319 წლის მაისი: როგორ "გაშიფრეს" ქართველმა ასტრონომებმა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად დადგენის ზუსტი თარიღი?! - კვირის პალიტრა

319 წლის მაისი: როგორ "გაშიფრეს" ქართველმა ასტრონომებმა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად დადგენის ზუსტი თარიღი?!

ქართველმა ასტრონომებმა დაადგინეს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად დადგენის ზუსტი თარიღი, რისი საფუძველიც 319 წლის მაისში თხოთის მთაზე მზის დაბნელების დადასტურება გახდა. ჩვენი იდენტობისათვის ამ გადამწყვეტი მოვლენის ზუსტი პერიოდის დადგენას არაერთი მეცნიერი ცდილობდა, რაც არ ხერხდებოდა. საქმე ის არის, რომ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ რამდენიმე ცნობა არსებობს და უმეტესობას ლეგენდის სახე აქვს. ერთ-ერთი ყველაზე სანდოდ მიჩნეული XI საუკუნის მემატიანის, ლეონტი მროველის მატიანეა. თუმცა მასშიც ზუსტი თარიღის დადგენის­თვის რეალურად ხელმოსაჭიდი არაფერია, გარდა იმისა, რომ ამ პერიოდში, კერძოდ, IV საუკუნეში, მოხდა მზის დაბნელება. ამ დროს მეფე თხოთის მთაზე ნადირობდა და სიბნე­ლით შეწუხებულმა კერპებს სთხოვა დახმარება. კერპებმა მისი ლოცვა არ შეისმინეს, მზე არ გამოჩნდა. მაშინ მეფემ იმხანად ქართლში მყოფ წმინდა ნინოს ღმერთს მიმართა და ამ დროს მზეც გამობრწყინდა. ამ სასწაულის შემდეგ მეფემ კერპები უარყო, ქრისტიანობა მიიღო და სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა... ამ მატიანის მიხედვით ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ზუსტი პერიოდის დადგენაზე უპირველესად დიდმა მეცნიერმა ივანე ჯავა­ხიშვილმა იზრუნა, შემდეგ კი მეცნიერების არაერთმა თაობამ, რომელთაგან აღმოჩენის პატივი წილად ერგო ასტრონომების ჯგუფს: მარინე გიგოლაშვილს, გიორგი რამიშვილს, როლან კილაძესა და ვასილ კუხიანიძეს, რის შესახებაც ასტრონომი და მეცნიერი გიორგი რამიშვილი მოგვითხრობს:

- ბატონო გიორგი, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ზუსტი თარიღის დადგენა ყოველთვის იყო საპატიო მისია, თუმცა ზუსტ თარიღს ვერ ადგენ­დნენ. რა იყო ამის მიზეზი და როგორ შეძლო ეს თქვენმა ჯგუფმა?

- ქართულ ასტრონომიაში მართლაც არავინ მეგულება სტუდენტი მომავალი ასტ­რონომის სპეციალობით, ვისაც ამ თარიღის ზუსტად დადგენა არ მოესინჯოს. მზის დაბნელებით თარიღის დადგენაზე უარი ჰქონდა ნათქვამი ისეთ დიდ მეცნიერს, როგორიც იყო ივანე ჯავახიშვილი და ეს ზერელედ კი არ მომხდარა, არამედ იმიტომ, რომ მან ასტრონომიითა და ასტრონომის ჩართულობით ეს თარიღი ვერ დაადგინა.

უბრალოდ, მზის დაბნელების მსოფლიო რუკებზე მირიან მეფის დროს არ მოიძებნა მზის ისეთი სრული დაბნელება, რომელიც დაფარავდა კასპსა და მცხეთას შორის მყოფ თხოთის მთას და იქ სანადიროდ მყოფ მირიან მეფეს შეაშფოთებდა. მოდი, გავიხსენოთ, რა წერია ამაზე ლეონტი მროველთან: მეფემ "ავლო თხოთის მთა, განვიდა თხემსა მთისა და მოიხილა კასპისა და უფლისციხის მიმართ... ოდენ მიიწია მზის განცდელად შუა-სამხრისა, და დაუბნელდა მზე მეფესა, და იქმნა ღამე მოსილი უკუნითა და დაიფარნეს ყოველნი არენი ბნელით..." ივანე ჯავახიშვილმა ამ მზის დაბნელების თარიღის დადგენა კარგ მეცნიერს, ესტონელ გეოფიზიკოსსა და სეისმოლოგს ევგენი ბიუსს მიანდო. ამ უკანასკნელმაც გულმოდგინედ შეისწავლა მეფე მირიანის პერიოდის მზის სრული დაბნელების მსოფლიო რუკები, სადაც საქართველო არ აღმოჩნდა, რის შემდეგაც მიახლოებითი თარიღის დადგენას არა ასტრონომიის, არამედ ისტორიის საშუალებით ცდილობდნენ, და საბოლოოდ ამ თარიღად დადგინდა 326 წელი.

რელიგიასთან მებრძოლმა საბჭოთა ხელისუფლებამ ისარგებლა ამ ამბით და ლამის ფანტაზიორად გამოაცხადა ლეონტი მროველი, რომელიც, იმავდროულად, რუისის ეპისკოპოსი იყო. ყოველ შემთხვევაში, ამ პერიოდში შემუშავდა ვერსიები, თითქოს მირიანი დაბნელებას არ შესწრებია. უბრალოდ, ეს პოლიტიკური მიზნით მოგონილი ნაბიჯი იყო, რათა ქვეყანაში სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობა გამოეცხადებინა. საამისოდ პოლიტიკური სიტუაცია იყო მომწიფებული, ქრისტიანობა გაძლიერდა, საქართველო ევროპასთან, მათ შორის ქრისტიანულ რომის სახელმწიფოსთან მჭიდროდ დაახლოვდა და საქართველოშიც ხალხის ნაწილი უკვე იყო ქრისტიანობის მიმდევარი. თუმცა ამის მიუხედავად შესაძლოა კერპების დამხობასა და ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას მაინც გამოეწვია აღშფოთება, რის გამოც პოლიტიკურად მოტივირებული ლეგენდის მოშველიება გახდა საჭირო, სადაც კერპების უღონობა და ნინოს ღმერთის ძლიერება იყო გაცხადებული.

ჩვენი აღმოჩენა სწორედ იმასთან არის დაკავშირებული, რომ ყველაფერი რეალო­ბა იყო და არა ლეგენდა, რაც მოგვიანებით დავადგინეთ. მანამდე კი ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების მიახლოებით თარიღად საბოლოოდ და ისტო­რიული ფაქტებით დად­გინდა 326 წელი, რაც ბერძენი და სომეხი ისტორიკოსების ჩანა­წერებს ეყრდნობა. ამ ჩანაწერებით სომხეთის მეფე თრდატი, რომელიც იმჟამად უკვე ქრისტიანია, გახარებულია, რადგან მირიანი გაქრისტიანდა, აღარ ვიომებთო. თრდატი 330 წელს მოკლეს და ცხადია, მირიანს ქრისტიანობა თრდატის სიკვდილამდე უნდა მიეღო. რატომ მაინცდამაინც 326 წელს? ამას კონკრეტული ახსნა აქვს იმავე ლეონტი მროველის მიხედვით. ის წერს, რომ მეფე მირიანის დასახმარებლად და ქრისტიანობის გასამყარებლად რომის იმპერატორმა კონსტანტინემ საქართველოში იოანე ეპისკოპოსი გამოგზავნა. იოანემ აქ წმინდა ხის (ამ ვერსიით, კვიპაროსი) შესახებ შეიტყო, რომლის შეხებითაც ხალხი იკურნებოდა. ეს ხე მოჭრა და მისგან სამი ჯვარი გამოათლევინა კონკრეტულად 1-ლ მაისს - აღდგომიდან მესამე კვირადღეს. შემდგომ მან ჯვრები სამ ადგილას დაადგმევინა. სხვათა შორის, ადგილები აირჩია სამი ვარსკვლავის ჩასვლის მიმართულებით, რომელიც იმხანად ცაზე ერთად გამოჩნდა. ეს ადგილები იყო მცხეთა, ბოდბე (უჯარმა) და თხოთის მთასთან, სადაც მირიანმა იხილა მზის დაბნელება.

- ანუ როგორც ქრისტეს შობისას, ამ შემთხვევაშიც სამი ვარსკვლავი ჩანს.

- დიახ, ლეონტი მროველის მიხედვით ასეა. ახლა ვნახოთ, რომელია და როდის უნდა დამთხვეოდა მირიანის დროს აღდგომიდან მესამე კვირადღე 1-ლ მაისს. როგორც ცნობილია, ასეთი დამთხვევა ყოველ 22 წელიწადში სამჯერ ხდება, მუდმივად და ასტრონომიულად. მირიანის მეფობისას ასეთი დამთხვევა ბევრჯერ იყო, მათ შორის 326 და 320 წლებშიც. კონკრეტულად, 320 წელი ის თარიღია, რომელსაც ჩვენი ჯგუფი დაეყრდნო, მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ მირიანის მეფობისას მზის დაბნელება თხოთის მთაზე თურმე მართლაც მომხდარა და არაფერია გამოგონილი.

- ეს ხომ უარყოფილი ვერსია იყო?

- დიახ იყო და მათ შორის, პირადად მეც და ჩემმა მეგობრებმაც უარვყავით ჯერ კიდევ სტუდენტობისას, როდესაც მირიანის დროინდელი მზის დაბნელების რუკები გადავქექეთ, ვერა­ფერი ვნახეთ და თემა დავხურეთ. მაგრამ ერთ დღეს, როდესაც უკვე ვმუშაობდი, კერძოდ, 2005 წელს, ჩემს ოთახში შემოვიდა ძალიან აღელვებული კარგი მეცნიერი, აწ გარდაცვლილი მარინე გიგოლაშვილი. მითხრა, გამომყევიო. გავყევი და მახსოვს, სანამ დავჯდებოდი, მკითხა, გიორგი, მირიანის დროინდელი მზის დაბნელების ამბავი ხომ იციო. როგორ არა, მაგრამ ის არ არსებობდა-მეთქი, ვუპასუხე და ამასო­ბაში დავინახე - წინ ნასას მზის დაბნელების რუკა მაქვს და მასზე ჩანს მირიანის დროინდელი მზის დაბნელება, რომელიც ლამის დღევანდელ გარდაბნამდე მოდის, და არა მხოლოდ თხოთის მთას, არამედ დღევანდელი საქართველოს თითქმის 2/3-ს მოიცავს. როგორ შეიძლებოდა ეს მშვიდად მიგვეღო, თანაც მაშინ, როდესაც ხედავ დაბნელების ზუსტ თარიღს - 319 წლის 6 მაისს, რომელიც დაბნელების აღწერილობას ზუსტად ემთხვევა ისტორიულ წყაროში. ლეონტი მროველის აღწერილობით დაბნელება "შუასამხრისას" ხდება და მეფე ამას "კასპის მხრიდან" ხედავს. ნასას ამ რუკის მიხედვითაც დაბნელება სწორედ ნაშუადღევს, სამი საათიდან ოთხის ნახევრამდე ფიქსირდებოდა, როდესაც მზე დასავლეთისკენ, ანუ კასპის მიმართულებით იყო გადახრილი. რასაკვირველია, ამ ამბავმა მეც ძალიან ამაღელვა. იქვე გამოვითვალე სახელდახელოდ, რამდენ ხანს შეიძლებოდა გაგრძელებულიყო მზის სრული დაბნელება მირიანის თვალწინ და ეს იყო 40 წამი. თუმცა მე და ქალბატონი მარინეც შევთანხმდით, რომ უფრო ზუსტი გამოთვლებისთვის უნდა მიგვემართა ცნობილი ასტრონომისთვის, როლან კუხალიშვილისთვის. მან გამოთვალა და დაადგინა, რომ სრული დაბნელება წუთი და 45 წამი გაგრძელებულა.

- საოცარ ამბავს მეუბნებით. მიხარია, რომ ქართველი მეცნიერები ახლაც წარმატებით შრომობენ კოსმოსის თემაზე მთელ მსოფლიოში.

- გიდასტურებთ, რომ შრომობენ. მაგალითად, მსოფლიოს ყველაზე დიდ მზის ტელესკოპთან მუშაობს ჩვენი აღზრდილი დათო ქურიძე. უნდა გაგრძელდეს ის კავში­რები, რაც აქვს ილიას უნივერსიტეტსა და აბასთუმნის ობსერვატორიას მსოფლიო მეცნიერებასთან.

- ამაზეც მინდა გკითხოთ: აპრილში ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით აბასთუმნის თავზე 52 კმ რადიუსში გადაიკეტა აზია-ევროპის საერთაშორისო ტრასა, რასაც კრიტიკით შეხვდა საზოგადოების ნაწილი. თქვენი აზრით, აუცილებელი იყო ამ ტრასის გადაკეტვა?

- ამის შესახებ ხელისუფლების მიმართ საკმაოდ ოპოზიციურად განწყობილი ცნობილი მეცნიერის აზრი მინდა მოგახსენოთ, რომელმაც თქვა: იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ამბავი ბიძინა ივანიშვილმა თავის თავზე მოირგო, ეს მეცნიერებისთვის და კონკრეტულად აბასთუმნის ობსერვატორიისთვის აუცილებელი და სასარგებლოაო. იმავე აზრის ვარ მეც. ამ ტრასის გაყვანა ობსერვატორიის ცაზე დიდი შეცდომა იყო, რადგან ცაზე სრულყოფილად დაკვირვების საშუალება წაგვართვა. რაც შეეხება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების თარიღის დადგენას, ეს მართლაც უმნიშვნელოვანესია და საბედნიეროდ, დაადასტურა ნასას რუკებმა, უფრო სრულყოფილად განვითარებულმა მეცნიერებამ.

- შემიძლია წარმოვიდგინო, მირიანი როგორ ღელავდა ამ დროს, ან იქნებ იცოდა, მზის მომავალი დაბნელების შესახებ და უბრალოდ, პოლიტიკურ ფაქტად გამოიყენა.

- ვერ გეტყვით. შესაძლოა დაახლოებით იცოდა კიდეც, რადგან იმ დროისთვის და გაცილებით ადრეც საქართველოში არსებობდა მზის ტაძრები, რომელთა ქურუმები აკვირდებოდნენ ზეცას. სასწაულის ძალა კი მაინც იმაშია, რომ მირიანი დაბნელების დროს თხოთის მთაზე იყო და იქ ილოცა ქრისტიანთა ღმერთზე. უკვე 320 წელს, მაისში, როდესაც მირიანის დროს სამი ჯვარი აღიმართა. რაც შეეხება მზის სრულ დაბნელებას, 2000 წელს მზის სრული დაბნელების დროს ფოთში ვიყავი, სადაც დავესწარი მზის სრულ დაბნელებას და მიუხედავად იმისა, ყველა ეს ფაზა ზედმიწევნით ვიცოდი, ყველა დადუმებული შევყურებდით ამ მოვლენას, მათ შორის, ჟურნალისტებიც, რომლებთანაც თავად აღვწერე, რომელ ფაზას რა მოჰყვებოდა. შეიძლება ჩავთვალოთ, რომ მეფე მირიანსაც იგივე ემოცია ექნებოდა, როდესაც მზის დაბნელება იხილა. საბედნიეროდ, ამ ემოციებს მოჰყვა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რომელმაც გადაარჩინა ჩვენი იდენტობა.