეს იქონიებს გავლენას მის მხარდაჭერაზე?
- სომხეთში ეკლესია არასდროს ყოფილა ისეთი გავლენიანი, როგორც საქართველოში, რაც დიდწილად ილია II-ის დაბალანსებულმა მიდგომამ განაპირობა. სომხეთის კათალიკოსს მსგავსი გავლენა არა აქვს, რამაც ფაშინიანს ეკლესიაზე შეტევის შესაძლებლობა მისცა. მან ეკლესიის დასუსტების მიზნით კათადალიკოსის პირადი ცხოვრება - ფარული ურთიერთობები და უცნობი შვილი გამოააშკარავა. ამ ფაქტს მის ძალიან სერიოზულ მინუსად მივიჩნევ. თუ კათალიკოსი არაეკლესიურად ცხოვრობს, ეს ეკლესიის შიდა პრობლემაა და არა სახელმწიფოს საქმე. პრემიერ-მინისტრი, რომელიც ადამიანის უფლებების გარანტი უნდა იყოს, თავად გადავიდა შეტევაზე... ფაშინიანის მიზანი ეკლესიის საყრდენების მორღვევაა და ეს ჯერ გამოსდის - ეკლესიის დასაცავად დიდი მასები არ გამოსულან...
- ახალგაზრდები ვის უჭერენ მხარს?
- ჩემი დაკვირვებით, სომეხი ახალგაზრდები ძალიან დაბნეულები არიან და არჩევნების მიმართ ინტერესს არ იჩენენ. მათ არც ფაშინიანი მოსწონთ და არც რუსეთი უნდათ, ამიტომ ყველაზე მარტივი გამოსავალი არჩევნებზე არწასვლაა. ეს ფაშინიანისთვის დიდი დარტყმაა, რადგან მას ახალგაზრდების მხარდაჭერა ძალიან სჭირდება.ახალგაზრდები ემოციურები არიან და ფაშინიანს ყარაბაღის ჩაბარებას ვერ პატიობენ. პოლიტიკაში მიღებულია რიტორიკა, რომ "ტერიტორიებს არ დავთმობთ და ხალხს დავიცავთ". მაგალითად, საქართველოში მთავრობა თავს არ იკლავს აფხაზეთის დასაბრუნებლად, მაგრამ ოფიციალურად მის დათმობას ვერავინ გაბედავს.
ფაშინიანს ის უადვილებს საქმეს, რომ აცხადებს, ყარაბაღი სომხეთის არასდროს ყოფილა და იურიდიულად აზერბაიჯანს ეკუთვნოდაო. მიუხედავად ამისა, სომხების დიდი ნაწილისთვის ყარაბაღის დათმობა ემოციურად იგივეა, რაც ჩვენთან ვინმემ აფხაზეთის დათმობაზე რომ ისაუბროს.
- ახალგაზრდებისთვის დასავლური პერსპექტივა არ არის მომხიბვლელი?
- ახალგაზრდებში დასავლეთი პოპულარულია, მაგრამ უფრო რუსეთის იმედი ჰქონდათ, რომ ყველგან და ყოველთვის დაიცავდა, მაგრამ უცებ რუსეთმა უღალატა და დარჩნენ მარტო. თუმცა სომხებს პერსპექტივის ეშინიათ, რადგან დასავლეთი შორსაა და მათთან არაფერშია ჩართული, სომხეთის ეკონომიკა კი მთლიანად რუსეთის ხელშია, საზღვრებსაც კი რუსეთი აკონტროლებს - ერევნის აეროპორტში რომ შეხვიდოდი, პასპორტს სომეხი კი არა, რუსულ სამხედრო ფორმაში ჩაცმული რუსი მესაზღვრე გართმევდა. მართალია, ახლა ხილული ადგილებიდან, მაგალითად, აეროპორტის გამშვები პუნქტებიდან რუსული სასაზღვრო ჯარები გაიყვანეს, მაგრამ სადაც ჩვენ ვერ ვხედავთ, საზღვრებს დღემდე რუსები იცავენ.
ჩვენთვის, ქართველებისთვის, დასავლეთი ხილულია - გვაქვს უვიზო მიმოსვლა, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ნატოში ასპირანტის სტატუსი...
ვიზალიბერალიზაციის მიღებას, სულ მცირე, 2-3 წელი სჭირდება. როცა საქართველომ უვიზო მიმოსვლა მიიღო, თავად მთავრობაში ვიყავი და მახსოვს, ამ პროცესს 4-5 წელი დასჭირდა, სომხეთი კი ამ გზის გავლას მხოლოდ ახლა იწყებს.
რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, ეს ჩვენ, ფაქტობრივად, საჩუქრად მოგვცეს უკრაინაში დაწყებული ომის გამო. სომხეთისთვის ამ სტატუსის მიღება ბევრად რთული იქნება. როცა მათთვის ამის დრო მოვა, უკრაინის ომი, იმედია, დასრულებული იქნება და სრულიად სხვა რეალობა დაგვხვდება. თუ საქართველო ჩამოშორდა ამ ევროპულ პროცესს, იქნებიან კი ევროპელები მზად, რომ ჩვენს მიღმა სომხეთი დაინახონ? ამიტომაა სომხეთის მოსახლეობა დაბნეული. ისინი ამბობენ: "სად არის დასავლეთი? არ ჩანს". ხედავენ, რომ რუსეთი ცუდია, მაგრამ თავს გეოპოლიტიკურ ობლებად მიიჩნევენ, რომლებსაც პატრონი არა ჰყავთ.
- რუსეთიდან უკვე ისმის მუქარა, რომ სომხებს გაუძვირდებათ რესურსები და ა.შ. რა მოლოდინი გაქვთ, რა შეიძლება მოხდეს?
- არაფერი მოხდება, თუკი რუსეთმა რაიმე პროვოკაცია არ მოაწყო - მაგალითად, ვინმე არ შეიჭრა გიუმრის ბაზაზე ან ვინმე რუსი არ მოკლეს... სამწუხაროდ, მოიძებნებიან პირები, რომლებიც ფულის სანაცვლოდ, ან მის გარეშეც, რუსეთის საქმეს გააკეთებენ. ამ შანტაჟის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივიდეს არჩევნებზე და ხმა მისცეს ფაშინიანის წინააღმდეგ. თუმცა, თუ რუსეთმა არჩევნების შემდეგაც განაგრძო მუქარის შესრულება, ის სომხეთს უფრო დაკარგავს. რუსეთი საშინლად აგრესიული სახელმწიფოა, მაგრამ სულელები არ არიან. არჩევნების შემდეგ დაფიქრდებიან, რა უფრო უღირთ - გააღვივონ ანტირუსული განწყობები და ნელ-ნელა დაკარგონ სომხეთში ყველაფერი, თუ ბრძოლა შემდეგ არჩევნებამდე გადადონ. ევროპა ჯერ კიდევ შორსაა, რუსეთი კი იქვეა. სანამ სომხეთს ევროკავშირში მიიღებენ, სულ მცირე, 2-3 არჩევნები ჩატარდება...
რუსა მაჩაიძე