ქართული გვარების საიდუმლო - კვირის პალიტრა

ქართული გვარების საიდუმლო

ქართული გვარების უმრავლესობა საუკუნეების სიღრმიდან მოდის. ხშირად გვარში მთელი საგვარეულოს ბედი ჩანს, ვინ იყვნენ, რას ემსახურებოდნენ და რა მემკვიდრეობას უტოვებდნენ შვილებს. ამიტომ თითოეული გვარის უკან მრავალსაუკუნოვანი ისტორია დგას. ცნობილი გვარების წარმომავლობაზე გვიამბობს "კავკასიელი ხალხების ეთნოგენეზისის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის" ხელმძღვანელი გიორგი ანდრიაძე:

- ეთნოგენეტიკა სრულიად ახალი მეცნიერებაა. მისი წყალობით არა მხოლოდ მშობლისა და შვილის საერთო გენეტიკის დადგენა შეიძლება, არამედ ბაბუის, დიდი ბაბუისაც. ადამიანის გენეტიკურ წყობას მამის ხაზით ქრომოსომა განსაზღვრავს. თავის მხრივ, მიტოქონდრიული ქრომოსომა მხოლოდ ქალებს აქვთ. ამ ქრომოსომების სიღრმისეული კვლევისა და შესწავლის საფუძველზე ჩამოყალიბდა მონათესავე გვარები - ჰაფლოჯგუფები, რომლებიც ერთმანეთთან ძალიან ახლოს არიან დნმ-ის მონაცემებითა და წარმომავლობით. ამ საკითხზე კარგა ხანს მუშაობდა ჩვენი სამეცნიერო ცენტრი, რომელიც საქართველოში ერთადერთია. ის 2010 წელს შეიქ­მნა პატრიარქ ილია II-ის ხელშეწყობით და ფინანსური დახმარებით. საფუძვლიანი­ კვლევის შემდეგ იმ დასკვნამდე მივედით, რომ ქართული გვარების 87 პროცენტი ორ დომინანტურ ჰაფლოჯგუფს მიეკუთვნება - G2A-ს, ან ჟ2A-ს.

ჩემი გვარით დავიწყებ: ანდრიაძეების გვარის ხუთი წარმომადგენელი შევისწავ­ლეთ და დავადგინეთ, რომ ჩვენი გვარი ლაზეთიდან წამოსულა - როცა ოსმალებმა ტაო-კლარჯეთი და ლაზეთი დაიპყრეს. ვინც თურქეთში დარჩა, მათ გვარს თურქებმა "ოღლი" დაუმატეს, მაგრამ დნმ-ის ანალიზი რომ ავუღეთ და შევადარეთ, ისინიც ჩვენსავით ჟ2A ჯგუფს მიეკუთვნებიან. ზოგიერთები ფიქრობდნენ, რომ ლაზები სულ სხვა გენეტიკის ხალხია, მაგრამ ანალი­ზებმა ეს აზრი საბოლოოდ გააბათილა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ლაზი უკვე გათურქებულია, ჩვენი გენეტიკა მაინც იდენტურია.

შევისწავლეთ ჩვენი საყვარელი მსახიობის, დოდო აბაშიძის ვაჟის, ზაზა აბაშიძის დნმ: აბაშიძეთა ერთი შტო იმერელი თავადების შტოა, მეორეს არა აქვს კავ­შირი არც იმერეთთან და არც ამ გვართან - ისინი წოვა-თუშები არიან - ანუ გვარები ზოგჯერ ერთმანეთს ემთხვევა, მაგრამ სხვადასხვა წარმომავლობა აქვთ. აქედან გამომდინარე, წოვა-თუშეთის მკვიდრი აბაშიძეები სულ სხვა ჰაფლოჯგუფის წარმომადგენლები არიან.

გენეტიკურმა კვლევამ გვაჩვენა, რომ თავადური გვარების დიდი ნაწილი უცხო­ური წარმოშობისაა. ამას ადასტურებს ეთნო­გენეტიკა, რომელიც ზუსტი მეცნიერებაა. აღსანიშნავია, რომ ცნობილი გვარების­ შესახებ ცნობებს ვხვდებით იოანე ბატონიშვილის "კალმასობაში", სადაც ჩანს, რომ ზოგიერთი თავადური გვარის წინაპარი უცხოეთიდან ჩამოსულა. მაგალითად, საქართველოში ჩამოვიდა და დასახლდა ანდრონიკე კომნენოსის ძე და ასე დაიწყო ანდრონიკაშვილების გვარის ისტორია. ამ გვარის წარმომადგენლები ტრაპიზონის და ბიზანტიის იმპერატორების შთამომავლები არიან. რომაული წარმოშობისაა ნონეშვილების გვარიც. ისინი რომაელი ცენტურიონების შთამომავლები არიან. იგივე უნდა ითქვას შარვაშიძეებზეც: ჩვენ მათაც ჩავუტა­რეთ დნმ-ის ანალიზი და დავადგინეთ, რომ ამ გვარსაც უცხოური ფესვები აქვს. ისტორიაშიც მკაფიოდ წერია, რომ დავით აღმაშენებელმა შირვანის მეფე - შირვანშა აქ ჩამოიყვანა, ცოლად თავი­სი და მისცა და აფხაზეთიც უფეშქაშა. აფხაზეთის თავადები სწორედ შირვანშას შთამომავლები არიან. შარვაშიძეების ხაზს მიეკუთვნებიან შარაშენიძეები და მათაც იგივე გენეტიკა აქვთ. სხვა თავადურ გვარებსაც, როგორიცაა მაგალითად, წერეთელი და ფაღავა, ბერძნული წარმომავლობა აქვთ. ასეთივე ისტორია აქვთ იმერეთში, სოფელ სვირში მცხოვრებ კაპანაძეებსაც: როდესაც ლიპარიტ ბაღვაში დავით აღმაშენებელს აუჯანყდა, საქართველოში ჩამოვიდნენ ვიკინგები - 2 ათასი დაქირავებული მებრძოლი, რომელიც ბრძოლაში მონაწილეობდა. როცა ყველაფერი დასრულდა, მათი უმრავლესობა წავიდა, თუმცა ზოგიერთი აქ დარჩა, ამიტომ შეგიძლიათ ნახოთ ვიკინგური გენი I 1 , რომელიც აქვთ პირველ სვირში მცხოვრებ კაპანაძეებს, ხოლო დანარჩენი კაპანაძეები აბორიგენულ (G2A) ჰაფლოჯგუფს მიეკუთვნებიან.

ვიღაცებს სურდათ დაემტკიცებინათ, რომ საქართველო სხვადასხვა ხალხისგან შექმნილი ქვეყანაა, მაგრამ გენეტიკური კვლევის შედეგად კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ მეგრელები, სვანები, თუშები და დანარჩენი ქართველები ორ ჰაფლოჯგუფს მიეკუთვნებიან - ეს არის G2A, ან J2A. საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი 7-8 ათასი წლის წინანდელი ძვლების შესწავლაც ადასტურებს, რომ თანამედროვე ქართველები ჩვენი წინაპრების დნმ-ს ვატარებთ.

- ჯუღაშვილების გვარიც აბორიგენული G2A ჰაფლოჯგუფის მქონეა, არადა, ბევრს ჰგონია, რომ ეს ოსური წარმოშობის გვარია...

- რუსმა გენეტიკოსებმა შეთხზეს მითი, რომ ჯუღაშვილი ე.წ. ოსური ჯგუფის გვარია, მაგრამ სინამდვილეში დვალეთიდან წამოსული გვარია. ის მიეკუთვნება გაოსებული ქართველების ჯგუფს, რომელიც დვალეთიდან ე.წ. სამხრეთ ოსეთში გადმოვიდა საცხოვრებლად. ჩრდილოეთ კავკასიაში არსებობდა საქართველოს უძველესი მხარე, რომელსაც დვალეთი ერქვა. გიორგი სააკაძე სწორედ ამ მხარის მოურავი იყო. როცა საქართველო დაუძლურდა, დვალეთს ჩრდილოეთში მცხოვრები ოსები მოაწვნენ. შევიწროებულმა დვალებმა ჯერ ოსური ენა მიიღეს, მერე კი საქართველოში ჩამოსახლდნენ. ე.წ. ოსური წარმოშობის გვარების უმრავლესობა: დათაშვილი, ჩოჩიშვილი, თედეევი, გაგლოშვილი და სხვები სუფთა ქართული წარმოშობისაა. დნმ-ის ტესტმა დაამტკიცა, რომ ისინი დვალეთიდან წამოსული ქართველები არიან, რომლებიც რუსულმა პოლიტიკამ ოსებად გამოაცხადა. მეცნიერები წლების განმავლობაში სვამდნენ კითხვას, სად წავიდნენ დვალები - აი, თურმე სად წავიდნენ... რუსული პოლიტიკის გამოხატულებაა ისიც, რომ ქართლსა და კახეთში მცხოვრებ ბევრ ოჯახს საბუთებში ეროვნება "სომეხი" ჩაუწერეს. სწორედ მათი ინტერესი იყო, რომ ქართველი ერი დაქუცმაცებული ყოფილიყო. სწორედ მათი პოლიტიკის გამო მე-19 საუკუნეში, აფხაზეთში მცხოვრები მეგრელები გააფხაზდნენ. ამიტომ მრავალჯერ დადასტურდა, რომ აფხაზები და ქართველები საერთო გენეტიკის მქონე ხალხია. და ბოლოს, მარტო გვარით ვერ განვსაზღვრავთ, რა გაუკეთებია ადამიანს საქართველოსთვის. ვახტანგ გორგასალი, შუშანიკი, აბო თბილელი, ევსტათი მცხეთელი ქართველები არ იყვნენ, მაგრამ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უდიდესი წვლილი შეიტანეს. ამიტომ ქართველია ყველა, ვინც ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობს, საქართველო უყვარს და ქართულ საქმეს აკეთებს...

ხათუნა ჩიგოგიძე