პრეზიდენტი, რომლის პორტრეტები ღილებზეც კი იყო გამოსახული - "თუ ქურდობა გინდა, მოიპარე ცოტაოდენი და თავაზიანად..." - კვირის პალიტრა

პრეზიდენტი, რომლის პორტრეტები ღილებზეც კი იყო გამოსახული - "თუ ქურდობა გინდა, მოიპარე ცოტაოდენი და თავაზიანად..."

1965 წელს, ქვეყანაში, რომელიც ამჟამად კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელით არის ცნობილი, მორიგი სახელმ­წიფო გადატრიალება მოხდა, რის შედეგადაც პრეზიდენტი გახდა მობუტუ სესე სეკო (კონგოს/ზაირის დიქტატორი 1965 წლის 24 ნოემბერი - 1997 წლის 16 მაისი), რომელმა­ც სახელმწიფო სიღატაკისა და კორუფციის ჭაობში ჩააგდო, თავად კი მილიარდერი გახდა.

აღმასვლა ღალატის ფასად

მობუტუ სესე სეკო დაიბადა 1930 წლის 14 ოქტომბერს, კონგოს ქალაქ ლისალაში. მისი მამა მზარეული იყო, რომელიც მაშინ გარდაიცვალა, როდესაც მობუტუ ჯერ კიდევ ბავშვი იყო. მართალია, დედამისი სასტუმროში დამლაგებლად მუშაობდა, მაგრამ მაინც შეძლო მწირი შემოსავლით ვაჟი განათლების მისაღებად კათოლიკურ პანსიონში გაეგზავნა. 1949 წელს მობუტუ კონგოს ჯარების შიდა უსაფრთხოების ძალებს შეუერთდა და სერჟანტის წოდებამდე დაწინაურდა. ის იქ შვიდი წელი დარჩა, რის შემდეგაც გაზეთის რეპორტიორი გახდა. სწორედ ჟურნალისტობის დროს გაიცნო კონგოელი ნაციონალისტი პატრის ლუმუმბა. მობუტუ იმდენად მოიხიბლა მისით, რომ ლუმუმბას პოლიტიკურ პარტიას - კონგოს ეროვნულ მოძრაობას - შეუერთდა.

როდესაც 1960 წლის 30 ივნისს კონგომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ქვეყანა სამოქალაქო ომში იყო ჩაფლული და კოალიციური მთავრობა მართავდა. პრემიერ-მინისტრი ლუმუმბა გახდა, პრეზიდენტი - კასავუბუ, მობუტუ კი არმიის შტაბის უფროსად დაინიშნა. ლუმუმბა და კასავუბუ ერთპიროვნული ლიდერობისთვის იბრძოდნენ, რასაც საბოლოოდ ლუმუმბას სიცოცხლე შეეწირა. სამხედრო გადატრიალების შედეგად ლუმუმბა დაამხვეს. ის დააპატიმრეს და დახვრიტეს. აღმოჩნდა, რომ გადატრიალების ერთ-ერთი სულისჩამდგმელი დამხობილი ლუმუმბას მეგობარი მობუტუ იყო. ხუთი წლის შემდეგ მობუტუმ კიდევ ერთი გადატრიალება მოაწყო, ამჯერად კასავუბუს წინააღმდეგ. მან ხელისუფლებაში მოსვლისთანავე აკრძალა ყველა პოლიტიკური პარტია და საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მოგვიანებით ახალმა პრეზიდენტმა შექმნა საკუთარი პარტია - "რევოლუციის სახალხო მოძ­რაობა", რომელში გაწევრების ვალდებულება ყველა კონგოელს ჰქონდა. მან ყველა არსებული პროფკავშირი გააერთიანა ზაირელი მუშაკების ეროვნული კავშირის სახელწოდებით და მთავრობის კონტროლქვეშ მოაქცია.

download-4-1780244224.jpg

პიროვნების კულტი

1970 წელს მობუტუმ ჩაატარა არჩევნები. აღსანიშნავია, რომ ის ერთადერთი კანდიდატი იყო და ამ არჩევნებში მონაწილეობაც სავალდებულო გახლდათ. გასაკვირი არ არის, რომ მან ხმების 99% მიიღო. 1971 წელს დაიწყო "კულტურული ცნობიერების" პროგრამა და ქვეყანას ზაირის რესპუბლიკა დაარქვა. დიქტატორმა უბრძანა კონგოელებს ქრისტიანულ სახელებზე უარი ეთქვათ და აფრიკული სახელები აერჩიათ. აიკრძალა ბავშვების ნათლობა, პიჯაკისა და ჰალსტუხის ტარება და ზოგადად, დასავლური სტილის ტანსაცმელი. სახელი გადაირქვა თავად დიქტატორმაც და საკუთარ თავს ჟოზეფ დეზირეს ნაცვლად მობუტუ სესე სეკო კუკუ ნბენდუ ვა ზა ბანგა უწოდა, თუმცა სხვებს უფლება მისცა, მობუტუ სესე სეკოთი მოეხსენიებინათ. მან ასევე შექმნა საკუთარი პიროვნების კულტი - მისი გამოსახულება ყველგან ჩანდა: საფოსტო მარკებიდან დაწყებული, ქაღალდის ვალუტის კუპიურებით დამთავრებული. მობუტუს პორტრეტები ქვეყნის მასშტაბით ყველგან იყო გაკრული, მთავრობის წევრებს მისი ფოტოსურათიანი ღილები "ამშვენებდა", ტელევიზიით კი მას "ციდან, ღრუბლებიდან ჩამოსულს" აჩვენებდნენ. დიქტატორმა საკუთარ თავს მიანიჭა ისეთი ტიტულები, როგორიცაა: "ლომი მეომარი", "ერის მხსნელი" და "უზენაესი მებრძოლი".

ეკონომიკური ანარქია

მობუტუს კორუმპირებულმა და ავტორიტარულმა მმართველობამ რამდენიმე გადატრიალების მცდელობა და სეცესია გამოიწვია. ამ კრიზისებიდან გამოსავალი მობუტუსთვის იმ ადამიანების საჯაროდ სიკვდილით დასჯა იყო, ვინც მისი რეჟიმისთვის რეალურ, პოტენციურ ან წარმოსახვით საფრთხეს წარმოადგენდა. მოგვიანებით მობუტუმ აღმოაჩინა, რომ გაცილებით ნაკლები პრობლემა შეექმნებოდა, თუ მტრებს, უბრალოდ, მოისყიდდა. დიქტატორის ბრძანებით განხორციელდა უცხოური კომპანიებისა და ფირმების ნაციონალიზაცია, მათი ევროპელი მფლობელები და მენეჯერები კი ქვეყნიდან ოფიციალურად გააძევეს. მობუტუმ მთელი ეს ქონება ოჯახის წევრებსა და პოლიტიკურ მოკავშირეებს გადასცა, რომელთა უმეტესობამ მაშინვე გაძარცვა კომპანიები, გაყიდა აქტივები და ფული შეინახა. ამ ქმედებებით გამოწვეულმა ეკონომიკურმა ანარქიამ 1977 წელს მობუტუ აიძულა, ევროპელები დაებრუნებინა.

აჯანყებები

იმავე წელს, რამდენიმეათასიანი არმია, მეზობელ ანგოლაში არსებული ბაზებიდან, კატანგას პროვინციაში შეიჭრა. ისინი კარგად გაწვრთნილი, მოტივირებული და ძირითადად სამხრეთ აფრიკიდან და ევროპიდან ჩამოსული პროფესიონალები იყვნენ. შედეგად, სწრაფად დაამარცხეს მობუტუს ცუდად აღჭურვილი და გაწვრთნილი, არადისციპლინირებული, დეზორგანიზებული არმია. დიქტატორმა დახმარება სთხოვა საფრანგეთს, რომელმაც რამდენიმე ათასი მაროკოელი მედესანტე გადასხა და მათ კატანგელი აჯანყებულები დაამარცხეს, თუმცა, ერთი წლის შემდეგ, აჯანყებულებმა კვლავ შეუტიეს, ამჯერად უფრო მეტი ჯარით. მობუტუს უწესრიგო არმიამ ამჯერადაც ვერ აჩვენა უკეთესი შედეგი და დამარცხდა. მისმა ბევრმა ჯარისკაცმა იარაღი დაყარა, ფორმა გაიხადა და გაიქცა. კატანგა, თავისი მინერალების, ალმასებისა და მადნის უზარმაზარი საბადოებით, დამოუკიდებლობის გამოცხადების ზღვარზე იყო და მობუტუს არაფრის გაკეთება არ შეეძლო. მან კიდევ ერთხელ მიმართა საერთაშორისო დახმარებას კომუნისტების წინააღმდეგ. საფრანგეთმა და ბელგიამ აჯანყების ჩასახშობად ჯარები გაგზავნეს, აშშ-მა კი ლოჯისტიკური და მატერიალური დახმარება გაუწია...

მილიარდერი დიქტატორი

კრიზისების მიუხედავად, 1984 წლისთვის მობუტუს ქონება სულ მცირე 5 მილიარდ დოლარს შეადგენდა, ქვეყანა კი გაკოტრების პირას იყო. 1989 წელს მობუტუმ ბელგიიდან აღებული სესხების გადახდა ვერ შეძლო - სახელმწიფო ხაზინას, უბრალოდ, ფული გამოელია. ამას მოჰყვა გზების, ხიდებისა და ინფრასტრუქტურის სრული რღვევა. ზემო ზაირის პროვინციაში ყოველდღიურად კეთრის და ტუბერკულოზის 600-800 შემთხვევა რეგისტრირდებოდა. სახელმწიფო მოხელეების უმეტესობა ანაზღაურებას პერიოდულად ან საერთოდ ვერ იღებდა, რამაც გამოიწვია უზარმაზარი ინფლაცია და კორუფციის ჭაობი, რომელიც აფრიკისთვისაც კი გასაოცარი იყო.

კომპრომისები და დასასრული

საბჭოთა კავშირის დაშლა მობუტუსთვის კარგს არაფერს მოასწავებდა, მიუხედავად იმისა, რომ მას ყოველთვის ჰქონდა დასავლეთის მთავრობების მხარდაჭერა - კონგოს უზარმაზარი ბუნებრივი სიმდიდრის: ოქროს, ვერცხლის, ბრილიანტის, ხეტყისა და ა.შ. უზარმაზარი გამოუყენებელი მარაგი არავის აწყენდა! თუმცა, ახლა, როდესაც საბჭოთა კავშირი აღარ არსებობდა, მობუტუს მტკიცება, რომ აფრიკის გულში ანტიკომუნისტური ბასტიონი იყო, უსარგებლო გახდა. დასავლეთის მთავრობების ზეწოლის, ეკონომიკური პრობლემებისა და შიდა არეულობების გამო, მობუტუმ გააუქმა პოლიტიკური პარტიების აკრძალვის ბრძანება და მთავრობაში ოპოზიციის წარმომადგენლები მოიყვანა. მიუხედავად მცდელობისა, ფრაქციების ერთმანეთთან დაპირისპირებით ოპოზიცია დაესუსტებინა, 1994 წელს მთავარი ოპოზიციური პარტიები გაერთიანდნენ, რამაც დიქტატორი აიძულა, მათი ერთ-ერთი ლიდერი პრემიერ-მინისტრადაც დაენიშნა. გარდა ამისა, მობუტუს ჯანმრთელობა გაუუარესდა და დიდი ხნით მოუხდა ევროპაში მკურნალობა. 1996 წელს ტუტსის ტომის ამბოხებულებმა დიქტატორის ქვეყანაში არყოფნით ისარგებლეს, აჯანყება წამოიწყეს და ქვეყნის დასავლეთ ნახევარზე კონტროლი დაამყარეს. სხვა აჯანყებები აღმოსავლეთ ზაირიდან დაიწყო და 1997 წელს გაერთიანებულმა ძალებმა მობუტუს არმია დაამარცხეს, დედაქალაქი კინშასა კი აიღეს. მობუტუ მეზობელ ტოგოში გაიქცა და შემდეგ მარო­კოში დასახლდა. 1997 წლის 7 სექტემბერს ის პროსტატის კიბოთი გარდაიცვალა...

რით დაამახსოვრდათ დიქტატორი

მობუტუს ძირითად გარეგნულ მახასიათებლად დარჩა ლეოპარდის ტყავის ქუდი და სქელი, შავჩარჩოიანი სათვალე.

სხვა საინტერესო ცნობებიდან აღსანიშ­ნავია, რომ მობუტუ გახლდათ მსახიობ გლენ კლოუზის მამის, დოქტორ უილიამ კლოუზის ახლო მეგობარი, რომელიც გარდა იმისა, რომ მისი პირადი ექიმი იყო, მობუტუს დიქტატურის დროს კონგო/ზაირის მთავარი ექიმის თანამდებობას იკავებდა.

1990-იან წლებში მობუტუს ჰკითხეს: არსებობდა თუ არა რამე, რასაც ნანობდა დიქტატორობის გამო? "ყველაფრის თავიდან დაწყების შესაძლებლობა რომ მქონდეს, ფერმერი ვიქნებოდი", - უპასუხა მან.

ხოლო როდესაც ჰკითხეს მისი კორუფციული მთავრობის შესახებ, თქვა: "თუ ქურდობა გინდა, მოიპარე ცოტაოდენი და თავაზიანად. მაგრამ თუ ძალიან ბევრს მოიპარავ, რომ ერთ ღამეში გამდიდრდე, დაგიჭერენ".

შორენა ბიწაძე