ვინ გაისვრის პირველი: სომხეთი რუსეთთან ახალ "აგვისტოს ომს“ უახლოვდება?! - კვირის პალიტრა

ვინ გაისვრის პირველი: სომხეთი რუსეთთან ახალ "აგვისტოს ომს“ უახლოვდება?!

7 ივნისს, ჩვენს მეზობელ სომხეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, რომელზეც დიდი პოლიტიკური არჩევანი შეიძლება გაკეთდეს, რაც ამ პატარა ქვეყანას ან ახალ სერიოზულ პერსპექტივებს გაუხსნის დასავლეთისკენ, ან ისევ დარჩება რუსეთის ორბიტაზე, თუმცა საქმე არცთუ მარტივადაა, რადგან სომხეთმა შეიძლება 2008 წლის საქართველოს ბედი გაიზიაროს და "აგვისტოს ომი" მიიღოს რუსეთისგან.

ამის თქმის საშუალებას კი ის პარალელები გვაძლევს, რომლებიც ნათლად გამოიხატა 2026 წლის სომხეთის 2006-2008 წლის საქართველოსთან შედარებისას:

პირველი - 2018 წელს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად არჩეული ნიკოლ ფაშინიანი თავისი პოლიტიკითა და ქუჩაში ტრიბუნიდან ემოციური სიტყვით გამოსვლით ძალიან ჰგავს ოცი წლის წინანდელ საქართველოს პრეზიდენტ სააკაშვილს და აქტიურად ქადაგებს ქვეყნის დასავლეთისკენ სწრაფვას, რაც, ბუნებრივია, რუსეთს ძალიან აღიზიანებს;

მეორე - ფაშინიანი 2020 წლის ყარაბაღის ომში სომხეთის ინტერესების დამარცხებაში მთავარ დამნაშავედ იმ რუსეთს აცხადებს, რომელსაც სტრატეგიული პარტნიორობა ჰქონდა გამოცხადებული სომხეთისთვის და დაწყებული აქვს რუსეთის ეფ-ეს-ბეს სასაზღვრო ნაწილების გაყვანა სომხეთ-თურქეთისა და სომხეთ-ირანის საზღვრიდან, მანამდე კი რუსი მესაზღვრეები მოხსნეს ზვარტნოცის საერთაშორისო აეროპორტის საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან.

ჯერ არ დგას გიუმრის რუსული 102-ე სამხედრო ბაზის გაყვანის საკითხი, თუმცა, თუკი 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებში ფაშინიანის მომხრეებმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვეს, უახლოეს მომავალში ესეც დადგება დღის წესრიგში, რადგან ევროკავშირსა და თვით ნატოში გაწევრების მოსურნე სომხეთში რუსული სამხედრო ბაზის შენარჩუნება არ მოუნდება ევროპას. ანუ მეორდება ოციოდე წლის მოვლენები, როდესაც 2006-2007 წლებში საქართველომ თავის ტერიტორიიდან რუსეთს, ბოლოს და ბოლოს, როგორღაც გააყვანინა ბათუმის, ახალქალაქისა და ვაზიანის სამხედრო ბაზები;

მესამე - ორი ათეული წლის წინათ რუსეთმა მოგონილი საბაბით დააწესა ქართული პროდუქციაზე: ხილის, ბოსტნეულის, "ბორჯომისა" და ღვინის მის ტერიტორიაზე შეტანაზე ემბარგო, რაც, ბუნებრივია, პოლიტიკური მიზეზებით იყო განპირობებული - ამით კრემლი ცდილობდა დაესაჯა დასავლეთისკენ მომზირალი საქართველოს ეკონომიკა და ამით გამოეწვია უკმაყოფილება ხელისუფლების პოლიტიკის გამო საქართველოს იმ მოქალაქეებში, რომელთა ბიზნესი აგებული იყო ზემოხსენებული პროდუქციის რუსეთში რეალიზებაზე.

ანალოგიურად იქცევა მოსკოვი დღესაც, როდესაც ერთი თვის პერიოდში ერთმანეთის მიყოლებით აკრძალა სომხური ხილისა და ბოსტნეულის შეტანა რუსეთში, შეაჩერა სომხური მინერალური წყლის "ჯერმუკის" გაყიდვა, ხოლო სომხების მთავარი სიამაყის - კონიაკის (სინამდვილეში კი ბრენდის) ამოღებამ რუსეთის მაღაზიებიდან, ფაქტობრივად, ზენიტში აიყვანა რუსული "სავაჭრო ომი" სომხურ პროდუქციასთან;

მეოთხე - სომხეთი, როგორც დსთ-ის წევრი და რუსეთთან ეკონომიკურად მჭიდროდ დაკავშირებული პოსტსაბჭოთა ქვეყანა, შეღავათიან ფასებში იღებს რუსულ ბუნებრივ აირს. ბოლო დღეებში რუსეთის ოფიციალურმა სტრუქტურებმა სომხეთის მთავრობას აცნობეს, რომ შეღავათები შეიძლება მოიხსნას და სომხეთს რუსული ბუნებრივი აირის შესყიდვა მხოლოდ საბაზრო ფასებით შეეძლება.

აქაც შეიძლება ანალოგიის გატარება ოცი წლის წინანდელ საქართველოსთან, როდესაც უთიშავდნენ რუსეთიდან მომავალ ბუნებრივ აირსა და ელექტროენერგიას.

მეხუთე მსგავსებისთვის სომხეთს აკლია მისი მოქალაქეების დაკავება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე და ქართველებივით (2006 წ.) რუსულ სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებში მათი "ჯოგებად" შეყრა და ექსტრადიცია ერევანში.

თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს რუსეთი აპირებს 7 ივნისამდე სომხეთში გაამგზავროს მის ტერიტორიაზე მცხოვრები ასი ათასამდე სომხეთის მოქალაქე, თუმცა მიზანი დეპორტაცია არ იქნება - სომხეთის საპარლამენტო არჩევნებზე ორ მილიონამდე ამომრჩეველია დარეგისტრირებული და რუსეთიდან "დესანტირებული" ასი ათასამდე ხმის მიცემის უფლების მქონე სომხეთის მოქალაქის (რომლებსაც რუსეთის სპეცსამსახურებისგან ექნებათ მკაცრი დავალება, რომ ხმა უნდა მისცენ პრორუსულ კანდიდატებს) დროებით დაბრუნებამ სამშობლოში შეიძლება მართლაც ითამაშოს ფაშინიანის მიერ სომხეთის დასავლეთისკენ შემობრუნების საწინააღმდეგოდ.

მეექვსე მსგავსება კი ძალზე სიმბოლურია - გაიხსენეთ პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ 2006-2008 წლებში რუსთაველზე მიღებული სამხედრო აღლუმები, რაც პრინციპში დიდ პიარს წარმოადგენდა ქართული არმიის გაზრდილი ძლევამოსილების სადემონსტრაციოდ უკრაინაში, თურქეთსა თუ ისრაელში ნაყიდი ნახმარი და ახალი შეიარაღებით, რითაც ხდებოდა საზოგადოებრივი აზრის ფორმირება, რომ ქართული არმია მზადაა ძალით დაკარგული მშობლიური მიწების ძალითვე დასაბრუნებლადო.

ფაშინიანმა 2026 წლის 28 მაისს თითქმის იგივე გაიმეორა და სომხეთის დამოუკიდებლობის დღისთვის მიძღვნილ სამხედრო აღლუმზე სომხეთის არმიის ახალი ფრანგული, ჩინური, ინდური და ირანული წარმოების სამხედრო ტექნიკა გამოიყვანა. აჩვენეს რუსული საბრძოლო ტექნიკის რამდენიმე ეგზემპლარიც, მაგრამ წინა წლების აღლუმებისგან განსხვავებით, რუსული სამხედრო ტექნიკა "მიჩქმალული" აღმოჩნდა, რასაც პოლიტიკური დატვირთვაც ჰქონდა, რითაც ოფიციალურმა ერევანმა კრემლს დაანახა, სომხეთის არმია ამიერიდან აღარ არის მთლიანად დამოკიდებული რუსეთზე და შეუძლია შეიძინოს სამხედრო ტექნიკა მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც და მათ შორის ნატოს წევრი ქვეყნებიდანაცო.

ამდენი მსგავსების შემდეგ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებაც ოცი წლის წინანდელ საქართველოსა და დღევანდელ სომხეთს შორის. 2008 წლის აგვისტოს ომისკენ ოფიციალური თბილისი თავისდა უნებურად მიექანებოდა, რადგან რუსეთმა იცოდა, რომ 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო დემონსტრაციის შემდეგ პრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლება შეეცდებოდა საქართველოს მოსახლეობის ოპოზიციურად განწყობილი ნაწილის (რომელიც არსებული ხელისუფლების გადადგომას მოითხოვდა) ყურადღება სხვა მიმართულებაზე გადაეტანა და ეს შეიძლება ყოფილიყო ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის აქტიურად დაწყება, სადაც ხელისუფლების ყველაზე დიდი კრიტიკოსებიც კი იძულებულნი შეიქნებოდნენ გაჩუმებულიყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოების დიდი ნაწილი მათ საქართველოს გამთლიანების მოწინააღმდეგეებად შერაცხავდა. შესაბამისად, რუსეთის სპეცსამსახურებმა საქართველოს მთავრობის უმაღლეს ეშელონებში ჩანერგილი გავლენის აგენტების მეოხებითაც შეძლეს ის, რასაც 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომი მოჰყვა და რაც რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ორი რეგიონის "დამოუკიდებლობის" გამოცხადებით გაგრძელდა.

განსხვავება იმაშია, ფაშინიანს არ სჭირდება იმის გაცხადება, რომ სომხეთმა "დაკარგული" ყარაბაღი უნდა "დაიბრუნოს" - სომხეთის დღევანდელი ხელისუფლება აღიარებს, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანის განუყოფელი ნაწილია და მასზე არავითარი პრეტენზია არ გააჩნია. შესაბამისად, ფაშინიანს არ სჭირდება დიდი ომისთვის მზადება, რათა ამით ამომრჩევლები მიიზიდოს, პირიქით, ყარაბაღის "ომით დაბრუნებას" ქადაგებენ მისი პრორუსი ოპონენტები, რადგან სწორედ ეს არის კრემლის მიერ სამხრეთ კავკასიაში (და საერთოდ ყველგან, სადაც რუსეთის იმპერიამ ჯარისკაცის ჩექმით დააბიჯა) მოქმედების ტაქტიკა - ერთმანეთს დაუპირისპირე და შემდეგ შუაში ჩადექი, როგორც ვითომ გამშველებელი - ასე გაგვიკეთა კრემლმა ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში და ასე წაჰკიდა სომხები და აზერბაიჯანელები ყარაბაღის გამოც.

ის, რომ დღეს ყარაბაღის "დაბრუნების" საკითხი კისერზე მძიმედ არ აწევს ფაშინიანის ხელისუფლებას, რაშიც მას მხარს უჭერს ერევნელების დიდი ნაწილიც (თუმცა სომხეთის სოფლებში, ასევე ყარაბაღიდან იძულებით თუ ნებაყოფლობით დევნილებში საპირისპირო განწყობაა), ძლიერი არგუმენტია რუსეთის ორბიტიდან დასავლეთისკენ, კერძოდ, ევროპისკენ გასახედად.

საფრანგეთსა და აშშ-ში ძლიერი სომხური ლობია, რომელსაც ებრაულ ლობიზე არანაკლებად აქვს ფესვები გადგმული ამ ქვეყნების სახელისუფლებო წრეებში, რაც ფაშინიანის მხარდამჭერებს აძლევს დიდ იმედს, რომ საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ გაუძლებენ იმ დიდ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ზეწოლას, რასაც რუსეთი აუცილებლად მოახდენს დასავლეთისკენ შებრუნებულ სომხეთზე.

მაგრამ რამდენად არის საფრთხე, რომ რუსული პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლა, სამხედრო დაპირისპირებაშიც გადაიზარდოს, როგორც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დროს მოხდა, მოსკოვსა და თბილისს შორის რამდენიმეწლიანი პოლიტიკური ქიშპობის შემდეგ?

მესამე საუკუნეა რუსეთს სომხეთის ტერიტორიაზე განთავსებული ჰყავს თავისი სამხედროები, რაც დღეს გამოიხატება გიუმრის 102-ე რუსული სამხედრო ბაზისა და რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის, ეფ-ეს-ბეს დაქვემდებარებული სასაზღვრო საგუშაგოების სახით. გიუმრის რუსული სამხედრო ბაზის შეიარაღებაში არსებული შ-300-ისა და "ბუკის" ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები აკონტროლებენ სომხეთის საჰაერო სივრცის დიდ ნაწილს, ხოლო ერევნის სამხრეთით, "ერევან-იუჟნის" სამხედრო აეროდრომზე განთავსებულ 18 ერთეულამდე MIG-29 ტიპის გამანადგურებელ თვითმფრინავს შეუძლია "მისწვდეს" სომხეთის ყველა კუთხეს. ამ სამხედრო ბაზის ფარეხებში დგას სამას ერთეულამდე რუსული ტანკი, ქვეითთა საბრძოლო მანქანა, ჯავშანტრანსპორტიორი, თვითმავალი და ბუქსირებადი საარტილერიო დანადგარი.

ანუ კრემლს არც დასჭირდება ახალი "როკის გვირაბის" მოძიება ჯარების გადასასროლად, სომხეთში ხომ ისედაც ჰყავს სახმელეთო და საჰაერო ძალები, თუმცა…ამჟამად სომხეთის ტერიტორიაზე ოფიციალური სტატუსით იმყოფება 4 ათასამდე რუსი სამხედრო და ათასამდე ეფ-ეს-ბეს მესაზღვრე, რაც, ბუნებრივია, საკმარისი არ არის სრულფასოვანი საბრძოლო მოქმედებების გასამართად, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომში წაგების მიუხედავად, სომხეთის არმიის რიგებში სამსახურს აგრძელებს ათასობით ის სომეხი სამხედრო, რომლებსაც რეალური საბრძოლო მოქმედებების გამოცდილება ჯერ კიდევ ახსოვთ, ხოლო გიუმრის 102-ე რუსულ სამხედრო ბაზაზე კი, ძირითადად, ერთწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფი რუსეთის მოქალაქეები მსახურობენ, რომელთა გაგზავნა უკრაინასთან ომში რუსეთის კანონმდებლობით არ შეიძლება.

საგულისხმოა, რომ გიუმრის რუსულ სამხედრო ბაზაში კონტრაქტით მომსახურეთა შორის მრავლადაა სომეხი სამხედროებიც, რომლებიც რუსეთის მოქალაქეობის მიუხედავად, კარგად დაფიქრდებიან, ვის მხარეზე დადგნენ, თუკი რუსეთმა მართლაც გადაწყვიტა სომხეთში "აგვისტოს ომის" გამეორება. ისინი, პირიქით, სომხეთის დაზვერვის საუკეთესო დამხმარეები აღმოჩნდებიან გიუმრის რუსულ სამხედრო გარნიზონში.

"ღამის ქოთანზე ასეთი მოკავშირე" - ასეთ ტრანსპარანტებს უფრიალებდნენ თვალწინ გიუმრის სამხედრო ბაზის წინ თავმოყრილ რუსეთის შეიარაღებული ძალების ოფიცრებს სომეხი დემონსტრანტები.

მართალია, რუსეთში აცხადებენ, რომ "ამიერკავკასიაში" სომხეთი მათი ფორპოსტია, ხოლო სომხეთში უყვარდათ თავის დაჯერება, რომ რუსეთი სომხეთის უმთავრეს მეგობარსა და დამცველს წარმოადგენდა, მაგრამ 2020 წლის შემოდგომის ყარაბაღის ბოლო ომის შედეგები და მას შემდეგ განვითარებული სომხეთისთვის დრამატული მოვლენები, საკმარისზე მეტი აღმოჩნდა იმისთვის, რომ დღეს სომხეთის მოსახლეობის დიდ ნაწილში რუსი ოფიცერი და ჯარისკაცი სომხების დამცველად კი არა, არამედ... სომხეთის "მიმტოვებლად" და "გადამგდებად" აღიქვას და თუკი ეს გადაიზარდა "ოკუპანტის" ცნებაშიც...

სომხეთში 7 ივნისს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილი ეს კვირა, ეტყობა, დაძაბული იქნება რუსეთ-სომხეთის ურთიერთობაში და შეიძლება ბევრი მოულოდნელობაც შემოგვთავაზოს თვით სომხეთის პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის ფიზიკური ლიკვიდაციის მცდელობის ჩათვლითაც. მანამდე კი სომხეთის ხელმძღვანელობის ევროკავშირთან დაახლოებისთვის გადადგმული ნაბიჯების გამო ერევანში რუსეთის ელჩი კონსულტაციებისთვის მოსკოვში გაიწვიეს. ამის ფონზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის ლიდერები სომხეთს ევროკავშირში გაწევრების ან ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში დარჩენის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებისკენ მოუწოდებენ.

მაგრამ რა საჭიროა რეფერენდუმი, როდესაც 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებმა გადამწყვეტი პასუხი უნდა გასცეს სომხეთის მომავლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კითხვას - სომხეთი დარჩება რუსეთის სამსაუკუნოვან ორბიტაზე თუ შეეცდება გაიჭრას დასავლეთისკენ.