“ჩემს სულში გაუბზარავ სიყვარულად რჩება. ამ სივრცეში მარტოობა მთავრდება და ხსოვნა მარადისობად იქცევა...“ - იასამნების სურნელში დაბადებული, ბაბო მიქელაძისა და რეზო ჭიჭინაძის სიყვარულის ისტორია - კვირის პალიტრა

“ჩემს სულში გაუბზარავ სიყვარულად რჩება. ამ სივრცეში მარტოობა მთავრდება და ხსოვნა მარადისობად იქცევა...“ - იასამნების სურნელში დაბადებული, ბაბო მიქელაძისა და რეზო ჭიჭინაძის სიყვარულის ისტორია

ლიტერატურათმცოდნე საბა მეტრეველი არაერთ გამორჩეულ პიროვნებასთან მეგობრობდა. მათზე საინტერესო მოგონებები ხშირად გამხდარა ჩვენი საუბრის და შემდეგ წერილის თემა. მან ახლახანს გამოსცა წიგნი „მწერალი და თეატრი“, რომელიც მიუძღვნა ბაბო მიქელაძის ხსოვნას. ბატონ საბას ვთხოვე გაეხსენებინა ეს ქალბატონი, მისი მეუღლე - რევაზ ჭიჭინაძე, მათი სიყვარულის ისტორია...

saba-metreveli-1780233401.jpg

ფოტო: საბა მეტრეველი

გაცნობა და ოჯახის შექმნა

- ბაბო მიქელაძემ ოქროს მედალზე დაამთავრა საშუალო სკოლა და ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში ჩაირიცხა უცხო ენების გაყოფილებაზე ინგლისური ენის სპეციალობით (რუსულ ჯგუფში). ამდენად, მან რუსულიც და ინგლისურიც ბრწყინვალედ იცოდა.

1961 წლის გაზაფხულია ქუთაისში. იასამნების სურნელი იფრქვევა ქალაქში. იმ დღეს, ოჯახის ახლობლის პანაშვიდზე მწუხარების მძიმე, მდუმარე ატმოსფეროში ძმებთან ერთად ახალგაზრდა ბაბო მიქელაძე შემოვიდა. ის სულ რაღაც ოცდაერთი წლისა იყო - მაღალი, თხელი, გამოკვეთილი არისტოკრატული იერითა და თმაში ჩაქსოვილი უზარმაზარი ბაფთით. სწორედ იმ წამს, სანთლების მბჟუტავ შუქზე, მისმა თვალებმა დარბაზის კუთხეში მდგარ მამაკაცს მოჰკრა თვალი. ბაბომ ნაბიჯი შეანელა. მამაკაცს უჩვეულო, ვაჟკაცური და გამანადგურებლად ლამაზი იერსახე ჰქონდა. „ასეთი გარეგნობის ადამიანი არცერთ ფილმში არ მინახავს“, — გაუელვა გულში გოგონას და მზერა აარიდა.

იმავე წამს, ოთახის მეორე ბოლოში, რეზო ჭიჭინაძემ დეიდაშვილს, ფაცის, მკლავზე ხელი წაჰკრა. მისი თვალები ამ უზარმაზარბაფთიან გოგონას მიეჯაჭვა.

- ეს ვინ არის?! - ჰკითხა ჩუმად, აღელვებულმა.

- სუ, გაჩუმდი, ალეკო მიქელაძის ქალიშვილია, - გადაუჩურჩულა ფაციმ.

რეზომ იშვიათი ხიბლით ჩაიღიმა და ნახევრად ხუმრობით, ნახევრად კი ბედისწერის კარნახით თქვა:

- მოვკიდებ ახლა ხელს, წავიყვან და მდიოს მერე ალეკო მიქელაძემ!..

თუმცა, ნურას უაკაცრავად! ქუთაისურ ადათ-წესებზე, ოჯახის სიწმინდესა და თავმოყვარეობაზე აღზრდილი მიქელაძის ქალიშვილის ასე უბრალოდ „მოტაცება“ შეუძლებელი იყო. ბაბო ზედმეტად თავდაჭერილი, ამაყი არისტოკრატი გახლდათ. როგორ დაუშვებდა, რომ თავისი ცხოვრება ორნაცოლები და ორშვილიანი მამაკაცისთვის დაეკავშირებინა, რომლის გარშემოც მთელი ქალაქი ზუზუნებდა და, რომელზეც თითქმის ყველა ქალი უიმედოდ იყო შეყვარებული...

მაგრამ რეზოს სიყვარული, ისევე როგორც ყველაფერი მასში, თავდაჯერებული და ერთგული გამოდგა. ამ შეხვედრიდან ზუსტად სამი წლის შემდეგ რეზომ ცოლობა სთხოვა. კიდევ ოთხი წელი ელოდნენ ერთმანეთს და ბოლოს, 1968 წლის 20 აპრილს, როდესაც გაზაფხული ისევ ყვაოდა და ისევ იასამნების სურნელი ათრობდა ქალაქს, ხელი მოაწერეს.

მალე ცხოვრებამ ისინი შორს, მოსკოვში გადაისროლა. რეზო სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის აქტების გამოქვეყნების განყოფილების ქართული სექტორის უფროსად დანიშნეს. იმავე წლის ოქტომბერში, პრეობრაჟენსკის მოედანთან, ოჯახს სამოთახიანი ბინა გამოუყვეს. ეს დღე ბაბოსთვის განსაკუთრებული გამოცდა იყო. რეზო დილით სამსახურში წავიდა და ცარიელი, ცივი კედლები დატოვა. ბაბომ კი, რომელსაც რეპეტიტორობით ნაგროვები ფული ჰქონდა გადანახული, ნამდვილი ქალური სასწაული მოახდინა. იმავე დილით ქუთაისიდან მატარებლით ჩამოტანილი მზა ქვეშაგები, საგულდაგულოდ შერჩეული ავეჯი და ფარდები რამდენიმე საათში თავის ადგილას განათავსა. საღამოს დაღლილმა რეზომ ბინის კარი შეაღო და გაოგნდა - სახლი სითბოთი, მყუდროებითა და ოჯახური სურნელით იყო სავსე.

ოჯახმა ოცდაერთი წელი იცხოვრა მოსკოვური ცხოვრებით, აქ გაუჩნდათ სამი შვილი - გოგი, ბება და ირაკლი. ეს იყო ორი სრულიად განსხვავებული, მაგრამ სიყვარულით შედუღებული სამყაროს თანაარსებობა. და, როდესაც 1989 წელს, ქვეყნისა და საკუთარი ცხოვრების დიდ გარდატეხამდე, ისინი საბოლოოდ დაბრუნდნენ თბილისში, ყველამ იცოდა, რომ რეზო ჭიჭინაძის გამანადგურებელი სილამაზის უკან ყოველთვის იდგა ერთი მაღალი, თხელი გოგო, რომელმაც იცოდა რეზოსა და ოჯახის სიწმინდის ფასი.

rezo-chichinaze-1780233495.jpg

რეზო ჭიჭინაძე

- მშრალ, სქემატურ საარქივო ფურცლებზე რეზო ჭიჭინაძის ცხოვრება გეოგრაფიული და ჩინოვნიკური პუნქტების გრძელ მწკრივად გამოიყურება: დაიბადა ლაგოდეხში, დაამთავრა ყვარლის საშუალო სკოლა, მერე უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი და მოსკოვის იურიდიული ინსტიტუტი. მერე იყო გავლენიანი კაბინეტები და ხმამაღალი თანამდებობები - ჟურნალისტთა კავშირის პასუხისმგებელი მდივანი, ჟურნალ „საბჭოთა ხელოვნების“ რედაქტორის მოადგილე, ბეჭდვითი სიტყვის სახელმწიფო კომიტეტი, უმაღლესი საბჭოს აქტების განყოფილება, გამომცემლობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეობა, „საქწიგნის“ გენერალური დირექტორი და საქართველოს მონადირეთა კავშირის პრეზიდენტიც კი... სად არ ატარა ცხოვრებამ, როგორი მაცდური და მრავალფეროვანი ასპარეზი მისცა წუთისოფელმა თვითრეალიზაციისა და თვითგამოხატვისთვის.

ამ დიდი, ხმაურიანი კაბინეტების საპირწონედ, მის სულში ყოველთვის ანათებდა კახეთი და სოფელი შილდა. სწორედ იქ, ალაზნის ველისა და კავკასიონის მთების გადაკვეთაზე ჩაეყარა საფუძველი ქვეყნის დიდ სიყვარულს. იქ გაატარა ბავშვობა, იქ შეიცნო სამყარო, ადამიანი, მეგობარი. ბატონი რეზო იყო ძმა ქართული კინოს ლეგენდარული ვარსკვლავის - დოდო ჭიჭინაძისა და მათი დაძმობა იშვიათ, თითქმის ზღაპრულ მაგალითად დარჩა ყველას მეხსიერებაში. დედამისი, ანა ახვლედიანი და მამა, ვასილ ჭიჭინაძე - ცნობილი აფთიაქარი და მონადირე, იყვნენ ის ფესვები, რომლებმაც ეს საოცარი ნიჭიერება და სილამაზე შობეს.

ამ უსაზღვროდ ლამაზი და ტრაგიკული სულის ნამდვილი ანარეკლი კი მისსავე სიტყვებში ცოცხლობს, რომელიც დღეს ფურცლებიდან სევდიან აღსარებად გვეჩვენება: „ადრე ერთ გუნდად ქცეული სიყვარული, რომელიც შენ გეკუთვნოდა დედა, დანაწილდა და ყველას ერგო, ყველას თავისი წილი განეკუთვნა: მთვარესაც, მთებსაც, ველ-მინდვრებსა და ორღობეებსაც, მამასაც და ძმასაც, დასა და ნათესავებსაც... არ გეწყინოს, დედი, შენდამი სიყვარულს კი არაფერი დაჰკლებია, ყველა და ყველაფერი მიყვარდა და ამით კიდევ უფრო მიყვარდი შენ! ... შენგან იწყება სიყვარული, შენგან!“

babo-mikelaze-1780233518.png

ფოტო: ბაბო მიქელაძე

წიგნი - „გულის ქისაში ჩასადები“

- ჯერ კიდევ არ შემიძლია, წარსულში ვისაუბრო ბაბო დეიდაზე, ასე მივმართავდი ყოველთვის. ჩვენი ურთიერთობა ზუსტად მეოთხედი საუკუნის წინ დაიწყო, როცა გაიგო, რომ მეც გოგის მეგობარი ვიყავი. ბავშვობიდან მოყოლებული, სულ თან მდევს განცდა, რომ ვიღაცას ვაწუხებ, რომ ვიღაცისთვის ზედმეტი ვარ. ამიტომაც, ცხოვრებაში ნებაყოფლობით ავირჩიე ჩრდილში დგომა, განდეგილად ვიქეცი. როგორც ჩანს, ეს ჩემი სიმარტოვე უმალ შენიშნა ბაბო დეიდამ და ისე, თითქოს განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა, ჩემი ასპარეზზე გამოყვანა დაიწყო. მივდიოდი მასთან, როგორც უფროს მეგობართან, როგორც ყველაზე ახლობელ ადამიანთან და ამ კავშირში მუდამ მქონდა უცნაური, მშობლიური განცდა. როგორც კი ყვარლის მთებში, თავის ბრწყინვალე აგარაკზე დასასვენებლად წავიდოდა, აუცილებლად თან გამიყოლებდა. კარგად მახსოვს ერთი ზაფხულიც - ყველანი თბილისში დაბრუნდნენ, მე და ბაბო დეიდა კი ორი კვირით სრულიად მარტონი შევრჩით შემოდგომის ოქროსფერ ფერებში ჩაფლულ მთებს. ის ჩემთვის იყო ადამიანური ღირსების, შინაგანი კულტურის, ფაქიზი ურთიერთობების, უხმო ტკივილისა და ყოველგვარი სულმდაბლობისგან შორს მდგომი, გაუსაძლისის გაძლების ნამდვილი აკადემია.

ერთხელ ბაბო დეიდამ დამირეკა და მთხოვა, მოცალეობის ჟამს მასთან შემევლო. მივედი. სწორედ მაშინ, თითქოს ყველაზე სათუთი საიდუმლოს გასანდობადო, გამოიტანა რეზოს მდიდარი არქივი - უამრავი ხელნაწერი, ოფიციალური დოკუმენტი თუ სხვებისგან მიძღვნილი ტექსტები. დავსხედით და კრებულზე მუშაობა დავიწყეთ. ფურცელ-ფურცელ, მოგონება-მოგონებად ავაწყვეთ ეს წიგნი და მთელი მასალა ექვს თავად დავალაგეთ. ასე მოიყარა თავი რეზო ჭიჭინაძის მხატვრულ-პუბლიცისტურმა ჩანაწერებმა, მისმა ფიქრებმა, მოგონებებმა, უცნაურმა ჩანახატებმა, მეგობართა და ახლობელთა გულწრფელმა წერილებმა, ექსპრომტებმა, შეფასებებმა და იმ მძიმე, გამოსათხოვარმა სიტყვებმაც, რომლებიც მის წასვლას მოჰყვა. მოკრძალებით გამოვამზეურეთ რეზოს გულის ქისაში ნადები საგანძური და ამით, ალბათ, მისი ყველაზე დიდი, სიცოცხლეში განუხორციელებელი ოცნება ავუსრულეთ.

cignze-carcera-1780233774.jpg

ფოტო: წიგნზე წარწერა

წუთისოფელმა არ დაინდო ბაბო მიქელაძე, არ დააკლო რისხვა და სისასტიკე. ძნელი წარმოსადგენიც კია, მაგრამ უბედურ შემთხვევას ემსხვერპლნენ მისი შვილები — ჯერ იკა (ირაკლი) და მერე ბება (ელიზბარი). ამ წარმოუდგენელმა ტრაგედიამაც კი ვერ გატეხა მისი კეთილშობილება; პირიქით, თავად იქცა ყველას დამნდობად, მიმტევებლად და პატრონად. მერე რეზომაც დატოვა და სრულიად მარტო დარჩა საკუთარ ტკივილთან. ეს იყო არა უბრალოდ ფიზიკური გაძლება, არამედ ტრაგიკული ცხოვრების სილამაზედ გარდაქმნის ფარული, მისტიკური ხელოვნება.

დიდი ხანია და, განსაკუთრებით ბოლო დროს, დედის გარდაცვალების შემდეგ, სიცოცხლის ხალისი აღარ მაქვს, სატელეფონო ზარებს ვეღარ ვპასუხობდი, არავისთან კონტაქტის ძალა არ მქონდა, მაგრამ, როგორც კი ეკრანზე ბაბო დეიდას სახელი აციმციმდებოდა, თავს უფლებას ვერ ვაძლევდი, არ მეპასუხა. მან ისეთსა და იმდენს გაუძლო, რომ ჩემი დუმილი მის წინაშე დანაშაული იქნებოდა. მის გარშემო სიცოცხლის სულ სხვა, მარადიული ღირებულება ტრიალებდა.

ცოტა რამ გოგი ჭიჭინაძეზე

- სამწუხაროდ, დღეს ჩვენს მეგობრობაზე უფრო წარსულ დროში მიწევს საუბარი. ამას, ალბათ, თავისი ობიექტური მიზეზები აქვს - გოგის ცხოვრების რეჟიმი, რომ ის, ფაქტობრივად, სხვა ქვეყანაში მოღვაწეობს. და, ალბათ, ასაკობრივი გადაფასებებიც, რომლებიც ადრე თუ გვიან ყველას ცხოვრებაში დგება. მაგრამ, მაინც მჯერა და იმედი მაქვს, რომ მთავარი - მეგობრობა, გაუბზარავი რჩება.

არ შემიძლია, არ გავიხსენო ერთი ფაქტი, რომელიც დღემდე მოსვენებას არ მაძლევს: ბაბო მიქელაძე საკუთარი სიკვდილის შემდეგაც კი მხოლოდ გოგიზე ფიქრობდა. მას შემდეგ, რაც ჭიჭინაძეთა დიდ და ხმაურიან ოჯახში მხოლოდ ბაბო და გოგი დარჩნენ, სახლში ყველაფერი უჩვეულოდ დამძიმდა.

ერთხელაც ბაბო დეიდამ დამირეკა და დაბეჯითებით მთხოვა მასთან გასვლა. მივედი. გოგი შინ არ იყო.

- უცნაური საქმისთვის დაგიბარე, - მითხრა და სახეზე ის ნაცნობი, უხმო ტკივილის აურა დაეფინა.

- აბა, რა ხდება, ბაბო დეიდა, რით გემსახუროთ? - გავუღიმე, რათა ოთახში ჩამდგარი მძიმე დუმილი დამეფანტა.

- ხომ იცი, გოგის როგორ უყვარხარ, - მიყურებს და მეუბნება.

ცოტა დავიბენი, ვერ მივხვდი, საით მიჰყავდა საუბარი.

- ამას რა შეხსენება უნდა, ბაბო დეიდა, - ვუპასუხე დაბალი ხმით.

- გარდა სიყვარულისა, ვიცი, რომ შენი სჯერა და სწამს. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს შენს სიტყვებს მისთვის.

ჯერ კიდევ ვერ ვხვდებოდი, რისი თქმა სურდა ამდენ ტრაგედიაგამოვლილ, გაუტეხელ ქალს. ბოლოს, თითქოს მთელი ძალა მოიკრიბაო, საუბარი ასე დაასრულა:

- მე ამ წუთისოფელს ვერ გამოვეკერები... მშობელი წავა და შვილი უნდა დარჩეს. გოგის ცოლი არ ჰყავს. მე რომ ახლა რამე მომივიდეს, მას ძალიან, ძალიან გაუძნელდება ცხოვრება. როცა ოჯახი ჰყავს ადამიანს, შვილის სიყვარული და ყოველდღიური რუტინა თავისას ითხოვს - ასე შედარებით ადვილია მშობლის დაკარგვის ტკივილის გადატანა. ამიტომ გთხოვ, შენც ურჩიო, დროზე შექმნას ოჯახი. სიტყვას თავისი ძალა აქვს და მჯერა, შენი ნათქვამი შედეგს გამოიღებს.

rezo-1780233810.jpg

ფოტო: რევაზ ჭიჭინაძე

გავოცდი. სიკვდილის კი არ ეშინოდა, იმას დარდობდა, როგორ გადაიტანდა მის გარდაცვალებას ერთადერთი დარჩენილი შვილი. აი, ასეთი დედის შვილია გოგი ჭიჭინაძე და ასეთი დედობრივი მზრუნველობის ანარეკლი დაჰყვება მას ცხოვრებაში.

მეგობრობის ფორმები შეიძლება, მართლაც, იცვლებოდეს, ხანდახან დუმილშიც კი გადადიოდეს, მაგრამ იმ დიდი ოჯახის აურა, რომელშიც რეზოს ხიბლი, ბაბოს ღირსება და მათი საერთო წარსული ტრიალებდა, ჩემს სულში გაუბზარავ სიყვარულად რჩება. ამ სივრცეში მარტოობა მთავრდება და ხსოვნა მარადისობად იქცევა.

ნანული ზოტიკიშვილი

(სპეციალურად საიტისთვის)