ფანტაზიებში ჩაძირულები - ანუ რა სურს პუტინს საქართველოსგან?! - კვირის პალიტრა

ფანტაზიებში ჩაძირულები - ანუ რა სურს პუტინს საქართველოსგან?!

საქართველოში იმ ხალხის რაოდენობა, რომელთაც შეიძლება პრორუსი ეწოდოს ანუ რუსეთის გარეშე რომ არ წარმოუდგენიათ ქვეყნის არსებობა, ძალიან მცირეა და ისინი მარგინალები არიან. თუმცა ცოტა მეტნი არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ დიახ, რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გასაღები მოსკოვშია (ძალიან ნაცნობი ფრაზა, ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან) და რუსებს უნდა მოველაპარაკოთ. ამ ადამიანების ფანტაზიებში ცოცხლობს სცენარი - რაღაცნაირად თბილისი და მოსკოვი ისე ლაგდებიან, რომ კრემლს უკან მიაქვს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარება და "უბრუნებს" თბილისს. თუ ფანტაზიაა, ფანტაზია იყოს. დიახ, არის ამის შანსი, თუ რაღაცნაირად მოვახერხებთ ქართველები და მეორე ჩინეთი გავხდებით თავისი უდიდესი ეკონომიკითა და ატომური ბომბებით აღჭურვილი უზარმაზარი არმიით.

ვამბობთ რუსეთს, ვგულისხმობთ პუტინს. დავსვათ კითხვა - რა სურს კრემლის ბინადარს საქართველოსგან? მას ჩვენი ქვეყნისგან სურს, რომ იყოს არა ნორმა­ლური სახელმწიფო, არამედ რაღაც წარმონაქმნი, მთლიანად რუსული გავლენის ქვეშ, მთლიანად რუსეთზე დამოკიდებული - დაახლოებით ტაჯიკეთის მაგვარი. ყველა დიდ ქვეყანას სურს, რაც შეიძლება დიდი გავლენის სფერო ჰქონდეს, თუმცა მიდგომებშია განსხვავება. მაგალითად, ამერიკელებთან ურთიერთობებისას თუ იყოჩაღებ (ანუ შეეცდები, გაძლიერდე ეკონომიკურად, სამხედრი კუთხით და ა.შ.), ისინი მოგიდგებიან როგორც პარტნიორს და შეეცდებიან კიდევ უფრო გაგაძლიერონ. მათი კონცეფციით, რაც უფრო ძლიერია ამერიკის პარტნიორი (გნებავთ გავლენის სფეროში მოქცეული ქვეყანა), მით უფრო კარგია ეს ამერიკისთვის. რუსეთი კი არ ცნობს პარტნიორობას. ის ცნობს ბატონყმობას. ოღონდ ყმა რაც შეიძლება სუსტი უნდა იყოს, რათა ბატონმა ნებისმიერ დროს თავში ხელი წამოა­რტყას. დიახ, გარკვეულ ეტაპზე, კრემლმა შეიძლება გამოგიყენოს თავისი ინტერესებისთვის. მაგალითად, ყარაბაღის პირველ ომში მან გამოიყენა სომხეთი რუსების წინააღმდეგ და სწორედ კრემლის დახმარებით შეძლეს სომხებმა პირველი ომის მოგება. თუმცა დადგა დრო და მომენტი და მოსკოვმა ერევანი თხასავით გაყიდა და მოთმინებით ელოდებოდა, ომში მარცხის გამო როდის დაიწყებოდა ამ ქვეყანაში სამოქალაქო არეულობა - ქვეყანაში, რომელსაც მოსკოვი ძმობას ეფიცებოდა და კავკასიაში მთავარ პარტნიორად აღიქ­ვამდა. ოდნავ თვალი გააპარა ფაშინიანმა და დაიწყო პუტინმა შანტაჟი ეკონომიკური ემბარგოთი (რუსე­თში გარკვეული სომხური პროდუქტისა და პროდუქციის შეტანა სასწრაფოდ აკრძალეს) და გაზის მიწოდების შეწყვეტით. 7 ივნისს სომხეთში საპარლა­მენტო არჩევნებია და პუტინი ფსონს მილიარდერ სამველ კარაპეტიანზე დებს და თუ ისევ ფაშინიანმა გაიმარჯვა (სავარაუდოდ, ასეც იქნება), კიდევ რა დივერსიებს მოაწყობს პუტინი არავინ იცის. სამაგიეროდ, პუტინი ფრთხილობს აზერბაიჯანთან, რადგან ამ ქვეყნის უკან თურქეთი დგას - რეალური ძალით და არა მხოლოდ სიტყვებით. კრემლს ერდოღანის ეშინია, რადგან იცის, რომ თურქეთის პრეზიდენტი შემოლაწუნებაზე უკან არ დაიხევს.

საქართველოს უკან არავინ დგას და არც დიდი ძალა გვაქვს, ამიტომაც, რუსეთის მხრიდან რაიმე დათმობებსა და ტერიტორიების დაბრუნებაზე საუბარი ფანტასტიკის ჟანრს მიეკუთვნება. რუსეთის პრინციპი ასეთია: ვის რა და რატომ უნდა დავუ­თმო, როდესაც შემიძლია, ის, რაც მინდა, ძალით ავიღო და მსხვერპლი, კეთილი ინებოს, ამას შეეგუოს, აქეთ მადლობელი იყოს, რომ მთლიანად არ გავსრისე. ასეთი პრინციპი ექნება რუსეთს იმ შემთხვევაშიც, ქვეყნის სათავეში სუპერპრორუსული ხელისუფლებაც რომ მოვიდეს. ასევე, რუსეთის ისტორიიდან გამომდინარე, კრემლის მხრიდან ვითომდა დათმობა, ათიდან ათ შემთხვევაში არის ხაფანგი. დიახ, თუ რუსეთს დასჭირდა, შეეცდება შემოგვტენოს კონფედერაციის იდეა და ეს შემოგვასაღოს "ტერიტორიული მთლიანობის აღდგენად". რას ნიშნავს კონფედერაცია? თბილისმა უნდა აღიაროს სოხუმისა და ცხინვალის მარიონეტული რეჟიმები ლეგიტიმურ ხელისუფლებებად (ვთქვათ და კრემლი დათანხმდა, რომ თბილისმა არ ცნოს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა) და მათთან ერთად ქმნის ახალ, კონფედერაციულ სახელმწიფოს. ოღონდ, რა თქმა უნდა, ცხინვალშიც და სოხუმშიც სიტუაციას რუსები და მათი მარიონეტები აკონტროლებენ. შესაბამისად, ქართველი დევნილების დაბრუნებაზე საუბარიც კი არ შეიძლება. კონფედერაცი­ის მთავარი არსი კი ის არის, რომ მის სუბიექტებს გაერთიანების დატოვება შეუძლიათ. ალბათ, ხვდებით, შემდგომში როგორი სცენარითაც განვითარდება მოვლენები. 90-იან წლებში რუსეთი ცდილობდა ამ კონფედერაციის იდეის შემოტენას და ამის შესახებ დღესაც ისმის მინიშნებები მოსკოვიდან.

ასე რომ, რაღაც გარიგება-დალაგება თბილისი-მოსკოვს შორის თეორიულადაც გამორიცხულია. თუ ვინმე ამ რუსულ ხაფან­გზე წამოეგება, ეს დასრულდება კიდევ ერთი ეროვნული კატასტროფით.

elcin-i-putin-1780237568.l.png

მხოლოდ პუტინშია პრობლემა?!

მოისმენდით აზრსაც, რომ როდესაც პუტინი "აორთქლდება" (დაამხობენ ან წაიყვანენ) და რუსეთში შედარებით დემოკრატიული მმართველობა მოვა, მაშინ უკვე შეიძლება ფიქრი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე მოსკოვთან გარიგება-მორიგებით. რა თქმა უნდა, ადრე თუ გვიან, პუტინი აორთქლდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელისუფლებაში პუტინის იდეების გამგრძელებელი ან პუტინზე უარესი არ მოვა (გაგიკვირდებათ და არის რუსეთში საკმაოდ გავლენიანი ადამიანების ჯგუფი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ კრემლის ბინადარი ზედმეტად "რბილია" და უფრო ხისტი გადაწყვეტილებებია საჭირო). მეორეც, დღევანდელი გადასახედიდან, რუსეთში დემოკრატიული ძალების გამარჯვება უფრო მეტად ფანტასტიკურია, ვიდრე ის, რომ ერთ მშვენიერ დღეს პუტინს გონება გადაუტრიალდეს და აფხაზეთი და ცხინვალი დაგვიბრუნოს.

კარგი, წავიფანტაზიოროთ და წარმოვი­დგინოთ, რომ რუსეთში დემოკრატიული ძალები მოვიდნენ, შეიცვლება თუ არა რამე საქართველოსთვის?! პასუხი, ალბათ, ჩვენს უახლოეს ისტორიაში უნდა ვეძებოთ.

1991-დან 2001 წლამდე რუსეთს ჰქონდა პერიოდი, როდესაც მეტ-ნაკლებად დემოკ­რატიული გარემო იყო შექმნილი - ნამდვილად იყო სიტყვის თავისუფლება, მოქალაქეებს განსხვავებული აზროვნებისთვის არ იჭერდნენ, დემოკრატობდა მაშინდელი პრეზიდენტი ბორის ელცინი, ძმობასა და სიყვარულს ეფიცებოდნენ მთელ სამეზობ­ლოს. მოსკოვი მაშინ აღიარებდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სიტყვით გმობდა სეპარატიზმს...

საქმით კი... ეს დემოკრატიული რუსეთი იყო მთავარი ინსპირატორი 1991-1992 წლების სამხედრო გადატრიალებისა და სამო­ქალაქო ომისა. ორივე მხარეს აძლევდა იარა­ღს, რათა რაც შეიძლება მეტად დაეხოცათ ქართველებს ერთმანეთი.

ამ დემოკრატიულმა რუსეთმა დაიწყო ოსი სეპარატისტების მხარდაჭერა და მათი შეიარაღება. ამ დემოკრატიულ რუსეთს ჰქონდა კიდევ რამდენიმე ნაღმის აფეთქების მცდელობა სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში, თუმცა, საბედნიეროდ, არ გამოუვიდათ.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, რეალურად, რუსეთთან პირველი ომი გვქონდა არა დიქტატორ პუტინთან 2008 წელს, არამედ დემოკრატ ელცინთან 1992-1993 წლებში. სწორედ დემოკრატიული რუსეთი აწვდიდა იარაღს აფხაზ მარიონეტებს, გზავ­ნიდა რეგულარულ ნაწილებს ე.წ. მოხალისეების სახით და ა.შ. სწორედ დემოკრატიულმა რუსეთმა გააკეთა ის, რომ სოხუმი, ფაქტობრივად, დაუცველი დარჩა მარიონეტების მხრიდან სამშვიდობო ხელშეკრულების დარღვევის შემდეგ.

ჩემი თუ არ გჯერათ, მოუსმინეთ "ოქროს მოწმეს" - რუსეთის საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს (1990-1996 წლები) ანდრეი კოზირევს. მან ერთ-ერთ ინტერვიუში აფხაზეთის ომზე ისაუბრა.

"პაველ გრაჩოვთან (მაშინდელი თავდაცვის მინისტრი) ერთად შევხვდით არძინბას, რომელიც ამ სეპარატისტული მოძრაობის პირველი ხელმძღვანელი იყო. ის შეიძლება ეთნიკურად აფხაზი იყო, მაგრამ მოსკოველი ბიჭი გახლდათ. მოსკოვში ცხოვრობდა და ცხოვრების უდიდესი ნაწილი აქ გაატარა. ჩვენ ერთ ენაზე ვსაუბრობდით, მოსკოვური აქცენტით. ის ევგენი პრიმაკოვთან მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტში მუშაობდა, სადაც უმცროსი მეცნიერ-მუშაკი იყო. რომელი რევოლუციონერი ის გახლდათ?! რომელი თავისუფლებისთვის მებრძოლი ის იყო?! ეს იყო სისულელე. არძინბა ღიად ამბობდა, მე თქვენ დამიძახეთო... ვფიქრობ, ელცინი საქმის კურსში იყო (რუსები აფხაზებს იარ­აღს რომ აწვდიდნენ)... რაც შეეხება სამშვიდობო შეთანხმებას, მოლაპარაკების თანახმად, კონფლიქტის ყველა მხარე შეთანხმდა, რომ რუს სამშვიდობოებს გადასცემდნენ იარაღის საკეტებს. მათ მართლაც ჩააბარეს შეიარაღების საკეტები, როგორც ქართველებმა, ასევე აფხაზმა სეპარატისტებმა. ერთ ღამეს კი საკეტები მხოლოდ აფხაზურ მხარეს გადასცეს, ქართველების იარაღის საკეტები რუს სამშვიდობოებს დარჩათ. რატომ და როგორ მოხდა ეს ყველაფერი, ამის ახსნასა და გამოძიებას ვითხოვდი, მაგრამ ელცინმა უარი თქვა. ეს იყო მკვლელობა, რადგან აფხაზებს იარაღი ჰქონდათ, ქართველები კი უიარაღოდ იყვნენ", - იხსენებს კოზირევი.

აფხაზეთში განცდილი მარცხის შემდეგ ამ დემოკრატიულ რუსეთს მეორე პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე 25 წლით უკანონებდა სამხედრო ბაზებს, ყველაფერზე თანახმა იყო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სანაცვლოდ, მაგრამ ერთი გოჯი მიწა არ დაუბრუნებიათ რუსებს. სამაგიეროდ, ამ დემოკრატიულმა რუსეთმა ორჯერ სცადა შევარდნაძის აფეთქება, რათა ერთი მხრივ, უფრო ლოიალური პირი მოეყვანათ ხელისუფლების სათავეში და მეორე მხრივ, ჩაეშალათ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტი.

აღარ გავაგრძელებთ... ალბათ, ისედაც ნათელია, რომ საქართველოს ტერიტორი­ული მთლიანობა აღდგება მაშინ, როდე­საც ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ისე დაუძლურდება და ისე აერევა სიტუაცია, რომ აღარც აფხაზეთი ემახსოვრება და აღარც ცხინვალი. იმედია, ეს დღე შორს არ არის.

გიორგი კვიტაშვილი