ებოლა – მსოფლიო ახალი ეპიდემიის წინაშე? - კვირის პალიტრა

ებოლა – მსოფლიო ახალი ეპიდემიის წინაშე?

COVID-19-ის პანდემიიდან სულ რამდე­ნიმე წელიწადში მსოფლიოს ყურადღება ამჯერად ვირუსმა ებოლამ მიიქცია. ყურად­ღების ცენტრში აფრიკაა. კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და უგანდაში ებოლას ახალი აფეთქება ვრცელდება. ორი შემთხვევა დაფიქსირდა იტალიაშიც. ვირუსი, რომელმაც ბოლო 50 წლის განმავლობაში აფრიკაში 15 000-ზე მეტი კაცი იმსხვერპლა, წელსაც ასობით საეჭვო შემთხვევისა და ასობით გარდაცვალების მიზეზი გახდა. 29 მაისის მდგომარეობით, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში დაფიქსირებულია ებოლას 906 საეჭვო შემთხვევა. ასევე დადასტურებულია 125 შემთხვევა, მათ შორის 17 გარდაცვალების ფაქტი. უგანდაში ოფიციალურად დადასტურებულია 7 შემთხვევა და 1 გარდაცვალება, თუმცა მოგვიანებით ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა უკვე 9-მდე გაიზარდა... მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემიის ეპიცენტრი შორსაა, თანამედროვე სამყაროში ინფექციური დაავადებები საზღვრებს აღარ ცნობენ. ამიტომ აფრიკაში მიმდინარე მოვლენებს დღეს მთელი მსოფლიო განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) 16 მაისს აფეთქება "საერთაშორისო მნიშვნელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობად" გამოაცხადა. ეპიდემია ებოლას იშვიათმა შტამმა Bundibugyo-მ გამოიწვია. მის წინააღმდეგ ამ დრომდე არც დამტკიცებული მკურნალობა და არც ვაქცინა არ არსებობს. ებოლა მძიმე და ხშირად ლეტალური ინფექციაა, რომელიც ადამიანებში პირველად 1976 წელს დაფიქსირდა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და სუდანში. დაავადება ვრცელდება ინფიცირებული ადამიანის ან ცხოველის სისხლსა და სხვა ბიოლოგიურ სითხეებთან პირდაპირი კონტაქტით. ინფექციის ინკუბაციური პერიოდი 2-დან 21 დღემდე გრძელდება. WHO-ის ცნობით, ებოლას დაავადების საშუალო ლეტალობა დაახლოებით 50%-ია.

აფრიკის ერთ-ერთ ყველაზე არასტაბილურ რეგიონში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას უკვე მე-17 აფეთქებაა. ყველაზე მასშტაბური აფეთქება 2018-2020 წლებში დაფიქსირდა, როდესაც დაახლოებით 3 500 შემთხვევიდან თითქმის 2 300 კაცი გარდაიცვალა. 2026 წელს დაავადების ძირითადი კერები იტურის პროვინციის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე რვამპარა, მონგბვალუ, ნიანკუნდე და ბუნიაა. ეს რეგიონი წარმოადგენს როგორც სავაჭრო და მიგრაციულ ჰაბს, ისე ოქროთი მდიდარ ტერიტორიას, სადაც მიწისა და მინერალებისთვის მებრძოლ ჰემა და ლენდუს ეთნიკურ ჯგუფებთან დაკავშირებულ დაჯგუფებებს შორის კონფლიქტმა 1999 წლიდან დღემდე 50 000-ზე მეტი კაცი იმსხვერპლა. შესაბამისად, იქ, სადაც ადამიანები ყოველდღიურად ომს, შიმშილსა და იძულებით გადაადგილებას ებრძვიან, სამედიცინო პერსონალის დეფიციტი, მოსახლეობის უნდობლობა, შეიარაღებული კონფლიქტები და ვაქცინის არარსებობა ეპიდემიის მართვას უფრო ართულებს.

უცხოური გამოცემები წერენ, რომ ადგი­ლობრივების თავდასხმებმა სამედიცინო დაწესებულებებზე დაავადებასთან ბრძოლა მნიშვნელოვნად შეაფერხა. ქალაქ მონგბვალუს მცხოვრებლებმა ცენტრალურ საავადმყოფოს შეუტიეს. საავადმყოფოს დირექტორმა, დოქტორმა რიჩარდ ლოკოდუმ ღეუტერს-ს განუცხადა, რომ 18 პაციენტი გაიქცა მას შემდეგ, რაც უცნობმა პირებმა ცეცხლი წაუკიდეს ორგანიზაციის მიერ "ექიმები საზღვრებს გარეშე" მოწყობილი იზოლაციის კარვებს. მისივე თქმით, კვირას საავადმყოფო ოთხჯერ გახდა თავდასხმის სამიზნე. თავდამსხმელები იყვნენ ახალგაზრდები, რომლებიც იმ რელიგიური ლიდერის ნათესავებმა დარაზმეს, რომელიც ებოლათი გარდაიცვალა. შეტაკებების დროს კიდევ შვიდი პაციენტი გაიქცა, წესრიგის აღსადგენად კი კონგოს პოლიციისა და სამხედროების ჩარევა გახდა საჭირო. მეორე თავდასხმის დროს მძიმე მდგომარეობაში მყოფი ერთ-ერთი სავარაუდო ინფიცირებული, რომელსაც სისხლდენა აღენიშნებოდა, გაქცევის მცდელობისას გარდაიცვალა. თავდამსხმელები ებოლას მსხვერპლთა ცხედრების გადაცემას ითხოვდნენ, რათა ისინი ტრადიციული წესით დაეკრძალათ. ებოლათი გარდაცვლილთა დაკრძალვას ხელისუფლება აკონტროლებს, რადგან ცხედრები ინფექციის გავრცელების მაღალი რისკის მატარებელია. თუმცა ბევრი ოჯახი ტრადიციულ დაკრძალვას ამჯობინებს, რაც სხეულის განბანვასა და მასზე შეხებას მოიცავს. წინა ეპიდემიების დროს სწორედ ეს პრაქტიკა ჩაითვალა დაავადების გავრცელების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად.

Foreign Policy-ში გამოქვეყნებულ სტატიაში მეცნიერები ენი სპაროუ და დენიელ ლუსი ამბობენ, რომ მომავალი გლობალური პანდემია, დიდი ალბათობით, სწორედ კონფლიქტის ზონიდან გავრცელდება და არა ლაბორატორიიდან ან სტაბილური სახელმწიფოდან. მათი თქმით, აღმოსავლეთ კონგოში მოქმედი შეიარაღებული დაჯგუფებები, მათ შორის M23, ჰუმანიტარულ საქმიანობას ზღუდავენ, ექიმები და ჯანდაცვის თანამშრომლები კი, რომლებიც დაავადების კერების შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ, ხშირად დევნისა და ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან.

ეპიდემიის გავრცელებას ხელს უწყობს სამედიცინო რესურსების სიმწირეც. იტურის რეგიონში ექიმებსა და ექთანებს ხშირად არა აქვთ საკმარისი დამცავი საშუალებები და ზოგიერთ შემთხვევაში ვადაგასული ნიღბების გამოყენებაც უწევთ. ევროკავშირის, WHO-ისა და UNICEF-ის დახმარებით რეგიონში უკვე ჩაიტანეს სამედიცინო აღჭურვილობა, მათ შორის ნიღბები, ხელთათმანები, ჩექმები და მედიკამენტები.

ეპიდემიის გამო რამდენიმე ქვეყანამ გაამკაცრა სამოგზაურო კონტროლი. შეერთებულმა შტატებმა დროებითი შეზღუდვები დააწესა იმ პირებისთვის, რომლებიც ბოლო 21 დღის განმავლობაში კონგოში, უგანდაში ან სამხრეთ სუდანში იმყოფებოდნენ. თუმცა WHO ხაზგასმით აცხადებს, რომ საზღვრების დახურვა და მოგზაურობის აკრძალვები დაავადების გავრცელების შეჩერებაში ეფექტიანი არ არის და შესაძლოა კონტროლის მექანიზმებიც კი დააზიანოს.

ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის (ECDC) შეფასებით, ევროკავშირის ქვეყნებისთვის საერთო რისკი ამ ეტაპზე ძალიან დაბალია, რადგან ებოლას გადაცემა უშუალო ფიზიკურ კონტაქტს საჭიროებს. მიუხედავად ამისა, ორგანიზაცია მოუწოდებს ევროპის ქვეყნებს გააძლიერონ მზადყოფნა, განსაკუთრებით დიაგნოსტიკის, იზოლაციისა და ინფექციის კონტროლის მიმართულებით. რაც შეეხება იტალიაში, ლომბარდიის რეგიონში ორ საეჭვო შემთხვევას, ინფიცირებული ქალი და მამაკაცი უგანდიდან დაბრუნდნენ. ერთ-ერთ პაციენტს, 31 წლის მამაკაცს, დაახლოებით 38-გრადუსიანი სიცხე და კუჭ-ნაწლავის პრობლემები აღენიშნებოდა. დაკვირვების ქვეშ კიდევ ხუთი ოჯახის წევრი იმყოფება.

"თუ ამ ქვეყნებში მოგზაურებს განუვითარდათ სიმპტომები, საჭიროა მედიცინური ჩარევა, სხვა შემთხვევაში 0-ის ტოლია იმის ალბათობა, რომ საქართველოში ებოლა დაფიქსირდეს"

არსებობს თუ არა საშიშროება, რომ ებოლა საქართველოშიც გავრცელდეს? "კვირის პალიტ­რამ" ინტერვიუ ინფექციონისტ ალექსან­დრე­ გოგინავასთან ჩაწერა.

- რამდენად რეალურია საქართველოში ებოლას გავრცელების რისკი და რა შემთხვევებში შეიძლება გაჩნდეს საფრთხე?

- ებოლას გავრცელების ისტორიას თუ გადავხედავთ, აფრიკის კონტინენტის გარეთ სხვა კონტინენტზე ებოლას გავრცელების მაგალითი ძალიან იშვიათია. ყველა შემთხვევა უცხოეთიდან შემოვიდა - ანუ აფრიკის კონტინენტზე დაინფიცირებული პირები შემდეგ სხვა კონტინენტზე მოხვდნენ. რისკს წარმოადგენენ ის პირები, ვინც რისკის შემცველ ქვეყნებში ხშირად მოგზაურობენ. ვიცით, რომ ამჟამად ერთი აფეთქება კონგოს რესპუბლიკასა და უგანდაშია. ზემოთ ხსენებულ ქვეყნებში, თუ გადავხედავთ ისტორიას, გავრცელება იყო მხოლოდ ენდემურ კერაში, მხოლოდ ლოკალიზებული სახით. თუ ამ ქვეყნებში მოგზაურებს განუვითარდათ სიმპტომები - ცხელება, ყელის ან თავის ტკივილი, უცნაური გამონაყარი - ასეთ დროს საჭიროა მედიცინური ჩარევა, სხვა შემთხვევაში 0-ის ტოლია იმის ალბათობა, რომ საქართველოში ებოლა დაფიქსირდეს.

ეს დაავადება არ გადადის მარტივად ადამიანებზე, ის გადადის ცხოველებიდან, მაგალითად, პრიმატებიდან, სხვადასხვა ძუძუმწოვრიდან, განსაკუთრებით ღამურებიდან.

- რა არის ებოლას პირველი სიმპტომები და როდის უნდა მიაქციოს ადამიანმა მათ განსაკუთრებული ყურადღება?

- პირველადი სიმპტომები არასპეციფიკურია. ეს შეიძლება იყოს სიცხე, ყელის, კუნთების, თავის ტკივილი, გულისრევა, დიარეა, გარკვეულ შემთხვევებში გამონაყარი. შემდეგ უკვე ვითარდება ის მძიმე გართულებები, რის გამოც ებოლა საშიში ინფექციაა. შემდეგ იწყება კანზე სისხლჩაქცევები, სერიოზული შიდა სისხლდენა, ამას მოჰყვება მრავლობითი ორგანოების დაზიანება და სიკვდილი, მაგრამ პირველი შვიდი დღის სიმპტომები, რომლებსაც უნდა მიექცეს ყურადღება, არის ზოგადი სიმპტომები: ყელის, თავისა და კუნთების ტკივილი და გამონაყარი. თუმცა ეს სიმპტომები ზოგადია, სხვა მწვავე ვირუსისთვისაც დამახასიათებელია და ებოლას შემთხვევაში მათზე ყურადღების გამახვილება საჭიროა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს აქვს სარისკო ეპიდანამნეზი და მოგზაურების ანამნეზი განსაკუთრებით საშიშ ქვეყნებში, სადაც ეს დაავადებაა გავრცლებეული; ან არის მედპერსონალი და ჰქონდა ებოლას დადასტურებულ ან შესაძლო შემთხვევასთან კონტაქტი და უვლიდა მსგავს პაციენტს.

- რამდენად არის მზად საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ებოლას შესაძლო შემთხვევების სამართავად?

- საქართველოში, ინფექციურ საავადმყოფოში, ჰემორაგიული ცხელების გამოცდილება არსებობს. ებოლას შემთხვევა ჩვენთან აქამდე არ დაფიქსირებულა, თუმცა მსგავსი ტიპის პაციენტების მართვის გამოცდილება არსებობს. თუ ერთეული შემთხვევა დაფიქსირდა, ამაზე ადეკვატური რეაგირების შესაძლებლობა ქართულ ჯანდაცვას აქვს.

- არსებობს თუ არა დღეს ებოლას წინააღმდეგ ეფექტური ვაქცინა?

- ვაქცინა და ებოლას სამკურნალო მედიკამენტი არსებობს. თუმცა არის ებოლას სხვადასხვა სახეობა და კონკრეტულად ამჟამად გავრცელებული ებოლას სახეობის საწინააღმდეგო ეფექტური ვაქცინა არა გვაქვს. საქართველოში საერთოდ მისი მოთხოვნა არ არის რელევანტური, თუმცა არის ინფორმაცია, რომ მსოფლიოში ვაქცინის შექმნაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს და მალე ის ხელმისაწვდომი იქნება.

მარიამ ბუკია