დიპლომატია ჩიხში, ცა ცეცხლში!
პეკინში ჯერ ტრამპის და შემდეგ პუტინის ვიზიტების შემდეგ, ფაქტობრივად, ერთდროულად დაიძაბა ვითარება უკრაინისა და ირანის მიმართულებით - პუტინმა კიევს რაკეტებით დაარტყა, ტრამპმა კი ირანთან სამშვიდობო შეთანხმების საკითხი გააქტიურა, რა თქმა უნდა, საკუთარი პირობებით. მან განაცხადა, რომ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევამდე შეინარჩუნებს ირანის პორტების ბლოკადას, 29 მაისს ჰორმუზის სრუტის დაუყოვნებლივი გახსნა მოითხოვა, 30 მაისს კი საბოლოო გადაწყვეტილების მიღების გარეშე დატოვა თეთრი სახლის სიტუაციურ ოთახში გამართული შეხვედრა, რომლის მთავარი თემა იყო ირანთან შესაძლო შეთანხმება და მიზნად ისახავდა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გახანგრძლივებასა და თეირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკების წინ წაწევას. თავისთავად 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გახანგრძლივების პერსპექტივის ფასი საკმაოდ მაღალია - თეირანმა სრულად უნდა თქვას უარი ბირთვულ იარაღზე, გაასუფთაოს დანაღმული საზღვაო ტერიტორიები, უზრუნველყოს ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი ნავიგაცია და გაანადგუროს მაღალგამდიდრებული ურანის მარაგები საერთაშორისო სააგენტოს ზედამხედველობით. სანაცვლოდ, აშშ მზადაა საზღვაო ბლოკადა მოხსნას და განიხილოს გაყინული ირანული აქტივების ეტაპობრივი აღდგენა.
პარალელურად, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა რეგიონული უსაფრთხოების ქსელის გასაფართოებლად. ტრამპის მოწოდება ერ-რიადისა და კატარისადმი, შეუერთდნენ "აბრაამის ხელშეკრულებებს", რომლებიც არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინის, მაროკოსა და სუდანის მიერ ისრაელის აღიარებას გულისხმობს, აშკარად თეირანის სრული გეოპოლიტიკური იზოლაციის ცდაა, რადგან კატარის, როგორც ტრადიციული შუამავლის, ამ პროცესში ჩართვა მნიშვნელოვნად შეცვლიდა ძალთა ბალანსს ახლო აღმოსავლეთში.
ამის პარალელურად კი, როდესაც დასავლეთის ყურადღება დიდი არაბულ-ისრაელური კოალიციის შექმნისა და ჰორმუზის კრიზისისკენაა მიმართული, რუსეთი ცდილობს გეოპოლიტიკური ყურადღების გადატანა გამოიყენოს. როგორც სამხედრო ანალიტიკოსები წერენ, 23-24 მაისის ღამეს კიევზე მასირებული სარაკეტო და დრონებით იერიში ომის სტრატეგიის ცვლილებას აჩვენებს, რადგან, სამშვიდობო ინფრასტრუქტურის განადგურება მოსახლეობის ფსიქოლოგიური გამოფიტვის მიზანმიმართული სტრატეგიაა, ხოლო გრუშევსკის ქუჩაზე დარტყმა, სადაც ზელენსკის ბინაა, სიმბოლურ დატვირთვას იძენს.
შეძლებს თუ არა ვაშინგტონი ერთდროულად მართოს ესკალაცია თეირანთან და უზრუნველყოს კიევის ქმედითი მხარდაჭერა, თუ მსოფლიო უფრო მასშტაბური დესტაბილიზაციის წინაშე აღმოჩნდება და აქვს თუ არა ორ ცხელ წერტილში ვითარების გამწვავებას კავშირი პეკინის შეხვედრებთან, ამ საკითხებზე პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორს, ჰოკაიდოს უნივერსიტეტის მიწვეულ პროფესორს კორნელი კაკაჩიას ვესაუბრებით.
- ტრამპის ვიზიტი ჩინეთში მიზნად ისახავდა ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობის სტაბილიზაციას განსაკუთრებით სავაჭრო-ეკონომიკურ, უსაფრთხოებისა და პოლიტიკურ საკითხებში. ეს, პირველ რიგში, ტაივანის საკმაოდ მწვავე საკითხით იყო განპირობებული. ეს ვიზიტის ძირითადი მიზანი გახლდათ, მაგრამ შეხვედრაზე დიდი ყურადღება დაეთმო სხვა გლობალურ კონფლიქტებსაც, მათ შორის ირანსა და უკრაინაში.
რაც შეეხება რუსეთ-უკრაინის ომს, ჩინეთის როლი მნიშვნელოვანია. აშშ-ს მიაჩნია და ტრამპმაც აღიარა, რომ ვაშინგტონი ცდილობს უბიძგოს ჩინეთის ხელისუფლებას რუსეთზე ზეწოლისკენ. თუმცა, ფაქტია, ჩინეთი ამას არ აკეთებს. ამ ვითარებაში ჩინეთის, როგორც მომრიგებელი მხარის პოზიციები, ძლიერდება. ვინაიდან ის უშუალოდ არ არის ჩართული ამ ომებში, მას, თურქეთის მსგავსად, აქვს შესაძლებლობა გამართოს მოლაპარაკება ყველა მხარესთან.
თუ ტრამპის შეხვედრას პუტინის ვიზიტს შევადარებთ, ნათელია, რომ რუსეთის პრეზიდენტისთვის ეს ვიზიტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. ჩინეთის დახმარების გარეშე, რუსეთი ომს ვეღარ გააგრძელებს. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ რუსეთი ჩინეთისთვის, ფაქტობრივად, უმცროს პარტნიორად იქცა. ჩინეთმა კარგად იცის, რომ კოზირი მის ხელშია და ომის პირობებში რუსეთი მის გარეშე ნაბიჯს ვერ დგამს. პეკინი ამას ორმხრივ ურთიერთობაშიც იყენებს, მაგალითად, გაზის საკითხებში - მილსადენის მეორე ნაკადის აშენებაზე მოლაპარაკება მრავალი წელია გრძელდება, თუმცა ვერც ახლა მოხერხდა შეთანხმება და პროცესი ჩავარდა. ამით ჩინეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი მიზანი - გაზარდოს რუსეთის მასზე დამოკიდებულება, რუსეთი კი იძულებულია, დაემორჩილოს. იმავდროულად, ჩინეთი საერთაშორისო არენაზე ფორმალურად მაინც უჭერს მხარს რუსეთს. რუსეთთან, ჩრდილოეთ კორეასა და ირანთან ერთად შექმნილია ანტიდასავლური ფორმატი, რომლის გამოყენებასაც ჩინეთი დასავლური გავლენის დასაკნინებლად ცდილობს როგორც რეგიონში, ისე მსოფლიოში. ამ ორ სახელმწიფოს აერთიანებს ისიც, რომ ორივეს გაცხადებული მიზანია, მხარი დაუჭიროს მულტიპოლარულ მსოფლიოს.
- უკრაინის ომში ბოლო დღეებში ვითარება ისე გამწვავდა, რომ ზელენსკიმ იარაღის თხოვნით ტრამპსაც მიმართა და კონგრესსაც.
- ეს "გაძლების ომია". ასეთ ვითარებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა რესურსებს ენიჭება. ფაქტია, ორივე მხარე უკვე გამოფიტულია. თავად მოსკოვიც აღიარებს მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას, რის გამოც რუსეთს ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეაში დამატებითი მხარდაჭერის მოძიება დასჭირდა. ანალოგიურ სიტუაციაშია უკრაინაც, რომელიც სრულად არის დამოკიდებული დასავლეთის ფინანსურ, სამხედრო და პოლიტიკურ დახმარებაზე. ამასთან, ბოლოდროინდელმა დაბომბვებმა აჩვენა, რომ პუტინი უკრაინისთვის მისაღები პირობებით მშვიდობისთვის მზად არ არის... შექმნილი რესურსული დეფიციტის გამო, უკრაინა ცდილობს მოკავშირეებს დახმარება დააჩქარებინოს. პარალელურად, ევროკავშირი მოსკოვთან მოლაპარაკების ახალი ფორმულის მოძებნას ცდილობს. კალასის განცხადებაც მიუთითებს, რომ ევროპა რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან ცალკე დაჯდომას განიხილავს. ეს ნაბიჯი განპირობებულია იმით, რომ აშშ რუსეთთან დამოუკიდებლად საუბრობს და ევროკავშირს, როგორც უკრაინის მთავარ მხარდამჭერს, პროცესების მიღმა დარჩენა არ სურს. მართალია, ევროპაში სამხედრო გადაიარაღება უკვე დაიწყო და მასში საფრანგეთი თუ გერმანია აქტიურად არიან ჩართული, მაგრამ თანამედროვე ომების მოთხოვნების დაკმაყოფილებას წლები სჭირდება... ვაშინგტონი ფორმალურად მხარს უჭერს უკრაინას, თუმცა პარალელურად ზეწოლას ახდენს კიევზე, მოლაპარაკებას დათანხმდეს. აშშ ანალოგიური მასშტაბის ზეწოლას არ ახდენს რუსეთზე, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი ტრამპს სამშვიდობო ხელშეკრულების დასადებად ყველაფრის გაკეთებას არაერთხელ დაჰპირდა.
- ტრამპისთვის პრობლემურია ის, რომ აშშ დამოკიდებულია ჩინეთიდან იმპორტირებულ მინერალებზე. შესაბამისად, დაინტერესებული უნდა იყოს უკრაინაში მშვიდობით, რათა უკრაინული მინერალებით ჩანაცვლება შეძლოს და ეს საკითხი ვერ გახდება ფაქტორი უკრაინის მხარდასაჭერად, რომ შეძლოს კიევთან დადებული შეთანხმების ამოქმედება?
- უცნობია, რამდენად სტრატეგიული იყო მინერალების საკითხი, თუ ეს უფრო პოლიტიკური შეფუთვა გახლდათ. ვინაიდან ტრამპს გაცხადებული ჰქონდა, რომ უკრაინას უფასოდ მხარს არ დაუჭერდა, შესაძლოა ხელშეკრულებაში მინერალების საკითხი სწორედ ამიტომ ჩაიდო. რეალურად არავინ იცის, რამდენად დაინტერესებულია ტრამპის ადმინისტრაცია ამ თემით, რადგან შემდგომი ნაბიჯები აღარ გადადგმულა. ფაქტია, მხოლოდ მინერალების თემა ტრამპისა და მისი ადმინისტრაციისთვის საკმარისი არ არის - მათი ამბიციები უკრაინის ფარგლებს სცდება. არ უნდა დაგვავიწყდეს ტრამპის აკვიატება გრენლანდიასთან დაკავშირებით, კანადასთან გაფუჭებული ურთიერთობა და ევროკავშირსა თუ ნატოში შეტანილი დაძაბულობა, ეს დიდ გავლენას ახდენს როგორც საერთაშორისო პოლიტიკაზე, ისე უშუალოდ ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებზე.
- ჰორმუზის სრუტის საკითხზე ვითარება ისევ დაიძაბა... სამშვიდობო მოლაპარაკების პერსპექტივა უახლოეს მომავალში როგორია?
- ყოველდღე ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას ვიღებთ. ერთ შემთხვევაში აშშ ფორმალურად აცხადებს, რომ მოლაპარაკებაში შედეგის მიღწევასთან ახლოს არიან, რისი დეზავუირებაც ირანული მხარისგან მალევე ხდება. აშკარაა, რომ ეს პროცესი უკიდურესად წინააღმდეგობრივია და მხარეებს შორის საერთო ენის გამონახვა მარტივი არ არის. თუმცა ფაქტია, ირანიც კრიტიკულ სიტუაციაშია. არსებობს ზღვარი, რომლის მიღმაც კონფლიქტის უსასრულოდ გაგრძელება მისთვისაც შეუძლებელია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ვითარება უფრო ამძიმებს ქვეყნის ეკონომიკას, რომელიც ომამდეც მძიმე მდგომარეობაში იყო. შესაბამისად, უახლოეს თვეებში გამოჩნდება პროცესის რეალური შედეგები - შედგება თუ არა აშშ-ის მაქსიმალისტური დღის წესრიგი. ვაშინგტონის მიზანია ირანს უარი ათქმევინოს ბირთვულ იარაღზე და ბირთვული ქობინების განადგურება ამერიკის ტერიტორიაზე მოხდეს, სანაცვლოდ კი განიხილება ირანისთვის სანქციების მოხსნის საკითხი. მართალია, ეს ყველაფერი მოლაპარაკების საგანია, მაგრამ ამ ეტაპზე ნათელია, რომ მხარეები რადიკალურად განსხვავებულ პოზიციებზე რჩებიან.
- მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა ირანს დათმობაზე წასვლას ხომ არ აიძულებს?
- აქ, პირველ რიგში, არსებობს იდეოლოგიური ფაქტორი, რის გამოც ირანი რეგიონში თავის ამბიციებს ვერ თმობს. ირანისთვის დამარცხებულად წარმოჩენა კატეგორიულად მიუღებელია. ამიტომაც ხელმძღვანელობა ცდილობს მოლაპარაკება ისე აწარმოოს, სახე შეინარჩუნოს. ამასთან, ვერ უგულებელყოფს შიდა ფაქტორებს - ქვეყანაში არსებობს ე.წ. ქორების ბანაკი და კლერიკალური ჯგუფები, რომლებიც ამერიკას კვლავ მტრად აღიქვამენი. ამიტომ მათთვის ზედმეტად დამთმობი პოზიცია მიუღებელია.
მეორე მხრივ, ომის გაგრძელება არც აშშ-ისთვის და არც მსოფლიოსთვის სასურველი სცენარი არ არის. მოსაძებნია ისეთი ფორმულა, რომლის მიხედვითაც აშშ-თან შესაძლო ხელშეკრულება ირანის სტრატეგიულ მარცხად არ აღიქმება და იმავდროულად, მიუღებელი არ იქნება ამერიკისთვის. სწორედ ეს ართულებს მოლაპარაკებებს.
რუსა მაჩაიძე