"სამხრეთი კავკასია დღეს გლობალური დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი სივრცეა“ - კვირის პალიტრა

"სამხრეთი კავკასია დღეს გლობალური დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი სივრცეა“

"რეგიონი რეალურად ემზადება იმისთვის, რომ უახლოეს მომავალში მსოფლიოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გეოეკონომიკურ სივრცედ გადაიქცეს, - ამბობს უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი მამუკა არეშიძე, - საუბარია სატრანსპორტო დერეფნებზე, ენერგეტიკულ მარშრუტებსა და მთლიანად იმ ახალ გლობალურ არქიტექტურაზე, რომელიც ახლა ყალიბდება. თუმცა ამ პროცესს თან ახლავს როგორც საგა­რეო მოთამაშეების დაპირისპირება, ასევე­ შიდარეგიონული კონფლიქტები და წინააღმდეგობები".

- დღეს განსაკუთრებით საინტერესოა აზერბაიჯანის პოლიტიკა, რომელმაც წლების განმავლობაში მოქნილი და პრაგმატული დიპლომატია აწარმოა. ყარაბაღზე კონტროლის აღდგენის შემდეგ ბაქომ პოზიციები უფრო გაიძლიერა და დღეს მრავალვექტორულ პოლიტიკას ატარებს. რამდენად შეძლებს ამ ბალანსის შენარჩუნებას, ეს სხვა საკითხია, თუმცა ქვეყანას იმდენად ძლიერი ენერგეტიკული და ეკონომიკური რესურსი აქვს, რომ მსხვილ მოთამაშეებს რეგიონში ვითარების უკიდურესად დაძაბვის საშუალებას, ფაქტობრივად, არ აძლევს.

დღეს აზერბაიჯანული ენერგომატარებლები ევროკავშირის 16 ქვეყანას მიეწოდება, აქედან 12 ქვეყანა რესურსს პირდაპირ მილსადენებით იღებს, დანარჩენები კი სხვადასხვა სავაჭრო და ენერგეტიკული მექანიზმით თანამშრომლობენ ბაქოსთან. მაგალითად, იტალიისთვის აზერბაიჯანი მხოლოდ გაზის მიმწოდებელი აღარ არის. აზერბაიჯანულმა მხარემ იტალიაში მსხვილი ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული აქტივებიც შეიძინა, მათ შორის ათასობით ავტოგასამართი. ეს ნიშნავს, რომ ევროპა გარკვეულწილად მიბმულია აზერბაიჯანულ ენერგეტიკაზე და ამიტომ დასავლეთი ბაქოსთან ფრთხილობს. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებების, ოპოზიციის მდგომარეობისა და სხვა საკითხების გამო აზერბაიჯანთან პრეტენზიები არსებობს, დასავლეთი რადიკალურ ნაბიჯებს ვერ დგამს, რადგან აზერბაიჯანი ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა.

რაც შეეხება სომხეთს, ერევანი ცდილობს ერთდროულად ითამაშოს ორ ფრონტზე - დასავლეთთანაც და რუსეთთანაც. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთიც ცდილობს მოქნილი პოლიტიკის დემონსტრირებას, მისი შესაძლებლობები და ეფექტიანობა მაინც ვერ უტოლდება აზერბაიჯანისას, რაც ბუნებრივიც არის. აზერბაიჯანი დასავლეთისთვის, პირველ რიგში, მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პარტნიორია, მაშინ როცა სომხეთს მსგავსი რესურსი და ფუნქცია არ გააჩნია. ერევანი მსხვილი გეოპოლიტიკური მოთამაშეებისთვის უფრო სტრატეგიულ საყრდენად განიხილება, ვიდრე ენერგეტიკულ ჰაბად.

არ მჯერა, რომ უახლოეს მომავალში ერევანი შეძლებს სრულფასოვან ინტეგრაციას ევროკავშირში. სომხეთი ძალიან არის დამოკიდებული რუსეთის ბაზარზე, ეკონომიკასა და უსაფრთხოების სისტემაზე. ეს თავად ფაშინიანის განცხადებებშიც გამოჩნდა, როდესაც ხაზი გაუსვა, რომ სომხეთი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის დატოვებას არ აპირებს.

- ამ ფონზე საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას როგორ აფასებთ?

- საქართველოს ხელისუფლება ცდილობს რამდენიმე მიმართულებით იმოქმედოს. ერთი მხრივ, მიმდინარეობს რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება ცენტრალური აზიასა და სამხრეთ კავკასიასთან, მეორე მხრივ, აშშ-თან ურთიერთობის გადალაგება. მნიშვნელოვანია ევროპის ცალკეულ ქვეყნებთან ურთიერთობის წესის შეცვლაც. საუბარია არა მთლიანად ევროკავშირზე, არამედ კონკრეტულ სახელმწიფოებთან თანამშრომლობაზე. ბოლო პერიოდში საქართველომ რეგიონულ თანამშრომლობაში წარმატებას მიაღწია. მაგალითად, აზერბაიჯანთან გაფორმდა მნიშვნელოვანი დოკუმენტები, რომლებიც სატრანსპორტო და ენერგეტიკული ფუნქციის გაძლიერებას ეხება.

- შუა დერეფანს გულისხმობთ?

- დიახ. სხვათა შორის, არსებობდა საფრთხე, რომ "ტრამპის კორიდორის" პროექტის გააქტიურების შემთხვევაში საქართველოს როლი ნაწილობრივ შესუსტებულიყო, თუმცა ბოლო შეთანხმებებმა ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია უფრო გააძლიერა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყარსი-ახალქალაქის სარკინიგზო მარშრუტის განვითარება და ახალი შეთანხმებები სატრანსპორტო დერეფნების მიმართულებით. მე ვერ ვხედავ "ტრამპის მარშრუტის" აქტუალიზაციას უახლოეს მომავალში.

- როგორ უნდა შეფასდეს საქართველოში ამერიკული დელეგაციის ვიზიტი და რაზე მიანიშნებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადება, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია საქართველოსთან საკუთარი ინტერესების ჩამოყალიბებისა და გადაფასების პროცესშია?

- ეს საკმაოდ ფრთხილი განცხადებაა და გარკვეულწილად, იმის დემონსტრირებაც, რომ საქართველო ურთიერთობის გადატვირთვისთვის მზად არის, თუმცა ამერიკა ჯერ არა. ფაქტია, ტრამპის ადმინისტრაცია რეგიონის მიმართ განახლებულ პოლიტიკას აყალიბებს. უნდა ითქვას ისიც, რომ დღეს ბრიტანეთისა და ამერიკის გავლენა აზერბაიჯანში ისეთი მასშტაბურია, როგორიც არასდროს ყოფილა. საუბარია არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ პოლიტიკურ გავლენაზეც. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ალიევის ხელისუფლებას საკუთარ ნებას ახვევენ თავს, უბრალოდ, აქტიურად აკვირდებიან პროცესებს და საჭიროების შემთხვევაში კორექტირებას ახდენენ. ბრიტანეთისა და ამერიკის წარმომადგენლები აზერბაიჯანში თავს პრაქტიკულად ისე გრძნობენ, როგორც თევზი წყალში. მსგავსი ვითარებაა სომხეთშიც, თუმცა იქ განსაკუთრებით ძლიერია აშშ-ის საელჩოსა და საფრანგეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის გავლენა. ის შეთანხმებები და დოკუმენტები, რომლებიც ერევანმა ვაშინგტონთან გააფორმა, გარკვეულწილად სომხეთისთვის მძიმე და დამავალდებულებელი პირობების შემცველიცაა, თუმცა სომხეთი ამ ნაბიჯ­ზე შეგნებულად წავიდა, რათა ამერიკისგან უფრო ფართომასშტაბიანი პოლიტიკური და უსაფრთხოების მხარდაჭერა მიეღო.

აზერბაიჯანისგან განსხვავებით, სომხეთი იმ შეცდომის გამეორების რისკის წინაშე დგას, რომელიც საქართველომ 2000-იანი წლების დამდეგს დაუშვა, როდესაც ამერიკის მხარდაჭერის მასშტაბზე გადაჭარბებული მოლოდინი ჰქონდა.

- არ იზიარებთ თქვენ იმ მოსაზრებას, რომ 2008 წელს საქართველო რუსეთის სრულ ინტე­რვენციას შავ ზღვაში შემოსულმა ამერიკულმა გემებმა გადაარჩინეს?

- აბსოლუტურად ვიზიარებ ამ შეფასებას. ვადასტურებ, რომ მაშინ ვაშინგტონიდან მოსკოვს პირდაპირი გაფრთხილება გაეგზავნა, რომ თბილისის მიმართულებით სამხედრო მოქმედებების გაგრძელებას მძიმე რეაქცია მოჰყვებოდა. თუმცა ერთ მნიშვნელოვან დეტალზე მინდა ყურადღების გამახვილება: ომის შემდეგ ქართველ და ამერიკელ ექსპერტებს შორის ერთ-ერთ შეხვედრაზე მწვავე დისკუსია გაიმართა იმის შესახებ, თუ რამდენად იყო თეთრი სახლი საქმის კურსში ომამდე მიმდინარე პროცესების შესახებ. ამერიკელები ამტკიცებდნენ, რომ თეთრი სახლი საქმის კურსში არ იყო. თუმცა როდესაც ქართველმა ექსპერტმა იკითხა, კი მაგრამ პენტაგონი ხომ ინფორმირებული იყოო, სიჩუმე ჩამოვარდა. პირადად ჩემთვის ეს კიდევ ერთი ირიბი დასტური იყო, რომ იმდროინდელი ამერიკული ნეოკონსერვატიული წრეები, მათ შორის ვიცე-პრეზიდენტ დიკ ჩეინის გუნდი, პროცესებში გარკვეულ როლს თამაშობდნენ. სწორედ ამ კონტექსტში ვსაუბრობ "ორ ამერიკაზე", სხვადასხვა გავლენიან ჯგუფზე, რომლებსაც განსხვავებული საგარეო პოლიტიკური ინტერესები ჰქონდათ. ეს ყველაფერი მკაფიოდ ადასტურებს, რომ დიდი სახელმწიფოები პატარა ქვეყნებს საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესების კონტექსტში განიხილავენ. ასე მოქმედებს ყველა მსხვილი მოთამაშე და ეს რეალობა საქართველომ ყოველთვის უნდა გაითვალისწინოს.

- "ქართული ოცნება" ამ თეზის გათვალისწინებით განსაზღვრავს საგარეო პოლიტიკას?

- ბოლო პერიოდში რეგიონში მრავალვექტორული პოლიტიკური თამაშის გამოცდილება დაგროვდა. დღეს სამხრეთ კავკასიის ქვეყნები, მათ შორის საქართველოც, გაცილებით უფრო მოქნილ პოლიტიკას ატარებენ, ვიდრე წარსულში. ხშირად გვესმის მოსაზრება, თითქოს "ქართული ოცნების" ხელისუფლება რუსულ თამაშს თამაშობს, მაგრამ მოსკოვში მიიჩნევენ, რომ ისინი ამერიკულ ინტერესებს ატარებენ.

- მოსკოვიდან არაერთხელ მოგვისმენია "ქართული ოცნების" მხარდამჭერი განცხადებებიც.

- კი, მაგრამ საკმარისი იყო, მაგალითად, მაკა ბოჭორიშვილისა და ზელენსკის ერთობლივი ფოტო, რომ რუსებმა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან უკვე გაფორმებული ე.წ. სამოკავშირეო ხელშეკრულება გადაამუშავეს და თავიდან მოაწერეს ხელი.

ხათუნა ბახტურიძე