რა მოხდება 2028 წლის ოქტომბრამდე?! - კვირის პალიტრა

რა მოხდება 2028 წლის ოქტომბრამდე?!

გასული კვირის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო 26 მაისს "ოპოზიციური ალიანსის" აქცია. პირველ რიგში, ვისაუბროთ ხალხის რაოდენობაზე: ყველას უყვარს "თავე­ბის თვლა", "იმ მხარესაც" და "ამ მხარესაც". თუ გავითვალისწინებთ, რომ აქცია ორგა­ნიზებული იყო ოპოზიციური პარტიების მიერ (რომელთა რეიტინგი, რბილად რომ ვთქვათ, მაღალი არ არის), ნორმალური დასწრება იყო. იყო თუ არა ეს გარდამ­ტეხი აქცია, როგორც ორგანიზატორებს გამოჰ­ყავთ? არა - რა გადატყდა, გაუგებარია. ამ აქციამ ის დაადასტურა, რომ ქვეყანაში პროტესტი არსად წასულა და შესაბამისად, ჩუმი პოლიტიკური კრიზისი განმუხტვას საჭიროებს.

გავიგეთ თუ არა რამე ახალი ოპოზიციის ლიდერებისგან? არაფერი. გარდა იმისა, რომ კიდევ შეიკრიბებიან და ბრძოლა გრძელდება. სამაგიეროდ, გავიგეთ ის, რომ "ოპოზიციურმა ალიანსმა" მიხეილ სააკაშვილი ვერ "შემოირიგა" (ისე, აქციის დაწყებისთანავე სააკაშვილის მომხრეებმა კამერების წინ სტრატეგიული ადგილი დაიკავეს მიშას პლაკატებით ხელში და საქმეში ჩაუხედავ ხალხს შეიძლებოდა ჰგონებოდა, რომ აქციის მიზანი სააკაშვილის გათავისუფლება იყო).

აი, რა დაწერა მიხეილ სააკაშვილმა 26 მაისის აქციაზე: "საქართველო იმსახურებს უკეთესს!" - სრულიად უკბილო და არაადეკვატური ლოზუნგია! ის ნიშნავს, რომ პრინციპში ყველაფერი, ასე თუ ისე, რიგზეა, მაგრამ უკეთესიც შეიძლება. ნუთუ მთლად დავბრმავდით, თუ რა ხდება? საქართველო დღეს სრული განადგურების პირასაა მიყვანილი, უკიდურესად დაცემულ, დამცირებულ მდგომარეობაში იმყოფება. ჩვენ არა მხოლოდ დავკარგეთ ჩვენი მსოფლიო როლი, რომელიც უდავოდ გაგვიჩნდა "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, არამედ რეგიონშიც კი აღარ ვართ ლიდერები, რაც არასდროს მომხდარა ისტორიულად. ამიტომ აქ უნდა ვისაუბროთ არა "უკეთესზე", არამედ საქართველოს გადარჩენასა და ისტორიული სიდიადის აღდგენაზე. ჩემთვის მიუღებელია დავარცხნილი, ფსევდოდემოკრატიული რიტო­რიკა. გამარჯვებისთვის ჩვენ გვჭირდება ჩვენი ისტორიული მისიის გააზრება და მისკენ გაბედული ნაბიჯებით სვლა. "შემოდგომაზე შევიკრიბებით უფრო მეტი" ძალიან მავნე გეგმაა, მაშინ როცა არცე­რთი დღე არ არის დასაკარგი საქართველოს გადარჩენისთვის. მინდა მივმართო ყველას, ვინც ჩემსავით ფიქრობს, გავერთიანდეთ და ვიმოქმედოთ".

ფაქტობრივად, სააკაშვილი ცდილობს დაშალოს "ოპოზიციური ალიანსი". მიზეზი გასაგებია - ალიანსის პარტიათა დიდმა ნაწილმა არ აღიარა ის ლიდერად და გამწა­რებული მიშა მათკენ უკვე კენჭებს კი არა, ლოდებს ისვრის. მისი პრინციპია, თუ თვითონ არ იქნება ბელადი, ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა.

მიშა იქით იყოს და, "ოპოზიციური­ ალი­ანსის" ლოზუნგი ექსპერტებმაც გა­აკრიტიკეს. არადა, ისინი გაიძახოდნენ, რომ ოპოზიციას პოზიტიური დღის წესრიგი აკლია და მხოლოდ "გადადექის" და "არიქა, ქვეყანა იღუპებას" ძახილით, შორს ვერ წავა. ა, ბატონო, პოზიტიური ლოზუნგი, ყოველგვარი დამხობისა და აპოკალიფსური წინასწარმეტყველებების გარეშე. არც ეს მოსწონთ? უკვე "ჭრელო პეპელას" პრინციპთან გვაქვს საქმე.

ექსპერტთა და ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტთა ერთმა ნაწილმა აქციის ორგანიზატორები გააკრიტიკა, კონკრეტული გეგმა არ წარმოუდგენიათო. ჩვენს ოპოზიციურ ლიდერებს თავიანთი ცოდვებიც ეყოფათ, მაგრამ... მოდი, ეს აქტივისტები და ექსპერტები წუთით ჩაძვრნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ტყავში. თვითონ რაიმე კონკრეტულ გეგმას წარმოადგენდნენ? ან რა კონკრეტული გეგმა შეიძლება იყოს? აგერ, იყვნენ პოლიტიკოსები, რომელთაც წარმო­ადგინეს "კონკრეტული გეგმა" - არიქა, 4 ოქტომბერს ხელისუფლებას "მშვიდობიანად ვამხობთო". საბოლოოდ ამან ის მოიტანა, რომ ეს პოლიტიკოსებიც ციხეში სხედან 7-7-წლიანი სასჯელებით და 60-მდე კაციც წაიყოლეს საპყრობილეში.

რა მოხდება მომავალში?!

თქვენი მონა-მორჩილი თავს მისცემს უფლებას და შემოგთავაზებთ პროგნოზს, თუ როგორ განვითარდება მოვლენები 2028 წლის ოქტომბრამდე. მოცემულობად ავიღოთ ის, რომ დღევანდელი სტატუს-კვო შენარჩუნებულია და ხელისუფლება რაიმე მძიმე შეცდომას არ უშვებს, რასაც შიდა ესკალაცია მოჰყვება.

ოპოზიციური პარტიები (თუმცა საკითხავი ის არის, სააკაშვილის გადამკიდე შეინარჩუნებს თუ არა ერთიანობას "ოპოზიციური ალიანსი") აქციებს გააგრძელებენ 2026 წლის შემოდგომაზეც. შემდეგ იქნება საახალ­წლო პაუზა. 2027 წლის გაზაფხულიდანაც იქნება აქციები რომელიმე კონკრეტულ თარიღთან მისადაგებით. იქნება ზაფხულის პაუზა და აქციების ჩატარების მცდელობები შემოდგომაზე. შემდეგ ისევ საახალწლო "შესვენება". ამასობაში, მოვა 2028 წლის გაზაფხული. ამ პერიოდიდან ტელესტუდიებში დაიწყება გაცხოველებული დისკუსიები იმის შესახებ, უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ მონაწილეობა 2028 წლის ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში. ეს დისკუსიები გაგრძელდება მთელი ზაფხულის განმავლობაშიც...

შესაძლოა ვცდები, თუმცა ასე მგონია - 2028 წლის აგვისტოში ან სექტემბერში ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი ან ყველა მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ მიიღოს მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში. აი, რა მოხდება 2028 წლის ოქტომბერში, უკვე აღარ ვიცი...

ამაზრზენი ამბავი გორიდან ანუ საგანგაშო სიგნალი

რაც გორში ვიხილეთ, აბსოლუტურად ამაზრზენი და მიუღებელია. ვაჟბატონთა ჯგუფს პოლიციის ფორმები რომ არ სცმოდათ, ვიფიქრებდით, რომ ბანდიტური საქმის გარჩევაა. ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ვერსია ასეთია - პოლიციის თეთრი "შკოდა" სწრაფად შევიდა ეზოში, რაზეც მან და მისმა მეგობარმა შენიშვნა მისცეს. სამართალდამცავები გადმოხტნენ მანქანიდან და ცემა დაუწყეს... სამართალდამცავების ვერსიით კი მოქალაქეები არ დაემორ­ჩილნენ პოლიციას და მათ წინააღმდეგობა გაუწიეს.

თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, რა წინა პირობა ჰქონდა მომხდარს?! ადამიანების დაუნდობლად ცემა დანაშაულია. პოლიციელი ადამიანს სასტიკად არ უნდა მოექცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის აღარ არის პოლიციელი, ის დამნაშავეა, რომელსაც იარაღის ტარების უფლება აქვს.

კარგია, რომ პროკურატურამ ამ ცემა-ტყეპაში მონაწილე პოლიციელები დააკავა. მთავარია, მუდმივად ტარდებოდეს პრევენციული ღონისძიებები, რათა ასეთი ფაქ­ტები აღარ მოხდეს. რა თქმა უნდა, პოლიტიკური ძალები მომხდარის სათავისოდ გამოყენებას შეეცდებიან. თუმცა ამ შემთხვევაში საზოგადოებაზე ვსაუბრობთ, რომელსაც აქვს კითხვა - ვიდეოზე რომ არ აღბეჭდილიყო, დაიჭერდნენ პოლიციელებს? თავად ის ფაქტი, რომ ეს კითხვა ისმის, საგანგაშოა.

ერთ-ერთი დაკავებული პოლიციელი 19 წლისაა - ანუ სავარაუდოდ, სულ რამდენიმე თვეა, რაც დაწყებული აქვს მუშაობა სამართალდამცავ სტრუქტურებში. ნებისმიერ სფეროში გამოუცდელი ახალგაზრდები სწავ­ლობენ უფროსი კოლეგებისგან. რა ასწავლეს კოლეგებმა ამ 19 წლის ბიჭს? ადამიანების დაუნდობლად ცემა? ჯერ დაწყებულიც არ ჰქონდა და უკვე გაუფუჭეს კარიერა - რა თქმა უნდა, მისთვის სამართალდამცავი სტრუქტურის კარი დახურულია.

ალბათ, მხოლოდ 6 პოლიციელზე არ უნდა გადატყდეს ჯოხი და პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ მათ უშუალო ხელმძღვანელებსაც. როდესაც სამართალდამცავები ასე იქცევიან, სავარაუდოდ, მათ აქვთ განცდა, რომ არავინ დასჯით.

ის, რომ სამართალდამცავი ორგანოები უნდა მოქმედებდნენ მხოლოდ და მხოლოდ კანონის ფარგლებში, უნდა იყვნენ ქვეყნისა და მოქალაქეების დამცველები, ეს არ არის "ამ პარტიისა" თუ "იმ პარტიის საკითხი". ეს არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თემა. ნორმალური სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ნიშან-თვისება პოლიციის სანდოობაა. როდესაც ნდობა იშლება, მოქალაქე პოლიციელს უყურებს არა როგორც პატივისცემის ობიექტს (რომლის იმედი უნდა ჰქონდეს), არამედ როგორც ხიფათს, უჩნდება შიში და აგრესია მათ მიმართაც, რომლებიც კანონმორჩილი სამართალდამცავები არიან და დღედაღამ კრიმინალს ებრძვიან. შესაბამისად, პოლიციელიც გრძნობს მოქალაქის ამ დამოკიდებულებას და მასაც უჩნდება აგრესია.

სამართალდამცავ სტრუქტურასა და მოქალაქეს შორის დიდი ხიდჩატეხილობა ძალიან სერიოზული პრობლემაა ქვეყნისთვის. თუ სახელმწიფოში არ არის სანდო პოლიცია, პროკურატურა და სასამართლო სისტემა, ადამიანი სიმართლის საძებნელად წავა არა სამართალდამცავ სტრუქტურაში, არამედ კრიმინალურ ავტორიტეტთან. ამას ნელ-ნელა თავს ვაღწევდით და უკან შებრუნება კატასტროფის ტოლფასი იქნება.

კიდევ ერთ დეტალზე გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას. როდესაც მომხდარზე ატყდა აჟიოტაჟი, განსაკუთრებით აქტიურობდნენ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები/მომხრეები. ამან ხელისუფლების წარმომადგენლებს მისცა საშუალება, აქცენტები გადაეტანათ იმაზე, ამათ ხმა საერთოდ არ ამოეღებათო. დიახ, ზოგიერთს ხმა ნამდვილად არ ამოეღება და სერიოზულ პრობლემაზე ის რომ საუბრობს, რომელსაც უარესი აქვს ჩადენილი, ეს კლავს დისკუსიას, შესაძლებლობას, რომ პრობლემა ყოველგვარი პოლიტიკური ისტერიკის გარეშე (ვგულისხმობთ "ორივე მხარეს") განხილულ და გაანალიზებულ იქნეს, ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი და დაისახოს პრობლემის მოგვარების სავარაუდო სცენარები.

თუმცა ვინმეს ხმა რომ არ ამოეღება, იმას არ ნიშნავს, რომ პრობლემა არ არსებობს. სულ რომ ათასჯერ უარესი ჰქონდეს ჩადენილი წინა ხელისუფლებას, ეს მოქმედი ხელისუფლებისთვის თავის გასამართლებელი საბუთი არ უნდა იყოს. დიახ, წინა ხელისუფლებამ, ერთი მხრივ, აღმოფხვრა კორუფცია სამართალდამცავ სტრუქტურაში, თუმცა შემდეგ თავდაღმა დაეშვა და ყველაფერი გააკეთა, რათა შსს და პროკურატურა ასოცირებულიყო რეპრესიებსა და სისასტიკესთან. მოქმედმა ხელისუფლებამაც მიაყენა დიდი დარტყმა პოლიცია-საზოგადოების ნდობას - გავიხსენოთ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციები.

გასაგებია, რომ ყველა ხელისუფლება ცდილობს მაქსიმალურად ლოიალურად ჰყავდეს განწყობილი შსს. ვინც ვერ აკონტროლებს შსს-სა და სუს-ს, ის ვერ აკონტ­როლებს ხელისუფლებას. თუმცა ლოიალურობა არ ნიშნავს, რომ უკანონობაზე თვალი დახუჭო იმის შიშით, რომ მერე შენს ბრძანებას აღარ შეასრულებენ. ეს უკვე მანკიერი წრეა და წაყრუება და თავზე ხელის გადასმა შესაძლოა "ბესპრედელში" გადაიზარდოს, "ბესპრედელი" კი სამართლებრივი სახელმწიფოს დასასრულის დასაწყისია.

გიორგი კვიტაშვილი