რა შემთხვევაში ვერ მიიღებს ქონებიდან წილს მეუღლე და შვილი - კვირის პალიტრა

რა შემთხვევაში ვერ მიიღებს ქონებიდან წილს მეუღლე და შვილი

თქვენს შეკითხვებს უპასუხებს ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მოქმედი წევრი ნუგბარა როსტიაშვილი.

2017 წელს სასამართლომ ოჯახის ერთ-ერთ წევრზე დაუსწრებლად გამოიტანა განაჩენი: მას "თელასის" ვალი დაეკისრა. მითითებული იყო აბონენტის ნომერი და ამ ადამიანის ძველი გვარი, ის კი უკვე შეცვლილ გვარს ატარებდა. არც სახლი ყოფილა მის საკუთრებაში. ამ ხნის განმავლობაში ვალი არ გადახდილა. ყოველთვე აბონენტის ნომერზე მოდის ქვითარი დაკისრებული ვალის ოდენობის თანხით. შეიძლება თუ არა ამ ვალის თავიდან აცილება და რა შემთხვევაში?

- მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს 2017 წელს მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებასთან (სამოქალაქო საქმეზე ითქმის გადაწყვეტილება და არა განაჩენი). იმ გარემოებას, რომ პირს შეცვლილი ჰქონდა გვარი ან არ იყო უძრავი ქონების მესაკუთრე, არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, თუკი ხელშეკრულება აბონენტად რეგისტრაციის შესახებ თავის დროზე მის ძველ მონაცემებზე იყო გაფორმებული. სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 10 წელს, მაშინაც კი, თუ მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობის ვადას ითვალისწინებდა. ამდენად აღნიშნული ვალდებულების იძულებით აღსრულებას ვადა 2027 წლამდე აქვს. ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდგომ პირმა მიმართოს "თელასს", თუ აღსრულების ეროვნულ ბიუროშია საქმე, ამ შემთხვევაში აღსრულებას და მოითხოვოს ვალდებულების განულება ხანდაზმულობის გამო.

ჩემს მაზლს აქვს ბანკის სესხი უზრუნველყოფის გარეშე. აქვს დანიშნული პენსია ინვალიდობის მე-2 ჯგუფით. რამდენიმე წელია დაბრუნდა ემიგრაციიდან და სტაბილური სამსახური ვერ იშოვა. ვეღარ იხდის სესხს და მთლიანად უკავდება პენსია, რამდენად სწორია?

- საბანკო დაწესებულების ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მხრიდან უზრუნველყოფის გარეშე არსებული სესხის გამო პირის სოციალური პაკეტის (ინვალიდობის პენსიის) სრულად დაკავება აბსოლუტურად უკანონოა. "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, იძულებითი გადახდევინება არ შეიძლება მიეცეს სახელმწიფოს მიერ გაცემული მიზნობრივ დახმარებაზე. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნორმატიული აქტებითა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესებით, ბანკს არა აქვს უფლება მსესხებელს საარსებო მინიმუმზე ნაკლები დაუტოვოს, მით უმეტეს, სრულად ჩამოაჭრას სოციალური გასაცემელი, თუ თავად კლიენტს არა აქვს გაცემული ამაზე სპეციალური, მიზნობრივი ნებაყოფლობითი თანხმობა. უნდა გაირკვეს, რა საფუძვლით იჭრება თანხა - ეს არის ბანკის მიერ შიდა წესით ჩამოჭრა (სესხის ხელშეკრულების საფუძველზე) თუ სააღსრულებო ბიუროს/კერძო აღმასრულებლის ყადაღა. პირმა ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარადგინოს განცხადება ბანკსა ან აღსრულების ბიუროში, დაურთოს შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი და მოითხოვოს, რომ აღნიშნული სარგო არ დაუკავდეს.

მშობლებს ჰყავთ ორი ვაჟი. ცხოვრობენ ერთ ეზოში, სადაც არის ორი სახლი: ერთი ძველი, მეორე - უფრო ახალი, მშობლების აშენებული, მაგრამ ორივე ტექბიუროში ბაბუის სახელზე იყო. მოკლედ, მშობლებთან ცხოვრობდა ერთი ვაჟი, მეორე ვაჟს მისცეს ბაბუის სახლი. იქ ცხოვრობდა ცოლ-შვილთან ერთად. ჰყავდა პირველი ცოლი და ერთი შვილი, გარდაეცვალა ცოლი, რის შემდეგ მოიყვანა მეორე მეუღლე. საბოლოოდ ორივე ძმას დარჩათ ეს სახლები ანდერძით ბაბუისგან მამაზე გადასული. დაიღუპა ბაბუის სახლში მცხოვრები ძმა და ახლა მისი მეუღლე ედავება მშობლებთან ერთად მცხოვრებ ძმას იმ სახლის წილში, სადაც არაფერი შეუქმნია, არც მშობლებისთვის მიუხედავს. სახლები ფართობით ხუთი კვადრატული მეტრით არის განსხვავებული. რამდენად ეკუთვნის რამის გადახდა იმ ვაჟს? მშობლები დაღუპულები არიან.

- კითხვიდან ირკვევა, რომ ორივე ძმამ ქონება ბაბუისგან მიიღო ანდერძით, რომელიც მამაზე იყო გადასული. ვინაიდან მშობლებიც გარდაცვლილები არიან, სამკვიდრო გახსნილია. თუმცა კითხვიდან არ ირკვევა, ეს ორი სახლი არის ერთ საკადასტრო კოდზე თუ ცალ-ცალკეა რეგისტრირებული. ასევე თუ მშობლები ანუ მამა ცოცხალია, ცხადია, მამის ქონებაზე ვერ იდავებენ. დიდი ალბათობით, სამკვიდროზე არ დაობს გარდაცვლილი ძმის ცოლი, მეტად სავარაუდოა, რომ ერთ საკადასტრო კოდზეა ქონებები რეგისტრირებული და მაგიტომ გედავებათ. უფრო ზუსტი სამართლებრივი კონსულტაციის გასაცემად საჭიროა დოკუმენტების გაცნობა.

როცა ჩუქებით გაქვს ქონება მიღებული, გაყიდვის შემთხვევაში გიწევს თუ არა მოგების გადასახადის გადახდა?

- ფიზიკური პირის მიერ აქტივის (უძრავი ქონების) გაყიდვით მიღებული ნამეტი (მოგება) იბეგრება 20%-იანი განაკვეთით. მოგება იანგარიშება როგორც სხვაობა ქონების გაყიდვის ფასსა და მისი შეძენის (თვითღირებულების) ფასს შორის. ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ბინის (სახლის) მასზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთით რეალიზაციით მიღებული შემოსავალი თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან, თუ ეს ქონება მის საკუთრებაში იმყოფებოდა 2 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. ასევე, თუ ქონება ჩუქებით არის მიღებული და მას ყიდით რეგისტრაციიდან 2 წლამდე ვადაში, მოგების გადასახადის გადახდა მოგიწევთ. ვინაიდან ჩუქებისას თქვენ თანხა არ გადაგიხდიათ, თვითღირებულებად ჩაითვლება ჩუქების მომენტში ქონების საბაზრო ღირებულება ან ნულოვანი ღირებულება (კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე), და სხვაობა დაიბეგრება 20%-ით. თუ ჩუქებით მიღებული ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციიდან გასულია 2 წელზე მეტი, მისი გაყიდვა სრულად თავისუფლდება მოგების გადასახადისგან. თუ 2 წელი არ არის გასული, მიზანშეწონილია დაელოდოთ ამ ვადის გასვლას საგადასახადო ვალდებულების თავიდან ასაცილებლად.

ვიყავი თავდები მეგობრის, რომელსაც ჰქონდა გამოტანილი ბანკიდან სესხი და რამდენიმე წელი იხდიდა უპრობლემოდ. მოულოდნელად გარდაიცვალა, ახლა თავდებს ხომ არ მომიწევს სესხის გადახდა?

- თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას თავდებად დაუდგეს კრედიტორს მესამე პირის (მსესხებლის) ვალდებულების შესასრულებლად. როგორც წესი, საბანკო ხელშეკრულებებში ფორმდება სოლიდარული თავდებობა. მსესხებლის გარდაცვალება არ აქარწყლებს სესხის ხელშეკრულებას და არ ათავისუფლებს თავდებს პასუხისმგებლობისგან. მემკვიდრეები პასუხს აგებენ მამკვიდრებლის ვალებისთვის სამკვიდრო ქონების ფარგლებში. თუმცა ბანკს აქვს უფლება მოთხოვნა წარუდგინოს როგორც გარდაცვლილის მემკვიდრეებს (თუ მათ მიიღეს სამკვიდრო), ისე პირდაპირ თავდებ პირს. თანამედროვე საბანკო პრაქტიკაში, სამომხმარებლო თუ იპოთეკური სესხების უმეტესობა დაზღვეულია მსესხებლის გარდაცვალების შემთხვევისგან. თუ სესხს ჰქონდა სიცოცხლის დაზღვევა, სადაზღვევო კომპანია ვალდებულია სრულად დაფაროს ბანკის წინაშე არსებული დავალიანება და თქვენ, როგორც თავდები, ავტომატურად გათავისუფლდებით ვალდებულებისგან. თუ დაზღვევა არ არსებობდა, თქვენ მოგიწევთ თანხის გადახდა. მას შემდეგ, რაც თქვენ დაფარავთ ბანკის ვალს, უფლება გაქვთ მოითხოვოთ გადახდილი თანხის უკან დაბრუნება (რეგრესის წესით) გარდაცვლილის იმ მემკვიდრეებისგან, ვინც მისი ქონება მიიღო.

ბინა მაქვს ნაგირავები იპოთეკის ხელშეკრულებით, ბინის მესაკუთრე გარდაიცვალა, ჯერ ხელშეკრულებას არა აქვს ვადა გასული, მომავალ წელს გასდის, მაგრამ მაინტერესებს, უნდა გავაგრძელო იქ ცხოვრება, თუ ჯობია უკვე მივმართო ვინმეს თანხის დაბრუნებაზე? ამ შემთხვევაში როგორ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი თანხა?

- მესაკუთრის გარდაცვალება არ აუქმებს იპოთეკას. იპოთეკა მიჰყვება ნივთს. ბინის მესაკუთრის უფლებამონაცვლეები ხდებიან მისი კანონიერი ან ანდერძით მემკვიდრეები. თქვენ გაქვთ სრული სამართლებრივი უფლება გააგრძელოთ ბინაში ცხოვრება ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე (მომავალ წლამდე). მემკვიდრეებს არა აქვთ უფლება ვადაზე ადრე გამოგასახლონ, თუ თქვენ ხელშეკრულების პირობებს არ არღვევთ. ვადის ამოწურვისას (მომავალ წელს) მემკვიდრეები ვალდებულნი იქნებიან დაგიბრუნონ თქვენი კუთვნილი ძირითადი თანხა. თუ მემკვიდრეები უარს იტყვიან თანხის დაბრუნებაზე ან სამკვიდროს არ მიიღებენ, თქვენ უფლება გაქვთ მიმართოთ სასამართლოს და მოითხოვოთ იპოთეკით დატვირთული ბინის რეალიზაცია (აუქციონზე გაყიდვა) თქვენი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით. აუქციონიდან მიღებული თანხით პირველ რიგში დაიფარება თქვენი ვალი.

მაქვს გადაუხდელი ძველი სესხი, რომელიც გადაეცა ფინბიუროს და მემუქრება ანგარიშების დაყადაღებით, ასევე მაქვს სხვა ვალდებულებები თიბისი ბანკში, სესხი, რომელსაც ვიხდი დროულად. ფინბიურომ რომ დამიყადაღოს ანგარიშები, რა ბედი ელის თიბისის სესხს?

- თუ ძველი გადაუხდელი სესხი გადაეცა ფინბიუროს, მათ ანგარიშების დაყადაღება შეუძლიათ მხოლოდ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ან სასამართლოს მიერ გამოცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. უბრალო მუქარით ბანკში ყადაღას ვერავინ დაადებს. როგორც აღნიშნავთ, ძველი სესხი გაქვთ, შესაძლოა სესხი ხანდაზმული იყოს, თუ ბოლო გადახდიდან გასულია 3 წელზე მეტი, შეგიძლიათ სასამართლოს მიმართოთ სესხის ხანდაზმულად ცნობის მოთხოვნით. ანგარიშებზე ყადაღის დადება ნიშნავს მასზე არსებული თანხების ბლოკირებას ყადაღის მომთხოვნი პირის სასარგებლოდ. თუ თქვენს ანგარიშს დაედება ყადაღა, თიბისი ბანკში ყოველთვიურად შესატანი თანხა შესაძლოა ჩაიჭრას ყადაღის სასარგებლოდ და თიბისის სესხი წავიდეს ვადაგადაცილებაში, რადგან ბანკი ფიზიკურად ვერ მოახდენს თანხის მიმართვას თავისი სესხის დასაფარად. უმჯობესი იქნება გადახდის დღეს თანხა შეიტანეთ პირდაპირ თიბისის სასესხო ტრანზიტულ ანგარიშზე (სალაროდან) და არა თქვენს პირად ბარათზე, რათა ყადაღამ არ მოიცვას მიზნობრივი შენატანი.

- მყავს სამი შვილი, ვარ მეუღლის გვარზე და წლებია ვცხოვრობ სოფელში ქმართან ერთად. სახლი, სადაც ვცხოვრობთ, იყო ქმრის მშობლების სახელზე, მათ ვუვლიდი და სამწუხაროდ, გარდაიცვალნენ. ქმართან მოგვიხდა კონფლიქტი, რადგან წლებია არ მუშაობს. ამ კონფლიქტის შემდეგ შარშან წავიდა სახლიდან და ცხოვრობს დის სახლში. როგორც ირკვევა, ჩემს მულებს ჩვენთან შეთანხმების გარეშე ბავშვები ამოუწერიათ სახლიდან. ამ სახლის მემკვიდრე სამია - ორი და და ჩემი ქმარი. ჩემმა მულმა, რომელიც პოლიციაში მუშაობს და იცის კანონები, ჩემს ქმარს და მეორე დას თავიანთი წილის ჩუქება გააკეთებინა და სახლი გადაიფორმა. ამის შემდეგ მიმართა აღსრულებას და ახლა ითხოვს ჩემი და ჩემი შვილების სახლიდან გამოსახლებას. ამბობს, თითქოს უნებართვოდ შევიჭერით მის საკუთრებაში. ჩემმა შვილმა სცადა მამასთან ამ საკითხზე კომუნიკაცია, მაგრამ მამიდამ არ შეუშვა სახლში. მოკლედ, ვრჩებით ქუჩაში და არ ვიცით, როდის გამოგვასახლებენ. რა შეიძლება გავაკეთოთ? მთელი სოფელი დამემოწმება, რომ 22 წელია ამ სახლში ვცხოვრობთ მე და ჩემი შვილები. რას მირჩევთ?

- სამწუხაროდ, თქვენი მდგომარეობა სამართლებრივად ძალიან ცუდი პოზიციაა, ვინაიდან აღნიშნული სახლი მეუღლეს მიღებული აქვს მშობლებისგან მემკვიდრეობით, ხოლო კანონმდებლობა ითვალისწინებს ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების გაყოფას, მაგრამ არა მემკვიდრეობით და ჩუქებით მიღებულ ქონებებზე. ასევე ქორწინება უნდა იყოს რეგისტრირებული, ანუ ხელი უნდა გქონდეთ მოწერილი. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული 22 წლის განმავლობაში საცხოვრებელი სახლი თქვენი ქორწინების პერიოდში საგრძნობლად გაუმჯობესდა, ერთადერთი გამოსავალი შეიძლება იყოს ჩუქების ბათილობის საფუძვლით სასამართლოსთვის მიმართვა, ასევე ქორწინების პერიოდში შეძენილი (გაუმჯობესებული) ქონების გაყოფა და თანამესაკუთრედ ცნობა.